ქართული პრესის მიმოხილვა 10.01.2022

თორნიკე შარაშენიძე - “იმედი ვიქონიოთ, რომ ვაშინგტონსა და მოსკოვს შორის მოსალოდნელი გარიგება ჩვენ არ დაგვაზარალებს”

რატომ აკეთებს ენმ ურთიერთგამომრიცხავ განცხადებებს და საზოგადოების რა ნაწილი უჭერს ამას მხარს

გიორგი გობრონიძე - "აანალიზებს თუ არა ქართული პოლიტელიტა საგარეო საფრთხეებს”

“ოცნება” “ლელოს” ინიციატივას ანტიკორუფციული საგამოძიებო კომისიის შექმნაზე მხარს არ დაუჭერს

თინა ხიდაშელი - “მათ გასაგონად მინდა ვთქვა, ვისაც შურთ ყაზახეთში მიმდინარე მოვლენების - უამრავი პრობლემის მიუხედავად, ჩვენ მაინც ძალიან წინ ვართ”

* * *

თორნიკე შარაშენიძე - “იმედი ვიქონიოთ, რომ ვაშინგტონსა და მოსკოვს შორის მოსალოდნელი გარიგება ჩვენ არ დაგვაზარალებს”

“ყაზახეთში განვითარებულ მოვლენებზე ახლანდელი შედეგით თუ ვიმსჯელებთ, მომხდარს არც ქვეყნისთვის და არც რეგიონისთვის კარგი არაფერი მოუტანია - დახოცილი ადამიანები, გადამწვარი შენობები და კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის ჯარები... ყაზახეთი დღემდე რეგიონში იყო ერთ-ერთი სტაბილური, განვითარებული ქვეყანა, რომელსაც, შუა აზიის კვალობაზე, თურქმენეთსა და უზბეკეთს რომ შევადაროთ, ნაკლებად ოდიოზური რეჟიმი მართავდა. ნურსულთან ნაზარბაევმა ბოლო 30 წლის განმავლობაში ქვეყანა, რომელსაც სახელმწიფოებრიობის გამოცდილება არ ჰქონდა, აქცია სახელმწიფოდ, გადაჭრა რამდენიმე მნიშვნელოვანი პრობლემა”, - აცხადებს ექსპერტი თორნიკე შარაშენიძე გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “ვაშინგტონსა და მოსკოვს შორის შესაძლოა რაღაც გარიგება შედგეს და...” .

“მოგეხსენებათ, ყაზახეთში რუსულენოვანი მოსახლეობის რაოდენობა არცთუ მცირეა და ნაზარბაევმა ამასთან დაკავშირებული პრობლემაც ისე უმტკივნეულოდ მოაგვარა, რომ რუსეთთან ურთიერთობა არ გაიფუჭა. ძირითად ენად დაამკვიდრა ყაზახური და რუსული ნელ-ნელა განდევნა. სამწუხაროდ, ეს ყველაფერი ვიღაც-ვიღაცებმა, შეიძლება ითქვას, წყალს გაატანეს... არ მგონია, კრემლს ხელს აძლევდეს სამეზობლოში არასტაბილურობა, მით უფრო, რომ ყაზახეთის მმართველი რეჟიმი რუსეთისადმი აქამდეც ლოიალურად იყო განწყობილი. ვფიქრობ, კრემლს ერჩივნა, მეტი ყურადღება დაეთმო უკრაინისთვის, ვიდრე ყაზახეთის სახით ზედმეტი პრობლემები მოეგვარებინა. რუსეთის რესურსებიც არ არის ამოუწურავი. ასე სწრაფად ჯარის შეყვანა, ვფიქრობ, იმითიც იყო განპირობებული, რომ არ აწყობდათ ყაზახეთის სრულ ქაოსსა და დესტაბილიზაციაში ჩაძირვა. თუ დღეს რუსეთმა იქ ვითარება სწრაფად მოაგვარა, მათი გავლენა, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვნად გაიზრდება”, - აღნიშნავს გამოცემა.

“თქვენ სწორად გაიხსენეთ, რომ ქუჩებში შეიარაღებული ხალხი მოგვიანებით გამოჩნდა. როგორც ირკვევა, ამ ხალხს სამხრეთით, სადღაც მთებში, საიდუმლოდ ამზადებდნენ და ამ მზადების უკან კონკრეტული ადგილობრივი კლანი იდგა. ბოლოს და ბოლოს, ისე ჩანს, რომ ეს ყველაფერი კლანური ბრძოლის შედეგია. საქართველოში ზოგიერთი ამბობს, ნუ აყენებთ ყაზახ ხალხს შეურაცხყოფას და ნუ ამბობთ, რომ არ აქვთ სახელმწიფოებრიობის გამოცდილებაო, მაგრამ ეს ფაქტია - საქართველოსგან განსხვავებით, ყაზახეთში სახელმწიფოებრიობა არ ყოფილა. ნაზარბაევმა ახლა შექმნა სახელმწიფო, მაგრამ, მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წლებში ეს ქვეყანა სახელმწიფოს დაემსგავსა, კლანები არსად წასულან, მათ შორის ბრძოლაც სულ მიმდინარეობდა, ახლა კი გამწვავდა. ერთ-ერთმა კლანმა, როგორც ჩანს, ძალაუფლების ხელში ჩაგდების მიზნით რამდენიმე ათასი “ბოევიკი” მოამზადა და ეს ხალხი დაუპირისპირდა ტოყაევის ხელისუფლებას, რომელმაც დასახმარებლად რუსეთს უხმო”, - განაგრძობს რესპონდენტი.

“ყაზახეთში ჯარის შეყვანისა და რეჟიმის გადარჩენის სანაცვლოდ რუსეთი, რა თქმა უნდა, რაღაცას მოითხოვს... სავარაუდოდ, ის ყაზახეთში ჯარს დიდი სიამოვნებით დატოვებს. ყველამ იცის, რომ რუსეთის რესურსები ამოუწურავი არ არის, ამიტომაც ყაზახეთის პრობლემა დღეს კრემლისთვის უფრო ტვირთია, ვიდრე სარგებლის წყარო, მაგრამ როგორც გითხარით, თუ ყაზახეთში ვითარება სწრაფად, მინიმალური მსხვერპლის ფასად მოაგვარა და თანაც ამ ქვეყანაში დარჩა, მისი პოზიციები ყაზახეთშიც და რეგიონშიც გაძლიერდება... მახსოვს, 2005 წელს ყირგიზეთში მოხდა რევოლუცია, რომელიც იყო სოციალური ამბოხი და გადაიზარდა ძალადობასა და მარაზმში. მსგავსი ე.წ. რევოლუცია მერეც ბევრი მოხდა ყირგიზეთში, თუმცა არაფერი გაუმჯობესებულა. როდესაც მსგავსი რაღაც ხდება ყაზახეთში, როგორ ფიქრობთ, რას უფრო დაემსგავსება ეს პროცესები - ყირგიზულ ამბოხს თუ ქართულ “ვარდების რევოლუციას”? რა თქმა უნდა, ყირგიზულს”, - მიიჩნევს ექსპერტი.

“ეს ერთი სივრცეა, მეზობლები არიან და ძალიან ჰგვანან ერთმანეთს, მაგრამ ჩვენი საზოგადოების ნაწილი, როცა კი სადმე პროტესტი და ამბოხის მცდელობაა, რატომღაც ელის, რომ იქ აუცილებლად დემოკრატიული რევოლუცია მოხდება და თანაც იგივე საქართველოშიც აუცილებლად უნდა განმეორდეს, არადა, ყაზახეთი სრულიად განსხვავებული ქვეყანაა. რაც იქ ხდება, ჩვენთან რატომ უნდა განმეორდეს? ქვეყნის განვითარება თუ გვინდა, მნიშვნელოვანია, რომ ხელისუფლება შეიცვალოს არჩევნებით... სიმართლე გითხრათ, “ვარდების რევოლუციის” გამეორებაც კი არ მინდა, რადგან ამან თავი ამოწურა. “ვარდების რევოლუციას” არაერთი მნიშვნელოვანი რეფორმა მოჰყვა, მაგრამ ბევრი ცუდიც მოხდა... მოკლედ, არ ვარ პროცესების რევოლუციური განვითარების მომხრე, მიუხედავად იმისა, რომ არც მე ამომდის მზე და მთვარე ამ ხელისუფლებაზე. მით უფრო არ მინდა, რომ მოხდეს ის, რაც ყაზახეთში მოხდა: დაიხოცონ ადამიანები, გადაიწვას შენობები, დაიწყოს სახელმწიფო დაწესებულებების შტურმი, მერე - სამოქალაქო ომი და საბოლოოდ შემოვიდეს რუსეთი”, - დაასკვნის თორნიკე შარაშენიძე.

“10 იანვრის აშშ-რუსეთის მოლაპარაკება არის მოლაპარაკებების პირველი ეტაპი. მნიშვნელოვანი საკითხები ერთი შეხვედრით არ წყდება. ეს პროცესი კარგა ხანს გაჭიანურდება. ალბათ, გააკეთებენ ერთობლივ განცხადებას, რომ დაუშვებელია ფართომასშტაბიანი კონფლიქტი და დიდი ომი და რომ აუცილებელია მოლაპარაკება. დამერწმუნეთ, არავინ დასთანხმდება რუსეთს, ნატოს გაფართოება აუკრძალოს... თუმცა, მეორე მხრივ, დასავლეთისთვის ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა იკვეთება: ამ ეტაპზე, როდესაც ასეა გაძლიერებული ჩინეთიც და რუსეთიც, ერთდროულად ამ ორ გიგანტთან კონფრონტაცია, ფაქტობრივად, შეუძლებელია. შეიძლება რაღაც გარიგება შედგეს და იმედი ვიქონიოთ, რომ ეს გარიგება ჩვენ არ დაგვაზარალებს”, - დასძენს შარაშენიძე და შეკითხვაზე - “ეროვნული თანხმობის” ინიციატივაზე მინდა გკითხოთ: როგორ შეიძლევა დასრულდეს ეს წამოწყება?” , - პასუხობს:

“ჩემი აზრით, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ინიციატივა იყო კარგი პრეცედენტი. ამას იოლად შერიგება არ მოჰყვება, ვიდრე პოლიტიკურ ველზე ასეთი დაპირისპირებაა ორ მთავარ პარტიას შორის, რომლებიც ერთმანეთის განადგურებაზე ოცნებობენ. თანხმობის მიღწევა რთული იქნება, მაგრამ თუნდაც ეს ცერემონიული შეხვედრები და ფოტოების გადაღება კარგ ატმოსფეროს ქმნის. სულ არაფერს სჯობს შეხვდნენ ერთმანეთს და ილაპარაკონ. ვნახოთ, იქნებ უფრო საინტერესო შედეგიც მივიღოთ”.

რატომ აკეთებს ენმ ურთიერთგამომრიცხავ განცხადებებს და საზოგადოების რა ნაწილი უჭერს ამას მხარს

“ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისა და ენმ-ის განცხადებები და მოწოდებები ხშირ შემთხვევაში ერთმანეთთან წინააღმდეგობაში მოდის და უცნაური ისაა, რომ საზოგადოების 20-30%-სთვის ეს ალოგიკურობა მისაღებია - ამის შესახებ “რეზონანსს” ანალიტიკოსმა რამაზ საყვარელიძემ განუცხადა. ამის მაგალითად მას მოჰყავს ერთის მხრივ ენმ-ის მუდმივი საუბრები საყოველთაო შერიგებაზე და მეორეს მხრივ, მათივე განცხადებები ე.წ. შავი სიებისა და დაუმორჩილებლობის ჯგუფების შექმნაზე”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით რატომ აკეთებს ენმ ურთიერთგამომრიცხავ განცხადებებს და საზოგადოების რა ნაწილი უჭერს ამას მხარს.

“რამდენიმე დღის წინ სააკაშვილის მხარდამჭერებმა დაუმორჩილებლობის ჯგუფების შექმნაზე გააკეთეს განცხადება. მანამდე თავად სააკაშილმა “ფეისბუქზე” წერილი გაავრცელა: “მრავალრიცხოვანი საპროტესტო ნაკადული ერთ მძლავრ, ფართო საპროტესტო მდინარედ ვაქციოთ და წყალს გავატანოთ ყველაფერი, რაც ხელს გვიშლის საკუთარ ქვეყანაში ღირსეულად ცხოვრებაში”. გარდა ამისა, მიხეილ სააკაშვილი ადამიანის უფლებათა დამრღვევთათვის და კორუფციონერებისთვის ე.წ. შავის სიის შექმნის იდეით გამოვიდა. ექსპრეზიდენტი საზოგადოებას იურისტთა ჯგუფის შექმნას სთავაზობს, რომელიც, მისი თქმით, დანაშაულის შემადგენლობას გამოიკვლევს, მტკიცებულებებს შეაგროვებს და საჯაროდ გამოაქვეყნებს. მანამდე კი სააკაშვილი შექმნილი ვითარებიდან საუკეთესო გამოსავლად ეროვნულ შერიგებას ასახელებდა. როგორც რამაზ საყვარელიძე აცხადებს, ენმ-ის მხრიდან შერიგებაზე საუბარს მაინც უფრო ფრაგმენტული ხასიათი აქვს და აქცენტი აგრესიაზე უფრო მეტადაა”, - აღნიშნავს გამოცემა.

“აქცენტი “შავ სიაზე” მეტია, ვიდრე შერიგებაზე თვითონ რიტორიკაშიც. ასე რომ, ეს შერიგება “ნაციონალების” პოლიტიკისთვის მაინც უფო ფრაგმენტულია, ვიდრე “შავი სიები” და აგრესია. სხვადასხვა ადამიანის მიმართ ბულინგი არაერთხელ გვინახავს, თუკი რომელიმე ადამიანი ენმ-ს პოლიტიკას არ ეთანხმება. მათ შორის ასეთი ბულინგი უცხოელების მიმართაცაა, ანუ სიტუაციისდა მიხედვით გარკვეული “შავი სიები” იქაც გააჩნიათ. “შავი სია” აგრესიულობის გამოხატულებაა და სანამ აგრესია არ მოიხსნება, იქამე შერიგებასა და პატიებაზე ლაპარაკი ძალიან არადამაჯერებელი იქნება”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას რამაზ საყვარელიძე.

“დავუშვათ გუნდში ხვდებიან, რომ ეს განცხადებები ურთიერთგამომრიცხავია. შიდა აჯანყება რომ მოაწყონ, რისი მომსწრეც ვიყავით, როდესაც ერთი-ორმა ჯგუფმა გამოაცხადა, რომ სააკაშვილს არ ვეთანხმებითო, გვერდით გავიდა, მათ შორის საკმაოდ წონიანი ფიგურები იყვნენ და ისინი 3%-ის ფარგლებში დარჩნენ. აქ პრობლემა ის კი არაა, გუნდი ამ განცხადებების ალოგიკურობას ხვდება თუ არა, აქ პრობლემა ისაა, რომ ამ არალოგიკურობას საზოგადოების 20-30% მისდევს, ისინი ამას მხარს უჭერენ”, - განაგრძობს ანალიტიკოსი.

“ერთმანეთთან წინააღმდეგობაშია როგორც შერიგება და “შავი სია”, ასევე შერიგება და დაუმორჩილებლობა. მათი მოწოდებები რომ შევაგროვოთ და ერთ კალათაში შერიგებაზე და მეორეში აგრესიული მოწოდებები დავაგროვოთ, მეორე კალათა აშკარად უფრო გავსებული გამოვა და უფრო ცოტა იქნება შერიგებასა და მშვიდობიანობის განცხადებები. იმდენად ცოტა მხარდამჭერი ჰყავთ, რომ დაუმორჩილებლობა, საბედნიეროდ, შეუძლებელი იქნება. ასეთ შემთხვევაში ფაქტიურად ქვეყანას ებრძვი, რადგან თუ ხალხი დაუმორჩილებლობას აყვება, ქვეყანა უნდა მოიშალოს, არც ერთმა სამსახურმა აღარ უნდა იმუშავოს. ამისკენაა ეს მოწოდება, რომ საქართველოში ქვა ქვაზე ნუ დარჩება, თუ ენმ არ იქნება ხელმძღვანელადო”, - დაასკვნის რამაზ საყვარელიძე.

გიორგი გობრონიძე - "აანალიზებს თუ არა ქართული პოლიტელიტა საგარეო საფრთხეებს”

“რუსეთს აქვს ყაზახეთში თავისი ინტერესები, ის ყაზახეთის გარეშე ვერ იქნება ჰეგემონი პოსტსაბჭოთა სივრცეში. თუნდაც იქიდან გამომდინარე, რომ ყაზახეთი მსოფლიოში მეცხრე ადგილზეა ფართობით, უმდიდრესი წიაღისეულით და მისი ადგილმდებარეობა სტრატეგიულად ძალიან მნიშვნელოვანია რუსეთისთვის - ერთი მხრივ, ცენტრალური აზიისა და ყაზახეთის რესურსებზე მიუწვდება ხელი და მეორე - პოლიტელიტის გაკონტროლებას შეძლებს. ამ რეგიონიდან რუსეთის გამოსვლა ნიშნავს, რომ ცენტრალურ აზიაში გამავალი კარი ღია დაუტოვოს ჩინეთსა და სხვა ძალებს. სწორედ ამიტომ მიიღო ძალიან არაეთიკური გადაწყვეტილება და ჯარით შევიდა სხვა ქვეყანაში ხელისუფლების დასაცავად”, - აცხადებს საერთაშორისო საკითხების ანალიტიკოსი გიორგი გობრონიძე გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “გაზის რევოლუცია”, პუტინი და ამერიკა ანუ აანალიზებს თუ არა ქართული პოლიტელიტა საგარეო საფრთხეებს”.

“თუმცა, სანამ მოსკოვისკენ გავიშვერთ ხელს, ჯერ ის უნდა ვთქვათ, თუ რამდენად პასუხისმგებლიანია ხელისუფლება, რომელიც საკუთარი ხალხის დასარბევად სხვა ქვეყნის სამხედროებს ეძახის. ამიტომაც ძალიან ძნელია დასკვნების გაკეთება. რაც შეეხება მოსაზრებას, თითქოს რუსეთი ყაზახეთის საკითხით დასავლეთთან ივაჭრებს, არ ვიზიარებ. დასავლეთთან სავაჭროდ რუსეთს სხვა ბევრი თემა აქვს, რომელსაც აუცილებლად გამოიყენებს, ყაზახეთში კი კონკრეტული ინტერესები აქვს, იქ თავისი გავლენის გამყარება სურს. როგორც იცით, რუსეთის მთავარი მოთხოვნაა არ გაფართოვდეს არც ნატო და არც ევროკავშირი. როგორც რუსები ამბობენ, 1994 წელს მათ მიიღეს ზეპირი დაპირება, რომ ნატო არ გაფართოვდებოდა. შესაბამისად, ახლა ითხოვენ გადაიხედოს 1994 წლის შემდეგ დამდგარი საერთაშორისო წესრიგი, და მძევლად აიყვანენ უკრაინას. მიადგნენ მის საზღვარს, იმუქრებიან, პრობლემებს სამხედრო-ტექნიკური გზით გადავწყვეტთო, თან “გვახსენებენ”, უკრაინა ლენინის მიერ ხელოვნურად შექმნილი წარმონაქმნიაო”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას გიორგი გობრონიძე.

“რუსეთი კიდევ ერთხელ ცდილობს დაარწმუნოს დასავლეთი, რომ როგორც 2008 წელს საქართველოში უკრაინაშიც საკუთარი ინტერესების დასაცავად შეიარაღებულ ძალებს გამოიყენებს. ფაქტია, კრემლს ძალზე კონფრონტაციული პოლიტიკა აქვს დასავლეთთან. ახლა საინტერესო ის არის, როგორი იქნება დასავლეთის რეაქცია. თუმცა დასავლეთზე, როგორც კოლექტიურ ორგანიზაციაზე, საუბარი რთულია. ბევრი რამ არის დამოკიდებული იმაზე, თუ როგორ მოვიქცევით ჩვენ - ქართველები, უკრაინელები, როგორი იქნება ჩვენი მისწრაფებები. თუ ჩვენგან წავა სიგნალი, რომ პრინციპულად დასავლური კურსის ერთგული ვრჩებით და ვართ სანდო პარტნიორები, რომელთაც სურთ გახდნენ დემოკრატიული სამყაროს ნაწილი და აქვთ კიდეც ამის შესაძლებლობა, მაშინ დასავლეთი შეეცდება არ დაუშვას რუსეთის ჰეგემონია ამ რეგიონში”, - განაგრძობს რესპონდენტი.

“ერთია, რა უნდა რუსეთს, მეორე - რა უნდა დასავლეთს და მესამე - რა გამოვა აქედან. თუ ჩვენ ცენტრალური აზიის რომელიმე სახელმწიფოს დავემსგავსეთ, არაფერი გამოვა. საკითხავი ის არის, საერთოდ გვაქვს თუ არა პოლიტიკა. სად ხედავთ პოლიტიკოსებს ხელისუფლებაში ან თუნდაც ოპოზიციაში?! ესენი არიან აქტივისტები, რომლებიც მოკლევადიანი ამოცანების შესასრულებლად იბრძვიან. ჩვენს ქვეყანაში არ არსებობს გრძელვადიანი პოლიტიკური ხედვები, კრიზისიდან გამოსვლის ფართომასშტაბიანი ანალიზები, ღირებულებები, იდეოლოგიები. ჩვენ პოლიტიკა კი არა, ქვეყნის ძალიან მდარე ხარისხის კორპორაციული მენეჯმენტი გვაქვს. ამაში თანაბრად ეკისრებათ პასუხისმგებლობა როგორც სამთავრობო, ასევე ოპოზიციურ ჯგუფებს. მათ მთლიანად დაცალეს პოლიტიკა პოლიტიკური მიზნებისგან”, - მიიჩნევს ანალიტიკოსი

“რა გავაკეთეთ იმისთვის, რომ რომელიმე საფრთხეს მომზადებული დავხვედროდით ან რომელიმე პოლიტიკური კრიზისიდან გამოვსულიყავით?! მრჩება შთაბეჭდილება, რომ ჩვენს პოლიტიკურ კლასს არც განათლება აქვს და არც ხედვა. სხვა რომ არაფერი ვთქვათ, 90-იანი წლების პოლიტიკოსების საუბრის შინაარსი და კონტექსტიც კი უფრო ხარისხიანი იყო. ქვეყანა დაცლილია ინტელექტუალური შესაძლებლობებისგან. ჩვენ შევქმენით ნახევრად რეზისტენტული, მითოლოგიურ პათოსში ჩაძირული საზოგადოება, რომელიც მთავარ პრობლემებზე არ ამახვილებს ყურადღებას, სოციალურ კაპიტალს ვერ აწარმოებს და დღიდან დღემდე გადარჩენაზე ფიქრობს. ჩვენ ახლა იმაზე უნდა ვფიქრობდეთ, სახელმწიფოს გადარჩენის რესურსი თუ გააჩნია და არა იმაზე, რომელიმე დეპუტატი შევა თუ არა პარლამენტში”, - ამბობს გიორგი გობრონიძე.

“წარმოუდგენელი რამეები ხდება - ერთი მხრივ, ვხედავთ აშკარა პოლიტიკურ რევანშს. კი, სააკაშვილი დამნაშავეა, მაგრამ ის, რასაც სახელმწიფო აკეთებს, პოლიტიკური რევანშია და არა მართლმსაჯულების აღსრულება. რომელმა ინსტიტუციამაც გაბედა და სახელმწიფოს ნების წინააღმდეგ წავიდა, რეპრესიების მსხვერპლი გახდა - ვგულისხმობ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს. ეს ნიშნავს, რომ მმართველ გუნდს არ გააჩნია შორს გამიზნული პოლიტიკა. უბედურება ის არის, რომ ალტერნატივას ვერც ოპოზიცია გვთავაზობს და პრაქტიკულად რეაქციულ პოზიციაშია, ელოდება, როდის დაუშვებს შეცდომას ხელისუფლება, რომ მერე თავადაც რაღაც თქვას. ამათი შემყურე რა გამოწვევებს უნდა გაუმკლავდე?!” - თვლის რესპონდენტი და შეკითხვაზე - “ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციის ბოლო ვერსია 2011 წლით თარიღდება...” - პასუხობს:

“რომელ კონცეფციაზეა ლაპარაკი, როცა ისიც კი არ ვიცით, საფრთხე რა არის. ყარაბაღის ბოლო ომის დროს ერთადერთხელ შეიკრიბა პრემიერთან არსებული სათათბირო და იცით, რა დასკვნა გამოიტანა?! თურმე ნეიტრალურები უნდა ვყოფილიყავით. კარგი, ვიყოთ, მაგრამ მერე რას ვაკეთებთ, ეს აღარ ვიცით და არც გვაინტერესებს. იმისთვის კი არაფერს ვაკეთებთ, რომ სახელმწიფოს საგარეო-პოლიტიკური ფუნქცია შევძინოთ, არა, ძალიან გამარტივებული გვაქვს ყველაფერი, გადარჩეს ხელისუფლება ან შეცვალოს ოპოზიციამ - აი, ამაზეა კონცენტრირებული დღეს ჩვენი პოლიტიკური ისტებლიშმენტი”.

“არის მთავარი კითხვა, რომელზეც პასუხი დასავლეთმა უნდა გაგვცეს - უღირს კი ასეთ ქვეყანაში ინვესტიციის ჩადება? უფრო მეტსაც გეტყვით, ისიც საკითხავია, უღირს კი რუსეთს ჩვენთან საუბარი? პრობლემა ის არის, რომ ჩვენ მალე აღარავინ დაგველაპარაკება, აღარაფერს შეგვეკითხებიან, უბრალოდ, გვაიძულებენ! 90-იან წლებში რა რესურსიც გვქონდა შემორჩენილი, რომ პროაქტიული დიპლომატია გვქონოდა, დროთა განმავლობაში ყველაფერი გავფლანგეთ, დღეს აღარაფერს ვაკეთებთ. შეხედეთ საინფორმაციო ნიუსებს, ნუთუ ეს სერიოზულია?! ვინმე მსჯელობს კრიზისის მოგვარებაზე? მარტო პანდემიის არასწორად მართვის გამო უნდა გადამდგარიყო ხელისუფლება, თანაც რამდენიმეჯერ, მაგრამ არა! დღეში 80-90 კაცის სიკვდილი სტატისტიკად ვაქციეთ. ეს ნიშნავს, რომ ჩვენი საზოგადოება დაიცალა ღირებულებებისგან”, - დაასკვნის ანალიტიკოსი.

“მთავარი მიზეზი მაინც ის არის, რომ მთავარმა პოლიტიკურმა ძალებმა დაკარგეს სახელმწიფოებრივი აზროვნება, ხალხს დაშორდნენ. შესაბამისად, ხალხიც აღარ ენდობა. ქვეყანაში რომ 67% გყავს გადაუწყვეტელი ამომრჩეველი, ეს იმას კი არ ნიშნავს, რომ ეს ხალხი ოდესღაც მივა საარჩევნო ურნასთან, არა, ეს ნიშნავს, რომ ხალხს საერთოდ აღარ სწამს მათი. დარწმუნებული ვარ, საბოლოოდ ეს ყველაფერი სახიფათო ფორმას მიიღებს. როდესაც პოლიტიკური ნიჰილიზმი აპათიაში გადაიზრდება, მერე პოლიტიკურ დესტაბილიზაციამდე ერთი ნაბიჯიღა რჩება”, - დასძენს გობრონიძე.

“ოცნება” “ლელოს” ინიციატივას ანტიკორუფციული საგამოძიებო კომისიის შექმნაზე მხარს არ დაუჭერს

“ფრაქცია “ლელოს” ინიციატივას, რომ ანტიკორუფციული საგამოძიებო კომისია შეიქმნას, მმართველი პარტია არასერიოზულად მიიჩნევს. როგორც “ოცნების” წარმომადგენელმა პარლამენტარმა გურამ მაჭარაშვილმა “რეზონანსთან” განაცხადა, სურვილის შემთხვევაში ოპოზიციას პარლამენტში საკუთარი ძალებითაც შეუძლია მსგავსი კომისიის შექმნა, თუმცა დაახლოებით 6 თვეა ამაზე მხოლოდ ლაპარაკობენ და კონკრეტული ნაბიჯები არ გადაუდგამთ. მანამდე ცნობილი გახდა, რომ “ლელოს”ინიციატივას მხარს უჭერს პარლამენტში “ნაციონალური მოძრაობის” ფრაქცია”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით “ოცნება” “ლელოს” ინიციატივას მხარს არ დაუჭერს - “თუ საკითხები გამოელიათ, ეგეც თქვან და დავეხმარებით”.

“ჩვენ ვაპირებთ პარლამენტში მხარი დავუჭიროთ “ლელოს” მიერ ინიცირებულ ანტიკორუფციულ კომისიას. ერთ-ერთ მიმართულებად ამ კომისიაში თუ განხილული იქნება კორუფცია ენერგეტიკაში - ესეც იქნება ძალიან მნიშვნელოვანი, რომ “ქართულ ოცნებას” არ მივცეთ მანევრირების საშუალება”, - განაცხადა ენმ-ს წევრმა ხატია დეკანოიძემ. უმრავლესობის დეპუტატი გურამ მაჭარაშვილი კი “რეზონანსთან” აცხადებს, რომ აღნიშნული ინიციატივა ადრეც ჰქონდა “ლელოს”, რაც “ოცნებისთის” ალოგიკურია”, - აღნიშნავს გამოცემა.

“მათ ეგ ინიციატივა ადრეც ჰქონდათ. ამისი საფუძველიც არ არსებობს და არც რაიმე ლოგიკაა მასში, როცა ქვეყანაში ანტიკორუფციული ფუნქციების მქონე უამრავი უწყებაა. ასე რომ, თუ “ლელოს” რამე მუშაობა სურს, ძალიან ბევრი საქმეა, მათ შორის პარლამენტშიც, გარდა იმისა, რომ საგამოძიბო კომისიები შექმნან. ისე, იდეაში თუ სურთ შექმნან, ოპოზიციას რეგლამენტით ჩვენ ამისი ბერკეტი მივეცით. ამდენ ლაპარაკს შექმნან და რას გააკეთებენ დავინახავთ. მე მგონი ნახევარ წელზე მეტია იძახიან შევქმნათო და აქამდე შეექმნათ, მათ ამის საშუალება ჰქონდათ და როგორც ჩანს, არც ამის შესაძლებლობა და თავი არ გააჩნიათ”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას გურამ მაჭარაშვილი.

“რას დავუჭერთ მხარს, კაცო... მაგათ არასერიოზულ ნაბიჯებზე კომენტარის გაკეთებაც კი მიჭირს. ნახევარი წელია ამას გაიძახიან და ოპოზიციაშიც კი ვერ კრებენ ხმებს და ჩვენ ამას მხარი რანაირად უნდა დავუჭიროთ?! გარდა ამისა, უბრალოდ ალოგიკურია, როცა ამის შესაბამისი უწყებებია. თუ რამე კონკრეტული ფაქტი აქვთ, ესეც თქვან და შესაბამისი ორგანოები გამოიძიებენ. თუ საკითხები გამოელიათ, ეგეც თქვან და მაგაზე პრიორიტეტული საკითხებიც ვიცით და თუ სხვა არაფერი აქვთ, დავეხმარებით, რომ დღის წესრიგში უკეთესი საკითხები შეიტანონ”, - დასძენს მაჭარაშვილი.

თინა ხიდაშელი - “მათ გასაგონად მინდა ვთქვა, ვისაც შურთ ყაზახეთში მიმდინარე მოვლენების - უამრავი პრობლემის მიუხედავად, ჩვენ მაინც ძალიან წინ ვართ”

_ იმ კატეგორიას არ მივეკუთვნები, ვინც შეთქმულების თეორიებითა და კონსპირაციული იდეებით იკვებება. დაუჯერებელია, რომ ხალხის მასშტაბური გამოსვლა ვიღაცის ორგანიზებულია. შეუძლებელია მთელ ქვეყანაში ხალხი მასშტაბურად ქუჩაში გამოიყვანო. ახლა ყაზახეთის დიდ ქალაქებში კი არა, სოფლებშიც დემონსტრაციებია. შესაბამისად, ულოგიკოა ვარაუდი, რომ ვიღაცის მაგიური ხელი მართავს ყველაფერს. ხალხი ქუჩაში მთავრობის არასწორ პოლიტიკას გამოჰყავს. თუმცა ამ ძალიან მნიშვნელოვანი ქვეყნისა და მთელი რეგიონისთვის ეს არ არის დემოკრატიული პოტენციალის მოძრაობა”, - აცხადებს თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინა ხიდაშელი გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “რას მოუტანს ყაზახეთს რუსული დესანტი” / “მათ გასაგონად მინდა ვთქვა, ვისაც შურთ ყაზახეთში მიმდინარე მოვლენების - უამრავი პრობლემის მიუხედავად, ჩვენ მაინც ძალიან წინ ვართ”.

“ცენტრალურ აზიაში დემოკრატიული ცვლილების პოტენციალის მქონე ძალები ან არ არიან, ან უკიდურესად მცირეა. თავისი არსითა და მასშტაბით დღევანდელი მოვლენები პოლიტიკური და სოციალური მღელვარების ჩარჩოებში ვერ ეტევა. როდესაც პოლიტიკურ მოძრაობას დემოკრატიული ცვლილებების მოთხოვნები არ ახლავს, როდესაც დღის წესრიგი ქაოსურია და ხელისუფლებაც ძალადობს, რაც რუსეთის წისქვილზე ასხამს წყალს, ის შედეგიანი ვერ იქნება. რაც უფრო სისხლიანი და ძალადობრივი იქნება პასუხი, ხელისუფლებას უფრო გაუჭირდება მოსახლეობის დამორჩილება... ყაზახეთის პრობლემა ის არის, რომ ყოფილი საბჭოეთის ევროპული ნაწილისგან განსხვავებით, რომელსაც საქართველოსაც მივაკუთვნებ, საკმარისი დემოკრატიული რესურსი არა აქვს. იქ არ არის თავისუფალი მედია, რაც ასეთ დროს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია... მიუხედავად იმისა, რომ შესანიშნავი პოლიტიკური ექსპერტები ჰყავთ, ინსტიტუციურად ფორმირებული სამოქალაქო საზოგადოება არ არსებობს”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას თინა ხიდაშელი.

“ქუჩაში გამოსულ ხალხს სჭირდება ავტორიტეტი, რომელსაც პოლიტიკური გამოცდილება აქვს, რისი დეფიციტიც ძალიან მწვავედ დგას ცენტრალური აზიის ქვეყნებში. ნაზარბაევმა საჯარო ცხოვრებიდან პოლიტიკა გააქრო. ამიტომაც ამ მოძრაობაზე ოპტიმისტური დამოკიდებულება არა მაქვს. ნებისმიერი რევოლუციური მოძრაობა მაშინ არის შედეგიანი, როცა ფუნდამენტური ცვლილება მოაქვს. თუ რეფორმატორები, რომლებიც ცვლილებებს თავიანთ თავზე აიღებენ, არ არსებობენ, ცვლილება შეუძლებელია. ასეთი ორგანიზებული ინსტიტუციური ძალა კი, ყირგიზეთის გარდა, ცენტრალური აზიის არც ერთ ქვეყანაში არ არის... “დასახმარებლად” მისული რუსული ჩექმა ნამდვილად ძნელად ან აღარასოდეს ტოვებს ქვეყანას. არც ის არის სიახლე, რომ რუსეთს საკუთარი ანგარიში აქვს ყაზახეთთან და ეს არც ტერიტორიული პრეტენზიებისგან არის შორს. სამწუხაროდ, დასავლეთი არ არის ძლიერი ცენტრალურ აზიაში და მით უფრო ყაზახეთში, მათი ზემოქმედების შესაძლებლობები უკიდურესად შეზღუდული და უეფექტოა”, - განაგრძობს რესპონდენტი.

“ნაზარბაევს ნამდვილად ეკუთვნის კრედიტი იმისთვის, რომ რეგიონის კონიუნქტურის გათვალისწინებით ქვეყანა რუსეთის ორბიტას ჩამოაცილა. ამასთან, ძალიან გონივრული პოლიტიკა ჰქონდა ჩინეთთან - სტრატეგიული ეკონომიკა ჩინური ეკონომიკით დააბალანსა, გონივრულად თამაშობდა ევროკავშირთანაც. ბოლო პერიოდს თუ გამოვაკლებთ შევარდნაძის მმართველობას, დაახლოებით ისეთივე ტიპის მმართველი იყო ნაზარბაევიც - მუდმივად ბალანსის პოლიტიკით მუშაობდა და ცდილობდა მის ქვეყანას ვინმესთან მთლად ბატონყმური ურთიერთობა არ ჰქონოდა. დღეს ეს ბალანსი რღვევის პირასაა, ვინაიდან კოლექტიური უსაფრთხოების ორგანიზაციის ჯარებს კი ვუწოდებთ, მაგრამ სინამდვილეში ყველამ იცის, რომ იქ რუსები­ სრულფასოვნად ბრუნდებიან და ტოყაევს ხვალ-ზეგ მათთან თანასწორ პირობებში საუბარი გაუჭირდება”, - განმარტავს ყოფილი თავდაცვის მინისტრი.

“რუსეთი აუცილებ­ლად მოითხოვს ფასს და როგორი მძიმეც არ უნდა იყოს, ყაზახეთს მისი გადახდა მოუწევს, ოღონდ იმ შემთხვევაში, თუ მათ ერთობლივად მოახერხეს სიტუაციის ჩაწყნარება. რუსეთს იქ შესვლის სამართლებრივი საფუძველი ჰქონდა, რადგან ყაზახეთი კოლექტიური უსაფრთხოების ორგანიზაციის წევრია, პრეზიდენტმა ტოყაევმა თავად გააკეთა მიმართვა დახმარების შესახებ და რუსეთმა ეს შანსი მაშინვე გამოიყენა. სამწუხაროა, რომ იქ რუსები შევიდნენ, თუმცა სხვაგვარად წარმოუდგენელიც იყო. ცინიკური ის არის, რომ ამ დოკუმენტზე ხელი მოაწერა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, რომელიც თითქოს ბედის ირონიით სწორედ ამ პერიოდშია ამ ორგანიზაციის თავმჯდომარე. ეს გადაწყვეტილება მის პოლიტიკურ ცხოვრებაში დიდხანს იქნება შავ ლაქად”, - ამბობს თინა ხიდაშელი და შეკითხვაზე - “ქართველი საზოგადოების ნაწილი ნიშნისმოგებითაც კი ამბობს, ყაზახმა ერმაც კი გვაჯობა და გამოიღვიძაო...” - პასუხობს:

“მათ გასაგონად მინდა ვთქვა, ვისაც შურთ ყაზახეთში მიმდინარე მოვლენების - უამრავი პრობლემის მიუხედავად, ჩვენ მაინც ძალიან წინ ვართ. დემოკრატიული მოძრაობის, რესურსისა და პოტენციალის მხრივ ჩვენსა და ყაზახეთს შორის დაახლოებით ისეთი მასშტაბის სხვაობაა, როგორიც საქართველოსა და ბალტიისპირეთს შორის. ამიტომ იმის ძახილი, ყველა გვჯობნისო, ძალზე არასერიოზულია. ისეთი არაფერი ხდება ყაზახეთში, რაც ამ 30 წლის განმავლობაში საქართველოს ყველა ფორმით თუ ვარიაციით გავლილი არ ჰქონდეს - სამოქალაქო ომით თუ ერთმანეთისთვის ტყვიის სროლით”.

“რუსეთს საქართველოში შემოსვლისთვის მიზეზი არ სჭირდება. ფორმალურად ასეთი საფრთხე არ არის, რადგან ურთიერთვალდებულების რეჟიმში არ ვიმყოფებით, არც ერთობლივი ორგანიზაციის წევრები ვართ, მაგრამ პუტინს ჩვენს ქვეყანაზე მორიგი შეტევისთვის საბაბის ძებნა არასდროს დასჭირდება. ის, რაც ახლა ყაზახეთში ხდება, უაღრესად მნიშვნელოვანია თუნდაც იმიტომ, რომ რუსეთმა მორიგი სამხედრო წარმატება არ უნდა იგემოს. ამას აუცილებლად მოჰყვება გაგრძელება. ისიც საინტერესოა, რა პოზიციას დაიკავებს ჩინეთი, რომელიც ერთმნიშვნელოვნად ყაზახეთის სტრატეგიული მოკავშირეა, განსაკუთრებით როდესაც საქმე სტრატეგიულ ეკონომიკას შეეხება - შესაძლოა ცენტრალურ აზიაში ერთგვარი დისბალანსიც გაჩნდეს. ის, რომ ყაზახეთში რუსული ტრიუმფი შედგა, ნამდვილად ამძიმებს ვითარებას, თუმცა საქართველოსთვის უფრო მეტად საყურადღებო უკრაინის საზღვარზე მიმდინარე პროცესები მგონია. პუტინ-ბაიდენის შეხვედრის შედეგზე ბევრი რამ არის დამოკიდებული საქართველოს სამეზობლო პოლიტიკაში, სამხრეთ კავკასიის რეგიონსა და საზოგადოდ, მსოფლიოში”, - დასძენს ხიდაშელი.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა