ქეთი ხუციშვილი - დამოუკიდებელი ინსტიტუტის გაუქმება არის პირდაპირი დარტყმა და მინიშნება სხვა დამოუკიდებელი ინსტიტუტებისთვის - თუ მაინც მიიღებენ კანონს, პრეზიდენტს ვურჩევდი, სცადოს ვეტოს დადება

დამოუკიდებელი ინსტიტუტის გაუქმება, მთელი აპარატის დაშლა, რომელიც სერიოზული და მაღალი კონკურსების წესით შეირჩა, ეს არის პირდაპირი დარტყმა ნებისმიერ დამოუკიდებელ ინსტიტუციაზე და მინიშნება სხვა დამოუკიდებელი ინსტიტუტებისთვის, - ასე შეაფასა „ღია საზოგადოების ფონდის“ დირექტორმა, ქეთი ხუციშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „დღის ნიუსრუმი“ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების შესახებ შემუშავებული კანონპროექტი.

მისი თქმით, აღნიშნული კანონპროექტის მიღება სერიოზულ საფრთხეს უქმნის ქვეყანაში სხვა მოქმედ, დამოუკიდებელ ინსტიტუტებსაც.

„ღია საზოგადოების ფონდის“ დირექტორის თქმითვე, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურისა და ინსპექტორის თანამდებობის გაუქმება პოლიტიკური გადაწყვეტილებაა.

„ეს პროცესი და საერთოდ, გადაწყვეტილება არის, არა თუ შემაშფოთებელი, ფაქტობრივად, მიუღებელი, ყოველ შემთხვევაში ჩვენთვის, სამოქალაქო სექტორისთვის. როგორ მოხდა ეს ყველაფერი? - დაჩქარებული წესით, დახურულ კარს მიღმა და ფარულად მოხდა ამ კანონპროექტის შემუშავება ისე, რომ არ ჩაუყენებიათ საქმის კურსში არც ინსპექტორის ოფისი, რომელსაც ეკუთვნის ეს, როგორც დამოუკიდებელ ინსტიტუტს და არც ის არასამთავრობოები, რომლებიც წლების მანძილზე ვმუშაობდით სწორედ ამ კანონპროექტზე. ერთი მხრივ ეჭვები გვაქვს, რომელიც გაგვიმძლავრდა, მეორე, - ეს ინსტიტუტი შექმნილია მინიმუმ 6 წლით. ახალი კანონით, დამოუკიდებელი ინსტიტუტის გაუქმება, რომელიც წინას სულისკვეთებას ეწინააღმდეგება, ასევე მთელი აპარატის დაშლა, რომელიც სერიოზული და მაღალი კონკურსების წესით შეირჩა, ეს არის უკვე პირდაპირი დარტყმა ნებისმიერ დამოუკიდებელ ინსტიტუციაზე საქართველოში და რა თქმა უნდა, მინიშნება სხვა დამოუკიდებელი ინსტიტუტებისთვის.

ეს ხდება მაშინ, როდესაც სახელმწიფო ინსპექტორმა ძალიან მნიშვნელოვანი, ეფექტური გადაწყვეტილებები მიიღო სწორედ ბოლო ხანებში, იმ თემებზე, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია საზოგადოებისთვის, მათ შორის ერთი მხრივ, პირად მონაცემთა დაცვის თვალსაზრისით, ჩვენ ყველას გვახსოვს 7 დეკემბრის გადაწყვეტილება მესამე პრეზიდენტის საქმეზე, - იქ, სადაც უკანონოდ მოხდა მისი პირადი მონაცემების დატრიალება მედიასივრცეში და ამის გამო ინსპექტორმა გაბედა და დაადო გარკვეული გადასახადი იუსტიციის სამინისტროს და პენიტენციურ ორგანოებს. ამ ყველაფრის ერთობლიობა, როგორ ურტყამენ დამოუკიდებელ ინსტიტუტს, როგორ დაუფარავად ებრძვიან სწორედ იმ გადაწყვეტილებას და საქმიანობას, რომელიც განსაკუთრებით ეფექტური იყო ბოლო ხანებში, უკვე გვარწმუნებს იმაში, რომ ეს არის პოლიტიკური ინტერესი იმისა, რომ აღარ იყოს ქვეყანაში დამოუკიდებელი ინსტიტუტები და პირდაპირი გადაწყვეტილება, რომ დაიშალოს ეს ინსტიტუტი. აქ ხომ გაუქმებაზეა საუბარი და არა რეორგანიზაციაზე. ეს გულისხმობს, როგორც ამ პოზიციის დაკარგვას დღევანდელი ინსპექტორისა, ასევე ყველა მისი თანამშრომლის პოზიციის დაკარგვას. რატომღაც გადაწყვეტილი იყო, რომ სწრაფად მომხდარიყო ამის „გაშლიგინება“. ჯერჯერობით არავის დავუპატიჟებივართ. ალბათ ჩავერთვებით და ჩვენს მოსაზრებებს, იმ კვლევების შედეგებს, რომლებიც ბოლო 2 წლის განმავლობაში გვქონდა, მივაწვდით, თუკი მზად არიან, რომ გადახედონ თავიანთ ნაჩქარევ გადაწყვეტილებას“, - განაცხადა ქეთი ხუციშვილმა.

მისივე თქმით, გაჩნდა ეჭვი, რომ საქართველოს ხელისუფლებამ გეზი რუსეთისკენ აიღო.

„ღია საზოგადოების ფონდის“ დორექტორმა საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს კანონპროექტისთვის ვეტოს დადებისკენ მოუწოდა.

„სერიოზულად უყურებს თუ არა დღევანდელი ხელისუფლება, ჩვენი დასავლელი პარტნიორების და მხარდამჭერების განცხადებებს?! ხომ არ აქვთ მართლაც შეცვლილი ორიენტაცია, ხომ არ არიან მიმართული პირდაპირ რუსეთთან ურთიერთობის დალაგებაზე?! - ეს ეჭვებიც ჩნდება, მით უფრო, რომ ჩვენ არაერთი განცხადება მოვისმინეთ, როგორც პრემიერ-მინისტრისგან, ასევე პარლამენტის თავმჯდომარისგან, როდესაც საოცარ აღშფოთებას გამოხატავენ, თუ რატომ გააკრიტიკეს ისინი სხვადასხვა ელჩებმა, თუ პარლამენტის წევრებმა.

ძალიან მიხარია, რომ საქართველოს პრეზიდენტიც ასევე მკაცრად შეხვდა ამ ნაჩქარევ გადაწყვეტილებას. როგორც ქალისთვის, სასიამოვნოა, რომ ამ დღეებში ჩვენ ვხედავთ სამ ძლიერ ქალს, რომლებიც იბრძვიან პრინციპებისთვის, გამართული კანონმდებლობისთვის და ქვეყნის წინსვლისთვის. ვურჩევდი ქალბატონ პრეზიდენტს, რომ თუკი მმართველმა პარტიამ მაინც მიიღო ეს კანონი, სცადოს ვეტოს დადება“, - აღნიშნა მან.

რაც შეეხება რუსთავის ციხეში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის შესაძლო გადაყვანის საკითხს, ხუციშვილმა განაცხადა, რომ მსგავსი მოპყრობა მიუღებელია და ასეთი ქცევით შესაძლოა დიდი ტრაგედია დატრიალდეს.

„როდესაც პენიტენციური სამსახური რამეს აკეთებს, ეს არ არის მისი გადაწყვეტილება, ეს არის ხელისუფლების უმაღლესი ეშელონების გადაწყვეტილება. მინდა ვუთხრა მათ, რომ ცეცხლს ეთამაშებიან. მესამე პრეზიდენტს 200-ზე მეტი ჰქონდა წნევა, მათი მანიპულაციების შედეგად, ადამიანი, ფაქტობრივად, სიკვდილის ზღვარზე მიიყვანეს, თან ამტკიცებდნენ, რომ მას მკურნალობა არ სჭირდება, - მსგავსი ქცევით შეიძლება დიდი ტრაგედია მოხდეს და ამ ტრაგედიას ხალხი უკვე აღარ აპატიებს, მათი მხარდამჭერებიც არ აპატიებენ. არ არის დრო, რომ მათი დაგროვილი ბოროტი ვნებების თუ სხვა რამის გამო, ქვეყნის პრეზიდენტს ასე მოექცნენ. ჩვენი ქვეყანა არ იმსახურებს იმას, რომ ასეთი დამამცირებელი მოპყრობა მიიღოს პრეზიდენტმა, იქნება თუნდაც საპატიმროში თუ სამკურნალო დაწესებულებაში“, - განაცხადა ქეთი ხუციშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო