ქართული პრესის მიმოხილვა 14.02.2022

გია ხუხაშვილი - “დიდი ომი ოლიმპიადის დასრულების შემდეგ დაიწყება?!”

რა შემთხვევაში დასრულდება პანდემიის მწვავე ფაზა წელსვე

ვახტანგ ძაბირაძე - “სააკაშვილი ისე იზამს, რომ მისი ამომრჩეველი სხვა პარტიას დაუჭერს მხარს”

შესაძლებელია თუ არა ჯერ კიდევ ომის თავიდან აცილება - რა შეცვალა ბაიდენ-პუტინის გადამწყვეტმა საუბარმა

კახა გოგოლაშვილი - “რუსეთი ქოქავს ომის მანქანებს”

* * *

გია ხუხაშვილი - “დიდი ომი ოლიმპიადის დასრულების შემდეგ დაიწყება?!”

“ვითარება ნამდვილად რთულია და განმუხტვის დიპლომატიური რესურსი თითქმის აღარ ჩანს. სულ უფრო და უფრო ცხადი ხდება, რომ მხარეების წინააღმდეგობა ატარებს არა რაციონალურ, არამედ მსოფლმხედველობრივ ხასიათს. ერთი მხრივ, არის დასავლური მიდგომა - ქვეყნების სუვერენული უფლებების აღიარება და თანასწორუფლებიანობა, მეორე მხრივ კი გასული საუკუნის გადმონაშთი ე.წ. რეალური პოლიტიკა, როდესაც სამყარო იყოფა გავლენის სფეროებად და ძლიერები განსაზღვრავენ სუსტების ბედს. სწორედ ეს არის რუსული მიდგომა. ეს იმდენად შეუთავსებელი დამოკიდებულებებია, რომ შეთანხმება თითქმის შეუძლებელი ჩანს. დათმობისთვის სივრცე ძალიან შეზღუდულია და ვხედავთ, რომ ფსონები ორივე მხრიდან ძალიან მაღლა იწევს. ორიოდე დღის წინ რუსეთმა უარი თქვა დასავლეთის წინადადებების გაცნობაზე, არც ჩაიბარეს... ბუნებრივია, ეს ზრდის რისკებსა და ნეგატიურ მოლოდინს”, - აცხადებს ექსპერტი გია ხუხაშვილი გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “დიდი ომი ოლიმპიადის დასრულების შემდეგ დაიწყება?!”

“მე მგონია, რომ ოლიმპიადის პერიოდში არაფერი მოხდება, რადგან რუსეთისთვის ამ ეტაპზე ჩინეთი მნიშვნელოვანი პარტნიორია, ჩინეთისთვის კი პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ ოლიმპიადამ საზეიმო და პოზიტიურ ვითარებაში ჩაიაროს და ის არ გადაფაროს ნეგატიურმა პროცესებმა. აი, ოლიმპიადის დასრულების შემდეგ კი, თუ მანამდე რაიმე გამოსავალი არ მოიძებნა, ვფიქრობ, სამხედრო დაპირისპირება გარდაუვალი იქნება.არა მგონია, რუსეთს უკრაინის სრული ოკუპაცია სურდეს. რუსები არც ისეთი გიჟები არიან, რომ ამაზე წავიდნენ. მათ, სავარაუდოდ, პრეტენზია ექნებათ დონბასის ე.წ. ადმინისტრაციულ საზღვრებში ინტეგრაციაზე, შესაძლოა შევიდნენ იმ ტერიტორიებზეც, სადაც პრორუსული განწყობები მეტ-ნაკლებად არის. სამხრეთ რეგიონებს ვგულისხმობ: ნიკოლაევს, ხარკოვს, დნეპროპეტროვსკს, ზაპოროჟიეს, ხერსონს, ოდესის ოლქს, ჩემი აზრით, ეს მაქსიმუმია, რაზეც შეიძლება წავიდნენ. არ გამოვრიცხავ, წაიწიონ მაქსიმალურად წინ და შემდგომ, როგორც ახასიათებთ, უკან დაიხიონ როგორც მოხდა საქართველოში - გორსა და ხაშურში იდგნენ და მერე უკან დაიხიეს”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას გია ხუხაშვილი.

“მოგეხსენებათ, რუსეთს მოლდოვაში დნესტრისპირეთთან აქვს სახმელეთო კომუნიკაციის პრობლემა. ეს არის რეგიონი, რომლითაც კრემლი არ აძლევს მოლდოვას ნორმალური განვითარების საშუალებას. ყირიმთანაც არა აქვთ ნორმალური კავშირის საშუალება, თუ ხიდს არ ჩავთვლით. ასე რომ, ლოგიკურია ყველაფერი იმ სცენარით განვითარდეს, რომელზეც უკვე ვილაპარაკე. მაგალითად, სწორედ ხერსონით შეძლებენ ყირიმთან სახმელეთო კავშირს. სამწუხაროდ, ვითარებიდან კომპრომისული გამოსავალი ჯერ არ ჩანს. რუსეთი საკითხს ძალიან ხისტად აყენებს, შესაბამისად, პროცესი ჩიხშია შესული. იმედი ვიქონიოთ, რომ კომპრომისი მოხერხდება. თუმცა ფაქტია, ამისთვის სივრცე სულ უფრო ვიწროვდება. არგუმენტი, რაც ბოლოს კრემლმა წარმოადგინა, არის ყირიმის თემა, რომელსაც რუსეთი საკუთარ შემადგენლობაში განიხილავს, უკრაინა და მთელი ცივილიზებული მსოფლიო კი უკრაინის განუყოფელ ნაწილად მიიჩნევს”, - განაგრძობს რესპონდენტი.

“მოვისმინეთ პუტინის განცხადება, უკრაინა ნატოში რომ შევიდეს და ყირიმზე სამხედრო პრეტენზია განაცხადოს, ნატოს უნდა ვეომოთო? მისი პოზიცია ასეთია - თუ არ გინდათ მსოფლიო ომი, მაშინ მოგვეცით გარანტია, რომ უკრაინა არ შევა ნატოშიო. ამაზე ჯერჯერობით დასავლეთი პირდაპირ არ პასუხობს. რუსეთისა და ცივილიზებული სამყაროს პოზიციები სრულიად აცდენილია, მათი დაახლოება კი სრულიად წარმოუდგენელი ჩანს. შესაბამისად, ვითარება დრამატულია. დასავლეთი ცდილობს ეს ვითარება ისევ კონსერვაციის რეჟიმში გადაიყვანოს, დარჩეს უკრაინა იმ მოცემულობაში, რაშიც არის საქართველო, როდესაც საერთაშორისო სამართლით გვაქვს სხვა ტერიტორია და დე ფაქტო - სხვა, მაგრამ რუსეთი ამაზე უკვე აღარ არის თანახმა... გეთანხმებით, რომ ეს ნამდვილად ვერ იქნება ბლიცკრიგი. გარდა ამისა, ერთია ტერიტორიების დაპყრობა და მეორე - შენარჩუნება. რუსეთს აუცილებლად შეექმნება დიდი პრობლემა. ის უკრაინისგან ნებისმიერ შემთხვევაში დიდ და გრძელვადიან წინააღმდეგობას უნდა ელოდოს. ვითარებას ართულებს ისიც, რომ ამ საკითხისადმი ევროპაში განსხვავებული დამოკიდებულებაა”, - თვლის ექსპერტი.

“ერთი მხრივ, ძალიან პრინციპულია აშშ-ის, დიდი ბრიტანეთისა და აღმოსავლეთ ევროპის ზოგიერთი ქვეყნის პოზიცია, მაგრამ შედარებით უფრო რბილი და ფრთხილია დასავლეთ ევროპის ნაწილი, რომელსაც სხვა პრობლემები აქვს. გარდა იმისა, რომ ისინი ევროპაში ომს ძალიან უფრთხიან, ასევე აქვთ ენერგეტიკული უსაფრთხოების დიდი პრობლემა. მოგეხსენებათ, ბოლო წლებში ევროპა მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული რუსულ ენერგომატარებლებზე. მიუხედავად იმისა, რომ ცდილობენ მიწოდების ალტერნატიული გზების ოპერატიულად გამონახვას, ამ მიზნით მიმდინარეობს მოლაპარაკებები კატართან, აშშ-თან თუ აზერბაიჯანთან (ეს უკანასკნელი განსაკუთრებით საინტერესოა საქართველოსთვის), ეს პრობლემა სწრაფად ვერ მოგვარდება. რუსეთს ეს კარგად ესმის, ამიტომაც აჩქარებს დასავლეთს გადაწყვეტილის მიღებას. კრემლში მიიჩნევენ, რომ საქმე გაზაფხულამდე არ უნდა გადადონ. მოგეხსენებათ, გაზაფხულზე გაზზე მოთხოვნა იკლებს და დასავლეთსაც შეეძლება უფრო მეტი პრინციპულობის გამოჩენა. მოკლედ, ასეთი მძიმე თამაში მიდის, რაც უკვე ენდშპილშია გადასული”, - მიიჩნევს გია ხუხაშვილი.

“დღეს ისეთი ვითარებაა, ჩვენი ქვეყნის ბედი, განვითარების ვექტორი და მომავალი მთლიანად არის დამოკიდებული იმაზე, თუ რა მოხდება უკრაინაში. დიახ, რაც მოხდება უკრაინაში, რაღაც ინტერვალის შემდეგ აუცილებლად განმეორდება საქართველოში. აქედან გამომდინარე, უკრაინაში მიმდინარე პროცესები საქართველოსთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ჩვენი ხელისუფლების დამოკიდებულება, ერთი მხრივ, გასაკვირია, მაგრამ ამასთან, გასაგებიც არის. ჩვენ უნდა ვიკითხოთ, რა ხალხია დღეს ხელისუფლებაში? - ეს არის ჯგუფი, რომელსაც არა აქვს პრინციპული ფასეულობათა სისტემა. მათთვის მთავარი ფასეულობაა ძალაუფლება და ამ პრიზმაში უყურებენ ქვეყნის მოკლე თუ გრძელვადიან განვითარებას. ჩვენი სახელისუფლებო ელიტა ასეთ პოლიტიკას ატარებს - დიდი ქვეყნები ერთმანეთში რაღაცას იყოფენ, ჩვენ მივყვეთ დინებას და სადაც გაგვრიყავს, იქ ვიქნებითო. მიუხედავად იმისა, რომ ვერბალურად მუდმივად გამოხატავენ, რომ ჩვენი არჩევანი ევროატლანტიკური სივრცეა, ჩვენში მმართველობითი სისტემა ისეა ფორმირებული, მათ განცხადებებში შეიძლება ეჭვი შეიტანო, რადგან დღეს ქვეყანაში ეს სისტემა რუსულ მოდელზე უფროა აწყობილი, ვიდრე დასავლურზე”, - განმარტავს რესპონდენტი.

“ახლა რა პოლიტიკური პროცესიც მიდის ქვეყანაში, როდესაც “ქართული ოცნება” ცდილობს გახდეს სამუდამოდ დომინანტური პარტია და ოპოზიციაში სურს მხოლოდ ისეთი პარტიები, რომლებიც დემოკრატიის ფასადს შეუქმნიან, ეს არის წმინდა რუსული მოდელი, სადაც არის ერთი დომინანტი და სამი ე.წ. ოპოზიციური პარტია და ამ მოდელს რუსები უწოდებენ “სუვერენულ დემოკრატიას”, სრულიად ცხადია, რომ “ქართული ოცნების” პოლიტიკა სწორედ ამ მოდელზე დადის. ასე ვერ გამოვა, ტანით ერთ ბანაკში იყო, მენტალობით კი _ სხვაგან, მით უფრო, რომ მსოფლიოში ფრონტის ხაზი გატარებულია. სამწუხაროდ, ჩვენი ხელისუფლება არ არის ის ხელისუფლება, რომელიც იბრძოლებს დასავლური არჩევნისთვის. პრორუსები არ არიან, მაგრამ არც პროდასავლელები არიან. პოლიტიკის მათებური გაგება გაორებულია - სურთ იყვნენ ევროპაში, ლაპარაკობენ ამაზე, მაგრამ ამას უყურებენ მხოლოდ საკუთარი კეთილდღეობის თვალსაზრისით. საქართველოს ხელისუფლება ასე ფიქრობს და ამას ნერგავს ხალხშიც _ დიდი ბიძიები ჩხუბობენ, ჩვენ პატარები ვართ და ვინმეს თვალში ცუდად რომ არ მოვხვდეთ, ჩუმად ვიყოთო. სხვათა შორის, ამ პროპაგანდით შედეგსაც იღებენ, იმიტომ, რომ ეს განწყობა საზოგადოების საკმაოდ დიდ ნაწილში დანერგეს”, - დაასკვნის ექსპერტი.

“ისინი ქმნიან ერთგვარ ილუზიას, რომ დათვს თუ მოეფერები, ის შენს ლოიალურობას დააფასებს და არ შეგჭამს, სინამდვილეში კი, როდესაც დათვს ეფერები, ამას სისუსტეში გითვლის და უფრო გემრიელად შეგახრამუნებს. მოკლედ, ჩვენი ხელისუფლება კაპიტულანტურად არა მარტო თვითონ არის განწყობილი, არამედ ამგვარ განწყობებს ხალხშიც ნერგავს, რაც ყველაზე სახიფათოა. მათი ლაპარაკის ქვეტექსტი ასეთია - მთავარი ჩვენი ქვეყნის კეთილდღეობაა და თუ ამას დასჭირდება ვიყვიროთ “გაუმარჯოს ნატოს!”, ვიყვირებთ, თუ დასჭირდება იმის ძახილი, “გაუმარჯოს წითელ არმიას!”, ამასაც დავიძახებთო. ასეთ ტრაგიკულ მდგომარეობაში ვართ... დასავლეთში კითხვის ნიშნები ჩნდება ჩვენი ხელისუფლების პოზიციებზე. ჩვენი ხელისუფლების მიზანია როგორმე გააჯანჯლოს პროცესები მანამდე, სანამ ვითარება გაირკვევა. მათ ხომ სურთ გამარჯვებულის მხარეს იყვნენ? იქით დადიან, დასავლეთს ერთგულებას ეფიცებიან, აქეთ რუსეთს თვალს უპაჭუნებენ. ეს უპრინციპო, ვირეშმაკური თამაშები დღევანდელ სამყაროში, როდესაც ფრონტის ხაზი უკვე გავლებულია, ერთ მშვენიერ დღეს ძალიან ძვირი დაგვიჯდება”, - ამტკიცებს გია ხუხაშვილი.

“ხელისუფლებამ პოლიტიკური პროცესი მოსპო, მაგრამ ამაში დიდი წვლილი შეიტანა მიხეილ სააკაშვილმაც. მისი ჩამოსვლის დღიდან მოყოლებული, ფაქტობრივად, გაიყინა პოლიტიკური პროცესი და მთავარი გახდა მასთან დაკავშირებული ვითარება... ყველაზე პერსპექტიული პროექტი, ჩემი აზრით, იყო სწორედ მელიას მიერ წარმოდგენილი თბილისის კოალიციური მთავრობა, რომელშიც საერთოდ არ შეიმჩნეოდა “ნაციონალური მოძრაობის” დომინირება. ეს იყო სწორი და პერსპექტიული გზა. ამით ეცლებოდა “ქართულ ოცნებას” საფუძველი იმის ძახილისთვის, მხოლოდ ჩემსა და “ნაციონალურ მოძრაობას” შორის გაქვთ არჩევანიო. მიხეილ სააკაშვილის კონცეფცია კი გულისხმობდა და გულისხმობს სხვა პარტიებთან თანამშრომლობას, მაგრამ იმ დათქმით, რომ “ნაცმოძრაობა” იყოს დომინანტური და თანაც ბელადზე ორიენტირებული. ამ კონცეფციით, რომელიც აქამდეც არაერთხელ გვინახავს, სააკაშვილმა წარსულში დაგვაბრუნა, რითაც ხელისუფლებამ კარგად ისარგებლა და დღესაც სარგებლობს. ყველა ის თემა, რომლებიც შეიძლებოდა გამხდარიყო ოპოზიციური ელექტორატის კონსოლიდაციის საფუძველი, ტოტალური მოსმენები, შარლ მიშელის შეთანხმების დარღვევა და ა.შ., დღის წესრიგიდან გაქრა და დარჩა ერთადერთი თემა - მიხეილ სააკაშვილი”, - დასძენს რესპონდდენტი და შეკითხვაზე -“ვთქვათ, შეიქმნა კომისია, ამის შედეგად რას ელოდებიან?” - პასუხობს:

“არც არაფერს, ორკვირიანი ლაი-ლაი იქნება, რაც ისევ მნიშვნელოვანი თემებიდან საზოგადოების ყურადღების გადატანას მოემსახურება. რა თამაშსაც “ნაციონალური მოძრაობის” ე.წ. მიშას ფრთა თამაშობს, არის ხელისუფლების თამაში. არ ვამბობ, რომ შეგნებულად აკეთებენ ამას და გარიგებული არიან, მაგრამ ბუნებრივად გამოსდით ასე. არ ვიცი, ნიკა მელია წავა თუ არა “ნაციონალური მოძრაობიდან”, შეიძლება წავიდეს კიდეც. ფაქტია, იქ სერიოზული აზრთა სხვადასხვაობაა, შეიძლება პარტია გაიყოს კიდეც, მაგრამ ნურც იმას გამოვრიცხავთ, რომ შეიძლება შეთანხმდნენ. იმედია, ესმით, რომ დღეს გაყოფა პარტიის ყველა მხარეს დააზიანებს”...

რა შემთხვევაში დასრულდება პანდემიის მწვავე ფაზა წელსვე

“ჯანმოს ინფორმაციით, თუ მიმდინარე წლის შუა ზაფხულამდე მსოფლიო მოსახლეობის 70% აიცრა, მაშინ, შესაძლოა, პანდემიის მწვავე ფაზა წელსვე დასრულდეს. როგორც სპეციალისტები აცხადებენ, ამის პერსპექტივა არის, თუმცა, მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ახალი საშიში შტამი არ წამოვა, აცრა კი დროულად მოხდება. “ჩვენი მოლოდინი არის, რომ ამ პანდემიის მწვავე ფაზა დასრულდება წელს, რა თქმა უნდა, ერთი პირობით, თუ წლის შუა პერიოდში, ივნის-ივლისში, ვაქცინაციის დონე 70 პროცენტს მიაღწევს. თუ ეს მოხდება, მწვავე ფაზა ნამდვილად შეიძლება დასრულდეს და სწორედ ამას ველოდებით. ეს ჩვენს ხელშია. ეს არ არის შემთხვევითობის საკითხი, ეს არჩევანის საკითხია”, - აღნიშნა ჯანმო-ს ხელმძღვანელმა ტედროს ადანომ გებრეისუსმა. საქართველოში არსებულ ვითარებას რაც შეეხება, დადებითობის მაჩვენებელი ნელ-ნელა მცირდება, ინფიცირების დღიური მაჩვენებელიც რამდენიმე დღეა თითქმის ერთ დონეზეა და მკვეთრი მატება არ ყოფილა. რაც შეეხება “ომიკრონის” რეინფიცირების შემთხვევებს, ლაბორატორიულად ჯერ საქართველოში დადასტურებული არაა, თუმცა, ინფექციონისტები იმედოვნებენ, რომ მსუბუქი მიმდინარეობის იქნება”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით რა შემთხვევაში დასრულდება პანდემიის მწვავე ფაზა წელსვე.

“საქართველოში დადებითობის დღიური მაჩვენებელი ბოლო 14 დღის მანძილზე არის - 31.06% ხოლო 7 დღის მანძილზე - 33.18%. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 15 516 პირი ემსხვერპლა. საკითხზე, რამდენად შეიძლება, რომ “ომიკრონგადატანილს” ისევ “ომიკრონი” შეეყაროს და ასეთი ტიპის რეინფიცირება საქართველოში თუ არის დაფიქსირებული, დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის მოადგილემ პაატა იმნაძემ განმარტება გააკეთა. “აქ ჯერ არა, მსოფლიოში კი აღწერილია ომიკრონის ერთი ვარიანტის მერე მეორე ვარიანტით ინფიცირება”, - თქვა მან. მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი და ჯანდაცვის ექსპერტი ირაკლი ხმალაძე “რეზონანსთან” საუბარში აღნიშნავს, რომ ის რომ პანდემიის მწვავე ფაზა წელსვე დასრულდეს, დამოკიდებულია იმაზე, წამოვა თუ არა ახალი უფრო სახიფათო შტამი. მისი შეფასებით, “ომიკრონგადტანილის” ისევ “ომიკრონით” ინფიცირების შემთხვევა პრაქტიკაში ჯერ არ ჰქონია, თუმცა, ვირუსის ბუნებიდან გამომდინარე იმედოვნებს, რომ მსუბუქი იქნება”, - აღნიშნავს გამოცემა.

“ვირუსმა იმდენად განსხვავებული მიმართულებები გვაჩვენა, შესაძლოა ეს ვარიანტი აღარ იყოს და მერე ახალი წამოვიდეს. მთავარია, რომ აცრა დროულად მოხდეს და ვირუსს განვითარების, ანუ მუტაციის შესაძლებლობა აღარ მიეცეს. მე ასეთი შემთხვევა პრაქტიკაში ჯერ არ მქონია, ჯერ ასე აქტიურად არაა. ძირითადად “დელტა” და კლასიკური შტამით ადრე გადატანილი ხალხის რეინფიცირებაა. ასეთი შემთხვევები ძალიან ხშირია და ერთი და ორი არაა. უმეტესწილად თითქოს უსიმპტომოდ, ან ნაკლებად გამოხატული სიმპტომატიკით მიმდინარეობს. თუ ომიკრონგადატანილი ისევ “ომიკრონით” დაინფიცირდება, ალბათ უნდა ვიფიქროთ, რომ შედარებით მაინც მსუბუქი იქნება. თვითონ შტამიც ჯერჯერობით მსუბუქად მიმდინარე დაავადების გამომწვევი აღმოჩნდა და თუ დაავადებულთა რაოდენობამ ძალიან მოიმატა და ისევ კიდევ რაღაცა მუტაცია თუ არ მოხდა და ასე გაგრძელდა, ეს ძალიან კარგი იქნება. თუმცაღა, სამწუხაროდ გარდაცვლილები მაინც გვყავს”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ირაკლი ხმალაძე.

“გარდაცვლითა რიცხვი მოიმატებს თუ მოიკლებს, ამის პროგნოზირება ძალიან ძნელია. თუ გინდა ამას არა “ომიკრონი”, არამედ ჩვეულებრივი ვირუსული ინფექცია დავარქვათ, საქართველოსთვის ყოველდღე ამდენი ადამიანის დაკარგვა ძალიან ბევრია, თუმცა ჩვეულებრივი გრიპით აშშ-ში ყოველ წელს 500 ათას ადამიანამდე კვდება. საქმე იმაშია, რომ ინფიცირებულთა რაოდენობამ მოიმატა და ამის ფონზე ლეტალობის ამხელა რიცხვი გასაკვირი არაა. ნუ გვავიწყდება, რომ 1000-1500 შემთხვევა იყო და გარდაცვლილთა რიცხვი მაშინ უფრო მაღალი იყო, როცა დელტა შტამი ცირკულირებდა... ყოველთვის ცუდზე უნდა ვიფიქროთ, რომ კარგი მივიღოთ. ვამბობდით, რომ ეს ტალღა რომ გადაივლის, მომდევნო აღარ იქნებოდა, ვერც წარმოვიდგენდით, რომ მუტაცია იქნებოდა და ასე სწრაფად შეცვლიდა. იმის ლაპარაკი, რომ არაფერი შეიცვლება და ყველაფერი კიარგად იქნება, ეს ძალიან კარგია, მაგრამ ცუდი სცენარისთვის ყოველთვის მზად უნდა ვიყოთ”, - მიიჩნევს ხმალაძე.

“თუმცა, ერთადერთი დადებითი ფაქტია, თუ ამას კარგი შეიძლება დაერქვას, ისაა, რომ ვირულენტურობა შემცირდა და გადამდებლობა გაიზარდა, სჯობს ადამიანმა ვირუსი გადაიტანოს, ვიდრე დაიღუპოს”, - დაასკვნის ხმალაძე. “ანტივაქსერების აცრა სახელად - ომიკრონი. სამწუხაროდ ისეთივე უსაფრთხო არაა, როგორც ნამდვილი ვაქცინა. ვისაც ამ სხვაობის დანახვა შეუძლია, მალე აიცერით!!!” - წერს ალერგიოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი ფეისბუქზე. “ომიკრონის” სწრაფი გავრცელების გამო, საქართველოს მასშტაბით საჯარო და კერძო სკოლებში სასწავლო პროცესი კვლავ შერეულ ფორმატში გრძელდება, ბოლო შვიდი დღის მონაცემებით, კორონავირუსი მასწავლებელთა 6,5%-ს და მოსწავლეების 2,5%-ს დაუდასტურდა. ეპიდემიოლოგების რეკომენდაციის გათვალისწინებით, ამ ეტაპზე ქვეყნის მასშტაბით, 2085 საჯარო და 217 კერძო სკოლიდან სრულად დისტანციურ სწავლებაზე 732 სკოლა იმყოფება. რაც შეეხება პედაგოგებს, სწავლების დისტანციურ ფორმატში წარმართვის სურვილი რისკის ჯგუფის 135-მა მასწავლებელმა გამოთქვა”, - განაგრძობს გამოცემა.

“გრძელდება მასწავლებელთა და ადმინისტრაციის წარმომადგენელთა სავალდებულო ტესტირება. ორჯერადად აცრილი მასწავლებლები კორონავირუსზე ორ კვირაში ერთხელ „პისიარ” ტესტით მოწმდებიან, ერთჯერადად აცრილი ან აუცრელი მასწავლებლები კი - კვირაში ერთხელ სწრაფი ანტიგენ-ტესტით. როგორც ცნობილია, 400-ზე მეტ საჯარო და კერძო სკოლაში თანამშრომლებისთვის კოვიდტესტირებას სპეციალურად გადამზადებული სკოლის ექიმები ატარებენ. იმ სკოლებში კი, სადაც ექიმები ჯერ არ გადამზადებულან, ტესტირების პროცესი კვლავ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით გრძელდება. მასწავლებელთა და მოსწავლეთათვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველსაყოფად, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარმომადგენლების მხრიდან გრძელდება სკოლების მონიტორინგი”,- აღნიშნულია განათლების სამინისტროს განცხადებაში. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მთავარი მეცნიერი, სუმია სვამინატანი კი პესიმისტურ პროგნოზს აკეთებს და აცხადებს, რომ მსოფლიომ პანდემიის დასასრულს ჯერ კიდევ არ მიაღწია, რადგან კორონავირუსის უფრო მეტი ახალი ვარიანტი გაჩნდება”, - დასძენს გამოცემა.

ვახტანგ ძაბირაძე - “სააკაშვილი ისე იზამს, რომ მისი ამომრჩეველი სხვა პარტიას დაუჭერს მხარს”

“მმართველ გუნდს უამრავი მექანიზმი აქვს იმისთვის, რომ თავისი ხელისუფლება განამტკიცოს, შექმნას არა მარტო სიტუაცია, არამედ პროცესებიც სურვილისამებრ მართოს. ოპოზიციის ერთადერთი შესაძლებლობა კი ამომრჩეველთან მუშაობა და მისთვის პოზიტიური სახის ჩვენებაა. როდესაც ამის ნაცვლად ხელოვნურად იწყებ რეალობის შექმნას, მერე თავადვე მისი მძევალი ხდები. ასე დაემართა დღეს ოპოზიციას და ამიტომ არის დიფერენცირებული და ჩამოუყალიბებელი. ჰაერში დარჩენილმა ოპოზიციამ ახლა გადაჯგუფება დაიწყო. ეს ყველაზე მეტად ეტყობა “ნაციონალურ მოძრაობას”, სადაც დღემდე მიმდინარეობს დისკუსია იმის შესახებ, თუ რა უნდა იყოს პრიორიტეტი: ქუჩიდანაც უნდა იბრძოლონ თუ არა, უნდა შესულიყვნენ პარლამენტში თუ არა, უნდა მოეწერათ ხელი მიშელის დოკუმენტისთვის თუ არა და ა.შ.” - აცხადებს პოლიტოლოგ ვახტანგ ძაბირაძე გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “სააკაშვილი ისე იზამს, რომ მისი ამომრჩეველი სხვა პარტიას დაუჭერს მხარს”.

“ახლა ოპოზიციისთვის ერთადერთი გამოსავალი რეალობის ობიექტურად გაანალიზებაა. მანამდე კი “ოცნება” მომგებიან სიტუაციაში იქნება. რა სჭირს ჩვენს ოპოზიციას, ხომ ხედავენ, საპარლამენტო არჩევნების შემდგომ მათი რეიტინგი დაბლა იწევს. ამას სააკაშვილის ფაქტორიც ემატება, რომელიც ციხიდან პოლიტიკურ პროცესში ჩართვას ცდილობს, თუმცა არცთუ შედეგიანად. ასეთ ვითარებაში ხელისუფლება რატომ წავა დათმობაზე ოპოზიციასთან?! მშვენივრად ხვდება, რომ ქუჩის პროტესტი თუ აქამდე ვერ აგორდა, არც უახლოეს მომავალში აგორდება. თუ მაინც გამოვიდა ხალხი ქუჩაში სოციალური, ეკონომიკური მოტივით ან სხვა მიზეზით, მოსახლეობა წინამძღოლად ამ ოპოზიციას არ დაიყენებს. საპარლამენტო არჩევნების შემდეგ წვრილ პარტიებს სულ ვაფრთხილებდით, რომ ამომრჩეველს დაკარგავდნენ. ახლა მათაც უნდა იფიქრონ, საზოგადოების რა სეგმენტზე აპირებენ მუშაობას”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ ძაბირაძე.

“და კიდევ, ძალიან საინტერესო რამ თქვეს ხელისუფლების ლიდერებმა. ირაკლი კობახიძემ არ გამორიცხა, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებზე გადაწყვეტილების მიღებამ მინიმუმ 2023 წლამდე გადაიწიოს. თქვა, რომ “ქართულ ოცნებას” საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ გადაწყვეტილების მიღება არ ეჩქარება და ყველა ვარიანტს იმის მიხედვით განიხილავენ, თუ რა ვითარება იქნება 2024 წლის წინა პერიოდში. პროცესი ხელში უჭირავთ - თუ ნახავენ, რომ 5%-იანი ბარიერის შემთხვევაში 50%+1 მანდატს ვერ მიიღებენ, მაშინ დათმობაზე წავლენ. ასე მათთვის პარლამენტში წვრილი პარტიების ყოფნა მისაღები გახდება, მათთან კოალიციაში უმრავლესობას შექმნიან. თუ ნახავენ, რომ 50%+1-ს 5%-იანი ბარიერის შემთხვევაშიც მიიღებენ, მაშინ 5%-იან ბარიერს დატოვებენ. ეს ოპოზიციამ უნდა გათვალოს, ყველანაირი ვერსია უნდა განიხილოს. ესენი კი ისევ ერთ ქოლგაზე საუბრობენ”, - განაგრძობს რესპონდენტი და შეკითხვაზე - “ნაციონალების” და უგულავას გარდა, ერთ ქოლგაზე სხვა არც არავინ ლაპარაკობს. ბადრი ჯაფარიძემ ამას სისულელეც კი უწოდა” - პასუხობს:

“გავიგე, რომ სწორად შეაფასეს “ლელოს” ლიდერებმა და სხვებმაც ვითარება, ახლა ის არის საკითხავი, რამდენად სწორ სვლას გააკეთებენ. მესმის მათი, როდესაც ამბობენ, დასავლეთთან ვიმუშავებთ და მის მხარდაჭერას მოვიპოვებთო, მაგრამ აუცილებლად უნდა გაითვალისწინონ მსოფლიოში დღევანდელი ვითარება. რუსეთ-უკრაინის ომი რომც არ დაიწყოს, დასავლეთს ახლა ისეთი თავსატეხი აქვს, რომ ჩვენს ოპოზიციონერ ლიდერებს მხოლოდ მის იმედად ყოფნა არ არგებს. უპირველესად კი ამომრჩევლის ნდობა უნდა აღიდგინონ. ისეთი მიმართულებით უნდა დაიწყონ მუშაობა, რომ თუ ხელისუფლება დათმობაზე არ წავა, 5%-იანი ბარიერის გადალახვა მოახერხონ. ამის შემდეგ სწორად უნდა გაჰყვნენ პოლიტიკურ პროცესებს. სხვათა შორის, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ 2024 წლის არჩევნები სრულად პროპორციული იქნება. ყველაზე მთავარია, წაგებულ თამაშში არ ჩაებან”.

“ნაციონალურ მოძრაობას” ჰყავს ისეთი მხარდამჭერები, რომლებსაც შეუძლიათ ყველა ანათემას გადასცენ, ვინც სააკაშვილს ერთ ღერ თმასაც კი გაუჭაღარავებს. თუმცა ჰყავს ისეთი მხარდამჭერებიც, რომლებიც სიტუაციას ადეკვატურად აფასებენ. როგორმე უნდა შეთანხმდნენ, რომ შიდა დაპირისპირება დასრულდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ამომრჩეველს დაკარგავენ. იმაშიც დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, რაც უფრო აქტიური იქნება სააკაშვილი, მით მეტად დაკარგავს “ნაციონალური მოძრაობა” პოლიტიკურ რეიტინგს. თავად სააკაშვილსაც სჭირდება ჩამოყალიბება. უკრაინას სააკაშვილისთვის ახლა არ სცხელა, არც დასავლეთს. ამიტომ მისი ზედმეტი აქტიურობა სხვაგვარ განცდას ტოვებს. რამდენჯერ უნდა გაუცრუოს იმედი თავის ელექტორატს?! ერთხელაც ისე იზამს, რომ ეს ელექტორატი ან საერთოდ აღარ მივა არჩევნებზე, ან სხვა პარტიას დაუჭერს მხარს. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, იმას მაინც მიაქციონ ყურადღება, რამდენი ხალხი მივიდა საქალაქო სასამართლოსთან, როდესაც სააკაშვილმა პირველად ისარგებლა სიტყვით გამოსვლის უფლებით, და რამდენი კაცი მივიდა ამ რამდენიმე დღის წინ? მესამედ რომ გამოვა, შეიძლება ორი კაციც აღარ მივიდეს. ამას ხვდება ხელისუფლება და შესაბამის დასკვნებსაც აკეთებს და ესენი რატომ ვერაფერს ხვდებიან?” - ამბობს პოლიტოლოგი.

“თუ ხელისუფლებას დასჭირდება სააკაშვილის თემის ტრიალი, მაშინ მმართველი გუნდი სააკაშვილის საქმის შემსწავლელი საგამოძიებო კომისიის შექმნას ხმას მისცემს. ამ საქმეში კიდევ ერთი საინტერესო დეტალია: ტერმინებს “არაადამიანური მოპყრობა” და “შიმშილობა” ქართველი ხალხი და დასავლეთი სხვადასხვაგვარად აღიქვამენ. ქართველ კაცს რომ ეტყვი, ყოფილმა პრეზიდენტმა 50 დღე იშიმშილა, მაგრამ იღებდა ისეთ საკვებ დანამატებს, რომელთა მიღება შიმშილობის დროს დაშვებულია საერთაშორისო სტანდარტებითო, ის არ დაგიჯერებს. სტრასბურგში კი ეს იმუშავებს. ესეც ვთქვათ - მართლაც ცუდი სანახავი იყო ექსპრეზიდენტის გლდანის ციხეში ძალის გამოყენებით შეყვანის ჩანაწერი, მაგრამ თუ პატიმარი არ ემორჩილება ბადრაგის მოთხოვნას, რა ქნას ბადრაგმა? ეს ნიუანსებია, მაგრამ ნიუანსები ქმნის დიდ სურათს. ასე რომ, კომისია რომც შეიქმნას და სააკაშვილის ციხეში გადაყვანის ფირიც გამოქვეყნდეს, ისეთ ეფექტს ვერ გამოიწვევს, რომ ხალხი ქუჩაში გამოვარდეს და სააკაშვილის გათავისუფლება მოითხოვოს. მე არც ის გამკვირვებია, რომ "ოცნების" მაღალჩინოსნების სასახლეების სურათების ფრიალს ეფექტი არ მოჰყვა. იმიტომ, რომ მეორე დღესვე გამოქვეყნდა სააკაშვილის დედის, ქალბატონი გიული ალასანიას ქონების სია. როგორც ვნახეთ, ტექნიკური უნივერსიტეტის ნახევარი მისი ყოფილა. ამას გარდა, უგულავა იმას რომ გეტყვის, 50 მილიონი სახლში არ წამიღია, მაგრამ არაკანონიერად დავხარჯეო, ხომ სასაცილოა?!” - დასძენს ვახტანგ ძაბირაძე.

შესაძლებელია თუ არა ჯერ კიდევ ომის თავიდან აცილება - რა შეცვალა ბაიდენ-პუტინის გადამწყვეტმა საუბარმა

"უკრაინაში ვითარება ნებისმიერ წამს შეიძლება აფეთქდეს - მდგომარეობის გარდატეხა, ვერც აშშ-რუსეთის პრეზიდენტების სატელეფონო საუბარმა მოახდინა, ანალიტიკოსების აზრით, დასავლეთმა კრემლს კონფლიქტის დიპლომატიური მოგვარების შესაძლებლობა დაუტოვა, თუმცა, თუ რუსეთმა ომი დაიწყო, მას არა მხოლოდ ეკონომიკური და პოლიტიკური სანქციები, არამედ მისი საერთაშორისო რეპუტაციის შელახვა ელოდება, რაც კრემლის მიზნებში არ შედის. ამ ფონზე არიან ქვეყნები, რომლებიც პუტინისგან კონფლიქტიოს წამოწყებას საერთოდაც არ ელოდებიან. საფრანგეთის პრეზიდენტის ადმინისტრაცია ახადებს, რომ პუტინის ნათქვამში მინიშნება ვერ დაინახეს, რომ უკრაინაზე თავდასხმას აპირებს, მიუხედავად ამისა, ქვეყანა “უკიდურეს სიფხიზლეს ინარჩუნებს...” - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით შესაძლებელია თუ არა ჯერ კიდევ ომის თავიდან აცილება - რა შეცვალა ბაიდენ-პუტინის გადამწყვეტმა საუბარმა.

“პუტინსა და მაკრონს შორის გამართული სატელეფონო საუბრის შესახებ ინფორმაცია კრემლის პრესსამსახურმაც გაავრცელა. მათი თქმით, პუტინმა მაკრონთან საუბრისას ხაზი გაუსვა, რომ აშშ-სა და ნატო-ს რუსეთის ცნობილ შეთავაზებებზე არსებითი პასუხი არ გაუციათ. თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ კი განაცხადა, რომ ანკარამ რუსეთისა და ბელარუსის წყაროებიდან მიიღო ინფორმაცია, რომ უკრაინაში შეჭრა არ იგეგმება. რუსეთის თავდასხმის მოლოდინში მსოფლიოს ქვეყნებმა უკრაინისგან საკუთარი მოქალაქეების მათ შორის საელჩოების თანამშრომლების ევაკუაცია დაიწყეს. საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჯოზეფ ბორელმა განაცხადა, რომ ევროკავშირის დიპლომატიური მისიები არ იხურება, ისინი კიევში რჩებიან და აგრძელებენ მუშაობას ევროკავშირის მოქალაქეების მხარდასაჭერად, უკრაინის ხელისუფლებასთან კოორდინაციაში”, - აღნიშნავს გამოცემა.

თავად უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი კი აცხადებს, რომ რუსეთის შეჭრის შესახებ უამრავი განსხვავებული ინფორმაცია ჯერჯერობით მხოლოდ პანიკას იწვევს, უკრაინაში პანიკა კი ქვეყნის მტრის საუკეთესო მეგობარია. “ჩვენს ქვეყანაში პანიკა ჩვენი მტრის საუკეთესო მეგობარია. ჩვენ ვმუშაობთ დიპლომატიურ დონეზე, ყოველდღიურად ვუკავშირდებით სხვადასხვა სახელმწიფოს ხელმძღვანელობას, სხვადასხვა ლიდერს, რადგან მიგვაჩნია, რომ დიპლომატიური გზა დეესკალაციისა და დეოკუპაციის ერთადერთი გზაა”, - აღნიშნა ზელენსკიმ. რაც შეეხება აშშ-სა და რუსეთის პრეზიდენტების სატელეფონო საუბრის შედეგებს, თეთრი სახლის ინფორმაციით, ბაიდენი პუტინს რუსეთის მიერ უკრაინის საზღვრებზე სამხედრო ძალების მობილიზების შესახებ ესაუბრა, ბაიდენმა კი საუბრისას ხაზი გაუსვა იმას, რომ თუ რუსეთი უკრაინაში შეიჭრება, აშშ მოკავშირეებსა და პარტნიორებთან ერთად გადაჭრით უპასუხებს და რუსეთს სწრაფ და მძიმე საფასურს დააკისრებს”, - განაგრძობს გამოცემა.

“რაც შეეხება საუბრის რუსულ ვერსიას, ვლადიმერ პუტინის თანაშემწის იური უშაკოვის თქმით, ბაიდენმა ვლადიმერ პუტინთან საუბარში ანტირუსული სანქციები ახსენა, “აქცენტი ამ საკითხზე არ გაკეთებულა”, თუმცა საუბარი “უპრეცედენტო ისტერიის გარემოში” შედგა. “განიხილეს უკრაინის თანამედროვე იარაღით მომარაგების საკითხი, რასაც დასავლეთის ქვეყნები მიზანმიმართულად აკეთებენ, რითაც ხელს უწყობენ უკრაინის უსაფრთხოების ძალების მხრიდან შესაძლო პროვოკაციებს, როგორც დონბასთან, ასევე ყირიმთან მიმართებაში”, - აგანაცხადა უშაკოვმა რუსულ მედიასთან. როგორც სამხედრო ექსპერტი ვახტანგ მაისაია “რეზონანსთან” აღნიშნავს, რუსეთი “მუსკულებს ათამაშებს” და ახლა ვითარება ისეა გართულებული, როცა შესაძლოა სიტუაცია ნებისმიერი სცენარით განვითარდეს”, - დასძენს გამოცემა.

“ახლა ისეთი ვითარებაა, შესაძლოა სიტუაცია ნებისმიერი სცენარით განვითარდეს. რუსეთი როგორც ყოველთვის მუსკულებს ათამაშებს. სიტუაცია კიდევ უფრო გაართულა, აზოვისა და შავი ზღვის აკვატორიები ჩაკეტა. წვრთნები არა ფუჭი, არამედ საბრძოლო შეიარაღების ელემენტების გამოყენებით დაიწყო. საკმაოდ სერიოზული სამხედრო საზღვაო დაჯგუფება შექმნა, დაახლოებით 40 საბრძოლო გემია კონცენტრირებული. როგორც ჩანს რუსეთი არასაფრენი ზონის საბრძოლო ეშელონიზირებულ სისტემას ქმნის, ბელარუსში კი შეიარაღებული ძალების კონცენტრაცია უფრო მეტად ხდება. უკრაინის საზღვართან უკვე ჩეჩნური შენაერთები გადაისროლეს. პლუს საველე ჰოსპიტლები განათავსეს, ეს კი ცუდი ინდიკაციაა. ჩვენ საკუთარ გამოცდილებაზე გვახსოვს, რომ როგორც კი ეს ბატალიონები ცხინვალის რეგიონში გამოჩნდნენ, რუსეთმა საბრძოლო მოქმედებები დაიწყო”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ მაისაია.

“რუსეთმა სერიოზული სამხედრო საზღვაო დაჯგუფება შექმნა, ასევე მობილიზებულია 2 ათასი საზღვაო ქვეითი მებრძოლი, ეს ყველაფერი საკმაოდ სერიოზული შეშფოთების საგანს ქმნის. 40 ხომალდისგან შემდგარი სამხედრო საზღვაო დაჯგუფება შექმნილია, ამიტომ რუსეთს დამატებითი ძალების გადასროლა აღარ დასჭირდებათ, რადგან კასპიის ფლოტილიიდანაც შეიძლება, რომ უკრაინის ქალაქებს მიწვდნენ. კასპიის ფლოტილიის დაახლოებით 5 ხომალდი “კალიბრების” ფრთოსანი რაკეტებითაა აღჭურვილი, რომელთა რადიუსი 2500 კმ-ია, რომლებიც ზუსტად უკრაინის ტერიტორიას ფარავენ, ისევე როგორც ჩვენსასაც. სამხედრო ოპერატიული და გეოსტრატეგიული ვითარებით თუ შევაფასებთ, სიტუაცია 50/50-ზეა. რაც შეეხება უკრაინის მობილიზაციას, რეზერვები გააჩნიათ, მაგრამ, ეს რეზერვები რამდენადაა მობილიზებული, ეს სხვა საკითხია. შეირაღება კი იმდენი ჩავიდა, რაც აქამდე არ ყოფილა. დასავლეთიც უკრაინის საკითხზე ორ ნაწილად გაიყო, არის ნაწილი, რომელიც პასიურობს - არის, რომელიც აქტიურობს”, - განაგრძობს მაისაია.

“ამერიკას აქვს ის ბერკეტი, რომ სვიფტიდან გათიშოს, რუსი ოლიგარქების ქონება დააყადაღოს და პოლიტიკური ზეწოლა განახორციელოს, ასევე, შესაძლოა “ჩრდილოეთ ნაკადი 2” გააჩეროს, თუმცა, ისეთი პირი უჩანს, ეჭვი მეპარება, რომ ევროპულმა დასავლეთმა ნაკადის შეჩერებას მხარი დაუჭიროს”, - თვლის მაისაია. რაც შეეხება საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის დირექტორის კორნელი კაკაჩიას მოსაზრებას, პრეზიდენტებს შორის აღნიშნული სატელეფონო საუბარი დასავლეთის მხრიდან ეს იყო კონფლიქტის დიპლომატიური მოგვარების შესაძლებლობის მიცემა რუსეთისთვის”, - წერს სტატიის ავტორი.

“თუ ბაიდენ-პუტინის საუბრის ძირითად ანოტაციებს დავუკვირდებით და გავაანალიზებთ, ახალი არაფერი იკვეთება და არ ჩანს, რომ ამან მოსკოვის პოლიტიკაზე უკრაინის მიმართ რაღაც დიდი გავლენა მოახდინა, თუმცა დასავლეთისა და აშშ-ის მხრივ ეს იყო პრევენციული ღონისძიება, რომ კონფლიქტის დიპლომატიური მოგვარების შესაძლებლობა კიდევ ერთხელ გამოიყენონ და რაც მთავარია, რუსეთს კიდევ ერთხელ მისცენ შანსი, რომ ის რისკები და რეპუტაციული ზიანი გაიაზრონ, რომელიც ამ ომის დაწყებაში შეიძლება მიადგეს. თუ რუსეთმა ომი დაიწყო, მას არა მხოლოდ ეკონომიკური და პოლიტიკური სანქციები ელოდება, არამედ მისი საერთაშორისო რეპუტაცია ძალიან შეილახება, რადგან აგრესორი სახელმწიფოს იმიჯი დარჩება. ეს კი რუსეთის მიზნებში არ შედის, რადგან მას პირიქით, მინიმუმ პოსტსაბჭოთა სივრცესა და აღმოსავლეთ ევროპაში გავლენა სჭირდება, რადგან ევრაზიული პროექტისთვის თავისი იმიჯის განმტკიცება სურს”, - მიიჩნევს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას კორნელი კაკაჩია.

“ასევე, ამ საუბრის მთავარი ლეიტმოტივი ის იყო, რომ რუსეთი რაღაცნაირად გააფრთხილონ თუ მის ამ საქციელს საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან რა შეიძლება მოჰყვეს და კონკრეტულად იყო იმ ღონისძიებებზე და ნაბიჯებზე საუბარი, რომელსაც აშშ გადადგამს. ზოგიერთი გადადგა კიდეც, მათ შორის აღმოსავლეთ ევროპის ნატოს წევრ ქეყნებში საკუთარი ჯარები გაგზავნა, რაც წესით მოსკოვისთვის შეშფოთების საგანი უნდა იყოს... დიპლომატაიში არასოდეს უნდა თქვა არასოდეს, განსაკუთრებით ევროპელები ამ სივრცეს ღიად ტოვებენ. მაკრონის ვიზიტიც ამ კუთხით ძალიან საინტერესო იყო, რომ პუტინს მოლაპარაკებისთვის სივრცე ღიად დაუტოვა, რამდენიმე იდეა გააჟღერა, მათ შორის უკრაინის ფინლანდიზაციაზე, რომელიც უკრაინაში არც ისე პოპულარულია”, - განაგრძობს რესპონდენტი.

“თუმცა, ეს მოსკოვისთვის საინტერესო რამდენად იქნება, ამას მალე ვნახავთ. სხვადასხვა წყაროების ცნობით, თითქოს მოსკოვში ამ აგრესიის დასაწყებად პოლიტიკური ნება უკვე ჩამოყალიბებულია და ისინი მხოლოდ პუტინის გადაწყვეტილებებს ელოდებიან. პუტინი კი რას გადაწყვეტს, ეს არავინ არ იცის. რუსეთის შიგნით რიტორიკას თუ დავაკვირდებით, ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ ჩვენ ომი არ გვსურსო, თუმცა, ვატყობთ იგივე სეპარატისტები როგორ გააქტიურდნენ და აცხადებენ, რომ უკრაინის შესაძლო აგრესიის შემთხვევაში მოსკოვს დახმარებისთვის მიმართავენ, რაც აშკარად პროვოკაციაა”, - დასძენს კორნელი კაკაჩია.

კახა გოგოლაშვილი - “რუსეთი ქოქავს ომის მანქანებს”

“ყველაფერი მზად არის ომის დასაწყებად, ომის მანქანა დაქოქილია და დაძრულიც, მხოლოდ მუხრუჭებით არის დაჭერილი, როგორც კი აუშვებენ, მაშინვე გავარდება. მაგრამ კონკრეტული მოტივი, თუ რის გამო უნდა იომონ, არ ჩანს. გასაგებია, რომ რუსეთი დასავლეთს სთხოვს ნატომ ჯარები გაიყვანოს, მაგრამ თავიდანვე ყველამ კარგად იცოდა, რომ ეს შეუსრულებელი მოთხოვნა იყო. საქმე ის არის, რომ ნატოს გაფართოებას ომი ვერ შეუშლის ხელს. მეტიც, თუ რუსეთი უკრაინაში ტანკებით შევარდება და ასობით ადამიანის სისხლს დაღვრის, პირიქითაც შეიძლება მოხდეს... რაციონალური მოტივი არა, მაგრამ მოტივაცია არსებობს - დუმის დეპუტატებს თუ მოვუსმენთ, ამაში დავრწმუნდებით”, - აცხადებს რონდელის ცენტრის მკვლევარი კახა გოგოლაშვილი გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “რუსეთი ქოქავს ომის მანქანებს”.

“ამის ნათელი მაგალითია ვიაჩესლავ მოლოტოვის გამოსვლა რამდენიმე დღის წინ, თუ როგორ ებრძვიან ნატო და ამერიკა რუსეთს აშკარად თუ ფარულად, მის საზღვრებთან ჯარებს აყენებენ და თურმე კიდევ რუსეთია აგრესორი. ეს ყველაფერი 30-40-იანი წლების ფილმიდან ამოღებულ კადრს ჰგავს, თუ როგორ ეძებდა ჰიტლერი ომის მიზეზებს. მთავარია, საბაბი იპოვოს კრემლმა და სწორედ ამის ძიებაშია ახლა. უკრაინის საზღვართან ამხელა სამხედრო ძალაა მობილიზებული ერთმანეთის პირისპირ და შეიძლება ნებისმიერ დროს გავარდეს ტყვია. სწორედ ეს არის კრემლის დიდი სურვილი, “მისდა უნებურად” დაიწყოს ომი და ამას ემსახურებოდა ამერიკის პრეზიდენტის მოწოდებაც - პენტაგონში სულელები არ არიან, აშკარაა, რომ რუსეთი ომის მანქანას ქოქავს. ბელარუსში სამხედრო-საველე ჰოსპიტალი გახსნეს. თუმცა შესაძლოა ეს ყველაფერი დიდი ბლეფი იყოს და იმით დასრულდეს ყველაფერი, რომ შეეშვას დასავლეთიც. უთხრას, - შენი იყოს ყირიმი, დონეცკი და ლუგანსკი, ოღონდ თავი დაგვანებეო. თუმცა, რუსეთს დონეცკისა და ლუგანსკის ტერიტორია დიდად არ სჭირდება, მისთვის აზოვის ზღვის ოკუპირება უფრო პრიორიტეტულია. რუსეთი შედარებით უმტკივნეულოდ დაიპყრობს უკრაინის შავიზღვისპირეთს, შეეცდება შეირგოს, მაგრამ ვერაფრით მოინელებს. ყირიმი კი გადაყლაპა, მაგრამ ბოლომდე ვერა - ყელში აქვს გაჩხერილი. რუსეთი ახლა ძალიან ახლოს არის ხრამთან, ნებისმიერმა ბიძგმა შეიძლება გადააგდოს. მის გარშემო მხარდამჭერთა წრე ვიწროვდება”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას კახა გოგოლაშვილი.

“ბრექსიტიდან გამოსვლის შემდეგ სრულიად შეიცვალა ბრიტანეთის საგარეო პოლიტიკა, რადგან ევროკავშირის ქვეყნებთან შეუთანხმებლად შეუძლია იმოქმედოს, ჰქონდეს დამოუკიდებელი საგარეო უსაფრთხოების პოლიტიკა. ევროკავშირის ქვეყნები კი, რუსეთთან ძალიან ფრთხილ პოლიტიკას ატარებენ. ახლა ლონდონს ხელ-ფეხი გახსნილი აქვს. ანგლოსაქსური ალიანსის შექმნის შესაძლებლობაც იყო ავსტრალია-გერმანია-ბრიტანეთის მონაწილეობით ჩინეთის შესაკავებლად, ახლა კი, პოლონეთი-ბრიტანეთი-უკრაინის სამხედრო ალიანსი იქმნება რუსეთის შესაკავებლად. ამ ეტაპზე საქართველოს შესახებ არავითარი მინიშნება არ გაკეთებულა, ჯერ უნდა გაირკვეს, ვჭირდებით თუ არა ამ ალიანსში; სამხედრო ან ეკონომიკური თვალსაზრისით ჩვენ ამ ალიანსის გაძლიერების რესურსი არა გვაქვს. ჯერ ის მხოლოდ პოლიტიკური შეთანხმებაა, ვალდებულებები არ არის გაწერილი. შესაბამისად, არც ის ვიცით, რას მოგვცემს ეს ალიანსი. თუმცა ბრიტანეთთან, პოლონეთსა და უკრაინასთან თანამშრომლობა ძალზე მომგებიანია”, - მიიჩნევს რონდელის ცენტრის მკვლევარი.

“ანაკლიის პორტის აშენების სურვილი სახელმწიფოს რომ ჰქონოდა, აშენდებოდა იმის მიუხედავად, რომ რისკი დიდი იყო. რუსეთი ხელებჩამოშვებული არ იჯდებოდა - ახლომახლო კონფლიქტის გასაჩაღებლად მიზეზს იპოვიდა. აფხაზეთიდან იქამდე სულ ორი კილომეტრია და იმას დავინახავდით, რაც ახლა უკრაინის საზღვრებთან ხდება, შესაძლოა ანაკლიის ოკუპირებაზეც წასულიყო. თუმცა მთავრობას რომ მოენდომებინა, ამერიკასთან შეიძლებოდა მოლაპარაკება, ჩვენი პარტნიორებისთვის საკითხის სწორად მიწოდება და მუშაობა იქ ნატოს გემების ჩაყენებაზე. რუსეთისგან მომავალი რომ საფრთხეები დარჩა, ამიტომაც გაუჭირდა ანაკლიის კონსორციუმს საჭირო ოდენობის ინვესტიციების მოზიდვა. მთავრობას პროექტის გაგრძელების სურვილი რომ ჰქონოდა, შეეძლო მისი გაგრძელება, მაგრამ სხვა გზით წავიდნენ, რისკებს მოერიდნენ და ამერიკელებსა და სხვა პარტნიორებთან მუშაობით თავი არ შეიწუხეს. რამდენიმეტაპიანი პროექტის პირველი ეტაპი მაინც რომ მოესწროთ, რათა ნატოს გემების როტაცია მომხდარიყო, რუსეთს პორტის ოკუპირება გაუჭირდებოდა”, - განმარტავს რესპონდენტი.

“თუ უკრაინაში მასშტაბური ომი დაიწყო, ვითარებას სტრატეგიული აუცილებლობა და ტაქტიკური მიზანშეწონილობა მართავს. ამით იქნება განპირობებული, ანაკლიასა და ფოთსაც გადასწვდება თუ არა რუსეთი, თუ პორტებს დაბლოკავს, რათა ნატოს გემები არ შემოუშვას ლოჯისტიკური საჭიროებებისთვის. ეს კრემლისგან მოულოდნელი არ იქნება, ახლახან აზოვის ზღვა ჩაკეტა... 2008 წლის ომის დროს ფოთის ოკუპირება სულ არ იყო აუცილებელი, მაგრამ ცხინვალში თავისუფლად მანევრირება რომ შესძლებოდათ, საქართველო რომ უფრო სწრაფად დაესუსტებინათ, ფოთშიც შევიდნენ და დასავლეთის მაგისტრალიც ჩაკეტეს. ღმერთმა დაგვიფაროს, რომ ასე მოხდეს, თორემ პუტინი პროპაგანდისტულ მანქანას ჩართავს და ანაკლიასაც აფხაზეთის ძირძველ ტერიტორიად გამოაცხადებს, როგორც აფხაზები გამოაცხადა აბორიგენებად აფხაზეთში და ოსები - ცხინვალის რეგიონში. თუ სადმე რუსული ჯარები შევიდნენ, ამას რა მოჰყვება, უკვე არაერთხელ ვიწვნიეთ - ან ძალიან დიდხანს რჩებიან, ან სამუდამოდ, სანამ რუსეთი არ დაიშლება”, - დაასკვნის კახა გოგოლაშვილი და შეკითხვაზე - “ამ რთულ ვითარებაში, საქართველოს რა მექანიზმი აქვს?” - პასუხობს:

“საქართველომ უნდა გააასკეცოს ძალისხმევა, რათა რეგიონში არსებული საფრთხისგან როგორმე თავი დაიცვას. თუ პუტინმა მცირე ომი მაინც წამოიწყო დონბასში ან ლუგანსკში, შეიძლება წააგოს კიდეც, რადგან დანაკარგი მაინც დიდი ექნება და საბოლოოდ ჭაობში ჩაეფლობა, რადგან უკრაინის ძალზე მოტივირებული და კარგად მომზადებული არმია რეგიონებს ასე ადვილად არ დათმობს. ამიტომ კრემლისთვის ყველაზე მომგებიანი სტრატეგია იქნება ერთდროულად ხუთივე მიმართულებიდან შეუტიოს. ეს უკვე ნიშნავს მასშტაბურ ომს, რომელსაც მარტივად ვეღარ გააჩერებენ. ამ ყველაფერს კი საქართველო ასე იოლად ვერ დაუძვრება, თუ სამხედრო მოქმედებები შავ ზღვაში გაჩაღდა, მარიუპოლში დესანტი გადასხეს, პარალელურად კი ნატოს გემებიც შემოვიდნენ, რომლებიც დაზვერვის მონაცემებით, უკრაინას იარაღით ეხმარებიან, რუსეთი აუცილებლად მოისურვებს საქართველოს პორტების გათიშვას. თურქეთის პორტები დარჩება, მაგრამ რასაც მისწვდებიან, დაბლოკავენ. ომში გადაწყვეტილებას მხოლოდ პოლიტიკოსები არ იღებენ, ბევრ რამეს სამხედროები წყვეტენ, რუს სამხედროებს კი, კარგა ხანია საქართველო მიზანში აქვთ ამოღებული. არც ის არის გამორიცხული, თრუსოს ხეობიდან შემოვიდნენ...”

“დასავლეთი და ამერიკა სამხედრო დახმარებას გააგრძელებენ, მაგრამ თუნდაც კენიგსბერგიდან ბელარუსში სამხედრო შენაერთის გადმოსასვლელად ლიეტუვის ტერიტორია უნდა გაიარონ და სულაც არ არის გამორიცხული ამასობაში ლიეტუვის ჯარებს დაუპირისპირდნენ, რომლებიც ყველანაირ ტვირთსა და სამხედრო ძალას დაბლოკავენ, ამის გასარღვევად კი რუსმა სამხედროებმა შესაძლოა ოპერაცია დაიწყონ. ამგვარ ვერსიებს განიხილავს ლიეტუვა, რადგან იცის, რომ ასეთი მეთოდები პუტინის ხალხის აპრობირებული მეთოდია. სხვათა შორის, თუ რუსეთი სამხედრო მოქმედებებში აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებსაც ჩაითრევს, მაშინ ნატო იძულებული გახდება თავადაც ჩაერთოს. მთელი რეგიონი დანის პირზე დადის, ჩვენს პოლიტიკურ სპექტრს კი სააკაშვილის სასამართლო პროცესებზე, ნათელაშვილის პარლამენტში შესვლა-არშესვლაზე აქვს სწორება. მთელმა მსოფლიომ იცის, რომ თუ ომი დაიწყო, მხოლოდ უკრაინის ტერიტორიაზე არ იქნება სამხედრო მოქმედებები. კი, ამერიკამ აღმოსავლეთ ევროპაში 3 ათასი სამხედრო გაგზავნა და კიდევ გაგზავნის, პარალელურად სამხედრო წვრთნებიც მიმდინარეობს, მაგრამ საქართველო რამდენად არის მოტივირებული შეძლებისდაგვარად მზადყოფნისთვის, ან მიმდინარე პროცესების ადეკვატური მაინც თუ არის, ეს არის საკითხავი”, - მიიჩნევს რესპონდენტი.

“საფრთხე იმდენად მრავალფეროვანია, გონივრული სიფხიზლე გვმართებს. არც ის უნდა გამოვრიცხოთ, რომ ჩრდილოეთ კავკასიის გარკვეულმა რეჟიმებმა, თვითნებურად მოინდომონ სამხედრო ოპერაციის ჩატარება. როდესაც საერთაშორისო ბალანსი ირღვევა და შემაკავებელი ძალები აღარ არსებობენ, პატარა ქვეყნებით დასახლებულ რეგიონში ნებისმიერი კონფლიქტის პროვოცირება იოლია. ოთხივე მხარეს გვყავს მეზობლები, რომელთაც თავიანთი ინტერესები აქვთ. ასე რომ, ეს არ არის სტანდარტული სიტუაცია, რომელიც ორ-სამ დღეში ჩაწყნარდება. ყველანაირად უნდა ვცდილობდეთ დამტკიცებას, რომ შემდგარი სახელმწიფო ვართ, შიდა რყევებით კი არ უნდა ვიყოთ დაკავებული, საფრთხეებზე მაქსიმალურად უნდა ვიყოთ ორიენტირებული. ომის დროს ნატოში არავინ მიგვიღებს, მაგრამ რეალურ ომში დიდი მნიშვნელობა არ ექნება, ნატოს წევრი ვართ თუ არა. შესაბამისად, ამ სიტუაციაში შეიძლება საქართველოც ნატოს მოკავშირე გახდეს. ალიანსის წევრობა მშვიდობიანობის დროს არის მნიშვნელოვანი, ქვეყნის განვითარებისთვის, სტაბილურობისთვის. ომის დროს კი ის უფრო მნიშვნელოვანია, რომელ სახელმწიფოს რომლის მხარე უჭირავს. როდესაც კონფლიქტი დაცხრება და ამ დაპირისპირების შედეგად რუსეთი საკმაოდ დასუსტებული იქნება, შესაძლოა უკრაინა, შემდეგ კი საქართველო ძალიან მალე გახდნენ ნატოს წევრები”, - დასძენს კახა გოგოლაშვილი.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა