ანა ნაცვლიშვილი უმრავლესობას - იქნებ გვითხრათ, ვინ არის ის ერთი კაცი, რომლის ჭკუაზეც ახლა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს ცვლით

იქნებ გვითხრათ, ვინ არის ის ერთი კაცი, რომლის ჭკუაზეც ახლა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს ცვლით, - ამ კითხვით მიმართა უმრავლესობის დეპუტატებს „ლელო - საქართველოსთვის“ წევრმა ანა ნაცვლიშვილმა.

ნაცვლიშვილი დაინტერესდა, რომელი „ერთი კაცის“ გამო მიიღეს გადაწყვეტილება 2 წლის წინ, როდესაც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური იქმნებოდა და ვინ შეიყვანა მაშინ „შეცდომაში“ უმრავლესობა.

„უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ წინა მოდელი, რომელიც შეიქმნა, „ერთი კაცის“ გამო შეიქმნა ასე და ახლა ვცვლით, რადგან შეცდომაში შეგვიყვანაო, დამიდასტურეთ, ერთი კაცის ნებაზე დადიოდით ამხელა საპარლამენტო უმრავლესობა 2 წლის წინ? თუ მაშინ ერთი კაცის ნებაზე დადიოდით ამხელა უმრავლესობა და მთელი გუნდი, რა გარანტია გვაქვს, რომ ახლაც სხვა რომელიმე ერთი კაცის ნებაზე არ ცვლით ამ ყველაფერს?! იქნებ გვითხრათ ის ერთი კაცი ვინ არის ვის ჭკუაზეც ახლა ცვლით ამ ინსტიტუციას?!“ - მიმართა უმრავლესობას ანა ნაცვლიშვილმა.

ამასთან, ნაცვლიშვილმა უმრავლესობის დეპუტატებს მოუწოდა საზოგადოებას სიმართლე უთხრან, როგორი სისტემაა მოწყობილი ევროპულ ქვეყნებში და აღნიშნა, რომ ევროპაში სამართალი რომ იპოვონ, „რკინის ქალამნების ჩაცმა“ არ სჭირდებათ.

„რატომ არ ეუბნებით საზოგადოებას სიმართლეს იმის შესახებ, რომ ამ ტიპის ინსტიტუცია არ არის სტანდარტული არც ევროპული და არც ნორმალური, დემოკრატიული ქვეყნებისთვის. საქართველოში ამ ინსტიტუციის შექმნა საჭირო გახდა იმიტომ, რომ აქამდე არსებული სახელმწიფო უწყებები ვერ და არ ასრულებდნენ თავიანთ მოვალეობას, რეაგირება მოეხდინათ მოქალაქეს როცა ჩაგრავდა ძალოვანი უწყების წარმომადგენელი. რომ არ ფუნქციონირებდა გამართულად შინაგან საქმეთა სამინისტრო და პროკურატურა და სისტემისგან გაჭყლეტილი და დაჩაგრული ადამიანები რომ ვერსად პოულობდნენ გამომსარჩლებელს მაინც, ამიტომ გახდა საჭირო ამ უწყების შექმნა საქართველოში. ამიტომ აქ რომ წაგვიკითხეთ ევროპული ქვეყნების ჩამონათვალი პერსონალურ მონაცემთა დაცვის ფუნქციით აღჭურვილ ინსტიტუციებს საგამოძიებო ფუნქცია არ ჰქონიათო, ნუ დავდგამთ აქ სპექტაკლს და ნუ შევიყვანთ საზოგადოებას შეცდომაში! შვედეთში პოლიციელი უკანონობას რომ ჩაიდენს, რამე განსაკუთრებული ინსტიტუციის შექმნა კი არ არის საჭირო, პოლიცია და პროკურატურა რეაგირებს ამაზე. მაგრამ ჩვენთან გვაქვს კონკრეტული საქმე, როდესაც 15 წლის მოზარდი თვითმკვლელობამდე მიიყვანეს გამომძიებლებმა და ამ საქმეზე ერთადერთი სახელმწიფო ინსტიტუცია იყო ის, რომელსაც ახლა თქვენ გაუქმებას უპირებთ. მითხარით, რომელ ევროპულ ქვეყანაში ხდება, რომ 15 წლის მოზარდის თვითმკვლელობამდე მიყვანის საქმეზე, როცა რამდენიმე ადამიანი კითხავდა მას და რამდენიმე ადამიანია ამ დანაშაულის მონაწილე, მარტო ერთი პასუხისმგებლობა დადგა და ეს ადამიანიც ვადაზე ადრე არის გათავისუფლებული სრულიად გაუმჭვირვალედ და გაუგებრად და სახლში არის გაშვებული.

ამ ინსტიტუციის ანალოგიას ყალბად ეძებთ ევროპაში. ევროპაში არ სჭირდებათ რკინის ქალამნების ჩაცმა სამართალი რომ იპოვონ. კარგია, რომ გირგვლიანის საქმე ახსენეთ. ეს საქმე გამოკრული უნდა იყოს აქ და კარგად წაიკითხოთ იქ რა ხდებოდა. ძალიან გამიხარდა, რომ სუსტი რგოლი - გამოძიება შენიშნეთ. სუსტი რგოლის სასამართლო რატომ ვერ შენიშნეთ იმ გადაწყვეტილებაში? იმ სუსტი რგოლის მოსამართლე რომ დღეს თქვენი რეფორმირებული სასამართლოს სახეა, ბატონი მურუსიძე, ეს რატომ გავიწყდებათ? ეს ფურცელი გირგვლიანის საქმეში ამოხეულია თქვენ წიგნში?“ - მიმართა უმრავლესობის დეპუტატებს ანა ნაცვლიშვილმა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს