ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე განმარტავს, რატომ შეუჩერდა 12 კლინიკას კოვიდმიმღების სტატუსი

როდესაც ვიცით, რომ „ომიკრონის“ მიმდინარეობა ძირითადად შედარებით მსუბუქი და საშუალო სიმძიმისაა, რომლის მართვაც ბინაზეა შესაძლებელი, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პირველადი ჯანდაცვის მობილიზება - ამ კვირის განმავლობაში ონლაინ კლინიკებს 40 ონლაინ კლინიკა დაემატება, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, რითა უპასუხა კითხვას, რამდენად მომზადებული შეხვდება ჯანდაცვის სისტემა „ომიკრონის“ შემთხვევების მომატებას.

გაბუნიას თქმით, „ომიკრონის“ გავრცელების მიმართულებით პირბადის ტარებას კიდევ უფრო დიდი მნიშვნელობა აქვს.

„მთავარი რისკი ისაა, რომ შემთხვევების მატება შესაძლოა, იყოს სწრაფი. გამომდინარე აქედან, პრევენციას კიდევ უფრო დიდი მნიშვნელობა აქვს, ვიდრე აქამდე. პირბადის გამოყენება ამ ვითარებაში კრიტიკული იქნება იმისთვის, რომ შემთხვევების მატება სწრაფად არ მოხდეს.

რაც შეეხება ჰოსპიტალური სექტორის მობილიზებას, ჩვენ რამდენიმე მძიმე ტალღა გავიარეთ. ერთდროულად შემთხვევების მაქსიმალური რაოდენობა, რასაც სისტემამ აქამდე გაუძლო 65-70 ათასი იყო. ამ პირობებში, როდესაც ვიცით, რომ „ომიკრონის“ მიმდინარეობა ძირითადად შედარებით მსუბუქი და საშუალო სიმძიმისაა, რომლის მართვაც ბინაზეა შესაძლებელი, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პირველადი ჯანდაცვის მობილიზება. ამ მიმართულებით მუშაობა ჯერ კიდევ დეკემბერში დაიწყო. ყველა ოჯახის ექიმი გადამზადებულია კოვიდის მართვის საკითხებში და დღეს თუ 62 ონლაინ კლინიკა მუშაობს, კვირის განმავლობაში ონლაინ კლინიკებს 40 დაემატება, რათა ეს ქსელი მაქსიმალურად გაშლილი იყოს და ყველა ადამიანს ჰქონდეს თავისივე ოჯახის ექიმისგან კონსულტაციის მიღების შესაძლებლობა. ესაა ერთი მთავარი ჩარევა, რომელსაც ჩვენ ამ კვირაში განვახორციელებთ“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

ამასთან, კითხვაზე, რომ ახალი მინისტრის გადაწყვეტილებით საწოლფონდი შემცირდა და 12 კლინიკას კოვიდმიმღების სტატუსი შეუჩერდა, გაბუნია ამბობს, რომ ეს სტანდარტული პროცედურაა, რომელიც წინა ტალღების დროსაც ხორციელდებოდა.

„ეს არის მიმდინარე სტანდარტული პროცედურა, რომელიც განხორციელდა მეორე, მესამე და მეოთხე ტალღის დროს. ახლაც, როდესაც ვნახავთ, რომ საწოლების საჭიროება არსებობს, კლინიკები ისევ მიიღებენ თხოვნას, რომ დარჩნენ მობილიზებულ მდგომარეობაში, ეს არის აქტიური მართვის პროცესი, ამაში ახალი არაფერია. ეს არის ის, რასაც სულ ვაკეთებთ.

სისტემაში მწვავე მოვლის 12 ათასი საწოლი გვაქვს. 12 ათასი საწოლიდან 9 912 საწოლი მობილიზებულია კოვიდის მიზნებისთვის. როდესაც მობილიზებული საწოლფონდის დატვირთა მცირდება 50%-ის ქვემოთ, ჯანდაცვის სამინისტრო გარკვეულ კლინიკებს უგზავნის წინასწარ შეტყობინებას, რომ თუ არ იქნება მათი მობილიზაციის გაგრძელების საჭიროება, შეუძლიათ საქმიანობის ჩვეულ რეჟიმს დაუბრუნდნენ, რადგან საჭიროება სხვა მიმართულებითაც არსებობს“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

რაც შეეხება იმას, ხომ არ არის მოსალოდნელი, რომ სასწავლო პროცესი დაგეგმილ დროს არ განახლდეს, გაბუნია ამბობს, რომ ამასთან დაკავშირებით რეკომენდაცია ჯერჯერობით არ არსებობს.

„დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი სასწავლო პროცესის გადავადებასთან დაკავშირებით რეკომენდაციას ჯერჯერობით არ იძლევა. ყველაფერი ისე განხორციელდება, როგორც დაგეგმილი იყო. თუ ამის საჭიროება დადგა, საბჭო ამ საკითხს დაუბრუნდება“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა