გიგი უგულავა - რამდენჯერაც არ უნდა გაბრაზდეს მოსამართლე კოჭლამაზაშვილი, ყოველთვის მოვახსენებ, რომ მონაწილეობს პოლიტიკურ ტაკიმასხარაობაში

ეს არის ჩვეულებრივი პოლიტიკური საქმე. რამდენჯერაც არ უნდა გაბრაზდეს მოსამართლე კოჭლამაზაშვილი, ყოველთვის მოვახსენებ, რომ მონაწილეობს პოლიტიკურ ტაკიმასხარაობაში, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა ლიდერმა გიგი უგულავამ თბილისის საქალაქო სასამართლოში აეროპორტის ინციდენტზე მიმდინარე პროცესის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, მოქმედი ხელისუფლების წარმომადგენლებს სჩვევიათ წინა ხელისუფლების გახსენება, შესაბამისად, „როგორი ცუდიც იყო ვალერი გელაშვილის ამბავი, იმავენაირად ცუდია ეს ამბავიც“ და თუ ვალერი გელაშვილის საქმეზე დაისაჯა ვიღაც, იმავენაირად უნდა დაისაჯონ ბიძინა ივანიშვილი თუ სხვა პირები.

„მიუხედავად იმისა, რომ ამ საქმეზე 8 თვეა პროცესები არ ყოფილა, 5 პროცესი ჩაინიშნა მიყოლებით. სავარაუდოდ, თებერვლის ბოლოს გამოიტანს მოსამართლე გადაწყვეტილებას. მოსამართლემ პროკურატურას „გაუპრავა“ და მისცა უფლება, რომ საქმეზე კამერების ჩანაწერები თანდართული არ არის. მოსამართლეს თვითონ შეეძლო ენახა რა არის ამ ჩანაწერებში და ამ საქმეს ნათელი მოეფინებოდა. მოწმეები იწყებენ თხრობას იმ მომენტიდან, როდესაც მე ვიქნევ ხელს, მაგრამ ჩემს სახეზე დაზიანებას ვერ ხედავდნენ, სამაგიეროდ აღმოაჩინეს უამრავი დაზიანება ბადრი გავაშელიშვილის სახეზე. აბსურდია ეს საქმე, ამის დასაწყისი არის 20 ივნისი, როდესაც საჯაროდ ბიძინა ივანიშვილს მოვუკითხე ახლობლები იმიტომ, რომ ჩაიდინა დანაშაული, მარაზმი და საშინელება. ერთადერთი რაც შეიძლებოდა ნორმალურ ადამიანს იმ მომენტში ექნა, იყო შეგინება, ეს ადამიანი დღესაც იმსახურებს გინებას, შეუძლებელია სხვა რამე ნორმალურ ადამიანს ეთქვა. ეს არის ჩვეულებრივი პოლიტიკური საქმე და სამართალთან არაფერი საქმე არ აქვს, რამდენჯერაც არ უნდა გაბრაზდეს მოსამართლე კოჭლამაზაშვილი, ყოველთვის მოვახსენებ, რომ მონაწილეობს პოლიტიკურ ტაკიმასხარაობაში. ვერ ვიტყვი რითი დამთავრდება ეს საქმე, მაგრამ როგორც არ უნდა დამთავრდეს, არის აბსურდული და აჩვენებს, რომ ჩვეულებრივი მოძალადეა ხელისუფლება.

ხელისუფლების წარმომადგენლებს სჩვევიათ წინა ხელისუფლების გახსენება, როგორი ცუდიც იყო ვალერი გელაშვილის ამბავი, იმავენაირად ცუდია ეს. თუ ვალერი გელაშვილზე დაისაჯა ვიღაც და ვთვლით, რომ სამართლიანად დაისაჯა, ვპირდები ბიძინა ივანიშვილს და ყველას ვინც არის ჩართული - ზუსტად იმავენაირად დაისჯებიან, მათი რიგი მოვიდა ჩადენილი დანაშაულებისთვის აგონ პასუხი. ვერანაირი 15 წლის წინანდელი ამბავი ახლა მომხდარ ამბავს ვერ „გააპრავებს“, - აღნიშნა გიგი უგულავამ.

შეგახსენებთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოში ოპოზიციონერი ლიდერის, გიგი უგულავას ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე სასამართლო პროცესი გაიმართა. დღევანდელ პროცესზე ბრალდების მხარის 4 მოწმე დაიკითხა, მათ შორის არიან, მესაზღვრე პატრული და გამომძიებელი.

შემთხვევა თბილისის აეროპორტში 2019 წლის 11 დეკემბერს მოხდა. გიგი უგულავას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით აქვს წარდგენილი, რაც ძალადობას გულისხმობს. მას ძიუდოისტ ბადრი გავაშელიშვილის ცემას ედავებიან. გიგი უგულავასთან ერთად ბრალდებულია გავაშელიშვილის მეგობარი დავით პარკაძე, რომელსაც პოლიტიკოს გოკა გაბაშვილის ცემას ედავებიან.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო