სერგო ჩიხლაძე - პრეზიდენტი თავიდან იყო ომახიანი, შემდეგ გვითხრა, რომ არ შეუძლია პოლიტიკოსების შერიგება, ბოლოს კიდევ უფრო დააკნინა თავისი როლი - მაშინ ვთქვათ, რომ არაფერი გამოვა და წყლის ნაყვას თავი დავანებოთ

კარლ ჰარცელის განცხადება პირდაპირი მესიჯია ხელისუფლებისადმი - მას უნდა იმის თქმა, რომ საქართველომ, ისე როგორც დანარჩენმა ცივილიზებულმა სამყარომ, უნდა დააფიქსიროს თავისი პოზიცია , - ასე შეაფასა “სტრატეგია აღმაშენებლის” წევრმა სერგო ჩიხლაძემ საქართველოში ევროკავშირის ელჩის კარლ ჰარცელის განცხადება, რომ მნიშვნელოვანია უკრაინისადმი არა მხოლოდ პრინციპული პოზიციისა და მხარდაჭერის გამეორება, არამედ გამოხატო მზაობა მოქმედებისთვის.

მისი თქმით, რეალურად, კარლ ჰარცელი “ქართულ ოცნებას” ეუბნება, რომ უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუცია უნდა იყოს უფრო ნათელი და გასაგები.

“ეს პირდაპირი მესიჯი არის ხელისუფლებისადმი - როგორ შეიძლება მივიღოთ რეზოლუცია, სადაც არაფერი არ არის ნათქვამი?! ლოზუნგების დონეზე ასეთი ტექსტი უკრაინასაც არ სჭირდება. იქაც მოლოდინი არის, რომ იყოს ხორცშესხმული ტექსტი, რომელიც უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას უცხადებს მხარდაჭერას, რუსეთის მხრიდან აგრესიას გმობს. ჩვენ იმაზე მეტს არ ვითხოვთ, რასაც “ქართული ოცნება” თავის რეზოლუციებში წერდა წლების წინ. ჰარცელს უნდა იმის თქმა, რომ საქართველომ, ისე როგორც დანარჩენმა ცივილიზებულმა სამყარომ, უნდა დააფიქსიროს თავისი პოზიცია”, - განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.

ამასთან, სერგო ჩიხლაძემ ისაუბრა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” გადაწყვეტილებაზე პარლამენტში შესვლის თაობაზე და განაცხადა, რომ მიესალმება.

რაც შეეხება საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის საკითხთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნას, სერგო ჩიხლაძემ აღნიშნა, რომ “სტრატეგია აღმაშენებელი” ამ კომისიის შექმნას მხარს დაუჭერს, თუკი “ნაციონალური მოძრაობაც” იგივეს გააკეთებს მათ მიერ გატანილი კომისიების მხარდაჭერის კუთხითაც.

“მივესალმებით ჩემი კოლეგების გადაწყვეტილებას და არაერთხელ გვითქვამს, რომ ყველა პოლიტიკური პარტია უნდა იყოს აქტიური და წარმოდგენილი პარლამენტში, რადგან ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ბერკეტი, განსაკუთრებით 19 აპრილის შეთანხმების შემდეგ, პარტიების უმეტესობამ გადავწყვიტეთ, რომ შევსულიყავით და აქტიურად მიგვეღო მონაწილეობა საპარლამენტო ცხოვრებაში.

რაც შეეხება საგამოძიებო კომისიას, სიურპრიზი არავისთვის ყოფილა, მანამდეც იყო საუბარი, რომ “ნაცმოძრაობის” პირველი აქტივობა ეს იქნებოდა. ამასთან დაკავშირებით კონსულტაციები გვქონდა და შევთანხმდით, რომ ამას მხარს დავუჭერდით, ისევე როგორც ისინი დაუჭერენ მხარს ჩვენს მიერ შეთავაზებულ კომისიებს.

რა თქმა უნდა, ჩვენი მხარდაჭერა აქვს ამ კომისიას, მაგრამ ვინ რა დოზით ჩაერთვება, ამაზე ჯერ არ გვიმსჯელია”, - აღნიშნა მან.

სერგო ჩიხლაძე ასევე შეეხო პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ წამოწყებულ ინიციატივას, ეროვნული შერიგების შესახებ.

მისი შეფასებით, აღნიშნულ პროცესში, პრეზიდენტის წინადადებამ თავისი როლი და ფასი დაკარგა.

“ჩვენ ადრეც მივესალმეთ პრეზიდენტის ამ წამოწყებას. ვიყავით შეხვედრაზე პრეზიდენტთან დეკემბრის თვეში, მაგრამ სამწუხაროდ, საქმე ისე მიდის, რომ ის უფრო ამცირებს და აკნინებს მის როლს ამ პროცესში. თავიდან განცხადება იყო ომახიანი, შემდეგ შეხვედრის დროს გვითხრა, რომ მას არ შეუძლია პოლიტიკური მოთამაშეების ერთმანეთთან შერიგება. რამდენიმე დღის წინ, კიდევ უფრო დააკნინა თავისი როლი ამ პროცესში.

პრეზიდენტს აქვს დიდი ლეგიტიმაცია, ბერკეტები, ის უმაღლესი არბიტრი უნდა იყოს. რაში გვჭირდება პრეზიდენტი, რომელსაც პროცესში თავისი როლის შესრულება არ შეუძლია და რომელიც გადათქვამს თავის სიტყვას. ვხედავთ, რომ სულ უფრო ზეპარტიული ხდება ეს პროცესი. დღეს გვაქვს ძალიან სერიოზული პოლიტიკური პროცესი, აქედან უნდა გამოვიდეთ. პრეზიდენტი დაინტერესებული უნდა იყოს პოლიტიკური მოთამაშეების ერთმანეთთან შერიგებით, დიალოგით, რადგან კრიზისი სხვანაირად ვერ მოგვარდება. მაშინ ვთქვათ, რომ აქედან არაფერი გამოვა და წყლის ნაყვას თავი დავანებოთ.

როგორც ვითარდება მოვლენები, ეს არის წყლის ნაყვა”, - განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო