„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარის, ნიკა სიმონიშვილის განცხადებით, კულტურის სამინისტროში მიმდინარე გათავისუფლებებს აქვს იგივე „ხელწერა“, რაც მიმდინარეობდა იუსტიციის სამინისტროში. მისი თქმით, ახლანდელი კულტურის მინისტრის პირობებში, თანამშრომლების სამსახურიდან გათავისუფლება და მათი შევიწროება ხდება განსხვავებული აზრის მიზეზით.
„ჩვენ ვხედავთ იმავე სცენარს, გათავისუფლებების, როგორიც ვიხილეთ რამდენიმე წლის წინ, იუსტიციის სამინისტროში. ხელწერა არის იგივე. ამჟამინდელი კულტურის მინისტრი, კულტურის სამინისტროდან ათავისუფლებს იმ თანამშრომლებს, რომელთა მოსაზრებებიც მას არ მოსწონს. ასეთი წმენდა გვინახავს ჩვენ იუსტიციის სამინისტროშიც, ამიტომ ვამბობთ, რომ ხელწერა არის იგივე. ამ შემთხვევაშიც ჩვენ ვნახეთ არაერთი შემთხვევა იმის, თუ როგორ გახდნენ ადამიანები დისკრიმინაციული მოპყრობისა და დამოკიდებულების, შევიწროვების მსხვერპლი და როგორ ცდილობს სამინისტრო იმას, რომ ეს ადამიანები, რომლებიც არიან თავისი საქმის პროფესიონალები, მაგრამ გამოთქვამენ განსხვავებულ აზრს, უბრალოდ ჩამოაშოროს მათ საქმიანობას“, - განაცხადა სიმონიშვილმა.
ამასთან, სიმონიშვილი აღნიშნავს, რომ კულტურის მინისტრის მხრიდან ხორციელდებოდა სხვადასხვა სახის მუქარა თანამშრომლების მისამართით.
„სამწუხაროდ, ჩვენ ვხვდებით იმასაც, რომ კულტურის მინისტრი არ კმაყოფილდება მხოლოდ ამ რეპრესიული მექანიზმებით და უფრო მეტ მუქარაზეც გადავიდა, რომელიც სავარაუდოდ საგამოძიებო მოქმედებების დაწყებას უკავშირდებოდა. ეს ყველაფერი რა თქმა უნდა, არ არის ახალი და ჩვენ ვხედავთ ზუსტად იგივე სცენარს, რომელსაც ვხედავდით ჩვენ მათ შორის იუსტიციის სამინისტროში“, - განაცხადა სიმონიშვილმა.