ევროინტეგრაციის კომიტეტმა, თემატური მოკვლევის ფარგლებში საქართველოსთვის „ევროკავშირის შრომით ბაზარზე ინტეგრაციის შესაძლებლობები და გამოწვევები“ შეისწავლა

ევროინტეგრაციის კომიტეტმა „მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრის“ დახმარებით, თემატური მოკვლევის ფარგლებში საქართველოსთვის „ევროკავშირის შრომით ბაზარზე ინტეგრაციის შესაძლებლობები და გამოწვევები“ შეისწავლა. როგორც ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილმა პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, საბოლოო რეკომენდაციებზე კომიტეტი დღეს იმსჯელებს და დაამტკიცებს, რის შემდეგაც პარლამენტი გააგრძელებს საკანონმდებლო ბაზის დახვეწას, რაც ხელს შეუწყობს საქართველოს მოქალაქეების უფლებების უკეთ დაცვას.

მისი თქმით, დღეს, როდესაც ევროკავშირში ინტეგრაციის ახალ შესაძლებლობებზე ვსაუბრობთ, მნიშვნელოვანია სწორი ნაბიჯების გადადგმა და ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან თანამშრომლობის გაღრმავება იმისათვის, რომ საქართველოს მოქალაქეებს ჰქონდეთ უფლება ისარგებლონ ევროკავშირის წევრ ქვეყნებში დასაქმების კანონიერი შესაძლებლობებით.

"დღეს, 28 მარტს, 5 წელი შესრულდა საქართველოს მოქალაქეებისთვის შენგენის სივრცეში უვიზო მიმოსვლის რეჟიმის ამოქმედებიდან.

სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაცია დღემდე რჩება ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს უმნიშვნელოვანეს მიღწევად, რომელმაც საქართველოს მოქალაქეებისთვის ხელშესახები შედეგები მოიტანა.

გასული ხუთი წლის განმავლობაში დაახლოებით მილიონ ნახევარი ვიზიტი განხორციელდა უვიზოდ საქართველოს მოქალაქეების მიერ ევროკავშირის წევრ ქვეყნებში.

ევროკავშირში უვიზო მიმოსვლამ მათთვის ხელმისაწვდომი გახადა ახალი შესაძლებლობები და მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი საქართველოსა და ევროკავშირს შორის ხალხთაშორისი ურთიერთობების გაღრმავებას.

ეს კი, თავის მხრივ, საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციისთვის ყველაზე მყარი საფუძველია.

ევროკავშირში უვიზო მიმოსვლა საქართველოსთვის საჩუქარი არ ყოფილა. ეს იყო "ქართული ოცნების" ხელისუფლების მიერ გატარებული მრავალრიცხოვანი და კომპლექსური რეფორმების შედეგი, რაც მიზნად ისახავდა ქვეყნის უსაფრთხოების, საზოგადოებრივი წესრიგისა და ადამიანის უფლებების უკეთ დაცვას, დემოკრატიული სახელმწიფოს პრინციპების განმტკიცებას.

2013 წლიდან, ევროკავშირისგან მიღებული სამოქმედო გეგმის საფუძველზე გადადგმული წარმატებული ნაბიჯების და მრავალი ადამიანის დაუღალავი შრომის შედეგად 2017 წლის 28 მარტიდან ჩვენი მოქალაქეები ევროკავშირში უვიზოდ გადაადგილდებიან.

დღეს საქართველო ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე ახალ ეტაპზე გადავიდა.

ოფიციალური განაცხადი, ევროკავშირში გაწევრიანების თაობაზე გაკეთებულია.

ველით ევროკავშირის პასუხს, რომელიც, იმედი გვაქვს, რომ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს შეუქცევადს გახდის ჩვენი ქვეყნისთვის.

ჩვენ ერთად უნდა მოვემზადოთ იმ ახალი გამოწვევებისა და შესაძლებლობებისთვის, რაც საქართველოს და საქართველოს მოქალაქეების წინაშე იქმნება.

ევროკავშირის სივრცეში სრული ინტეგრაცია ადამიანების თავისუფალ გადაადგილებასაც ნიშნავს, რაც თავის მხრივ ევროკავშირის შრომითი ბაზრის გახსნასაც გულისხმობს ჩვენი მოქალაქეებისთვის.

უვიზო მიმოსვლის რეჟიმი ევროკავშირში საქართველოს მოქალაქეების დასაქმების შესაძლებლობებს არ მოიცავს.

ათწლეულების მანძილზე საქართველოს მოქალაქეებს ურთულესი გზების გავლა უწევთ იმისათვის, რომ ღირსეული დასაქმების შესაძლებლობა ჰქონდეთ ევროკავშირის ქვეყნებში.

ათწლეულების მანძილზე ევროკავშირის წევრ ქვეყნებში სამუშაოდ, ჩვენი მოქალაქეები მიმართავენ სხვადასხვა გზას, მათ შორის არალეგალურს, რაც ამცირებს ან სრულიად აქრობს მათი უფლებების სათანადოდ დაცვის შესაძლებლობებს.

ჩვენი მოქალაქეების დიდი ნაწილი, ევროკავშირის წევრ ქვეყნებში დასაქმების ლეგალური შესაძლებლობების არ არსებობის ან ნაკლებობის გამო, კარგავს საქართველოს მოქალაქეობას, რაც ამცირებს მათი უკან დაბრუნების შესაძლებლობებს. ბუნებრივია, ეს ჩვენი ქვეყნისთვის დიდი დანაკლისია.

ეს არის ის გამოწვევა, რის წინაშეც საქართველო და საქართველოს მოქალაქეები უკვე სამი ათეული წელია დგანან.

არალეგალურ მიგრაციასთან გასამკლავებლად და უსაფუძვლო თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვის შესამცირებლად საქართველოს ხელისუფლებამ უვიზო რეჟიმის ამოქმედებისთანავე დაიწყო ქმედითი ნაბიჯების გადადგმა, რასაც ჩვენი ევროპელი პარტნიორები სათანადოდ აფასებენ.

თუმცა დღეს, როდესაც ვსაუბრობთ ევროკავშირში ინტეგრაციის ახალ შესაძლებლობებზე, მნიშვნელოვანია სწორი ნაბიჯების გადადგმა, ქვეყნის სწორი პოლიტიკის შემუშავება და ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან თანამშრომლობის გაღრმავება; იმისათვის, რომ ერთი მხრივ, ჩვენს მოქალაქეებს არ უწევდეთ არალეგალური გზების ძიება და ჰქონდეთ უფლება ისარგებლონ ევროკავშირის წევრ ქვეყნებში დასაქმების კანონიერი შესაძლებლობებით და მეორე მხრივ, ქვეყანას ზიანი არ მიადგეს ამ პროცესით.

სამწუხაროდ, ევროკავშირის ქვეყნებში ლეგალურ დასაქმებასთან დაკავშირებული საკითხები, რაც ადამიანების თავისუფალი და ღირსეული მიმოსვლის განუყოფელი ნაწილია, ხშირად ხდება პოლიტიკური სპეკულაციების საგანი, რაც დამაზიანებელია საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესისთვის და ხელოვნურ ბარიერებს უქმნის საქართველოს მოქალაქეებისათვის ახალი შესაძლებლობების გაჩენას.

იმისათვის, რომ საქართველო უკეთ გაუმკლავდეს ამ გამოწვევებს და საქართველოს მოქალაქეთა უფლებები, მათ შორის თავისუფალი მიმოსვლის უფლება უკეთ იყოს რეალიზებული, გასული წლის განმავლობაში ევროინტეგრაციის კომიტეტის ფარგლებში მნიშვნელოვანი სამუშაოები გავწიეთ.

კომიტეტმა „მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრის“ დახმარებით თემატური მოკვლევის ფარგლებში შეისწავლა საქართველოსთვის „ევროკავშირის შრომით ბაზარზე ინტეგრაციის შესაძლებლობები და გამოწვევები“.

საკითხი კომპლექსური და მნიშვნელოვანია, საბოლოო რეკომენდაციებზე კომიტეტი დღეს იმსჯელებს და დაამტკიცებს მათ, რის შემდეგაც სახელმწიფოს შესაბამისი უწყებების ჩართულობით და საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობით, პარლამენტი თავის მხრივ გააგრძელებს საკანონმდებლო ბაზის დახვეწას, რაც ხელს შეუწყობს ჩვენი მოქალაქეების უფლებების და საქართველოს საჭიროებების უკეთ დაცვას", - განაცხადა ბოჭორიშვილმა.

დავით სიხარულიძე - ისტორიას არ ახსოვს, რომ რომელიმე ქვეყანა ძალით ნატო-ში, ან ევროკავშირში მიეღოთ
ქართული პრესის მიმოხილვა 02.12.2022
ალექსეი მალაშენკო - არავინ იცის როგორ უნდა დასრულდეს რუსეთ-უკრაინის ომი, მათ შორის არც პუტინმა
„კარფური" გაფართოებას აგრძელებს - თბილისში ახალი სუპერმარკეტი გაიხსნა
„ნიუ ჰოსპიტალსი“ აშშ-ის შეიარაღებული ძალების სამედიცინო სერვისების მომწოდებლად შეირჩა
გაფრთხილდი და გააფრთხილე, ჩვენი ფინანსების უსაფრთხოება ჩვენს ხელშია
„ლიბერთიმ“ განვადების აქცია დაიწყო
ბაზისბანკის ინვესტიციით, რუსთავში სავაჭრო ცენტრი და საცხოვრებელი კომპლექსი შენდება
სრულიად ახალი Toyota Corolla Cross
„ფარმადეპო“ მომხმარებლებს მედიკამენტებზე გარანტირებულად ყველაზე ხელმისაწვდომ ფასს სთავაზობს
საქართველოს უნივერსიტეტის ქართულ-ამერიკული კინოაკადემია აცხადებს კონკურსს „ვეფხისტყაოსანის“ ილუსტრაცია
საუკეთესო შეთავაზებები "სამსუნგის" მხოლოდ ოფიციალურ ტელევიზორებზე