ქართული პრესის მიმოხილვა 21.02.2022

ხათუნა ლაგაზიძე - “ვსაუბრობთ უკრაინაზე, ვგულისხმობთ საქართველოს...”

რა სცენარი შეიძლება განვითარდეს საქართველოში თუ რუსეთ-უკრაინის დიდი ომი დაიწყო

თენგიზ ფხალაძე - “პუტინისთვის უკან დახევა ძალიან რთული იქნება“

რას გულისხმობს უკრაინის, ბრიტანეთისა და პოლონეთის ალიანსი და რამდენად მნიშვნელოვანია მასში საქართველოს ჩართვა

ბადრი ჯაფარიძე - “ბოიკოტი შეცდომა არ იყო”

* * *

ხათუნა ლაგაზიძე - “ვსაუბრობთ უკრაინაზე, ვგულისხმობთ საქართველოს...”

“რუსეთმა 2008 წლის ომის შემდეგ ყველაფერი გააკეთა, რომ დასავლეთს სირაქლემას პოზა მოერგო. ამისთვის, ჰიბრიდული ომის ხერხების გამოყენებით, შექმნა სურათი, თითქოს საქართველო პროვოკაციას წამოეგო და ომი დაიწყო. კატეგორიულად ვამბობ, რომ ეს აბსურდია და ომი საქართველოს არ დაუწყია, რაც დღეს უკვე მსოფლიომ აღიარა. ამგვარი წარმოდგენის გათამაშებას ცდილობს ახლა უკრაინაშიც, რათა ყველაფერი ისე წარმოაჩინოს, რომ თუ ომი დაიწყო, ეს უკრაინას დაბრალდეს”, - აცხადებს უსაფრთხოების საკითხთა ექსპერტი ხათუნა ლაგაზიძე გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “ვსაუბრობთ უკრაინაზე, ვგულისხმობთ საქართველოს...” / “ძალიან დამაიმედებელია მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის, ბორის ჯონსონის, გამოსვლა. შეიძლება ითქვას, რომ 2008 წლის პუტინის ცნობილი სიტყვის შემდეგ დასავლეთის არც ერთ ლიდერს ასეთი თამამი და საეტაპო გამოსვლა არ ჰქონია.

“უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთის გასამხედროებული ჯგუფები, რომლებსაც არ აცვიათ სამხედრო ფორმა, რუსული სცენარით ახორციელებენ კონფლიქტებს, რასაც შემდგომ რუსეთი იყენებს ე.წ. მშვიდობის იძულების ოპერაციის დასაწყებად - სწორედ ასე დაარქვეს 2008 წელს ე.წ. სამხრეთ ოსეთში შემოჭრას, ახლა კი იმავეს უფრო ფართო მასშტაბით იმეორებენ უკრაინაში. რუსეთი გამუდმებით ამტკიცებს, უკრაინის სეპარატისტული რეგიონები უკრაინიდან იბომბებაო, აჩვენებს რაღაც კადრებსაც, არადა უკრაინის ხელისუფლებაც და მთელი მსოფლიოც ადასტურებენ, რომ უკრაინას ცეცხლი არ გაუხსნია. თუმცა, უნდა ვთქვათ, რომ ამ მასშტაბური პროპაგანდისტული შეტევის დროს უკრაინა 2008 წლის საქართველოსთან შედარებით მყარად დგას. მან ისწავლა ქართული გაკვეთილი, ამიტომ ფსიქოლოგიურადაც გაცილებით მტკიცედ არის და საინფორმაციო ომსაც სათანადოდ ეწინააღმდეგება”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ხათუნა ლაგაზიძე.

“უკრაინაში მეტი დრო ჰქონდათ მსოფლიოს საზოგადოების ყურადღების მისაქცევად და საკუთარი პოზიციების გასამყარებლად, რაც 2008 წელს საქართველომ ვერ მოასწრო. სამწუხაროდ, მაშინ დასავლეთს არ სჯეროდა, რომ რუსეთს შეეძლო მსოფლიო წესრიგისთვის ხაზი გადაესვა და ომით დაეწყო საზღვრების გადაწერა. ვფიქრობ, 2008 წლის ომის გაკვეთილები დასავლეთმაც აითვისა, მაგრამ დაგვიანებით, თუმცა დღეს ისე ჩანს, რომ რუსეთს ეს მაინცდამაინც აღარ ანაღვლებს. ყველაზე საშიში, რაც ახლა ხდება, არის ის, რომ რუსეთი უკრაინის სეპარატისტული ტერიტორიებიდან 700 ათასამდე ადამიანის ევაკუაციას გეგმავს რუსეთის საზღვრისპირა რეგიონებში. კრემლი არაადამიანურად ექცევა თავისივე მოკავშირეებს - დონეცკისა და ლუგანსკის სეპარატისტულად განწყობილ მოსახლეობას, რომელიც დღეს რუსული ცეცხლის პირველი სამიზნეა. კარგად უნდა დაფიქრდნენ კრემლის ქართველი აპოლოგეტები, რომ რუსეთის მომხრეებიც არ არიან დაზღვეული მისი აგრესიისგან. ეს ყველაზე კარგად წარმოაჩენს რუსეთის სახეს. ის მოკავშირეებს საკუთარი მიზნების აღსრულებისთვის ცოცხალ იარაღად იყენებს”, - განაგრძობს რესპონდენტი.

“რამდენიმე დღის წინ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ აშშ-ს გაუგზავნა კრემლის ულტიმატუმზე დასავლეთის პასუხის პასუხი. ეს ვრცელი დოკუმენტია და რამდენიმე პუნქტზე გავამახვილებ ყურადღებას. ერთ-ერთი საქართველოსთან ანალოგიის თვალსაზრისით ძალიან საინტერესოა და აფხაზეთის ომთან პარალელის გავლების საშუალებას გვაძლევს. რუსები ითხოვენ იმ დასავლური შეიარაღების გატანას, რომელიც უკრაინას ბოლო თვეების განმავლობაში მიაწოდეს, ასევე მოითხოვენ უკრაინიდან დასავლელი ინსტრუქტორების გასვლას. შეუძლებელია, ამან არ გაგვახსენოს აფხაზეთის ომის დროს რუსეთის მიერ თავს მოხვეული შეთანხმება, რომლის თანახმად, საქართველოს შეიარაღებულმა ძალებმა და ტექნიკამ დატოვეს აფხაზეთი, ამის შემდეგ კი რუსეთმა ეს რეგიონი სრულად დაიპყრო და იქ ჰუმანიტარული კატასტროფა და ქართველების გენოციდი მოაწყო. გასაგებია, რომ დღეს ამ მოთხოვნაზე რუსეთს არავინ დასთანხმდება, მაგრამ, ფაქტია, რომ რუსეთი იმავე სცენარით ცდილობს მოქმედებას”, - მიიჩნევს ექსპერტი.

“კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პუნქტია ის, რომ რუსეთი კატეგორიულად მოითხოვს ნატოს შეიარაღების გატანას ბალტიისა და აღმოსავლეთ ევროპის ნატოს წევრი სახელმწიფოებიდან. ეს აჩვენებს, რომ თუ დასავლეთმა უკრაინა დათმო, კრემლის შემდგომი მცდელობები მიმართული იქნება არა მხოლოდ პოსტსაბჭოთა სივრცეზე, არამედ ვარშავის ბლოკის ქვეყნებზე გავლენის აღდგენისაკენ. ისევე, როგორც 2008 წელს საქართველოში, დღეს უკრაინაში რუსეთი ქართველებს და უკრაინელებს კი არ ებრძვის, არამედ ებრძვის დასავლეთს და დასავლურ დემოკრატიას. კრემლი გამოცდის, არის თუ არა დასავლეთი ის ძალა, რომელზეც დღეს მსოფლიო წესრიგი დგას და ეს გამოცდა 2008 წელს დაიწყო. სწორედ ასე აფასებს რუსულ საფრთხეს უკრაინის პრეზიდენტი ზელენსკი, რომელმაც მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე პირდაპირ თქვა, რომ “ეს არ არის ომი მხოლოდ უკრაინაში, ეს არის ომი ევროპაში. უკრაინა ევროპის დამცავი ფარია უდიდესი არმიისგან... მნიშვნელოვანია იმის გაგება, რომ მხოლოდ ჩვენ არ გვჭირდება მშვიდობა, მშვიდობა მსოფლიოს სჭირდება”, - ამბობს ხათუნა ლაგაზიძე.

“ძალიან უცნაური ვითარებაა შექმნილი - ვლაპარაკობთ უკრაინაზე, მაგრამ ვგულისხმობთ საქართველოს, იმიტომ, რომ ჯერ ერთი, რიკოშეტის პრინციპით ეს ყველაფერი საქართველოსაც აუცილებლად მოსწვდება, მეორეც, თუ უკრაინაში კრემლს ეს ყველაფერი გაუვიდა, შემდგომი სწორედ ჩვენ ვიქნებით და არამხოლოდ ჩვენ. უკრაინასაც და საქართველოსაც ნატო სჭირდებათ მაშინ, როდესაც მათ უსაფრთხოებასა და სახელმწიფოებრიობას საფრთხე ემუქრება, თორემ უკვე ოკუპირებულ უკრაინას და საქართველოს ნატო რაღას უშველის?!ცინიკურად გულწრფელი განცხადება მოვისმინეთ გერმანიის კანცლერისგან, როცა პუტინს მიმართა, ვიდრე მე და თქვენ ხელისუფლებაში ვიქნებით, ნატოს გაფართოების და უკრაინის გაწევრების საკითხი დღის წესრიგში არ დადგებაო, თან დაუზუსტა, როგორც ვიცი, თქვენ დიდხანს აპირებთ ხელისუფლებაში ყოფნასო. ეს განცხადება, ლოგიკურად, საქართველოსაც ეხება, თუმცა ვერც იმას გამოვრიცხავთ, რომ შეიძლება გაჩნდეს შესაძლებლობების ფანჯარა და ისე გავხდეთ ნატოს წევრი, არც ველოდეთ. მეორე მხრივ, არსებობს გაცილებით რეალური სურათი იმისა, რომ უახლოეს პერსპექტივაში ნატოს კარი საქართველოსთვის დაკეტილი იქნება”, - თვლის რესპონდენტი.

“საქართველოც და უკრაინაც იქცნენ 2008 წლის ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილების მძევლად და მსხვერპლად: ერთი მხრივ, ამან გააჩინა არარეალური მოლოდინი და ამასთანავე, ამ ქვეყნებმა აღარ დაიწყეს უსაფრთხოების პარალელურ ქოლგებზე ფიქრი, თანაც ეს გადაწყვეტილება, ფაქტობრივად, რუსეთის წინ აფრიალებულ წითელ ნაჭრად იქცა...დღეს რუსეთი რომ ჩვენკენ შემოტრიალდეს, როგორც ვხვდებით ამას? საერთოდ როგორ მოვახერხეთ, რომ დავრჩით, ფაქტობრივად, უმეგობროდ, მნიშვნელოვანი პარტნიორის გარეშე? ჰიბრიდულ ომში რომ ყველა პარამეტრით დამარცხებული ვართ, ფაქტია, მაგრამ მორიგი რუსული აგრესიის შემთხვევაში, გამოდის, რომ სრულიად განიარაღებულები ვიქნებით მორალურადაც, ფსიქოლოგიურადაც და საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერისგანაც სრულიად მოშიშვლებული გვექნება ზურგი. ერთადერთ რეალურ შემაკავებელ ფაქტორად ისევ თურქეთი რჩება... ეს ყველაფერი მოიტანა გამრუდებულ სარკეში ყურებამ და ილუზიებით ცხოვრებამ”, - დაასკვნის ექსპერტი.

“ამ ეტაპზე, ვფიქრობ, ფსიქოლოგიური ომის ბოლო დღეებია. საქმე ის არის, ვის უმტყუნებს ნერვები. ბევრი ირაციონალურად აფასებს პუტინის მოქმედებებს, თუმცა, ჩემი აზრით, აქამდე სრულიად ცივი ლოგიკით მოქმედებდა და, როგორც წესი, ეს ლოგიკა უმართლებდა. ის ამოწმებდა დასავლეთის პოლიტიკური კასტრაციის ხარისხს, მაშინ, როცა დასავლეთი თავისი კომფორტის ტყვედ იქცა. აქედან გამომდინარე, პუტინს ბოლომდე არ სჯერა, რომ დასავლეთი რეალურ ნაბიჯებს გადადგამს მისი აგრესიის შესაკავებლად. თუ რუსეთი მზად არის უკრაინაში ფართომასშტაბიანი შეჭრისთვის, მაშინ, სავარაუდოდ, ასევე არ სჯერა, რომ უკრაინელები სათანადო წინააღმდეგობას გაუწევენ. მეხუთე კოლონა იქაც ძლიერია, შესაბამისად, ალბათ, კრემლში ფიქრობენ, რომ ომი ხანგრძლივი და მომქანცველი არ იქნება”, - განმარტავს ლაგაზიძე.

“ძალიან დამაიმედებელია მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის, ბორის ჯონსონის, გამოსვლა. 2007 წლის პუტინის ცნობილი სიტყვის შემდეგ დასავლეთის არც ერთ ლიდერს ასეთი თამამი და საეტაპო გამოსვლა არ ჰქონია. ვფიქრობ, უპრიანია, მოვიხმოთ მისი გამოსვლის ფრაგმენტები: “არ უნდა დავუშვათ, რომ რუსულმა მუქარამ შეცვალოს ევროპის არქიტექტურა და არ დავუშვებთ ახალ იალტას; არ დავუშვებთ ჩვენი კონტინენტის ორ გავლენის სფეროდ დაყოფას; უნდა ჩავეხსნათ რუსულ გაზსა და ნავთობზე დამოკიდებულებას. ალტერნატიული მომარაგება და ტექნოლოგიები დაგვიხსნის რუსული საფრთხეებისგან; ჩვენ უნდა შევამზადოთ ჩვენი თავი რუსული დეზინფორმაციისთვის, რომელიც გააკეთებს ყველაფერს, რომ რუსეთის დარტყმა უკრაინაზე უკრაინის შეტევად შემოგვასაღოს. თავი არ უნდა მოვიტყუოთ. არავინ არის აქ სულელი; თუკი რუსეთი შეიჭრება უკრაინაში, ჩვენი საერთო ინტერესია, რომ ის, ბოლოს და ბოლოს, დამარცხდეს და ის დამარცხდება; რუსეთის ხელისუფლება მწარედ ცდება, თუ ჰგონია, რომ საქმე აქვს 2014 წლის უკრაინასთან. რუსეთი ვერაფერს მოიგებს ამ კატასტროფული ომით და შეუძლია ყველაფერი წააგოს”, - ციტირებს რესპონდენტი.

“მშვიდობა რუსეთსაც სჭირდება და როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ევროპის უსაფრთხოებაზე, უსაფრთხო ევროპაზე, ეს თანაბრად ვრცელდება რუსეთზეც. და მთავარი მესიჯი, რომელსაც ჩვენ ამ კონფერენციიდან ვგზავნით, ჩვენი ერთიანობაა”, - თქვა ჯონსონმა. დიახ, მთავარია ეს ერთიანობა სიტყვიდან საქმედ იქცეს. მხოლოდ ამ შემთხვევაშია შესაძლებელი რუსეთის შეკავება.რაც შეეხება საქართველოს, ჩემთვის მთავარი კითხვაა, ვის აქვს გარანტია, რომ რუსეთი კიდევ ერთხელ საქართველოსკენ არ მოტრიალდება. მესმის საქართველოს ხელისუფლების სიფრთხილის, მაგრამ დუმილი ერთია, მოუმზადებლობა და სრული კაპიტულაცია ჰიბრიდულ ომში - სხვა... სწორედ რუსული საინფორმაციო პროპაგანდის გამო დღეს საქართველოს საზოგადოების ნაწილი სრულად დემორალიზებულია. ეს უპატიებელია”, - დასძენს ხათუნა ლაგაზიძე.

რა სცენარი შეიძლება განვითარდეს საქართველოში თუ რუსეთ-უკრაინის დიდი ომი დაიწყო

“უკრაინაში სიტუაცია უკვე იმ უკიდურესობამდეა მისული, რომ ერთმა გასროლამ შესაძლოა სიტუაცია ფართომასშტაბიან ომში გადაზარდოს, ამის პარალელურად დასავლელი ლიდერები ცდილობენ, რომ რუსეთი მოლაპარაკებების მაგიდასთან დასვან, თუმცა ნებისმიერი სცენარისთვის მზაობას გამოთქვამენ. დიდი ბრიტანეთი ვარაუდობს, რომ ვლადიმერ პუტინს საბჭოთა კავშირის დაბრუნება სურს, ის უკრაინაზე არ შეჩერდება და სხვა ქვეყნების ანექსირებასაც შეეცდება. მას ქართველი ექსპერტებიც ეთანხმებიან და ამტკიცებენ, რომ დიდი ომის დაწყების შემთხვევაში აგრესიის პოტენციური საფრთხე ჩვენც გვიდგას, რაც შეიძლება შავი ზღვის პორტების ბლოკირებაში, თბილისი-გორის ავტობანის გადაკეტვაში და სხვა აგრესიულ ქმედებებში გამოიხატოს. საფრთხე რეალურია, რადგან პუტინს დიდი ხანია პოსტსაბჭოთა სივრცის აღდგენა სურს და შანსი თუ მიეცა, ხელიდან არ გაუშვებს”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით რა სცენარი შეიძლება განვითარდეს საქართველოში თუ რუსეთ-უკრაინის დიდი ომი დაიწყო.

“დიდი ალბათობაა, რომ რუსეთმა ჩვენი საზღვაო აკვატორიის ბლოკირება მოახდინოს, როგორც ეს უკრაინაში გააკეთეს. არაა გამორიცხული, რომ მცოცავი ოკუპაციის ნიშნებიც გაჩდეს და სავარაუდოდ შესაძლოა თბილისი-გორის მაგისტრალის გადაკეტვა სცადონ, ასევე შესაძლოა ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონში მყოფ მეოთხე და მეშვიდე სამხედრო ბაზების სამხედრო პერსონალს საბრძოლო მზადყოფნაში მოიყვანოს”, - აცხადებს სამხედრო ექსპერტი ვახტანგ მაისაია. დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მდივნის, ლიზ ტრასის განცხადებით, პუტინს საბჭოთა კავშირის დაბრუნება სურს და დასავლეთს სჭირდება მოსკოვის შეჩერება. წინააღმდეგ შემთხვევაში პუტინი შეეცდება, რომ საათი 1990-იანი წლების შუა ხანებში დააბუნოს ან მანამდეც კი, მოახდინოს ბალტიისპირეთის ქვეყნების ანექსირება, როგორიცაა ესტონეთი, ლატვია და ლიეტუვა”, - აღნიშნავს გამოცემა.

“ეს არის ყველაზე საშიში მომენტი ევროპის უსაფრთხოებისთვის 1940-იანი წლების შემდეგ. ჩვენ უნდა მოვემზადოთ ყველაზე უარესი სცენარისთვის. რუსეთმა აჩვენა, რომ ისინი არ არიან სერიოზულები დიპლომატიის მიმართ”, - განაცხადა ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მდივანმა ლიზ ტრასმა. სამხედრო ექსპერტი ვახტანგ მაისაია “რეზონანსთან” აცხადებს, რომ ტრასის პროგნოზი რეალისტურია, რადგან პუტინს ეს გეგმა ისედაც ჰქონდა და თუ უკრაინაში გაუვიდა, შემდეგ შესაძლოა სხვა ქვეყნების ანექსირებასაც შეეცადოს. ამბობს, რომ პარალელური შემოჭრის საფრთხე აქაც ძალიან დიდია”, - განაგრძობს გამოცემა.

„ტრასის პროგნოზი აბსოლუტურად ზუსტია, რადგან პუტინს ეს გეგმა ისედაც აქვს, რომ საბჭოთა კავშირის ტერიტორია დაიბრუნოს, მათ შორის ბალტიის სახელმწიფოებიც. გარკვეულწილად ყოფილ სოციალისტურ ქვეყნებშიც გავლენის პოლიტიკა განახოციელოს. რუსეთს ასევე მოლდოვის მიმართულებითაც სურდა ძალოვანი მომენტი განეხორციელებინა, რადგან ე.წ. დნესტრისპირეთის რესპუბლიკაში ადგილობრივი შეიარაღებული ძალები და ე.წ. რუსი სამშვიდობოებია მობილიზებული და საბრძოლო მდგომარეობაშია მოყვანილი. სავარაუდოდ საბრძოლო მოქმედებების განხორციელებისთვის მზად არიან. ანალოგიური საფრთხე საქართველოსაც ემუქრება. დიდი ალბათობაა, რომ რუსეთმა ჩვენი საზღვაო აკვატორიის ბლოკირება მოახდინოს, როგორც ეს უკრაინაში გააკეთეს. ნეიტრალურ წყლებში რამდენიმე სამხედრო ხომალდი დააყენოს და ამით ჩვენი პორტებს ბლოკირება მოახდინოს”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთა საუბრისას ვახტანგ მაისაია.

“არაა გამორიცხული, რომ მცოცავი ოკუპაციის ნიშნებიც გაჩდეს და სავარაუდოდ შესაძლოა თბილისი-გორის მაგისტრალის გადაკეტვა სცადონ, ასევე შესაძლოა ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონში მყოფ მეოთხე და მეშვიდე სამხედრო ბაზების სამხედრო პერსონალი საბრძოლო მზადყოფნაში მოიყვანოს... დონეცკსა და ლუგანსკში ახლა სიტუაცია ძალიან დაძაბულია, ფაქტიურად შეიარაღებულ შეტაკებებს აქვს უკვე ადგილი, პრორუსული ძალები პროვოკაციულ ქმედებებს ახორციელებენ. ნებისმიერ დროს შესაძლოა, რომ საბრძოლო მოქმედებები დაიწყოს. დიდი ალბათობით პუტინი დონეცკისა და ლუგანსკის პლაცდარმის გაფართოვებას აპირებს, ასევე აპირებს, რომ მარიუპოლში, ნიკოლაევსა და ოდესაში საზღვაო დესანტი გადასხას, რადგან ე.წ. დნესტრისპირეთის შეიარაღებული ძალები და იქაური ე.წ. რუსეთის სამშვიდობოებია მობილიზებული, რომლებიც, როგორც ჩანს, აპირებენ, რომ ოდესის მიმართულებით კორიდორი გაჭრან”, - განმარტავს ექსპერტი.

“რუსების მთავარი იდეა ისაა, რომ უკრაინის ბრძოლისუნარიანი ასიათასიანი შეიარაღებული დაჯგუფება, რომელიც რუსულ აგრესიას აკავებს, ალყაში მოიქციონ და გაანადგურონ. მოახდინონ დონეცკის და ლუგანსკის ტერიტორიები სრული ოკუპაცია, ხარკოვისა და დნეპროპეტროვსკის რეგიონებში გადასვლა და პლაცდარმის გაფართოვება. ამის პარალელურად საზღვაო სანაპირო დაიკავონ. თუკი ეს გეგმა გამოუვიდათ და ღმერთმა არ ქნას, მერე უკვე უკრაინის ხელისუფლებას მოსთხოვენ, რომ მინსკის ხელშეკრულება-3-ს ხელი მოაწერონ. არის იმის საფრთხეც, რომ შესაძლო საქართველოში შემოჭრა პარალელურად დაიწყონ. ჩემი აზრით ჩვენი ხელისუფლების დუმილი ჩვენს წიქვილზე წყალს არ ასხამს, პუტინმა თუ შემოჭრა გადაწყვიტა, ეს ნომერი მაინც არ გაგვივა, რადგან ბოლო პერიოდში მოლდოვაც ჩვენსავით გაჩუმდა, მაგრამ რუსებმა დნესტრისპირეთის ე.წ. შეიარაღებული ძალები აამოქმედეს”, - დასძენს მაისაია.

თენგიზ ფხალაძე - “პუტინისთვის უკან დახევა ძალიან რთული იქნება“

“რუსეთის ინსტრუმენტებია შანტაჟი, დაშინება და ამ გზით რაღაცის გამოძალვა. ეს სიახლე არ არის, თუ არ ჩავთვლით იმას, რომ შედარებით დახვეწილია ჰიბრიდული ომის ტექნიკა, სტრატეგიულად 2008 წლის ერთგვარი დეჟავიუც კია. ფაქტობრივად, განსხვავება არ არის, ზუსტად იგივე ტერმინები გვესმის, გაეროში ერთი ერთზე გაიმეორეს “ცხელი თავებიც” კი. ბოლო დღეებში მოსახლეობის გახიზვნაც და პროვოკაციებიც იგივეა, რაც ხდებოდა 2008 წლის ივლისის მიწურულსა და აგვისტოს დამდეგს. აბსოლუტურად იგივე ხელწერაა და უმეტესად იგივე სახეები, იგივე რიტორიკა, იგივე პროპაგანდაა. ასე რომ, რუსეთის ქმედებებში სტრატეგიულად არაფერი შეცვლილა. ეს არის შანტაჟის პოლიტიკა, რომელზეც არ ჭრის დიპლომატიური ენა და მხოლოდ მასზე ძლიერი ძალის ეშინია. მაშინ იხევს უკან”, - აცხადებს `ჯიპა~-ს პროფესორი თენგიზ ფხალაძე გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “პუტინისთვის უკან დახევა ძალიან რთული იქნება“.

“ეს მთლად რბილი ძალა არ არის, რადგან რბილი ძალა ღირებულებებს უნდა ეფუძნებოდეს, რაც რუსეთს არ გააჩნია. ეს ფსევდორბილი ძალაა, მაგრამ ამჯერად აქცენტი კეთდება დეზორიენტაციაზე, დეზინფორმაციაზე. აქცენტები კეთდება ცრუფაქტებზე. გავიხსენოთ “მძიმარე ცხინვალი”, რუსული პროპაგანდის მითი, როდესაც გადამღები ჯგუფები საგანგებოდ ჩაიყვანეს ამ წარმოდგენის დასადგმელად. იგივე ხდება ახლაც - საბავშვო ბაღზე დარტყმაც პროვოკაციაა, რომ კრემლმა უკრაინას დააბრალოს. რუსულ საინფორმაციო სივრცეს თუ შევხედავთ, უკრაინაშიც ისევე ეომებიან დასავლეთს, როგორც საქართველოში 2008 წელს. მაშინ ამბობდნენ, რომ ამერიკამ წაახალისა საქართველოში ომი და დღეს ამას იმეორებენ, ამერიკა და დასავლეთი აქეზებს ომს უკრაინაშიო”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას თენგიზ ფხალაძე.

“ალბათ, პირველი შემთხვევაა, როცა მსოფლიო გაცილებით მომზადებული დახვდა რუსეთს, ვიდრე ეს 2008-ში და თუნდაც 2014-ში. მე მხოლოდ ექსპერტებს არ ვგულისხმობ, ოფიციალური პირები ძალიან გასაგებად ეუბნებიან კრემლს, ვიცით თქვენი მოქმედების სცენარი, ვიცით, რომ თავად დგამთ პროვოკაციებს, ქმნით ცრუფაქტებს და საბაბად იყენებთ აგრესიისთვის. ვიცით და არ გაგივათო. თუ ამისთვის აქამდე მსოფლიო მოუმზადებელი იყო, დღეს უკვე მზად არის და კრემლს ეუბნება, ძალიან მძიმე ფასს გადაიხდიო”, - განაგრძობს რესპონდენტი და შეკითხვაზე - “ბერკლის უნივერსიტეტის კვლევაში კარგად ჩანს, რომ ევროპა არ არის იმდენად დამოკიდებული რუსეთზე ეკონომიკურად, რამდენადაც თავად რუსეთი. მაშ, რუსეთის პოლიტიკური კორუფცია რატომ ჯობნის და ზოგიერთ ქვეყანას ჰგონია, რომ არა რუსეთი, დავიღუპებითო?” - პასუხობს:

“დიახ, არიან რუსეთზე დამოკიდებული ქვეყნები, მაგალითად, გერმანიაში რუსული ენერგომატარებლების წილი მესამედზე მეტს შეადგენს. პრობლემა ზუსტად ის არის, რომ რუსეთი ამ განსხვავებებზე თამაშობს, რათა დაარღვიოს ნატოსა და ევროკავშირის ერთიანობა. შესაძლოა ეს რომელიმე ქვეყანასთან არ გასდის, მაგრამ ცდილობს სხვაგან გამოიყენოს. ახლა არის ის შემთხვევა, როდესაც სხვა პასუხი მიიღო და ის წინააღმდეგობა შეხვდა, რასაც ნამდვილად არ ელოდა. თუმცა, ჯერჯერობით, ყველაფერი ომისკენ მიდის და მე ნაკლებად მჯერა პუტინის რაციონალურობის, მაგრამ რა სცენარითაც უნდა განვითარდეს, მთავარია, მან მიიღოს ის პასუხი, რაც უნდა მიიღოს. ეს არის უმთავრესი. მან უნდა დაინახოს, რომ ყველაზე ცუდი სცენარისთვისაც კი ყველა მზად არის და აგრესია არ შერჩება”.

“რუსეთში რაციონალურზე მეტად ირაციონალური და ემოციური ფაქტორი მოქმედებს. პუტინისთვის დღეს უკან დახევა ემოციურად ძალიან რთული იქნება. ფაქტია, მისმა გარემოცვამ დიდი ფული დაკარგა თუნდაც ბოლო პერიოდში, ლაპარაკია ათობით მილიარდ დოლარზე. ახლახან ბრიტანეთმა ოქროს ვიზები გაუუქმა რუს ოლიგარქებს, ამასთან, დიდ საწარმოებს სერიოზული პრობლემები აქვთ და ბუნებრივია, ყველა ეს ძალა, რომლებიც რეალურად კრემლის დაფინანსებულია, უკან დახევის შემთხვევაში პუტინს მოსთხოვს პასუხს. მე მეჩვენება, რომ დღეს დიპლომატიისთვის სულ უფრო ნაკლები სივრცე რჩება, თუმცა დასავლეთს ეს კარი არ დაუხურავს და რაციონალური აზროვნების შემთხვევაში რუსეთს მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდომა შეუძლია, მაგრამ მოლაპარაკებაზე აღარავინ დაუჯდება იმ საკითხზე, რასაც ის ითხოვს, რომ ნატო არ გაფართოვდეს”, - განმარტავს "ჯიპას" პროფესორი.

“რა ნიღაბიც უნდა მოირგოს, ყველამ იცის, რომ ამ ყველაფრის უკან პუტინი დგას და სწორედ მას უნდა მოეკითხოს პასუხი. ამიტომ ცდილობს ყველაფერი ისე გააკეთოს, თითქოს უკრაინამ დაარღვია მინსკის შეთანხმება და ამიტომ შეიქნა იძულებული ეღიარებინა. ამიტომ აწყობს პროვოკაციებს და ამიტომ არის ეს ძალიან საფრთხილო, რადგან შეიძლება პროვოკაციას არ უპასუხო ერთხელ, ორჯერ, ათჯერ, მაგრამ როდემდე არ უპასუხებ? ამ პროვოკაციების შედეგად უკვე რამდენიმე ადამიანი დაიღუპა, დაიწვა სახლები, საბავშვო ბაღები. შეუძლებელია მუდმივად გესროდნენ და შენ პასუხს არ სცემდე. რუსეთმა ძალიან ცუდი, სახიფათო გზა აირჩია და ამით ცდილობს მიზანს მიაღწიოს”, - დასძენს ფხალაძე.

რას გულისხმობს უკრაინის, ბრიტანეთისა და პოლონეთის ალიანსი და რამდენად მნიშვნელოვანია მასში საქართველოს ჩართვა

“უკრაინამ, დიდმა ბრიტანეთმა და პოლონეთმა ეკონომიკური, სავაჭრო და ენერგეტიკული თანამშრომლობის განვითარებისთვის, ასევე უსაფრთხოების სფეროში სამმხრივი თანამშრომლობის ფორმატი ოფიციალურად გააფორმეს. უსაფრთხოების ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ამ ფორმატში საქართველოს ჩართვაც ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ეს ალიანსი რუსეთის შესაკავებლადაა მიმართული. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის დიმიტრი კულება აცხადებს, რომ მომავალში ფრთხილი მუშაობა გაგრძელდება, რათა სამმხრივი ფორმატი მაქსიმალურად პრაგმატული, გრძელვადიანი და ეფექტური იყოს”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით რას გულისხმობს უკრაინის, ბრიტანეთისა და პოლონეთის ალიანსი და რამდენად მნიშვნელოვანია მასში საქართველოს ჩართვა.

“დღეს ჩვენ გვაქვს პატივი გამოვაცხადოთ უკრაინის, დიდი ბრიტანეთისა და პოლონეთის მიერ სამმხრივი თანამშრომლობის ახალი ფორმატის დაარსების შესახებ. დოკუმენტში ხაზგასმულია, რომ დიდი ბრიტანეთი და პოლონეთი გვერდში დაუდგება უკრაინელ ხალხს, რათა დაიცვან მისი სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. პოლონეთი და დიდი ბრიტანეთი დაგვეხმარებიან ჩვენი სახელმწიფოს დაცვაში, - აღნიშნა კულებამ. როგორც ექსპერტი უსაფრთხეობის საკითხებში ვახტანგ მაისაია “რეზონანსთან” აღნიშნავს, იმისთვის, რომ ალიანსში გაწევრიანება საქართველოსაც შესთავაზონ, ქვეყნის პირველი პირების ვიზიტებია საჭირო ამ სამ ქვეყანაში და პოზიციის მკაფიოდ დაფიქსირება”, - აღნიშნავს გამოცემა.

“აქ უსაფრთხოების სამი მიმართულებაა გამოყოფილი, ესაა კიბერ, ენერგეტიკული და საინფორმაციული უსაფრთოება, ანუ ბრძოლა საიბფორმაციო ომის წინააღმდეგ. სამხედრო უსაფრთხოებაში ალბათ ძირითადად იგულისხმება საბრძოლო გამოცდილებების გაზიარება, ერთობლივი წვრთნების ჩატარება, იარაღის მიწოდება და ა.შ. ეს სამხედრო-პოლიტიკური ალიანსი საკმაოდ მნიშვნელოვანი და სერიოზულია, ეს რუსეთის აგრესიის შესაკავებლადაა მიმართული. მე თუ მკითხავთ, ასეთ გაერთიანებაში საქართველოს მონაწილეობა აუცილებელიცაა და მნიშვნელოვანიც, რადგან ჩვენ და უკრაინას მაინც ერთი მტერი გვყავს და აქედან ჩვენ შეიძლება სამხედრო სარგებელიც მივიღოთ. ბრიტანეთსა და პოლონეთისგან იარაღის შესყიდვა იქნება თუ ერთობლივი წვრთნები და თავდაცვის პოლიტიკის მიმართულებით კოორდინაცია”, - მიიჩნევს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ მაისაია.

“ის სამი უსაფრთხოების მიმართულება, რასაც ეს ალიანსი გულისხმობს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ენერგოუსაფრთხცოების მიმართულებით “თეთრი ნაკადის” პროექტის განხორციელებაში, მით უმეტეს ახლა, როცა თხევად გაზზეა საუბარი. მნიშვნელოვანია ასევე საინფორმაციო უსაფრთხოება, რადგან რუსეთის პროპაგანდისტული მანქანა საკმაოდ ეფექტურად მუშაობს, საინფორმაციო ფსიქოლოგიურ ომს აწარმოებს, საქართველოს, უკრაინის, პოლონეთისა და ბრიტანეთის წინააღმდეგაც. მესამე მომენტია კიბერუსაფრთხოება... არავინ არაფერს არ შემოგვთავაზებს თუ ჩვენ არ ვიაქტიურეთ და ინტერესი არ გამოვხატეთ. მაგალითად საქართველოს პრემიერის, ან პრეზიდენტის ვიზიტები უნდა განხორციელდეს უკრაინაში, პოლონეთსა და ბრიტანეთში და პოზიცია დაფიქსირდეს, რომ ამ გაერთიანებაში მონაწილეობა ჩვენც გვსურს”, - განაგრძობს რესპონდენტი.

“სამხედრო-პოლიტიკური ალიანსი კი არის, მაგრამ ეს უფრო უსაფრთხოების მიმართულებაა და ჩვენი ამ ალიანსში შესვლა რუსეთისთვის იმდენად გამაღიზიანებელი არ იქნება, ის დღეს-ხალ ჩვენზე მუშტის მოქნევას მაინც აპირებს და ჩვენ დაცულები უნდა ვიყოთ და ჩაფხუტი მაინც გვეხუროს... რაც შეეხება რუსულ სამხედრო წვრთნებს, 20-21 თებერვალს მთავრდება, ეს ოლიმპიური თამაშების დასრულებას ემთხვევა. ზოგი სავარაუდო შეჭრას ამ დროს ასახელებს, თუმცა თარიღების დასახელება ეს უფრო საინორმაციო ფსიქოლოგიური ომია, რომ საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან მობილიზაცია მოხდეს, რუსეთს ურჩევნია, რომ ფარული შეჭრა მაშინ მოახდინოს, როცა საერთაშორისო საზოგადოება მოდუნებულია, რაც საქართველოში გააკეთა”, - თვლის ექსპერტი.

ბადრი ჯაფარიძე - “ბოიკოტი შეცდომა არ იყო”

"ამ დარბაზში ყველაზე ამაღელვებელი წუთი მაქვს განცდილი, როდესაც ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის აღდგენას მოვაწერე ხელი. ასევე ნანახი მაქვს ეს დარბაზი აოხრებული, როდესაც სახელმწიფო გადატრიალება მოხდა. პირველად სადეპუტატო უფლებამოსილება სახელმწიფო გადატრიალებამ შემიწყვიტა, ახლა მიტაცებულმა სახელმწიფომ. ეს არის იმის შედეგი, რაც ხდება ქვეყანაში - გადაწყვეტილებები უკანონო, უსამართლო და ჩვენი ხალხის ინტერესების საწინააღმდეგოა”, - ამ სიტყვებით დაემშვიდობა “ლელოს” ერთ-ერთი ლიდერი ბადრი ჯაფარიძე კოლეგებს პარლამენტში და რუსთავისა და გარდაბნის მაჟორიტარი კანდიდატობისთვის ბრძოლა დააანონსა. “2 აპრილის არჩევნები პოზიტიური ცვლილებების დაწყების კატალიზატორი უნდა გახდეს”, - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ, რომელიც გაზეთ “კვირის პალიტრას” ესაუბრა”, - წერს გაზეთი “კვირის პალიტრა” სტატიაში, სათაურით “ბოიკოტი შეცდომა არ იყო”.

“უკვე რამდენიმე დღეა, მმართველი გუნდის ლიდერები ჩემი ლანძღვა-გინებით არიან დაკავებული. თუმცა ვერაფერს დამაკლებენ, ისევ საკუთარ გუნდს აზიანებენ, თავიანთ რეალურ სახეს კიდევ ერთხელ წარმოაჩენენ. შეუძლიათ გააგრძელონ, ჩვენ კი გავაგრძელებთ კონსტრუქციულ გზას. არ ვუპასუხებთ ზიზღს ზიზღით. ახლა ჩემი მთავარი ამოცანაა ამომრჩეველს რწმენა დავუბრუნოთ. “ოცნების” მიერ ჩატარებული არჩევნების შემდეგ ბევრი ფიქრობს, რომ არჩევნებს აზრი აღარ აქვს - აი, ეს განწყობა მინდა შევცვალო! ჩვენთვის მთავარია განსხვავებული პოზიციების მქონე ელექტორატის გაერთიანება შევძლოთ. არ ვაპირებ “ნაციონალების”, “გირჩის” ან სხვა პარტიების ელექტორატი ცალკეულ ჯგუფებად დავყო. მმართველი გუნდის ამოცანა პარლამენტში ოპოზიციის დასუსტებაა. ამისთვის პოლიტიკური პარტიებისთვის სხვადასხვა იარლიყის მიწებებას და მათ ერთმანეთთან დაპირისპირებას ცდილობს. ამიტომ ჩვენ ხელისუფლების განცხადებებით არ ვიხელმძღვანელებთ. სრული იგნორირება მოჰყვება ხელისუფლების ცილისმწამებლურ კამპანიას”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ბადრი ჯაფარიძე.

“ჩემი პასუხი იქნება მშვიდი, გაერთიანებისკენ მიმართული ინიციატივებით. უსამართლობასა და თავნებობას პასუხს გავცემ ერთიანობითა და დადებითი დღის წესრიგით, ოპტიმიზმით და რწმენით. ვეცდები რუსთაველებსა და გარდაბნელებს ავუხსნა, თუ რატომ არის მნიშვნელოვანი და განსაკუთრებით ღირებული ეს არჩევნები. ჩემთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტა სამწლიანი დევნის კულმინაცია იყო. მეტს ვეღარ გაბედავენ. ყველაფერს, მათ შორის “ქართული ოცნების” შესაძლებლობებსა და მავნებლობასაც აქვს საზღვარი. ხომ ნახეთ, მმართველი გუნდის ასეთმა საქციელმა საერთაშორისო საზოგადოებრიობის, როგორც ამერიკის, ისე, ევროსაბჭოს კრიტიკა გამოიწვია. ეს სულაც არ არის უმნიშვნელო ფაქტორი”, - განაგრძობს რესპონდენტი.

“ვერ გეტყვით, ვიქნები თუ არა ოპოზიციის ერთიანი კანდიდატი, შეიძლება ზოგიერთმა ოპოზიციურმა პარტიამ თავისი კანდიდატი დააყენოს, მაგრამ მე მინდა ფართო შეთანხმებას მივაღწიო ოპოზიციურ პარტიებთან და 2 აპრილის არჩევნების მოგება იყოს არა ბადრი ჯაფარიძის პასუხი თავხედობასა და უკანონობაზე, არამედ მთელი საზოგადოების პასუხი ქვეყანაში უსამართლობაზე. ეს არ არის ბრძოლა პარლამენტში დაბრუნებისთვის, ეს არის ბრძოლა სამართლიანობისთვის”, - განმარტავს “ლელოს” ლიდერი და შეკითხვაზე - “განსჯის საგანი გახდა თქვენი ორი წლის წინანდელი გადაწყვეტილება 19 აპრილის შეთანხმებასა და ოპოზიციური პარტიების მიერ სიების ჩახსნის თაობაზე. დღევანდელი გადმოსახედიდან, სად დაუშვით შეცდომა ბოიკოტის გამოცხადების დროს, შეწყვეტის, სიების ჩახსნის დროს თუ მაშინ, როცა პარლამენტში შეხვედით და განულებული სიების აღდგენა აღარ მოითხოვეთ?” - პასუხობს:

“ბოიკოტი შეცდომა არ იყო. ჩვენ სწორედ ამ ხუთთვიანი ბოიკოტის შემდეგ მივიღეთ ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი დოკუმენტი. ასეთი შეთანხმებისა და რეფორმებისთვის არა მარტო სიის ჩახსნა ღირდა, არამედ ნებისმიერი სხვა მშვიდობიანი პროტესტის ფორმაც. რაც შეეხება იმას, რომ შარლ მიშელის ჩართულობით მიმდინარე მოლაპარაკებების დროს განულებული სიების აღდგენა არ მოვითხოვეთ, ჩვენ ვერ წარმოგვედგინა, რომ “ქართული ოცნება” შეთანხმებას სრულად არ შეასრულებდა. როდესაც მმართველი გუნდი პარლამენტში შესვლას გვთხოვდა, ნამდვილად არ ველოდით, რომ მეორე დღეს ზურგში ხანჯალს ჩაგვცემდნენ. ამასთან, იმის მოლოდინიც გვქონდა, რომ ასეთი მნიშვნელოვანი მედიატორების მონაწილეობა ჩვენი შეთანხმების შესრულებას უზრუნველყოფდა. ახლა ნათელია, რომ ისეთ ძალასთან შეთანხმებას, როგორიც “ქართული ოცნებაა”, ფასი არა აქვს”.

“თუმცა ამ ყველაფერს ერთი დადებითი რამ მოჰყვა - დიახ, "ქართული ოცნება" სამარცხვინოდ მოიქცა, მაგრამ დღეს, როცა ბრიუსელში ჩავდივართ და დასავლელ პარტნიორებს ვხვდებით, ისინი ყოველთვის აღნიშნავენ, რომ ძალიან მნიშვნელოვანი იყო შარლ მიშელის დოკუმენტზე ჩვენი ხელმოწერა. ჩვენ ერთნაირად ვფიქრობთ, რომ 19 აპრილს მიღებული დოკუმენტი არის ევროკავშირში საქართველოს საგზაო რუკა... არჩევნებზე გაყალბების ცდას თუ დავინახავთ, თვალს ნამდვილად არ დავხუჭავთ. რაც შეეხება მოწოდებას არჩევნებში მონაწილეობაზე უარის თქმასა და პარლამენტის დატოვების შესახებ, არ ვფიქრობ, რომ ყველა ოპოზიციონერი გამოვა პარლამენტიდან. მე კონცენტრირებული ვარ საარჩევნო კამპანიაზე. ჩემი აზრით, ამ ბრძოლაში შესვლა აუცილებელია, რათა ჩვენმა მხარდამჭერებმა იგრძნონ, რომ ფარ-ხმალს არ ვყრით და უსამართლობას არ ვეგუებით”, - დასძენს ბადრი ჯაფარიძე.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა