ნათია თურნავა - საყოველთაო ინტერნეტიზაციის პროგრამა, რომელიც მსოფლიო ბანკის დახმარებით ხორციელდება, მაღალი ტემპით მიმდინარეობს

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა პროექტ Log in Georgia-ს მიმდინარეობასა და სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებს შეხვდა. აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ეკონომიკის სამინისტროდან აცნობეს.

როგორც მათ ინფორმაციაშია აღნიშნული, შეხვედრაზე პროექტის ფარგლებში ოპტიკური ინფრასტრუქტურის განვითარების საკითხი, ასევე მიღწეული შედეგები და სამომავლო ნაბიჯები განიხილეს.

გარდა ამისა, საუბარი შეეხო საქართველოს, როგორც ციფრული ჰაბის პოტენციალის მაქსიმალურად ათვისების საკითხს.

როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ ნათია თურნავამ აღნიშნა, ინტერნეტიზაციის პროგრამა, რომელიც მსოფლიო ბანკის დახმარებით ხორციელდება, საკმაოდ მაღალი ტემპებით მიმდინარეობს.

„ოზურგეთის მუნიციპალიტეტში დავასრულეთ მაღალსიჩქარიანი ინტერნეტისთვის აუცილებელი ოპტიკურ-ბოჭკოვანი ინფრასტრუქტურის მშენებლობა, შემდეგი საპილოტე რეგიონი არის ქობულეთი, სადაც პროცესი მიმდინარეობს, ასევე გამოცხადებულია ტენდერი რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონისთვის. გეგმის მიხედვით გაგრძელდება ოპტიკურ-ბოჭკოვანი ინფრასტრუქტურის გაყვანა, რომ ჩვენმა მოქალაქეებმა სხვადასხვა სოფელსა თუ მაღალმთიან დასახლებაში შეძლონ მაღალი ხარისხის ინტერნეტით სარგებლობა. ეს ძალიან მნიშვნელოვანია ახალი სამუშაო ადგილების შესაქმნელად, ჩვენი ახალგაზრდების მეტი და უკეთესი განათლების შესაძლებლობისთვის და მეტი დამაგრებისთვის სოფლებში“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.

მსოფლიო ბანკის წარმომადგენლის ჩარლზ ჰარპის თქმით, პროექტის მიმდინარეობის პროგრესით მოხარულები არიან.

„მოხარულები ვართ, რომ პროგრესი შესამჩნევია და ინფრასტრუქტურა გასული წლის განმავლობაში ასე განვითარდა. ეს ძალიან საინტერესო და ამბიციური პროგრამაა, რომელიც უზრუნველყოფს ციფრულ ინკლუზიურობას რეგიონში. პროექტის მიზანია უზრუნველყოს ციფრული სერვისები, ციფრული ჩართულობა ქვეყნის რეგიონების იმ სოფლებში, სადაც დღეს ინტერნეტზე წვდომა არ არის“, - აღნიშნა მსოფლიო ბანკის წარმომადგენელმა ჩარლზ ჰარპიმ.

საყოველთაო ინტერნეტიზაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, მიმდინარე ეტაპზე, ქსელის მშენებლობა დასრულებულია ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, სადაც აშენდა 140კმ ოპტიკურ-ბოჭკოვანი ინფრასტრუქტურა. პროექტის ფარგლებში, სერვისი უკვე მიეწოდება ადგილობრივ ოპერატორებს და მათი მხრიდან აქტიურად მიმდინარეობს რეგისტრაციები და მოსახლეობის ქსელში ჩართვა.

მშენებლობა დასრულების ეტაპზეა ქობულეთის მუნიციპალიტეტში, რომელიც მოიცავს 50 კმ-იანი მაგისტრალის მშენებლობას, 13 დასახლებულ პუნქტს და 10,500 მოსახლეს.

„Log in Georgia“-ს ფარგლებში, ქვეყნის მასშტაბით, ოპტიკურ-ბოჭკოვანი ქსელის მშენებლობა დაგეგმილია 1000-მდე დასახლებულ პუნქტში (მათ შორის, მაღალმთიან სოფლებში), რომლითაც სარგებელს მიიღებს დაახლოებით 500 000 ადამიანი.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა