ამირან გამყრელიძე - პირებმა, რომლებსაც აფთიაქში ნაყიდი ტესტით ვირუსი უდასტურდებათ, შედეგი ლაბორატორიებში უნდა გადაამოწმონ - წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი კოვიდდადასტურებულთა ბაზაში ვერ მოხვდებიან და ე.წ. მწვანე ბარათიც არ ექნებათ

პირებმა, რომლებსაც სააფთიაქო ქსელებში ნაყიდი ტესტით კორონავირუსი უდასტურდებათ, შედეგი ლაბორატორიებში უნდა გადაამოწმონ, წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი კოვიდდადასტურებულთა ბაზაში ვერ მოხვდებიან და ე.წ. მწვანე ბარათიც არ ექნებათ.

ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა.

როგორც გამყრელიძემ განმარტა, ზოგიერთ შემთხვევაში აფთიაქებში შეძენილ ტესტს მოსახლეობა სწორად ვერ იკეთებს, ან ტესტი სწორ პასუხს არ აჩვენებს.

„პანდემიის პერიოდში, განსაკუთრებით „ომიკრონის“ აღმავალი ტალღაა, როცა დიდი რაოდენობით ხდება ადამიანების დაინფიცირება, ყველგან მატულობს თვითტესტირების წილი საერთო ტესტირებაში. სწრაფი ტესტები ფართოდ არის გავრცელებული ყველა ქვეყანაში და დაინტერესებულ პირს მისი შეძენა აფთიაქშიც შეუძლია. ეს ძირითადად არის თვითტესტირებისთვის, რათა ადამიანი დარწმუნდეს, არის თუ არა ინფიცირებული. თუ ტესტის პასუხი დადებითია, სასურველია პირი იყოს იზოლაციაში და შეასრულოს რეკომენდაციები. ქვეყანაში ახლა 90%-ით „ომიკრონი“ ცირკულირებს. ის შედარებით მსუბუქად მიმდინარეობს, თუმცა არის რეკომენდაციები, როდის უნდა დაუკავშირდეს 112-ს და ოჯახის ექიმს. სასურველია, რომ დაკავშირება დაუყოვნებლივ მოხდეს. რაც შეეხება საინფორმაციო ელექტრონულ ბაზაში მონაცემების ატვირთვას, რა თქმა უნდა, ინფიცირებულ პირს ეს თვითონ არ შეუძლია. ამისთვის ის უნდა მივიდეს აკრედიტებულ ლაბორატორიაში ან ამღებ პუნქტში, სადაც ტესტებს ატარებენ, გადაამოწმოს თავისი სტატუსი და ლაბორატორია თვითონ ატვირთავს მონაცემს. მიუხედავად იმისა, რომ სწრაფი ტესტის გაკეთება საკმაოდ მარტივია, თვითტესტირებისას შესაძლოა, პირმა ის ვერ ჩაიტაროს ისე კვალიფიციურად, როგორც ამას ლაბორატორიები ახორციელებენ. ამიტომ ბაზაში ის მოხვდება შესაბამისი ლაბორატორიის ან სამედიცინო დაწესებულებაში გადამოწმების შემდეგ“, - განაცხადა გამყრელიძემ.

რაც შეეხება სავალდებულო ტესტირებისგან გარკვეული კატეგორიის პირების გათავისუფლებას, რომლის რეკომენდაციითაც დაავადებათა კონტროლის ცენტრმა უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოს მიმართა, ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ ეს მხოლოდ წინადადებაა და საკითხზე საბჭომ და ჯანდაცვის სამინისტრომ უნდა იმსჯელოს.

ამირან გამყრელიძის მოსაზრებაა, რომ სავალდებულო ტესტირებას ამ ეტაპზე მხოლოდ სამედიცინო პერსონალი უნდა დაექვემდებაროს, სხვა პირები კი მხოლოდ სიმპტომების შემთხვევაში გაიტესტონ. მისთვის ამ ეტაპზე უცნობია, რა გადაწყვეტილებას მიიღებს საკითხთან დაკავშირებით ჯანდაცვის სამინისტრო და უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო.

„რადგან დღეს ტესტირებაზე მისული ადამიანების თითქმის მეოთხედი უკვე დადებითია, ჩვენი წინადადება იყო, გარკვეული პერიოდი შემოვიფარგლოთ მხოლოდ სიმპტომიანი ადამიანების ტესტირებით და ეს იყო მხოლოდ წინადადება საბჭოსთვის, რომლის განხილვაც მიმდინარეობს და გრძელდება საბჭოსა და სამინისტროში. გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის. კონკრეტულად, ჩვენი წინადადება იყო, სავალდებულო ყოფილიყო ყველაზე უფრო მაღალი და კრიტიკული ჯგუფის - სამედიცინო პერსონალის გატესტვა. დანარჩენი ჯგუფები დროებით შეჩერებულიყო და ისინი გატესტილიყვნენ ისევ სახელმწიფოს ხარჯზე მხოლოდ სიმპტომების არსებობის შემთხვევაში. ხაზს ვუსვამ, რომ ეს იყო წინადადება, რომელიც იხილება როგორც საბჭოში, ასევე სამინისტროში, მაგრამ გადაწყვეტილება მიღებული არ არის და შესაძლოა, არც იქნეს გაზიარებული. დღეს ინფექცია იმდენად გავრცელებულია, დადასტურებული შემთხვევები რაც გვაქვს დღის განმავლობაში, იმაზე ორნახევარჯერ, სამჯერ მეტია რეალურად. ამიტომ მთავარი მესიჯი და გზავნილი მოსახლეობისადმი უნდა იყოს, ვისაც სიმპტომები აქვს, არ არის აუცილებელი პირდაპირ წავიდეთ და გავიტესტოთ. გადავიდეთ იზოლაციაში, დავურეკოთ ოჯახის ექიმს და მოვიქცეთ მისი რეკომენდაციის მიხედვით. საქართველოს თითოეულმა მოქალაქემ უნდა იცოდეს თავისი ოჯახის ექიმის სახელი და გვარი, რათა ამ შემთხვევაში მას დაუკავშირდეს. თუ მას ვერ უკავშირდება, რეკავს 112-ზე, 15 22-ზე - ონლაინკლინიკების ცხელ ხაზზე, იღებს შესაბამის ინსტრუქციას და იქცევა ამ ინსტრუქციის მიხედვით. განსაკუთრებით საყურადღებოა რისკჯგუფებში შემავალი ადამიანები, ხანდაზმულები, რომელთათვის აუცილებელია ექიმთან სატელეფონო კომუნიკაცია“, - განაცხადა გამყრელიძემ.

იხილეთ ვიდეო:

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა