პაატა დავითაია - პირველობისთვის ბრძოლა აზიანებს ოპოზიციურ სპექტრს - გამარჯვების შანსი აქვს დიდ გაერთიანებას, სადაც პოლიტიკურ ვალდებულებებს ასრულებენ და არ ითხოვენ, რომ ყველა პარტია მათი „თამაშის წესებში“ მოექცეს

პარტია „ევროპელი დემოკრატების“ თავმჯდომარე პაატა დავითაია პოლიტიკური პარტიების გადაჯგუფების და გაერთიანების პერსპექტივების და საკონსტიტუციო ცვლილებების აუცილებლობის შესახებ საუბრობს.

- ოპოზიციურ ფლანგზე პარტიების გადაჯგუფებასა და ახალი ცენტრების შექმნაზე დაიწყო საუბარი, მაგალითად, გიგი უგულავასგან გაჟღერდა ინიციტივა პარტიების ერთი ქოლგის ქვეშ გაერთიანებაზე, რასაც არ მოჰყვა პოლიტიკური სპექტრის მხარდაჭერა. როგორ ფიქრობთ, რა პერსპექტივა აქვს ასეთ გადაჯგუფებას და კოალიციებს ამ პოლიტიკურ ვითარებაში?

- ინიციატივას, რომელიც გაჟღერდა გიგი უგულავას მიერ, რასაკვირველია, აქვს არსებობის უფლება. მრავალი წელია პოლიტიკაში ვარ და შემიძლია ღიად გითხრათ, რა შეიძლება იდგეს ამ ინიციატივის უკან და რა არის მასში მცდარი. ცალსახად უნდა ვთქვათ, რომ პარტიების გაერთიანების გარეშე ხელისუფლების ცვლილება შეუძლებელია. ამისი რესურსი არ აქვს არავის, ვერც ერთი პოლიტიკური პარტია ვერ მოვა ხელისუფლებაში დამოუკიდებლად. შემდეგი ხელისუფლება იქნება კოალიციური. ეს არის ხელისუფლების შეცვლის ერთადერთი გზა, მოსახლეობის დაკვეთა და ამას აჩვენებს ყველა კვლევა. ეს კარგად ესმით პოლიტიკური პარტიების ლიდერებს, მაგრამ სამწუხაროდ, ისინი ვერ ერევიან საკუთარ ამბიციებს. მათ ერთპიროვნულად უნდათ მოსვლა ხელისუფლებაში, რაც განსაკუთრებით ეხება „ნაციონალურ მოძრაობას“, რომელსაც ახასიათებს პოლიტიკური სიხარბე. ასეთია მისი ბუნება და ასე იქცევა ხშირად.

გიგი უგულავასადმი ჩემი პატივიცემის მიუხედავად, და აქვე დავაფიქსირებ, რომ ვაფასებ მის მცდელობას, შეასრულოს გამაერთიანებლის როლი, ღიად გეტყვით, რომ ის ცდება, როდესაც საუბარია კონკრეტული პარტიის ქოლგის ქვეშ გაერთიანებაზე. ქართულ პოლიტიკურ სივრცეში, ამ იდეას პერსპექტივა აღარ აქვს. „ნაციონალურმა მოძრაობამ“ არაერთხელ აჩვენა, რომ ის არის პოლიტიკური ძალა, რომელიც არ ასრულებს პოლიტიკურ ვალდებულებებს, ყოველთვის აპელირებს, რომ ის არის დომინანტი პარტია და ყველა სხვა პარტია მისი თამაშის წესებში უნდა მოქცეს.

„ნაციონალური მოძრაობა“ არ იბრძვის ხელისუფლებაში მოსასვლელად, ის იბრძვის ოპოზიციაში იყოს #1. შიდა პოლიტიკურმა ბრძოლამ, რაც იყო „ნაციონალურ მოძრაობაში“ 2012 წელს მას დააკარგვინა ძალაუფლება. დღეს, როდესაც ამ პარტიაში შიდა ბრძოლები გრძელდება, ეს იწვევს ოპოზიციის ნგრევას, მათი ოპოზიციაში პირველობისთვის „ბრძოლა“ აზიანებს მთელ ოპოზიციურ სპექტრს. სანამ „ნაციონალური მოძრაობა“ არ დაჯდება სხვა პარტიებთან, როგორც თანასწორი პარტია და არ დაივიწყებს პოლიტიკურ სიხამეს და „ბუღალტერიას“, საუბარს, რომ ის არის ყველაზე დიდი პარტია, აქვს ტელევიზია და სხვა საშუალებები, მანამდე გიგი უგულავას ფორმულა, ერთი ქოლგის ქვეშ გაერთიანება, არ იმუშავებს. ეს აჩვენა კიდეც გაკეთებულმა განცხადებებმა, ამ ინიციატივას არ ჰქონდა პოლიტიკური პარტიების ლიდერების მხარდაჭერა.

საქართველოში არავინ აღარ დაუთმობს 100%- იან ძალაუფლებას რომელიმე პარტიას. როდესაც „ნაციონალური მოძრაობა“ იყო ხელისუფლებაში, ფლობდა ძალაუფლებას 100%- ით, ის ჩაანაცვლა „ქართულმა ოცნებამ“ კოალიციით, მაგრამ როგორც კი „ქართულ ოცნებას“ კოალიცია დაეშალა და დარჩა როგორც ერთი, ცალკე აღებული პარტია, მას დაეწყო პრობლემები. „ნაციონალურ მოძრაობას“ სურს დაიბრუნოს ძალაუფლება ერთპარტიულად, რაც უმძიმესი შეცდომაა. თუ წარსულის მაგალითებს გავიხსენებთ, 2016 წელს, როდესაც „ნაციონალური მოძრაობა“ დამოუკიდებლად გავიდა საპარლამენტო არჩევნებზე, დამარცხდა, რასაც მოჰყვა პარტიის დაშლა. 2018 წელს, იყო პირველი შემთხვევა, როდესაც ოპოზიცია გაერთიანდა, დასახელდა პრეზიდენტობის ერთიანი კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე, რომელმაც რეალურად მოიგო არჩევნები. გაერთიანებულმა ოპოზიციამ დაახლოებით 900 ათასი ხმა აიღო, მაგრამ 100 ათასი ხმა გაგვიუქმეს და ამ მანიპულაციებით გამარჯვება წაგვართვეს. მე დიდი წვლილი მიმიძღვის 2018 წელს ოპოზიციის გაერთიანებაში და კარგად ვიცი, რა როგორ მოხდა. გამარჯვებას მივაღწიეთ მაშინ, როდესაც გაერთიანება შედგა ერთ პლატფორმაზე და არა ერთი რომელიმე პარტიის დომინანტობით. იმ პროცესში გადამწყვეტი როლი შეასრულა ზაზა ოქუაშვილმა, რომელმაც აწია პოლიტიკური ტემპერატურა, ღიად დაუპირისპირდა ხელისუფლებას, გადადგა მკვეთრი და გაბედული ნაბიჯები. დღეს მე ვერ ვხედავ ასეთ მამოძრავებელ ფაქტორს, ვინც პროცესს ისეთ ბიძგს მისცემს, რაც გააკეთა ზაზა ოქუაშვილმა, მაგრამ სამწუხაროდ, პოლიტიკურმა პარტიებმა მისი დამსახურება არ შეიმჩნიეს, რაც შეცდომა იყო.

რა დასკვნა გამოიტანა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ 2018 წელს?! - მათ დაიწყეს განცხადებები, რომ ისინი იყვნენ დომინატები და ეს ხმები მათ მიიღეს. მათ მიიწერეს სხვა ოპოზიციური პატიების დამსახურება ამ გამარჯვებაში და ჩათვალეს, რომ ეს ხმები მათ მიიღეს. 2020 წელს საპარლამენტო არჩევნებში „ნაციონალურმა მოძრაობამ“, რომელმაც სია ერთპიროვნულად დააკომპლექტა დომინანტი პარტიის არგუმენტით, აიღო 500 ათასზე მეტი ხმა, ბევრად უფრო ნაკლები, ვიდრე 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში. ხოლო 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებში, ბევრად უფრო ნაკლები ხმა აიღო, ვიდრე 2020 წელს. როდესაც ამომრჩეველი მიხვდა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ გადავიდა პოლიტიკურ ბუღალტერიაში და გაერთიანებად წოდებული ერთობა იყო ბუტაფორია, მას მხარი არ დაუჭირა.

როცა გაერთიანებაზეა საუბარი, მე მხარს ვუჭერ გიგი უგულავას ინიციატივას, ოღონდ ეს უნდა იყოს რეალური გაერთიანება და არა გაერთიანება ქოლგის ქვეშ. უახლოესი წარსულის პოლიტიკური პარტიების გაერთიანებების გამოცდილებას თუ გადავხედავთ, გაერთიანებას მაშინ ჰქონდა შედეგი, როცა ყველა პარტიას ერთი ხმის უფლება ჰქონდა. ასე იყო 2008 წელს, როდესაც ოპოზიცია გამოვიდა „ნაციონალური მოძრაობის“ წინააღმდეგ, ასე იყო „მრგვალი მაგიდის“ დროს, როდესაც მოხდა ხელისუფლების ცვლილება და 2012 წელს, როდესაც ბიძინა ივანიშვილმა მოახდინა პარტიების გაერთიანება, სადაც ყველა პარტიას ჰქონდა ხმის უფლება.

ცალკე მინდა გამოვყო მიხეილ სააკაშვილის ფაქტორი. ამ პროცესში მას დიდი როლი აკისრია. ის ხმები, რაც აქვს „ნაციონალურ მოძრაობას“ ეკუთვნის მიხეილ სააკაშვილს, მის გარეშე „ნაციონალურმა მოძრაობამ“ შეიძლება 2% აიღოს. 2018 წელს პარტიების გაერთიანების ინიციატორი იყო მიხეილ სააკაშვილი, როგორც კი ის პროცესიდან გაიწია და ეს როლი „ნაციონალურ მოძრაობას“ ჩააბარა 2020 წელს გაერთიანება სრულფასოვნად ვერ შედგა, ეს იყო „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერების ბრალი. დღეს მიხეილ სააკაშვილს უნდა ესმოდეს, რომ ის ვერ დაბრუნდება ხელისუფლებაში „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთად, მაგრამ ის დაბრუნდება ხელისუფლებაში, თუ იქნება დიდ პოლიტიკურ გაერთიანებასთან, სადაც „ნაციონალური მოძრაობას“, როგორც სხვა პარტიებს, ექნება ერთი ხმა. ამ რეალობაში გადამწყვეტი შეიძლება იყოს მიხეილ სააკაშვილის როლი, მაგრამ არა იმ ფორმულით, როგორც ახლა წარმოაჩენენ, პირიქით, „ნაციონალური მოძრაობის“ ქოლგის ქვეშ გაერთიანება არის დამღუპველი და ზიანის მომტანი როგორც მიხეილ სააკაშვილის, ასევე „ნაციონალური მოძრაობის“ და მთელი ოპოზიციისთვის. „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერშიფმა უნდა გააცნობიეროს, რომ ასე დიდხანს ვერ გაგრძელდება და როცა პროცესი შეიცვლება, პირველი ოპოზიციური ძალა გახდება სხვა პარტია. „ნაციონალური მოძრაობა“ ხელისუფლებაში ვეღარ მოვა ერთპარტიულად. უნდა შედგეს რეალური კოალიცია, სადაც ყველა პოლიტიკურ პარტიას ექნება ერთი ხმის უფლება და გადაწყვეტილებების მიღება მოხდება კონსენსუსით. ეს უნდა გაითვალისწინოს როგორც მიხეილ სააკაშვილმა, რომელსაც როგორც ლიდერს შესწევს ამისი უნარი, ასევე „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერშიფმაც, თუმცა „ნაციონალური მოძრაობის“ ახლანდელ ლიდერებში მე ვერ ვხედავ მათ, ვინც ამ ფუნქციას აიღებენ. მათ არ ჰყოფნით პოლიტიკური პასუხისმგებლობა, იყვნენ რეალურად ლიდერები. როდესაც პარტიის ლიდერები ერთს ამბობენ და ქმედებებით სხვა რამეს აკეთებენ, მათთან თანამშრომლობა და ნდობა რთულია.

- ელექტორალური თვალსაზრისით კონსოლიდაციის როგორი ფორმატი მოუტანს შედეგს ოპოზიციას იმ პირობებში, როდესაც ბოლო კვლევებითაც გამოჩნდა, რომ პარტიები კარგავენ ამომრჩეველს?

- ხელისუფლების შეცვლის და პროცესის განვითარების ორი ვერსია არსებობს. ერთი და მთავარი არის დიდი გაერთიანება, სისტემური მიდგომით, პარტიების თანაბარი ხმის უფლებით და ძალაუფლების თანაბარი გადანაწილებით. ოპოზიციას გამარჯვების შანსი აქვს დიდი გაერთიანებით, სადაც პოლიტიკურ ვალდებულებებს ასრულებენ და არ ითხოვენ, რომ ყველა პარტია მათი „თამაშის წესებში“ მოექცეს. ეს ფორმატი აუცილებლად მოიპოვებს ამომრჩევლის მხარდაჭერას და მეორე - 2-3 ახალი პოლიტიკური ცენტრის ჩამოყალიბება და ასე გასვლა არჩევნებში, რაც ჯამში ოპოზიციის მოგებას და კოალიციის შექმნას განაპირობებს. დიდი გაერთიანების შემთხვევაში, ოპოზიციას გამარჯვების 100%- იანი შანსი აქვს, ახალი ცენტრებით არჩევნებში გასვლის შემთხვევაში - გამარჯვების შანსი 50%- ია. დაქსაქსული ოპოზიცია მხოლოდ საკუთარ თავს გამოუტანს განაჩენს და დააზიანებს როგორც პოლიტიკურ პროცესს, ასევე ქვეყანას.

- ამ პირობებში ხელისუფლება ბარიერის დაწევას არ ფიქრობს, ასე ჩანს მმართველი გუნდის ლიდერის განცხადებებიდან.

- ამ ეტაპზე ხელისუფლების დამოკიდებულება მათი გადასახედიდან არის სწორი. ხელისუფლების მიზანია ოპოზიციური სპექტრის განულება და მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობის“ დატოვება. ხელისუფლებას აწყობს შემდგომ არჩევნებში „ნაციონალური მოძრაობის“ პირისპირ დარჩენა, რადგან იცის, რომ ასეთ განლაგებაში აუცილებლად გაიმარჯვებს. „ოცნებას“ ესმის, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ტრადიციას არ უღალატებს, ყველა სხვა პარტიას მასთან გაერთიანებას მოსთხოვს, რასაც შედეგი არ მოაქვს. როცა პარტიის ლიდერების ქმედებები უშედეგოა და მაინც იგივე გრძელდება, ლეგიტიმურად ჩნდება შეკითხვები, თუ რატომ კეთდება ეს და რა დგას პროცესის უკან - „ქართული ოცნება“ თუ პოლიტიკური უმწიფრობა?!

„ქართული ოცნება“ კარგად იცნობს „ნაციონალურ მოძრაობას“, ამიტომაც წამოწია თემა, არ დაწიოს ბარიერი. 5%- იანი ბარიერის პირობებში დარჩება ორი პარტია - „ქართული ოცნება“ და „ნაციონალური მოძრაობა“, გრძელვადიან პროცესში ეს „თამაში“ დააზიანებს ქვეყანას. „ქართულ ოცნებას“ როგორც მმართველ გუნდს აკისრია პასუხისმგებლობის ტვირთი, ამიტომაც მან უნდა იზრუნოს დაწიოს ბარიერი 2%- მდე, რათა ქვეყანაში დასრულდეს პოლარიზება, პოლიტიკური პროცესი გადავიდეს პარლამენტში, შეიქმნას ჯანსაღი გარემო, რაც ქვეყანას წინ წაიყვანს. თუ „ქართული ოცნება“ არ მიიღებს საკონსტიტუციო ცვლილებებს და არ დაწევს ბარიერს, ასე გაგრძელდება დიდხანს - „ქართული ოცნება“ მოუგებს „შეტაკებებს“ „ნაციონალურ მოძრაობას“, მაგრამ დამარცხდება ქვეყანა. იქნება მუდმივი რყევა, პოლიტიკური კრიზისი, არასტაბილური ვითარება, რაც ასეთ რთულ პერიოდში საგარეო საფრთხეების წინაშე მდგომ ქვეყანას ძალიან მშიმე შედეგებს მოუტანს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა