გრიგოლ გეგელია -“ქართულმა ოცნებამ” კიდევ ერთხელ გვაჩვენა თავისი ნამდვილი სახე, როცა მოუცლელობის თუ სხვა კომიკური მიზეზით ევროპარლამენტარებთან შეხვედრა გადადო

“ქართულმა ოცნებამ” კიდევ ერთხელ გვაჩვენა თავისი ნამდვილი სახე, როდესაც მოუცლელობის თუ სხვა კომიკური მიზეზით ევროპარლამენტარებთან შეხვედრა გადადო, - ამის შესახებ „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გრიგოლ გეგელიამ განაცხადა.

მისივე თქმით, “ქართული ოცნება” მუდმივად იცლის ჩვენი დემოკრატიისთვის დაჩქარებულ ტემპში ძირის გამოსათხრელად, პოლიტიკურ ოპონენტებსა და დამოუკიდებელ ინსტიტუტებზე თავდასასხმელად, ბელორუსის უშიშროებასთან ურთიერთობების გასაღრმავებლად, თუმცა რატომღაც ვერასდროს იცლის საქართველოს მჭიდრო სტრატეგიული პარტნიორების დროულად მხარდასაჭერად, ყველაზე მნიშვნელოვან პარტნიორებთან შესახვედრად.

„საინტერესოა, მოუცლელობის გამო ხომ არ დატოვეს მიშელის შეთანხმებაც? მოუცლელობის ბრალია კრემლის დაკვეთით მოკლულ ხანგოშვილზე დუმილი? მოუცლელობის ბრალი ხომ არაა ანაკლიისა და სხვა გეოპოლიტიკური მეგა-პროექტების ჩაძირვა? მოუცლელობის ბრალია, ქართველ ხალხს 300 მილიონის ოდენობოთ მაკროფინანსური დახმარება რომ დააკარგინეს, რადგან მართლმსაჯულების რეფორმის ნაცვლად პოლიტიკური დანიშვნები გააგრძელეს? ისიც მოუცლელობის ბრალი ხომ არაა "ქართული ოცნების" ლიდერები დასავლელ პარტნიორებს რომ თითის ქნევით და მუქარის ენით ესაუბრებიან? რასაც დღეს ხელისუფლება "მოუცლელობას" უწოდებს, სინამდვილეში ეს მისი პოლიტიკური და გეოპოლიტიკური არჩევანია, რომლის მიზანია საქართველოს სრული და საბოლოო დაშორება დასავლური პოლიტიკური ოჯახიდან. უნდა გვახსოვდეს, რომ ჟან მონეს დიალოგის ფორმატი პერსპექტიულ წევრ სახელმწიფოებში გამოიყენება. შესაბამისად, ამ კალიბრის ფორმატის უარყოფა საქართველოს ევროპული პერსპექტივის უარყოფა და დასუსტებაა. "ქართულმა ოცნებამ", რომელსაც თავისი ვიწროპარტიულ-პოლიტიკური ინტერესების გარდა სხვა საზრუნავი არ გააჩნია, დღეს კიდევ ერთი დარტყმა მიაყენა საქართველოს საგარეო და ეროვნულ ინტერესსა და ჩვენ სახელმწიფოს, როგორც სანდო პარტნიორის რეპუტაციას. მაშინ როდესაც რეგიონსა და მსოფლიოში მიმდინარე კრიტიკული ვითარებიდან გამომდინარე დღეს “ქართული ოცნების” ხელისუფლება დღედაღამ მაქსიმალურად უნდა ცდილობდეს მთელ საერთაშორისო თანამეგობრობასთან განსაკუთრებულ რეჟიმში თანამშრომლობას და კომუნიკაციას, ის ხელიდან უშვებს საქართველოს ყველაზე მჭიდრო პარტნიორებთან საუბრის შესაძლებლობასაც კი და მეტიც, პირდაპირ შეურაცხყოფას აყენებს ჟან მონეს იმ უაღრესად მნიშვნელოვან ფორმატს, რომელში თანამშრომლობაც ჩვენი ქვეყნისათვის მნიშვნელოვანი პრიორიტეტია“ , - განაცხადა გეგელიამ და დასძინა, რომ ეს არის კიდევ ერთი მკაფიო დასტური იმისა, თუ რა ღირებულებით ღერძზე იმყოფება "ქართული ოცნება" და რაოდენ შორსაა მის პირობებში საქართველო თავისი ევროპული პერსპექტივის განხორციელებისაგან.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში 21-22 იანვარს დაგეგმილი ევროპარლამენტარების ვიზიტი გაუქმდა. "როგორც ჟან მონეს დიალოგის თანაფასილიტატორები, ვწუხვართ, რომ 21-22 იანვარს დაგეგმილი ვიზიტი თბილისში არ გაიმართება, რადგან პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ვერ გამონახა დრო, რომ მოლაპარაკებებში ჩაერთოს", - ამის შესახებ ევროპარლამენტის წევრების, ვიოლა ფონ კრამონის, მირიამ ლექსმანისა და მარინა კალიურანდის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა