ვახუშტი მენაბდე - „ქართულ ოცნებას“ პრეზიდენტის წინააღმდეგ შანსი არ უნდა ჰქონდეს, თუმცა ვშიშობ, საკონსტიტუციო სასამართლო დავას მიუკერძოებლად ვერ განსჯის - ხელისუფლება ზურაბიშვილის ძველ კალაპოტში დაბრუნებას ცდილობს

ვშიშობ, საკონსტიტუციო სასამართლო დღეს არ არის ის ორგანო, რომელსაც დამოუკიდებლად შეუძლია განიხილოს დავა და გაუძლოს ხელისუფლების ზეწოლას, - ამის შესახებ კონსტიტუციური სამართლის სპეციალისტმა, ვახუშტი მენაბდემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ „ქართული ოცნების“ მიერ საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილ სარჩელზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, ხელისუფლება საკონსტიტუციო სასამართლოს აკონტროლებს და ამიტომ მას დავის დამოუკიდებლად განხილვა არ შეუძლია.

„დღესდღეობით საკონსტიტუციო სასამართლოს უმრავლესობას აკონტროლებს მმართველი გუნდი, რაც იმას ნიშნავს, რომ სასამართლოს არ შეუძლია მიუკერძოებლად ამ დავის გადაწყვეტა, მას არ შეუძლია იტვირთოს მიუკერძოებელი არბიტრის როლი ამ დავაში.

ვშიშობ, საკონსტიტუციო სასამართლო დღეს არ არის ის ორგანო, რომელსაც დამოუკიდებლად შეუძლია განიხილოს დავა და გაუძლოს ხელისუფლების ზეწოლას“, - განაცხადა ვახუშტი მენაბდემ

როგორც ვახუშტი მენაბდემ აღნიშნა, რომელიმე ელჩის დანიშვნაზე უარის თქმა პრეზიდენტის კონსტიტუციური უფლებაა და თუ დავას მიუკერძოებელი სასამართლო განიხილავს, „ქართულ ოცნებას“ შანსი არ ექნება.

„კონსტიტუცია ამბობს, რომ პრეზიდენტი მთავრობის წარდგინებით ნიშნავს ელჩებს და ეს ნიშნავს, რომ ის ნიშნავს, ან არ ნიშნავს. ის თუ ჩათვლის, რომ პირი, რომელიც წარუდგინეს, შეესაბამება პოლიტიკური ან ბიოგრაფიული თვალსაზრისით თანამდებობას, დანიშნავს, თუ ჩათვლის, რომ არ შეესაბამება, დაუბრუნებს უკან და მოითხოვს ახალი კანდიდატურის წარმოდგენას. „ქართული ოცნება“ ამის საწინააღმდეგო განმარტებას აკეთებს, მხოლოდ ფორმალურ თანხმობამდე დაჰყავს ეს ყველაფერი. პრეზიდენტი კონსტიტუციის შესაბამისად მოქმედებდა და ამ დავაში მიუკერძოებელი განხილვის პირობებში „ქართული ოცნების“ მთავრობას შანსი არ უნდა ჰქონდეს, თუმცა ვშიშობ, რომ საკონსტიტუციო სასამართლო მიუკერძოებლად ვერ განსჯის ამ დავას“, - განცხადა ვახუშტი მენაბდემ.

მისივე თქმით, პრეზიდენტი „ქართული ოცნებისთვის“ ძალაუფლების კონსოლიდაციის გზაზე დაბრკოლება აღმოჩნდა.

“„ქართული ოცნება“ ცდილობს ძალაუფლების კონსოლიდაციას, საკუთარ ხელში თავმოყრას. ეს ძალაუფლება გადანაწილებულია სხვადასხვა კონსტიტუციურ ინსტიტუტებში: პარლამენტში, მთავრობაში, თვითმმართველობაში, პრეზიდენტში და ა.შ. როგორც ჩანს, არსებობდა გარკვეული უთანხმოება პრეზიდენტს და მთავრობას შორის და პრეზიდენტი გარკვეულ წინააღმდეგობას უწევდა ძალაუფლების კონცენტრაციის მცდელობას, მაგრამ ამ დრომდე ეს საკითხი ჩვენთვის ღია არ გამხდარა, თუმცა ეჭვები ყოველთვის არსებობდა. პრეზიდენტის პარლამენტში გამოსვლის შემდეგ კონფლიქტი გახდა ღია და კონფლიქტის არსი რაში მდგომარეობს? - პრეზიდენტი აღმოჩნდა დაბრკოლება ძალაუფლების კონსოლიდაციის გზაზე უმრავლესობისთვის და ახლა ცდილობენ, პრეზიდენტზე გავლენის მოხდენას და ან მის დაბრუნებას ძველ კალაპოტში, ან თეორიულად შესაძლებელია იმპიჩმენტზეც ვისაუბროთ. მიუხედავად იმისა, რომ დღესდღეობით იმპიჩმენტზე არ არის ლაპარაკი ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ხვალაც არ იქნება საუბარი“, - განაცხადა ვახუშტი მენაბდემ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა