ქართული პრესის მიმოხილვა 23.03.2022

ტაქტიკური პაუზა, თანამედროვე “მანერჰეიმის ხაზი” და სავარაუდო სატყუარა ოპერაციები - რა ხდება უკრაინაში

ვისზეა გათვლილი “ოცნების” ახალი კანონპროექტი - მმართველ პარტიას ანტიკონსტიტუციური ცვლილების მომზადებაში ადანაშაულებენ

“მსოფლიოს მომავალი შესაძლოა ამ კვირაში გადაწყდეს - “ეს იქნება იალტისა და თეირანის კონფერენციების მასშტაბის მოვლენა”

* * *

ტაქტიკური პაუზა, თანამედროვე “მანერჰეიმის ხაზი” და სავარაუდო სატყუარა ოპერაციები - რა ხდება უკრაინაში

“უკრაინაში საბრძოლო მოქმედებების ინტენსივობა შემცირდა. ფრონტზე ადგილობრივი მნიშვნელობის პოზიციური ბრძოლები მიდის და წინსვლა არცერთი მხრიდან არ შეინიშნება. უკრაინის პრეზიდენტის ოფისში ამას იმით ხსნიან, რომ მოწინააღმდეგემ ოპერატიული პაუზა აიღო. სამხედრო ექსპერტის შეფასებით კი, ეს პაუზა შესაძლოა სამ დღეს გაგრძელდეს და რამდენიმე მიზეზით იყოს განპირობებული. სამხედრო ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია “რეზონანსთან” საუბრისას აცხადებს, რომ რუსული სარდლობა ამჟამად მთლიანად მარიუპოლზეა კონცენტრირებული და სხვა ფრონტებზე არ აქტიურობს. ოპერატიული პაუზის კიდევ ერთი მიზეზი კი ისაა, რომ რუსებს, სავარაუდოდ, ცოცხალი ძალის პრობლემა აქვთ და დანაკარგების შევსებას ცდილობენ. მისი თქმით, ამაზე მეტყველებს თუნდაც სახელმწიფო სათათბიროს მიერ ახალი კანონის მიღება, რომელიც რუსეთის ხელისუფლებას საშუალებას აძლევს ახალგაზრდები ჯარში ძალით გაიწვიოს. უკრაინული მხარე კი აცხადებს, რომ რუსებმა საბრძოლო პოზიციებზე უკვე პოლიციელებისა და სპორტსმენების გაგზავნა დაიწყო”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით ტაქტიკური პაუზა, თანამედროვე “მანერჰეიმის ხაზი” და სავარაუდო სატყუარა ოპერაციები - რა ხდება უკრაინაში.

“იმ ქალაქებშიც კი, სადაც მოწინააღმდეგემ მისი ძირითადი ძალის კონცენტრირება მოახდინა - მარიუპოლში, გაერთიანებული ძალების ოპერაციის ზონაში, იზიუმში, ვოლნოვახაში, ხერსონსა და მიკოლაევში - მათ ვერ შეძლეს წინ წაწევა. იქ მიდის ადგილობრივი მნიშვნელობის ტაქტიკური ბრძოლები. ყველაზე ცხელი მიმართულებითაც კი უკვე გამოჰყავთ სპორტსმენები, პოლიციელები, სასწავლო ცენტრების თანამშრომლები. ეს ნიშნავს, რომ მათ უნდა მოძებნონ დაახლოებით მინიმუმ 10-20 ბატალიონურ-ტაქტიკური ჯგუფი, რათა მიაღწიონ გარკვეულ წარმატებას, რაც მათ გეგმებშიც კი ძალიან შეზღუდული იქნება. ბრძოლის ველზე კი არ მგონია, რომ წარმატებას მიაღწევენ”, - განაცხადა სამშაბათს უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა ალექსეი არესტოვიჩმა. მისივე თქმით, სწორედ აქედან გამომდინარე კრემლი ცდილობს ბელარუსთან მიდგომის პოვნას, რათა ის ომში ჩართოს და ასევე ეძებს შესაძლებლობას “ფარული მობილიზაციისთვის”, - აღნიშნავს გამოცემა.

“ფრონტიდან ბოლო ცნობებით, ხარკოვის რაიონში, ქალაქ იზიუმთან, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა გაანადგურეს მოწინააღმდეგის სამხედრო კოლონა, ხოლო სოფელ ნოვაია ვოდოლაგასთან ახლოს ჩამოაგდეს ფრთოსანი რაკეტა, - ამის შესახებ ხარკოვის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის თავმჯდომარემ ოლეგ სინეგუბოვმა განაცხადა. ჩერნიგოვში ჰუმანიტარული კატასტროფაა, გათიშულია ელექტროენერგია, ცხედრები საათობით ასვენია ქუჩებში - ამის შესახებ ჩერნიგოვის მერმა ვლადისლავ არტოშენკომ “უკრაინსკაია პრავდას” განუცხადა. მისი თქმით, რუსები ქაოტურად ისვრიან, რაც ხალხის დაშინებისკენაა მიმართული. ქალაქი უკვე დატოვა მოსახლეობის ნახევარზე მეტმა და ჩერნიგოვში ძირითადად, ის ადამიანები რჩებიან, ვისაც ზრუნვა ესაჭიროება და წასასვლელი არსად აქვთ. უკრაინის საგარეო უწყება აცხადებს, რომ ხერსონის 300 ათასი მოქალაქე, რუსული არმიის ბლოკადის გამო, ჰუმანიტარული კატასტროფის წინაშე დგას. ქალაქში საკვებისა და სამედიცინო მარაგი თითქმის ამოიწურა. უკრაინის პორტების ადმინისტრაციის ინფორმაციით, რუსმა სამხედროებმა ნიკოლაევის პორტი დაბომბეს. წინასწარი ინფორმაციით, თავდასხმას მსხვერპლი არ მოჰყოლია, თუმცა მნიშვნელოვნადაა დაზიანებული ინფრასტრუქტურა”, - განაგრძობს გამოცემა.

“უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის განცხადებით, რუსულმა ჯარებმა ყირიმის ნახევარკუნძულთან სახმელეთო დერეფანი დაიკავეს და უკრაინას აზოვის ზღვასთან წვდომა დაუბლოკეს. თუმცა, უკრაინელმა სამხედროებმა აღნიშნეს, რომ რუსულმა ძალებმა ამის შედეგად შეტევის პოტენციალი დაკარგეს. უჟგოროდში უკრაინის სამხედრო კონტრდაზვერვის ოფიცრებმა რუსული 25-კაციანი დივერსიულ-სადაზვერვო ჯგუფი დააკავეს, რომელსაც რუსეთის ფედერაციის “ეფესბეს” აგენტი ხელმძღვანელობდა და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ლიკვიდაციას გეგმავდნენ, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული საინფორმაციო სააგენტო “უნიანი” ავრცელებს. მათი ცნობით, დივერსიული ჯგუფი ვოლოდიმირ ზელენსკი მკვლელობის გარდა, კიევსა და უკრაინის სხვა რეგიონებში დივერსიული აქტების განხორციელებას გეგმავდა. უკრაინის გენშტაბის ინორმაციით, ოკუპანტებს, საბრძოლო მასალისა და საკვების მხოლოდ სამდღიანი მარაგი აქვთ. რაც შეეხება რუსულ მხარეს, რუსეთის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა ზუსტი დარტყმა მიაყენეს უკრაინის შეიარაღებული ძალების ობიექტებს ლისიჩანსკსა და კრამატორსკში”, - დასძენს გამოცემა.

“22 მარტს უკრაინის სამხედრო ობიექტებზე საჰაერო და საზღვაო მაღალი სიზუსტის იარაღით დაარტყეს. განადგურდა უკრაინის ჯარების საწვავის და საპოხი მასალების დიდი საწყობები ლისიჩანსკში, ლუგანსკის ოლქში და კრამატორსკში, დონეცკის ოლქში”, - განაცხადა სამშაბათს რუსეთის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა გენერალ-მაიორმა იგორ კონაშენკოვმა... როგორც სამხედრო ექსპერტი ვახტანგ მაისაია აცხადებს, რუსების ტაქტიკურ პაუზას შესაძლოა რამდენიმე მიზეზი ჰქონდეს, მათ შორის ის, რომ მათი ძირითადი ძალები მარიუპოლის აღებაზეა კონცენტრირებული. მეორე მიზეზი კი შესაძლოა ის იყოს, რომ ცოცხალი ძალის დეფიციტი აქვთ და ახლა შევსებას ცდილობდნენ”, - წერს სტატიის ავტორი.

“პაუზა აშკარად აღებულია და შესაძლოა სამ დღეს გაგრძელდეს. როგორც ჩანს, რუსები თავიანთი სამხედრო შენაერთების გადაჯგუფებას აპირებენ და მოგუდვის სტრატეგიის ფორმატში ძირითადად სამხრეთ-აღმოსავლეთ რაიონებში კონცენტრირდნენ. სლავიანსკისა და კრამატორსკის მიმართულებაზე ეცდებიან შეკრან რკალი და უკრაინის ოპერატიული ჯგუფი “თავისუფლება” ალყაში მოაქციონ, რომელიც სწორედ ახლა განსაკუთრებით ამ ლოკაციებს ამაგრებს და საკმაოდ სერიოზულ თავდაცვით ბრძოლებს აწარმოებს. უკრაინის ეს საარმიო ჯგუფი საკმაოდ სერიოზულია, ისინი ძალიან ძლიერები არიან, მათ შექმნეს ე.წ. უკრაინული მანერჰეიმის ხაზი. “მანერჰეიმის ხაზი” ფინეთის ომის დროინდელი საფორტიფიკაციო სისტემაა. სტალინის წითელმა არმიამ პირველ ჯერზე მისი გადალახვა ვერ შეძლო. მერე მაინც გაარღვია, თუმცა ეს საბჭოთა არმიას ძალიან ძვირად დაუჯდა, 220 ათასი ადამიანი დაეღუპა და ამის გამო ფინეთის დაკავება ვერ შეძლეს. ანალოგიურია უკრაინული ე.წ. მანერჰეიმის ხაზიც, რომელიც უკრაინელებმა დონბასში მათ მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე შექმნეს. ესაა სამი ეშელონიზირებული თავდაცვითი ხაზი, რომლის გარღვევასაც ახლა რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალები, დონეცკისა და ლუგანსკის პირველი საარმიო კორპუსის ნაწილები ცდილობენ”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ მაისაია.

“ამის გამო რუსებს ახლა უნდათ, რომ ამ ხაზს გვერდი აუარონ და სევეროდონეცკიდან კრამატორსკისა და სლავიანსკის სამხრეთის მიმართულებით შემოვლითი ფლანგებიდან გაარღვიონ. შესაძლოა მათ ოპერატიული პაუზა იმიტომაც აიღეს და ასევე იმიტომაც, რომ ძირითადი ძალები მარიუპოლისკენაა მიმართული და ალბათ რუსები ფიქრობენ, რომ მარიუპოლის დაკავების მერე საარმიო დაჯგუფებას გამოათავისუფლებენ. რუსები ბერდიანსკში და ხერსონში საარმიო შენაერთების საკმაოდ სერიოზულ კოინცენტრაციას ახდენენ. ხარკოვისა და ბელგოროდის მიმართულებითაც სერიოზული სამხედრო ძალების კონცენტრაცია ხდება, რომ მერე უკვე ის გარღვევა მოახდინონ, და ალყაში მოაქციონ უკრაინის საარმიო ოპერატიული ჯგუფი “თავისუფლება”. როგორც ჩანს, რუსეთი დესანტს ოდესის მიმართულებით გადასხამს. ეს იქნება სატყუარა მიმართულება, რათა უკრაინის დანარჩენი შეიარაღებული ძალები აქეთკენ გაიტყუოს და დონბასში ამ ჯგუფის დახმარების საშუალება არ მისცეს. სატყუარა შეტევებს, ჩემი აზრით, კიევის მიმართულებითაც განახორციელებს, რათა უკრაინელების ყურადღება გადაიტანონ და დახმარების საშუალება არ მიეცეთ”, - განაგრძობს რესპონდენტი.

„არ გამოვრიცხცავ, რომ პაუზა იმის გამოც იყოს, რომ სამხედრო ოპერატიულ დაგეგმარებაზე იყოს საუბარი. არ გამოვრიცხავ იმასაც, რომ რუსებს სამხედროების შევსების მიმართულებითაც ჰქონდეს პრობლემა. ბევრი ბრძოლაზე უარს აცხადებს. რუსეთი ფარულ მობილიზაციაზე გადადის, რადგან სახელმწიფო დუმამ ისეთი კანონები მიიღო, რომელიც საშუალებას აძლევს ახალგაზრდების გარკვეულ კატეგორიას, რომ ჯარში მსახური გადაუვადდეთ. ამ კანონებს, როგორც ჩანს, ყურადღებას არავინ არ აქცევს, რომელიც იმის საშუალოებას იძლევა, რომ ფარული ან ნაწილობრივი მობილიზაცია მოიახდინონ და ახალგაზრდები ძალით წამოიყვანონ. როგორც ჩანს, ისინი აპირებენ, რომ უკვე სტუდენტებიც გაიწვიონ, როგორც ავღანეთში იყო. პაუზა ნაწილობრივ ამასაც შეიძლება უკავშირდებოდეს, არაფერია გამოსარიცხი. ზოგადად, სამი სტრატეგიაა - შეტევის, გამოფიტვის და მოგუდვის, რუსები ცდილობენ სტრატგიული ავიაციის და არტილერიის გამოყენებით უკრაინის მართვის ცენტრების, ლოჯისტიკური და მომარაგების კვანძების ძირითადი ლოკაციები გაუნადგუროს, უკრაინის შეიარაღებული ძალებს აღარ ჰქონდეს ის რესურსები, რომლის მეშვეობითაც ისინი საბრძოლო მოქმედების დროს დანაკარგებისას ავსებენ”, - განმარტავს მაისაია.

ვისზეა გათვლილი “ოცნების” ახალი კანონპროექტი - მმართველ პარტიას ანტიკონსტიტუციური ცვლილების მომზადებაში ადანაშაულებენ

“ოცნება” “საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” ორგანულ კანონში ცვლილებებს გეგმავს, რომლის მიხედვით, სახელმწიფო ორგანოებს შორის კომპეტენციების თაობაზე დავის წამოწყება შესაძლებელი ხდება არა მხოლოდ ნორმატიული აქტის, არამედ “მოქმედება/უმოქმედობის” საფუძველზეც, თუკი ერთი სახელმწიფო ორგანო ჩათვლის, რომ მეორემ მისი კონსტიტუციური უფლებამოსილება დაარღვია. კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ხმალაძე მიიჩნევს, რომ ეს არაკონსტიტუციური ქმედებაა და არა მხოლოდ პრეზიდენტის წინააღმდეგაა მიმართული, არამედ “ქართულმა ოცნებამ” შესაძლოა გამოიყენოს ნებისმიერ შემთხვევაში, თუკი მიიჩნევს, რომ რომელიმე სახელმწიფო ორგანო არ იქცევა ისე, როგორც “ეს მას უნდა”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით ვისზეა გათვლილი “ოცნების” ახალი კანონპროექტი - მმართველ პარტიას ანტიკონსტიტუციური ცვლილების მომზადებაში ადანაშაულებენ.

“ქართული ოცნების” დეპუტატების მიერ “საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” ორგანულ კანონში მომზადებული ცვლილებების პროექტის ინიციატორები არიან ანრი ოხანაშვილი, დავით მათიკაშვილი და რატი იონათამიშვილი. ვახტანგ ხმალაძე მიიჩნევს, რომ ორგანულ კანონში მმართველი პარტიის მიერ დაგეგმილი ცვლილება კონსტიტუციას ეწინააღმდეგება. “ეს არა მხოლოდ პრეზიდენტის წინააღმდეგაა. საკონსტიტუციო სასამართლოს ბოლო გადაწყვეტილებებს თუ გავითვალისწინებთ, საკმაო საფუძველი მაქვს იმის სათქმელად, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს ეს გადაწყვეტილებები პოლიტიკური და არასამართლებრივი იყო. შესაბამისად, ვფიქრობ, რომ ეს ცვლილებები, რომელთა შეტანასაც “ქართული ოცნება” აპირებს, შესაძლოა გამოიყენოს ნებისმიერ შემთხვევაში, თუკი აღმოჩნდება, რომ რომელიმე სახელმწიფო ორგანო არ იქცევა ისე, როგორც ეს მას უნდა და ეს საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივროს. შემდგომ იქიდან თავისთვის სასურველი გადაწყვეტილება მიიღოს”, მიიჩნევს ვახტანგ ხმალაძე, რომლის აზრით, “მიზანი ესაა და არა მხოლოდ პრეზიდენტის მოთოკვა”, - აღნიშნავს გამოცემა.

“არაფერი არ შეიძლება გაკეთდეს, რაც კონსტიტუციას ეწინააღმდეგება. კონსტიტუციაში კი, ჩემი აზრით, ეს ნაწილი საკმაოდ მკაფიოდაა განსაზღვრული. “ქართული ოცნება” კი ცვლილებებს, რომელიც წარდგენილია, ამართლებს იმით, რომ კანონი უნდა მოვიყვანოთ კონსტიტუციასთან შესაბამისობაშიო. ანუ თითქოს კანონი ვერ ასახავს იმ ყველაფერს, რაც კონსტიტუციაში წერია. ჩემი აზრით, ვითარება დიამეტრულად საწინააღმდგოა. ანუ ის, რასაც აპირებენ, კონსტიტუციას ეწინააღმდეგება. კონსტიტუციაში წერია, რომ საკონსტიტუციო სასამართლო აღნიშნული სუბიექტების - საქართველოს პრეზიდენტის, პარლამენტის, მთავრობის, სახალხო დამცველის და ა.შ. - ამათი კონსტიტუციური სარჩელის საფუძველზე იხილავს დავას შესაბამისი ორგანოს უფლებამოსილების თაობაზე. ეს იმას ნიშნავს, რომ თუ ჩამოთვლილთაგან რომელიმე, მაგალითად, მთავრობა მიიჩნევს, რომ რომლიმე სახელმწიფო ორგანომ ისეთი რაღაც გააკეთა, გაკეთებაში კი იგულისხმება ის, რომ გამოსცა ნორმატიული ან ინდივიდუალური აქტი და ასეთი აქტის გამოცემა, ანუ ასეთი საკითხის გადაწყვეტა იყო მთავრობის უფლებამოსილება და არა იმ სახელმწიფო ორგანოსი, ეს შეუძლია გაასაჩივროს და საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა თქვას, თუ ამ საკითხის გადაწყვეტის უფლებამოსილება ვის ჰქონდა - მთავრობას, თუ იმ მეორე ორგანოს”, - განაგრძობს ხმალაძე, რომლის განმარტებით, “ახლა ამ ცვლილებებით ესენი უფრო შორს მიდიან”, - დასძენს გამოცემა.

“მათ უნდათ, რომ ამ ჩამოთვლილ სახელმწიფო ორგანოებს ჰქონდეთ უფლება გაასაჩივრონ სხვა სახელმწიფო ორგანოს ნებისმიერი მოქმედება, თუნდაც ეს მოქმედება არ იყოს გამოხატული ნორმატიული ან ინდივიდუალური სამართლებრივი აქტით. არა მარტო მოქმედება, არამედ უმოქმედობაც. ჩემი აზრით, ეს კონსტიტუციით განსაზღვრულ ფარგლებს სცდება, კონსტიტუციაში მსგავსი რამ ნათქვამი არაა”, - დაასკვნის ხმალაძე, რომელსაც “ამიტომ მიაჩნია ასეთი შეზღუდვის შემოღება არაკონსტიტუციურად”, - წერს სტატიის ავტორი.

“მსოფლიოს მომავალი შესაძლოა ამ კვირაში გადაწყდეს - “ეს იქნება იალტისა და თეირანის კონფერენციების მასშტაბის მოვლენა”

“შეხვედრები ევროპაში, რომელიც ამ კვირაში გაიმართება, თავის შინაარსით უნიკალური მოვლენაა, იმ მასშტაბის, როგორიც იყო იალტის და თეირანის კონფერენციები, - ასე ეხმაურება საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი ირაკლი მენაღარიშვილი ნატო-ს საგანგებო სამიტს, რომლიც ბრიუსელში 24 მარტს გაიმართება, ასევე “დიდი შვიდეულისა” და ევროპული საბჭოს ეგიდით დაგეგმილ შეხვედრებს. სამიტის დღის წერიგით, ნატო-ს წევრი სახელმწიფოების ლიდერები უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს, ასევე ნატო-ს შეკავებისა და თავდაცვის შემდგომი გაძლიერების საკითხს განიხილავენ. სამიტს დაესწრება აშშ პრეზიდენტი ჯო ბაიდენი, რომელიც მოკავშირე ქვეყნების ლიდერებთან მოლაპარაკებებს გამართავს”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით “მსოფლიოს მომავალი შესაძლოა ამ კვირაში გადაწყდეს - “ეს იქნება იალტისა და თეირანის კონფერენციების მასშტაბის მოვლენა”.

„ასეთი მაღალი დონის შეხვედრები ხდება მაშინ, როცა აუცილებლობით არის განპირობებული და როგორც წესი, პრინციპული გადაწყვეტილებები უნდა მიიღონ. ნატო-ს საგანგებო სამიტს, დაესწრება აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი და ასევე მონაწილეობას მიიღებს ევროპაში გმართულ უმნიშვნელოვანეს შეხვედრებში - “დიდი შვიდეულის” და ევროპული საბჭოს შეხვედრებში. თემა ყველგან იქნება ერთი - როგორ შეაჩერონ პუტინის რუსეთის აგრესია”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ირაკლი მენაღარიშვილი.

“თავისი მნიშვნელობით ყველა ეს შეხვედრა არის უნიკალური მოვლენა, ცივილიზებული სამყაროს თავმოყრა. თუ ყველაფერი ზუსტად ისე იქნება, როგორც მე წარმომიდგენია, ეს შეხვერები განსაზღვრავს კაცობრიობის მომავალს მრავალი წლის განმავლობაში. ეს იქნება იმ მასშტაბის მოვლენა, როგორიც იყო იალტისა და თეირანის კონფერენციები. დაზუსტებული ინფორმაცია არ მაქვს, მაგრამ ევროპული ტურნეს ფარგლებში იგეგმება ბაიდენის შეხვედრა ზელენსკისთან”, - დასძენს მენაღარიშვილი.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა