ალექსანდრე თვალჭრელიძე - თუ ჩვენი ხელისუფლება ახალ სისულელეებს არ ჩაიდენს, ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანება მალე შეიძლება მოხდეს, ევროპას რუსეთთან ომის აღარ ეშინია

უკრაინასა და უკრაინის ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე, სავარაუდოდ, როგორ შეიძლება აისახოს რუსეთზე მის წინააღმდეგ დაწესებული ეკონომიკური და ფინანსური სანქციები „ინტერპრესნიუსი“ საქართველოს საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა აკადემიის ვიცე-პრეზიდენტს, ალექსანდრე თვალჭრელიძეს ესაუბრა.

- ბატონო ალექსანდრე, რუსეთი აგრძელებს უკრაინაში ფართომასშტაბიან ომს. უკრაინის ხელისუფლება, შეიარაღებული ძალები და მოსახლეობა ქვეყნის სუვერენიტეტისა და ღირსების დაცვის ახალ ისტორიას ქმნიან.

ცალკე საუბრის თემაა ამ პროცესებზე აშშ-სა და ევროპის რეაქცია და გადაწყვეტილებები რუსეთთან მიმართებაში. ჩვენ ამ თემებს აუცილებლად შევეხებით.

უკვე ცხადია, რომ მსოფლიო ისეთი აღარ იქნება, როგორიც ის რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ ომის დაწყებამდე იყო. ვითარება პრაქტიკულად ყოველწამიერად იცვლება, მაგრამ ასე დავსვამდი კითხვას - როგორ შეაფასებდით იმას, რაც ახლა უკრაინაში მას შემდეგ ხდება, რაც რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი ომი დაიწყო?

- უპირველეს ყოვლისა, არ შემიძლია არ გაგიზიაროთ ჩემი ამ ბოლო დღეების ნაფიქრალი. მე აღმაშფოთა იმ უტიფარმა, ცივილიზებული სამყაროსთვის ყოვლად მიუღებელმა აგრესიამ, რომელიც რუსეთმა დამოუკიდებელი, რადიკალური დემოკრატიული და სოციალურ-ეკონომიკური რეფორმების გზაზე მდგარი უკრაინის წინააღმდეგ განახორციელა.

მე აღმაშფოთა იმ ქედმაღლურმა, ამპარტავანმა, ფსევდომეცნიერულმა და აშკარად ქსენოფობიურმა რიტორიკამ, რომლითაც პრეზიდენტმა პუტინმა დიდი ისტორიისა და კულტურის მქონე, თავისუფლებისმოყვარე, ამაყი, მებრძოლი უკრაინული ერის წინააღმდეგ ომის, ოკუპაციის და აგრესიის გამართლება სცადა. პუტინის რიტორიკა გაჭრილი ვაშლივით ჰგავს ჰიტლერის სიტყვებს, რომელიც მან 1939 წელს პოლონეთში შეჭრის გასამართლებლად წარმოთქვა. და მე დარწმუნებული ვარ, რომ საბოლოოდ პუტინიც ჰიტლერივით დაასრულებს. ისტორიის განაჩენს ვერავინ გაექცევა.

პუტინის რიტორიკა გაჭრილი ვაშლივით ჰგავს ჰიტლერის სიტყვებს, რომელიც მან 1939 წელს პოლონეთში შეჭრის გასამართლებლად წარმოთქვა. და მე დარწმუნებული ვარ, რომ საბოლოოდ პუტინიც ჰიტლერივით დაასრულებს. ისტორიის განაჩენს ვერავინ გაექცევა

რამდენიმე თვის წინ გითხარით, რომ ომი უკრაინაში რუსეთის ფედერალური სახელმწიფოს დასასრულის დასაწყისი იქნება. ეს დროც დადგა. ამას უკვე ევროკავშირის ლიდერებიც არ მალავენ.

უკრაინამ კი, პუტინის გასაოცრად, დაამტკიცა, რომ ის დიდი ერია. გასაჭირის ჟამს მან შიდაპარტიული კინკლაობა დაასრულა და ურყევი მონოლითივით მტერს კრიჭაში ჩაუდგა. ყველა პუტინის ზრახვა, რომ ომი უკრაინაში სამოქალაქო ბზარს გააჩენდა, აბსოლუტურად ფუჭი გამოდგა. მართლაც - ძალა ერთობაშია.

ომი უკრაინაში რუსეთის ფედერალური სახელმწიფოს დასასრულის დასაწყისი იქნება. ეს დროც დადგა. ამას უკვე ევროკავშირის ლიდერებიც არ მალავენ

- მას შემდეგ, რაც პუტინმა რუსეთის ბირთვული ძალები განსაკუთრებულ რეჟიმზე გადაიყვანა ყველაზე აქტუალური თემაა გამოიყენებს თუ არა პუტინი ამ ომში ბირთვულ იარაღს.

იმაზე, რომ რუსეთის პრეზიდენტი პუტინი სრულ ჭკუაზე არაა, ახლა ბევრი წერს. ამის ფონზე კითხვაც სულ მეტ აქტუალურობას იძენს. ვხედვათ, რომ რუსეთი უკრაინას ბალისტიკური რაკეტებით ბომბავს, მაგრამ ფაქტია, რომ ბირთვული იარაღი მეორე მსოფლიო ომის შემდეგ არავის გამოუყენებია.

მიუხედავად იმისა, რომ ბირთვულმა ქვეყნებმა სულ ცოტა ხნის წინ კიდევ ერთხელ განაცხადეს ბირთვული იარაღის არგამოყენების შესახებ, არაა გამორიცხული, რომ საერთაშორისო იზოლაციაში მოქცეულმა პუტინმა მიიღოს გადაწყვეტილება ბირთვული იარაღის გამოყენების შესახებ.

თქვენი დაკვირვებით რამდენად დიდია იმის ალბათობა, რომ პრეზიდენტმა პუტინმა უკრაინის წინააღმდეგ ბირთვული იარაღი გამოიყენოს?

- სამხედრო ექსპერტი ნამდვილად არა ვარ, მაგრამ ერთს გეტყვით - ვინც წითელი ღილაკის დაჭერას აპირებს, ამის შესახებ საჯაროდ ტელეკამერების წინ მსოფლიოს არ ატყობინებს. არ ვიცი, დააჭერს თუ არა პუტინი წითელ ღილაკს, მაგრამ მისი გზავნილი დასავლეთის დაშინებას ემსახურებოდა. დასავლეთს კი არ შეშინებია.

ვინც წითელი ღილაკის დაჭერას აპირებს, ამის შესახებ საჯაროდ ტელეკამერების წინ მსოფლიოს არ ატყობინებს. არ ვიცი, დააჭერს თუ არა პუტინი წითელ ღილაკს, მაგრამ მისი გზავნილი დასავლეთის დაშინებას ემსახურებოდა. დასავლეთს კი არ შეშინებია

ომმა უკრაინაში დასავლეთის დემოკრატიებს წინააღმდეგობები და უთანხმოებანი დაავიწყებინა და ისინი ეხლა ერთიან, ძლიერ გუნდს წარმოადგენენ. სარკასტულად ვიტყვი - მადლობა პუტინს: მან მოახერხა ის, რაც ბაიდენმა, შოლცმა და მაკრონმა მრავალი თვის განმავლობაში ვერ მოახერხეს!

ვთქვი, რომ დასავლეთს არ ეშინია. არ ეშინია იმიტომ, რომ ის ასეთი სცენარისთვის დიდი ხანია ემზადებოდა და მისი საპასუხო ტექნოლოგიები გააჩნია. აშშ-სა და ევროპის ცა პუტინის რაკეტებისთვის დაკეტილია. უკრაინულ და ჩვენ ცასაც დახურავენ მალე, ალბათ. არსებობს სხვა, რუსეთისთვის გაცილებით უფრო სახიფათო სცენარებიც. თუ პუტინს დედამიწის აფეთქება სურს, იგი ამას ვერ მოახერხებს. რუსეთი მეოცე საუკუნეში ჩარჩა, მსოფლიო კი ვითარდება.

თუ პუტინს დედამიწის აფეთქება სურს, იგი ამას ვერ მოახერხებს. რუსეთი მეოცე საუკუნეში ჩარჩა, მსოფლიო კი ვითარდება

უკრაინის წინააღმდეგ ბირთვული იარაღის გამოყენება კი ტექნიკურად გაუჭირდება პუტინს - თუ სამხრეთ-აღმოსავლეთით გამოიყენებს - დაზარალდება თვით რუსეთი და დონბასის რუსული მოსახლობა. თუ ჩრდილოეთით - ბელარუსი, თუ დასავლეთით - პოლონეთი, ეს კი ომია ნატოსთან.

- ბელარუსში, მდ. პრიპიატის ნაპირზე რუსეთისა და უკრაინის დელეგაციების მოლაპარაკებები გაიმართა. გასაგებია, რომ მხარეებს შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით დიამეტრულად განსხვავებული მიდგომები და ამოცანები ჰქონდათ. თქვენ როგორ შეაფასებდით ამ შეხვედრის შედეგებს და ამ შეხვედრის შემდეგ, სავარაუდოდ როგორ განვითარდება პროცესები უკრაინაში?

- მოლაპარაკებების პირველ ტურს მეორე მოჰყვება, ალბათ, მეორეს - მესამე, მანამდე კი ჭურვები ფეთქდება უკრაინის მიწაზე.

- მართალია ვაშინგტონი და კოლექტიური დასავლეთი აშკარად გვიან მოვიდა გონს, მაგრამ ახლა ვხედავთ, რომ ცივილიზებულმა სამყარომ პრაქტიკულად ისეთი გადაწყვეტილებები მიიღო, მხედველობაში მაქვს რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული ეკონომიკური სანქციები, გლობალური საბანკო სისტემიდან რუსეთის გათიშვა, უდიდესი რუსული ბანკების ანგარიშების გაყინვა და ასევე ოლიგარქების ანგარიშების გაყინვა, რაც სულ ცოტა ხნის წინ წარმოუდგენელიც კი იყო.

ფაქტია, რომ რუსეთს შეეზღუდა მსოფლიო რესურსებთან და მსოფლიო ბაზრებთან წვდომა. ტექნოლოგიების მიღება და ასე შემდეგ. ფაქტია, რომ ცივილიზებული სამყარო კრემლის შესაჩერებლად ისეთ სანქციებს უწესებს რუსეთს, რომლებიც არა მარტო გრძელვადიან, არამედ მოკლევადიან პერიოდშიც იქნება რუსეთისთვის უმძიმესი ეკონომიკური დარტყმა.

თქვენი დაკვირვებით, რა ვითარებაში აღმოჩნდება რუსეთი მას შემდეგ, რაც ეკონომიკური და სხვა ტიპის სანქციები რუსეთის წინააღმდეგ სრულად ამუშავდება?

- მოდით, განვასხვაოთ ერთმანეთისგან მოკლევადიანი და გრძელვადიანი შედეგები.

პირველი, მე მეჩვენება, რომ პუტინი ვირტუალურ სამყაროში არსებობდა, მას რეალურ სურათს ყველა უმალავდა და ახლა იგი იმკის თავისი ქსენოფობიური და იმპერიული ქმედებების რეალურ შედეგებს.

აღმოჩნდა, რომ ჩიპები, რომლითაც აღჭურვილია რუსული რაკეტები და თვითმფრინავები, ტაივანში მზადდებოდა, შემდეგ მას ბატონი როგოზინის ბრძანებით რუსული იარლიყი ეკერებოდა. სანქციებმა რუსეთს ამ ჩიპებამდე წვდომა შეუზღუდა. მალე რუსეთი რაკეტებისა და საბრძოლო ტექნიკის ღრმა დეფიციტს იგემებს.

რუსი ოპოზიციონერი ანალიტიკოსები ამტკიცებენ, რომ დასავლური ტექნოლოგიების გარეშე რუსეთს მტვერსასრუტის აწყობაც გაუჭირდება. რუსეთმა უკვე მიმართა ყაზახეთსა და სომხეთს სამხედრო დახმარებისთვის, მაგრამ უშედეგოდ. რუსეთმა მიმართა კადიროვის ექსტრემისტულ რაზმს, რაც სამარცხვინოა.

მეორე, აშკარად კორუფციული ინტერესების გამო, რუსეთმა კი არ შეიძინა თვითმფრინავები სამოქალაქო ავიაციისთვის, არამედ ლიზინგით აიღო ირლანდიაში და ირლანდიის შუამავლობით. ახლა ირლანდიამ სალიზინგო კონტრაქტი შეწყვიტა და თვითმფრინავების დაბრუნება მოითხოვა. რომც არ დააბრუნოს, მათი ტექნიკური მომსახურება რუსეთის შიდა რესურსებით შეუძლებელია. ტუ და ილები აღარ იწყობა, ანი კი უკრაინული თვითმფრინავია.

მესამე, რუსული საბანკო დაწესებულებების ამერიკისა და ევროპის, ასევე, ავსტრალიისა და ოკეანეთის ბაზრებზე შეზღუდვამ და რუსეთის ცენტრალური ბანკის სავალუტო (შესაძლებელია, ასევე, ოქროს) რეზერვების გაყინვამ მყისიერი ფინანსურ-ეკონომიკური კრიზისი გამოიწვია.

რუსული საბანკო დაწესებულებების ამერიკისა და ევროპის, ასევე, ავსტრალიისა და ოკეანეთის ბაზრებზე შეზღუდვამ და რუსეთის ცენტრალური ბანკის სავალუტო (შესაძლებელია, ასევე, ოქროს) რეზერვების გაყინვამ მყისიერი ფინანსურ-ეკონომიკური კრიზისი გამოიწვია

რუბლმა ორშაბათს თავის ისტორიულ მინიმუმს მიაღწია, მოსკოვისა და სანქტ-პეტერბურგის ბირჟები დაიკეტა, რუსული ბანკები ვალუტას აღარ გასცემენ, უცხოური მედიასაშუალებების ეკრანებზე ჩანს რუს მოქალაქეთა უზარმაზარი რიგები ბანკებთან და, თქვენ წარმოიდგინეთ, სასურსათო მაღაზიებთან.

მეოთხე, ჩინეთმაც კი თქვა უარი რუსული ნავთობის შეძენაზე.

მეხუთე. ომის ფონზე ფინეთმა ნატოში გაწევრიანების სურვილი გამოთქვა, ანუ პუტინმა ზუსტად საპირისპირო შედეგებს მიაღწია, ვიდრე ვარაუდობდა.

ახლა, რამდენიმე სიტყვა, რატომ დაიგვიანა დასავლეთმა. სულ სხვაა დამარცხებული და მებრძოლი ქვეყნისთვის დახმარების გაწევა. და აქ უზარმაზარია პრეზიდენტ ზელენსკის როლი, მისი სიმამაცე, ორგანიზატორული ნიჭი და შეუდრეკელობა. ზელენსკი 3 დღეში სუსტი პრეზიდენტიდან მსოფლიო დონის გმირად გადაიქცა.

მასობრივი დახმარება გაეწია უკრაინას მაშინ, როცა მან ზელენსკის თაოსნობით მსოფლიოს თავისი საუკეთესო ეროვნული თვისებები დაანახა. პირველად ისტორიაში გერმანიამ კონფლიქტში გახვეულ ქვეყანას ლეტალური იარაღი მიაწოდა.

პირველად 1939 წლის შემდეგ შვედეთმა სამხედრო დახმარება აღუთქვა ომში გახვეულ ქვეყანას.

პირველად კაცობრიობის ისტორიაში შვეიცარიის ბანკები, ხაზს გავუსვამ, თავისთვის საზიანოდ, შეუერთდნენ ეკონომიკურ სანქციებს. დასავლეთს კარგად ახსოვს ისტორიის გაკვეთილები. ახსოვს 1939 წლის მიუნხენის სამარცხვინო კონფერენციაც, როცა დიდმა ბრიტანეთმა, საფრანგეთმა და იტალიამ მშვიდობის შენარჩუნების ილუზორული იმედით ჰიტლერს ჩეხოსლოვაკია ლუკმად მიუგდეს. ასეთ შეცდომას აღარ გაიმეორებენ.

პუტინი და ლავროვი კი იმ მცირერიცხოვან პირველი რანგის პოლიტიკურ ლიდერებს შეუერთდნენ, რომელთა წინააღმდეგ გამოყენებულია პერსონალური სანქციები. კარგია ბაშარ ასადისა და კიმ ჩენ ინის გვერდით დგომა, არა?!

ახლა გრძელვადიან შედეგებზე. ამ სანქციებს თუ ნავთობის ფასების ხელოვნური დაწევა დაემატა, რუსეთი, როგორც ფედერალური სახელმწიფო, აღარ იარსებებს. გაგახსენებთ, რომ ასეთმა პოლიტიკამ, რომელიც პირველად რონალდ რეიგანმა გამოიყენა და რომელსაც „ნავთობის ახალი პოლიტიკური ეკონომია“ ეწოდა, დაშალა საბჭოთა კავშირი.

ამ სანქციებს თუ ნავთობის ფასების ხელოვნური დაწევა დაემატა, რუსეთი, როგორც ფედერალური სახელმწიფო, აღარ იარსებებს. გაგახსენებთ, რომ ასეთმა პოლიტიკამ, რომელიც პირველად რონალდ რეიგანმა გამოიყენა და რომელსაც „ნავთობის ახალი პოლიტიკური ეკონომია“ ეწოდა, დაშალა საბჭოთა კავშირი

გლობალიზებულ სამყაროში კი ნავთობის ფასს აშშ-ის დოლარის ყიდვაუნარიანობა აკონტროლებს. პრეზიდენტმა ბაიდენმა სასწრაფოდ უნდა დაავალოს სახელმწიფო რეზერვს გააძლიეროს დოლარი.

- ისეთი პირი უჩანს, რომ ეს სანქციები რუსეთს კარგა ხანს არ მოეხსნება. ვითარებაში, როცა პრაქტიკულად მთელი ცივილიზებული სამყაროსაგან მოწყვეტილი შეიძლება აღმოჩნდეს, ასეთ რეჟიმში, სავარაუდოდ, რამდენ ხანს შეიძლება გაძლოს რუსეთის ეკონომიკამ, თუნდაც საბანკო სისტემამ?

- არსებული ეკონომიკური და საბანკო სანქციების პირობებში რუსეთმა მაქსიმუმ ამ წლის ზაფხულამდე გაძლოს. შემდეგ დეფოლტის დრო დადგება.

არსებული ეკონომიკური და საბანკო სანქციების პირობებში რუსეთმა მაქსიმუმ ამ წლის ზაფხულამდე გაძლოს. შემდეგ დეფოლტის დრო დადგება

დიდი იმედი მაქვს, რომ თუ მანამდე მთავრობასთან მიახლოებული ახალგაზრდები ლაჩრულად მოიქცევიან და ქმედით ზომებს არ მიმართეს, ეს მაინც გამოაღვიძებს რუსულ ამორფულ საზოგადოებას და მთავრობა შეიცვლება.

ხოლო თუ პუტინმა ბირთვული იარაღი გამოიყენა, რუსეთი საერთოდ აღარ იარსებებს. დარჩება ცარიელი ტერიტორია.

- თქვენ კი აკეთებთ ასეთ პროგნოზებს, მაგრამ პრემიერმა ღარიბაშვილმა განაცხადა - „უკრაინაში ომის შემჩერებელი დღეს არავინ არის და ვთქვათ პირდაპირ, რომ სანქციები არ არის ეფექტური საშუალება“. პრაქტიკულად ამბობს, რომ დასავლეთი სუსტია და ასე შემდეგ.

უკრაინაში და მსოფლიოში უკრაინის გამო ისეთი ამბები ხდება, ნამდვილად არ მინდოდა პრემიერ ღარიბაშვილის განცხადებებზე ყურადღების გამახვილება, მაგრამ რადგან იგი თავად ცდილობს მედიაში იყოს აქტუალური, მე კითხვას ასე დავსვამდი - პრემიერმა არ იცის რაც თქვენ ბრძანეთ? არც გარემოცვაში ჰყავს ვინმე, რომ ამ თემებზე გაევლო კონსულტაციები, თუ რა ხდება?

- რატომ ჰგონია ღარიბაშვილს, რომ ერთად აღებულ ჯო ბაიდენზე, ოლაფ შოლცზე, ემანუელ მაკრონზე, ბორის ჯონსონზე უფრო ჭკვიანია? რატომ ჰგონია, რომ პროვინციული კონფორმიზმი ჩვენ გადაგვარჩენს? არ იცის, როგორ დაიწყო პირველი მსოფლიო ომი? არ იცის ძველი რომაული პრინციპი - divide et impera (გაყავი და იბატონე)?

რატომ ჰგონია ღარიბაშვილს, რომ ერთად აღებულ ჯო ბაიდენზე, ოლაფ შოლცზე, ემანუელ მაკრონზე, ბორის ჯონსონზე უფრო ჭკვიანია? რატომ ჰგონია, რომ პროვინციული კონფორმიზმი ჩვენ გადაგვარჩენს? არ იცის, როგორ დაიწყო პირველი მსოფლიო ომი? არ იცის ძველი რომაული პრინციპი - divide et impera (გაყავი და იბატონე)?

ეხლა დადგა ისეთი დრო, როცა პოლიტიკური ხრიკებისთვის სივრცე არ რჩება. ეხლა დადგა დრო, როცა შენ ან ცივილიზებულ სამყაროსთან ერთად, ან მის წინააღმდეგ ხარ. ტყუილად ხომ არ მოუწოდა დმიტრო კულებამ ყველა ქვეყანას, შეწყვიტოს ეკონომიკური ურთიერთობა რუსეთთან. მაინც სულ მალე რუსეთი გადახდისუუნარო გახდება.

ახლა დადგა ეროვნული ერთიანობის დრო. მაინცდამაინც რუსული ჭურვები უნდა ვარდებოდეს ჩვენ მიწაზე, რომ გავერთიანდეთ? ეხლა ხომ ნათელი ხდება, რომ სალომე ზურაბიშვილის მოწოდება ეროვნული თანხმობისთვის ერთადერთი გამოსავალია. პარლამენტში კი ჩვენ ისევ ვიწროპარტიული კინკლაობის მოწმენი ვართ. სირცხვილია ეს ყველაფერი.

კიდევ კარგი, რომ ეროვნული ბანკი დამოუკიდებელი ორგანიზაციაა და ვი-თი-ბის წინააღმდეგ სანქციებს შეუერთდა და ამასთან ქართველი მეანაბრეები დააზღვია. თორემ თავი საერთოდ გვექნებოდა მოსაჭრელი.

ეხლა დადგა ისეთი დრო, როცა პოლიტიკური ხრიკებისთვის სივრცე არ რჩება. ახლა დადგა დრო, როცა შენ ან ცივილიზებულ სამყაროსთან ერთად, ან მის წინააღმდეგ ხარ

არ ვიცი, როგორ ან რა ლოგიკით აზროვნებს ჩვენი მთავრობა. არ ვიცი, რატომ ერთ დილას ჩვენი პრემიერ მინისტრი უკრაინას სოლიდარობას უცხადებს, ხოლო ნაშუადღევს მის აგრესორთან თანამშრომლობისთვის მზადაა. ეს არ არის საქართველოს ეროვნული ინტერესები. ასე უკრაინას და მოლდოვას ევროკავშირში ჩვენზე ადრე მიიღებენ.

ერთსაც ვიტყვი. ყველას ისეთი მრჩეველი ჰყავს, რომელსაც თვითონ ირჩევს.

- ფაქტია, რომ ახლა უკრაინის გამო ისტორიაში პირველად ბევრი რამ ხდება - ევროკავშირი შეისყიდის იარაღს და მიაწვდის მას უკრაინას. ბოლო კვირებში განვითარებულმა მოვლენებმა შექმნა ახალი რეალობა, ნეიტრალურმა შვეიცარიამაც კი მიიღო გადაწყვეტილება უკრაინისთვის იარაღის შეძენისა და გაგზავნის თაობაზე, აღარაფერს ვამბობ იმას, რომ შვეიცარიამაც ივალდებულა შვეიცარიულ ბანკებში რუსული ფინანსების დაყადაღება.

ფაქტია, რომ ახლა ლამის მთელი მსოფლიო აიარაღებს უკრაინას. მეტიც, ნატომ მიიღო გადაწყვეტილება რაღაც ფორმით ჩაერთოს საომარ მოქმედებებში. რადგან ასეთი ვითარებაა - მთელი ცივილიზებული სამყარო უკრაინის მხარესაა კითხვას ასე დავსვამდი - სავარაუდოდ, როგორი დასასრული შეიძლება ჰქონდეს რუსეთის ომს უკრაინაში?

- პირველ რიგში, დავამატებ, რომ უკრაინაში ქართველი ბიჭებიც იბრძვიან. ქართულ ლეგიონზე ლეგენდები დადის.

აწი, როგორც არ უნდა განვითარდეს საომარი მოქმედებები, ამ ომში უკრაინაა გამარჯვებული. რუსეთი კი განკვეთეს ცივილიზებული სამყაროდან. რუსეთის ომმა უკრაინაში შეუქცევადად შეცვალა მსოფლიო.

როგორც არ უნდა განვითარდეს საომარი მოქმედებები, ამ ომში უკრაინაა გამარჯვებული. რუსეთი კი განკვეთეს ცივილიზებული სამყაროდან. რუსეთის ომმა უკრაინაში შეუქცევადად შეცვალა მსოფლიო

ცხადი გახდა, რომ აუცილებელია კოლექტიური უსაფრთხოების გარანტიები, რაც ხარისხობრივად კიდევ უფრო დიდ გლობალიზაციას გულისხმობს. ვინც არ შეუერთდება ამ სისტემას, განკვეთილი აღმოჩნდება. სხვათა შორის, ეს ჩინეთსაც ესმის.

- ისეთი პირი უჩანს, რომ უკრაინაში სიტუაციის დეესკალაციის შემდეგ, ევროპასა და მთელს ცივილიზებულ მსოფლიოს მოუწევს თანამედროვე უსაფრთხოების მთლიანი სისტემის გადახედვა, ახალ გამოწვევებზე მორგება და ახალ საფრთხეებზე რეაგირების ახალი მექანიზმების შექმნა.

ვიდრე პროცესები არ დასრულებულა, რაიმე კონკრეტულზე საუბარი თითქოს ნაადრევიც კი, მაგრამ, ფაქტია, რომ რუსეთმა უკრაინაში იმის დაწყებით თავად შეუწყო ხელი ამ პროცესს.

ვაშინგტონი და დასავლეთი კარგა ხანს ცდილობდა გამხდარიყო რუსეთი ყველას პარტნიორი, მაგრამ ეს კრემლმა თავად არ მოისურვა. იმ პროცესების ფონზე რაც უკრაინაში ხდება, თქვენი დაკვირვებით, სავარაუდოდ როგორი შეიძლება აღმოჩნდეს მსოფლიო ამ პროცესების შემდეგ? და რამდენად დიდია იმის შანსი, რომ საქართველომაც იოლად მოძებნოს თავისი უსაფრთხოების გარანტიები?

ცხადი გახდა, რომ აუცილებელია კოლექტიური უსაფრთხოების გარანტიები, რაც ხარისხობრივად კიდევ უფრო დიდ გლობალიზაციას გულისხმობს. ვინც არ შეუერთდება ამ სისტემას, განკვეთილი აღმოჩნდება. სხვათა შორის, ეს ჩინეთსაც ესმის

- თუ ჩვენი ხელისუფლება ახალ სისულელეებს არ ჩაიდენს, ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანება მალე შეიძლება მოხდეს. ევროპას რუსეთთან ომის აღარ ეშინია.

მაგრამ, თუ ადრე ამ დაახლოების პროცესში ჩვენ ვიყავით ლიდერები, ახლა კუდში უკრაინას მივდევთ. თუ გნებავთ, პარტიული ეგოიზმით განპირობებულ ჩვენი ხელისუფლების მიუტევებელ შეცდომებს ერთხელ ცალკე ინტერვიუ დავუთმოთ.

„ინტერპრესნიუსი“

კობა ბენდელიანი

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო