„ინტერპრესნიუსის“ ფოტოკორესპონდენტსა და „ტვ პირველის“ ოპერატორზე თავდასხმაში ბრალდებულებს სასამართლომ 1-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა

"ინტერპრესნიუსის“ ფოტოკორესპონდენტის, გიორგი ნიკოლიშვილის, „ტვ პირველის“ ოპერატორის, ლევან ბრეგვაძისა და კიდევ ერთი მოქალაქის მიმართ განხორციელებულ ძალადობაში ბრალდებულები სასამართლომ დამნაშავედ ცნო.

აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო.

მოსამართლის გადაწყვეტილებით, ბრალდებულებს - ირაკლი წიგნაძეს, ბაქარ მაისურაძეს, ნიკოლოზ დადვანს, მუხრან დადვანს, თორნიკე გაბელიანს, დავით ქოჩიაშვილს 1-წლიანი პატიმრობა, ვანო ბურდულს კი, 1 წლითა და 6 თვის ვადით პატიმრობა განესაზღვრა.

აღნიშნული ბრალდებულებიდან გიორგი ნიკოლიშვილის ეპიზოდში მონაწილები არიან - ბაქარ მაისურაძე, ნიკოლოზ დადვანი, თორნიკე გაბელიანი.

მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა ყველა პირს ორგანიზებულ ჯგუფურ დანაშაულში მონაწილეობა მოუხსნა და ის ძალადობის მუხლით გადაუკვალიფიცირა.

დაკავებული პირებიდან ბრალს არცერთი აღიარებს.

აღნიშნულ საქმეზე სახელმწიფო ბრალდებას სასამართლოში არაერთი მტკიცებულება ჰქონდა წარმოდგენილი, პროკურატურამ არაერთი მოწმე დაკითხა, მათ შორის, სამართალდამცავები, რომლებიც დეტალურად აღწერდნენ ბრალდებულების მხრიდან განხორციელებულ ძალადობას.

„ინტერპრესნიუსის“ ფოტოკორესპონდენტსა და "ტვ პირველის" ოპერატორს 5 ივლისს, მაშინ როცა, ისინი პროფესიულ მოვალეობას ასრულებდნენ, აქციის მონაწილეები სასტიკად გაუსწორდნენ. თავდასხმის შედეგად გიორგი ნიკოლიშვილმა გონება დაკარგა. ის თავის ტვინის ტრავმით საავადმყოფოში მკურნალობას რამდენიმე კვირის განმავლობაში გადიოდა, ჰქონდა ტვინის ძლიერი შერყევა, ტრავმული სუბარაქნოიდული სისხლჩაქცევა, არაერთი ჰემატომა. გიორგი ნიკოლიშვილს კლინიკის დატოვების შემდეგ დასჭირდა რეაბილიტაციის ხანგრძლივი კურსის გავლა.

ცნობისთვის, რუსთაველის გამზირზე, მედიასაშუალებების წარმომადგენელთა მიმართ განხორციელებულ ძალადობრივ ქმედებებსა და პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლის ბრალდებით სულ 27 პირი დააკავეს. მათ ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე (ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა), 156-ე მუხლით (დევნა), 225-ეს მე-2 ნაწილი (ორგანიზებულ ჯგუფურ ძალდობაში მონაწილეობა) მუხლებით ჰქონდათ წარდგენილი.

დაკავებული 27 პირიდან თბილისის საქალაქო სასამართლომ 27-ვე დამნაშავედ ცნო, 26 პირს სხვადასხვა ვადით პატიმრობა აქვს მისჯილი, ერთ პირს კი 5000-ლარიანი ჯარიმა დაეკისრა. საქმეს 56 დაზარალებული ჰყავს, მათ შორის, 47 ჟურნალისტია.

გია ხუხაშვილი - სააკაშვილისა და ივანიშვილის დროს სამართალდამცავი სისტემა ერთი ალგორითმით მუშაობს, ამ მხრივ ქვეყანაში არაფერი შეცვლილა - ხელისუფლება ვერც იმას ხვდება, რა მარაზმშია
ვაჟა ბერიძე - როცა ძალა გახდა მთავარი ფაქტორი საერთაშორისო ურთიერთობებში, როცა საერთაშორისო სამართალი, ფაქტობრივად, აღარ მოქმედებს, ყველაფერია შესაძლებელი
ქართული პრესის მიმოხილვა 28.05.2026
საოფისე უძრავი ქონების ბაზარი სტაბილურ ზრდას განაგრძობს - კოლიერსის 2025 წლის მიმოხილვა
„ლისი დეველოპმენტის“ ახალი სასტუმრო - „ბუკნარი ჰოტელი“ ივნისის თვეში პირველ სტუმრებს უმასპინძლებს
სილქნეტის 26 მაისის შეთავაზება - შექმენი შენი მეტი!
თავისუფლება გადამდებია - PSP დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ახალი კამპანია
„რასაკვირველია, მშობლისთვის ყოველთვის ბავშვად რჩები“ — Wendy’s-ი 1 ივნისს ემოციური კამპანიით აღნიშნავს