ქართული პრესის მიმოხილვა 07.04.2022

ვახტანგ მაისაია - “უკრაინამ პუტინის რეჟიმი უნდა დაამარცხოს და მაშინ შეიძლება რუსი ხალხი აზრზე მოვიდეს”

იგორ კვესელავა - “გაუგებარია, რას ნიშნავს საქართველო არაფერს აკეთებს უკრაინის მხარდასაჭერადო?”

საქართველოს მთავრობა საწვავის გაიაფებისთვის თურქმენეთს მოელაპარაკა - შედეგს მალე მოსახლეობაც იგრძნობს

* * *

ვახტანგ მაისაია - “უკრაინამ პუტინის რეჟიმი უნდა დაამარცხოს და მაშინ შეიძლება რუსი ხალხი აზრზე მოვიდეს”

“უკრაინის არმია რუსეთის დაჯგუფებებს კვლავ აქტიურად უტევს, კიდევ რამდენიმე ლოკაციაა გათავისუფლებული, თუმცა რუსეთი დაბომბვებს დაუნდობლად აგრძელებს. ანალიტიკოსთა შეფასებით, ვლადიმერ პუტინი ახალ მეორე ფაზაზე გადადის და შესაძლოა ინტენსიურმა ბრძოლებმა კიდევ ორ თვემდე გასტანოს. მათი თქმით, არაა გამორიცხული, რომ ოკუპანტების მიერ დაკავებულ ტერიტორიებზე უფრო მეტი სისასტიკე ჰქონდეთ ჩადენილი, ვიდრე ბუჩის ტრაგედიაა”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით რა ხდება ფრონტის ხაზზე - “უკრაინამ პუტინის რეჟიმი უნდა დაამარცხოს და მაშინ შეიძლება რუსი ხალხი აზრზე მოვიდეს”.

“დნეპროპეტროვსკის რაიონში რუსულმა რაკეტებმა ღამით გაანადგურეს ნავთობის საცავი და ცეცხლი წაუკიდეს ქარხანას, - ინფორმაციას რეგიონული სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ვალენტინ რეზნიჩენკო ავრცელებს. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. მაშველები ხანძარს რვა საათზე მეტხანს ებრძოდნენ. ცეცხლი ლიკვიდირებულია. დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო უახლეს სადაზვერვო მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას, რომ მძიმე ბრძოლები და რუსული ავიაციის დარტყმები საპორტო ქალაქ მარიუპოლზე გრძელდება, ქალაქში ჰუმანიტარული მდგომარეობა კი უარესდება. “ქალაქის 160 000 მოსახლიდან უმეტესობას არ აქვს შუქი, კომუნიკაცია, წამალი, გათბობა ან წყალი. რუსები ხელს უშლიან ჰუმანიტარულ დახმარებაზე წვდომას, რამაც შესაძლოა, ქალაქის დამცველებს დანებებისკენ უბიძგოს”, - აღნიშნულია განცხადებაში. ქალაქ გოსტომელში 35-დღიანი ოკუპაციის განმავლობაში, 400-მდე ადამიანი უგზო-უკვლოდ დაიკარგა, უკრაინული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ გოსტომელის დასახლების სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ტარას დუმენკომ განაცხადა”, - აღნიშნავს გამოცემა.

“ჩვენ ვიცით ადამიანების შესახებ, რომ ისინი მოკლეს, არსებობს დამადასტურებელი ფოტო და ვიდეოჩანაწერები, მაგრამ მაინც ვერ ვპოულობთ მათ. გოსტომელის მიმართულებით, გზის გასწვრივ იყო დახვრეტილი ავტომობილები, რომლებშიც ცხედრები ესვენა, მათ შორის ბავშვების, მაგრამ ეს ცხედრები გაქრა”, - აღნიშნა ტარას დუმენკომ. უკრაინულმა ჯარმა რუსი ოკუპანტებისგან ხერსონის ოლქში სამი სოფელი გაათავისუფლა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს. მათი ცნობით, მტერმა, უკრაინის შეიარაღებული ძალების შეტევითი მოქმედებების შედეგად, დაკარგა კონტროლი დობრიანკას, ნოვოვოზნესენსკის და ტრუდოლიუბოვკას დასახლებებზე. ბრძოლები სოფელ ალექსანდროვკას მიდამოებში გრძელდება. გენშტაბის განცხადებაში ნათქვამია, რომ იუჟნობურგის მიმართულებაზე რუსული ძალები ბრძოლისუნარიანობის აღდგენისთვის შესაბამის ზომებს იღებენ. ამასთან, განცხადებაში აღნიშნულია, რომ ოკუპანტები აგრძელებენ მშვიდობიანი მოსახლეობის ტერორს, დროებით დაკავებულ ტერიტორიებზე”, - განაგრძობს გამოცემა.

“ბიბისის” ცნობით, აშშ უკრაინას 100 მილიონი დოლარის ღირებულების “ჯაველინის” ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო სისტემებს მიაწვდის. დამატებით გამოყოფილი “ჯაველინები” აგვისტოს შემდეგ ვაშინგტონის მიერ კიევის დასახმარებლად გაგზავნილი აღჭურვილობის რიგით მეექვსე პარტია იქნება. ამის პარალელურად, აშშ ევროკავშირი და სხვა დასავლური ქვეყნები რუსეთისთვის დამატებით სანქციებს აწესებენ, სულ უფრო მზარდია იმ ქვეყების რიცხვი, რომლებიც რუს დიპლომატებს აძევებენ. სამხედრო ექსპერტი ვახტანგ მაისაია “რეზონანსთან” უკრაინაში მიმდინარე ომზე საუბრისას აცხადებს, რომ დაწესებული საქნციები ომზე გავლენას ვერ ახდენს, პუტინი ომის მეორე ფაზას აპირებს, აქ უკვე მთავარია რომ მეორე ფაზაშიც უკრაინამ გაიმარჯვოს, ამ მომენტს კი რუსი ხალხის გამოფხიზლებაც შეუძლია”, - დასძენს გამოცემა.

“ზელენსკის გაეროს უშიშროების საბჭოს სესიაზე გამოსვლა უკრაინის დიპლომატიისთვის დიდი წარმატებაა, მაგრამ ძალიან დიდ ფასად უჯდება, დაღუპული ბავშვებისა და მშვიდობიანი მისახლეობის სახით. არა მგონია, რომ რუსეთი გაეროდან გაირიცხოს, რადგან მისი წესდება ასეთ რაღაცას არ ითვალისწინებს. ისიც გასათვალისწინებელია, რომ რუსეთი ერთ-ერთი თანადამფუძნებელი სახელმწიფოა და თვითონ აქვს ვეტოს უფლება. რაც შეეხება დაწესებულ და მოსალოდნელ სანქციებს, ვხედავთ, რომ აკრძალვები ახლა ომზე გავლენას ვერ ახდენს, ის საშუალოვადიანი და გრძელვადიანი პერსპექტივაა. სანქციები მაშტაბური უნდა იყოს, მხოლოდ დასავლეთის ქვეყნების მიერ დაწესებული საკმარისი არ აღმოჩნდა. ამერიკის, ევროკავშირისა და დიდი შვიდეული ქვეყნების საქნციებს რუსეთი უკვე მიეჩვია, აქ მთელი მსოფლიო უნდა გერთიანდეს”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ მაისაია.

“თვითონ ქვეყანაში პუტინის რეიტინგი კიდევ 14%-ით გაიზარდა, აქ უკვე ხალხზეა საუბარი, ეს საერთოდ შოკისმომგვრელია, მაგრამ როგორც ჩანს პუტინი ამ ომისათვის კარგად ემზადებოდა საინფორმაციო-ფსიქოლოგიური თვალსაზრისით. პროპაგანდა მისთვის სასარგებლოდ მუშაობს. რუსები როცა უკრაინის ტერიტორიებიდან გადიან სატყუარებს, დებენ. როგორც ჩანს, რუსებმა გადაწყვიტეს, რომ ქიმიური ელემენტები გამოიყენონ, რათა ტერიტორია მოწამლონ. სავსებით შესაძლებელია, რომ რუსების მიერ დაკავებულ უკრაინის ტერიტორიებზე ისეთივე ტრაგედიები ტრიალებდეს, როგორიც ბუჩაში ვნახეთ, ახლა რუსეთი ყველაფერზე წავა, კრემლს დასაკარგი არაფერი აქვს და არაა გამორიცხული, რომ უფრო მეტი სისასტიკეც ჩაიდინონ”, - მიიჩნევს ექსპერტი.

“ახლა პოზიციური ბრძოლები მიდის. ნიკოლაევიდან უკრაინელები ცდილობენ, რომ კონტრშეტევაზე გადავიდნენ, რათა რუსეთს მეორე ფაზის წამოწყებაში ხელი შეუშალონ. სავარაუდოდ, ბრძოლები სულ მცირე კიდევ ორი თვე იქნება, ეს კი იმაზეა დამოკიდებული მეორე ფაზა როგორი იქნება. ბლიცკრიგის ჩავარდნის მერე, მეორე ფაზაში პუტინის სავარაუდი გეგმაა, რომ უკრაინის დონბასის, ცენტრალური და სამხრეთ ტერიტორია დაიკავოს და უკრაინა შავი ზღვის სანაპიროდან მოწყვიტოს. ეს ბრძოლები კი საკმაოდ სერიოზული იქნება და საკმაო დროც დასჭირდება. უკრაინალებმა დასავლეთის ქვეყნებიდან სამხედრო დახმარება კიდევ მიიღეს. რუსებსაც აქვთ მობილიზაცია, ამერიკული დაზვერვის მონაცემებით ორჯერ მეტი შეიარაღებული ძალები არიან კონცენტრირებული, ვიდრე ეს 24 თებერვლამდე იყო. ისიც არაა გამორიცხული,რომ რუსებმა ბელორუსიდან დარტყმა დასავლეთ უკრაინის მიმართულებით განახორციელოს, რადგან ის რუსული საბრძოლო შენაერთები, რომლებიც კიევიდან და ჩერნიგოვიდან მოხსნეს, სად გადაადგილდა კაცმა არ იცის”, - განაგრძობს რესპონდენტი.

“რუსი ხალხისგან კი არა მგონია, რომ საპროტესტო მძლავრი ტალღა წამოვიდეს. რვა წლის განმავლობაში რუსეთში 2 ათასი მხატვრული ფილმი შეიქმნა, აქედან 80% მეორე მსოფლიო ომის განდიდებას, სტალინის კულტის კიდევ უფრო მაღლა აწევას მიუძღვნეს. ეს მათი აზრით გათვლილი იყო საბჭოთა კავშირის აღდგენაზე. მეორე ტრაგედია ისაა, რომ პროპაგანდის ზეგავლენა ბავშვებზეც ხორციელდება, პუტინმა შექმნა ახალგაზრდა არმიელების საზოგადოება “იუნარმია”, სადაც დაახლოებით 6 წლიდან ბავშვები სამხედრო ფორმაში სამხედრო თამაშებს გადიან. ასევე კომკავშირელების ანალოგიური ვარიანტი შექმნა, ბავშვობიდან მუშაობს ადამიანებზე, რამე გარღვევა მოკლე ვადაში არ იქნება. ერთი ვარიანტია, რომ უკრაინამ მეორე ფაზაშიც გაიმარჯვოს, პუტინის რეჟიმი დაამარცხოს და მაშინ შესაძლოა რუსი ხალხი აზრზე მოვიდეს და მერე პუტინის მიმართ მწარე კითხვები დასვას, მეტ გამოსავალს ვერ ვხედავ”, - დაასკვნის ვახტანგ მაისაია.

იგორ კვესელავა - “გაუგებარია, რას ნიშნავს საქართველო არაფერს აკეთებს უკრაინის მხარდასაჭერადო?”

“უკრაინაში მიმდინარე პროცესებში მესამე მსოფლიო ომის ნიშნები იკვეთება, რადგან ძალიან ბევრი ქვეყანაა ჩართული პირდაპირ თუ არაპირდაპირ. ომი თუ გაგარძელდა და ალბათ გაგრძელდება, პუტინი-ზელენსკის შეხვედრაც შეიძლება არ შედგეს, ბუნებრივია ეკონომიკური კრიზისი იქნება. აქამდე რაღაც მარაგები იყო, მაგრამ უახლოეს მომავალში რა იქნება, არ ვიცი, რადგან ძირითადად პროდუქტები უკრაინიდან და რუსეთიდან შემოგვქონდა, ფასები პროდუქტებზე და საწვავზე, ვხედავთ, უკვე როგორ გაძვირდა. ყველა ქვეყანას ჰყავს თავის პატრონი გარეთ, ჩვენ არც გარეთ გვყავს პატრონი და არც შიგნით, არც ნავთობი გვაქვს და არც გაზი. სულ ბეწვის ხიდზე გავდივართ და აქედან და იქიდან კიდევ უფრო გვარყევენ”, - აცხადებს პოლიტოლოგი იგორ კვესელავა გაზეთ “რეზონანსისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით უნდათ, რომ საქართველო ომში ჩაითრიონ და აქ მეორე ფრონტი გაიხსნას - იგორ კვესელავა.

“უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის სამსახურისგანცხადებების უკან ეჭვია, რომ “ნაცმოძრაობა” დგას, მათ აქვთ კავშირები უკრაინის ხელისულებასთან და შეუძლიათ ალბათ ზეგავლენა მოახდინონ. ზელენსკის და მის მთავრობას დიდად არ მოსწონთ საქართველოს ხელისუფლება და არ არის გამორიცხული, რომ უნდათ კიდეც, რომ საქართველოს დღევანდელი მთავრობა შეიცვალოს. გამზადებული ჰყავთ ალბათ სააკაშვილი და სხვები. მიშას ჩამოსვლაც გამიზნული იყო, რომ აქ მღელვარება დაწყებულიყო. დღევანდელი უკრაინის პარლამენტის და მთავრობის ქორები უარს არ იტყვიან, რომ საქართველოში მეორე ფრონტი გაიხსნას, რათა რუსეთი დასუსტდეს. მეორე ფრონტის გახსნა ასე მარტივი არ არის და ვნახეთ სხვა ქვეყნებმა როგორ თქვეს უარი უკრაინის ომში მონაწილეობაზე. ამიტომ, გაუგებარია, რას ნიშნავს საქართველო არაფერს აკეთებს უკრაინის მხარდასაჭერადო? როცა ყველა პრინციპულ საკითხთან დაკავშირებით, ეუთოში, გაეროში თუ ევროკავშირში ყველაგან გვერდით დავუდექით. ამას ეუბნებიან ქვეყანას, რომელის ტერიტორიების 20 პროცენტი ოკუპირებულია”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას იგორ კვესელავა.

“პრეტენზიები გაგარძელდება და ვნახავთ ბრალდებების ახალ ტალღას, რადგან უნდათ, რომ საქართველო ომში ჩაითრიონ და აქ მეორე ფორნტი გაიხსნას. საქართველომ ამ ბეწვის ხიდზე გონიერებით უნდა გაიაროს. არა მგონია, რომ საქართველო-უკრაინის ამჟამინდელ მთავრობებს შორის ურთიერთობები დათბეს, მაგრამ საქართველოს მთავრობამ მკვეთრი განცხადებებისაგან თავი უნდა შეიკავოს და დიპლომატიურად იმოქმედოს. ხელისუფლებას და ოპოზიციას ვურჩევ მსოფლიოსთვის ამ ურთულეს პერიოდში, როცა ამ ომიდან გამარჯვებული არავინ დარჩება, თანადგომით და გონიერებით ააცილონ ქვეყნას ომის საფრთხე”, - განაგრძობს რესპონდენტი და შეკითხვაზე - “ოპოზიცია მტკიცებით ფორმაში აცხადებს, რომ “ოცნების” ხელისუფლება მალე დასრულდება”, - პასუხობს:

“ოპოზიციის ლოზუნგია, რაც უარესი ქვეყნსითვის, მით უკეთესი ჩემთვისო. ამ გზით მიდიან და მთავარი დარტყმა მოდის ირაკლი ღარიბაშვილზე... ამ არჩევნებში ისე სასტიკად დამარცხდენენ, რომ ახლა სოციალურ ნიადაგზე შეეცდებიან ახალი ტალღა ააგორონ და აღელვებული ხალხი ქუჩში გამოიყვანონ. მაგრამ მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ “ნაცმოძრაობა” ძალაუფლებას ხელში ვერ აიღებს. მიშა სააკაშვილი კი წყალს ვეღარ აამღვრევს, დღეს მხოლოდ ცდილობს ამ წყალს ფერი შეუცვალოს. მთავრობას კი მინდა ვურჩიო, ოპოზიციაში ყველა მგელი არ არის და როცა საკადრო ცვლილებები ხდება, თავისუფლად შეუძლიათ მინისტრის მოადგილის პორტფელი ოპოზიციას შესთავაზონ. ეს ქვეყანაში კოალიციური მთავრობის ჩამოყალიბებასაც ხელს შეუწყობს”.

საქართველოს მთავრობა საწვავის გაიაფებისთვის თურქმენეთს მოელაპარაკა - შედეგს მალე მოსახლეობაც იგრძნობს

“ბოლო დროს მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასი მკვეთრ ცვლილებას განიცდის. ამ ფაქტორმა გავლენა საქართველოზეც მოახდინა და საცალო ქსელში ისტორიული ანტირეკორდიც კი დამყარდა. დიდი გაძვირების შემდეგ, ქვეყანაში გაჩნდა იმედი, რომ საწვავის ფასი ნელა-ნელა ქვემოთ ჩავა და გაიაფება დაიწყება. მთავრობაში საწვავის ღირებულების შემცირების მტკიცე მოლოდინი აქვთ და ამბობენ, რომ ამ მიმართულებით ეფექტური ნაბიჯების გადადგმა დაწყებულია, თუმცა ამას როდის იგრძნობს მოსახლეობა, ჯერჯერობით, უცნობია. საწვავი გამუდმებით ძვირდება, რაც ძალიან დიდ გავლენას ახდენს როგორც მოსახლეობაზე, ასევე - ეკონომიკაზე. მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ღირებულებამ ანტირეკორდი დაამყარა, ბოლო რამდენიმე დღეა, პოზიტიური ნიშნებია. მაგალითად, გუშინ 1 ბარელის ღირებულებამ 106 დოლარი შეადგინა. ამასთანავე, ქვეყანაში ეროვნული ვალუტა მყარდება, რამაც საცალო ქსელში, ბოლოს და ბოლოს, გაიაფება უნდა მოიტანოს”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში. სათაურით საქართველოს მთავრობა საწვავის გაიაფებისთვის თურქმენეთს მოელაპარაკა?! / მინისტრიც და იმპორტიორებიც ადასტურებენ, რომ შედეგს მალე მოსახლეობაც იგრძნობს.

“ეკონომიკის მინისტრ ლევან დავითაშვილის ინფორმაციით, ქვეყანაში საწვავის ფასი შემცირდება და ამ საკითხზე მუშაობა უკვე დაწყებულია. მისი მტკიცებით, წლის განმავლობაში საწვავი მნიშვნელოვნად გაიაფდება. “ჩვენი მოლოდინია, რომ საწვავის ფასი დაიწევს. ამის საფუძველი ახლად გაფორმებული კონტრაქტებია, რომლებითაც ნავთობპროდუქტი უფრო დაბალ ფასშია, მაგრამ ქვეყანაში ჯერ არ შემოსულა. ამას ვაკვირდებით და გვაქვს დიალოგი კერძო სექტორთან, რომ სიტუაციით ვინმემ უფრო ბოროტად არ ისარგებლოს. ნავთობზე დადებული ფიუჩერსული გარიგების ფასები წლის მეორე ნახევარში კიდევ მცირდება და წლის ბოლოს კიდევ უფრო დაწეულია”, - განაცხადა დავითაშვილმა. საქართველო იმპორტდამოკიდებული ქვეყანაა, ამიტომაც საერთაშორისო ტენდენციებს ფეხი უნდა აუწყოს და გამოსავლის მოძებნა უნდა დაიწყოს განსაკუთრებით მაშინ, როცა ქვეყანაში ისედაც მძიმე სოციალური ვითარებაა. ზუსტად ამიტომაც, მოსახლეობა საწვავის ფასებს აპროტესტებს და შეღავათს ითხოვს. როგორც, “სენტა პეტროლიუმის” დამფუძნებელი ზაალ იაკობიძე აღნიშნავს, მოლაპარაკებები მართლაც დაწყებულია, რაც კარგია და ღირებულებაზე გავლენას ნამდვილად მოახდენს”, - აღნიშნავს გამოცემა.

“საწვავის ფასის ცვლილებაზე, ერთი მხრივ, ლარის კურსის გამყარება მოქმედებს, რაც ბოლო პერიოდში პოზიტიურად მიდის. ამან მოიტანა ის, რომ მცირედით ღირებულების შემცირება დაიწყო, რაც საბითუმო ბაზარზე უკვე ასახულია. გარდა ამისა, სახელმწიფოს აქვს კონტაქტები სხვადასხვა მომწოდებელ ქვეყანასთან, არის შეთანხმებები და მოლაპარაკებები. ეს საკითხებიც დაიძრა და ამ მხრივაც კარგ შედეგებს ველოდებით. ერთ-ერთი ქვეყანა, სადაც მოლაპარაკებები აქტიურად მიმდინარეობს, არის თურქმენეთი. უნდა დაველოდოთ, რა შედეგს გამოიღებს ეს პროცესები. ბოლო პერიოდში საბითუმო ბაზარზე, დაახლოებით, 20-25 თეთრით გაიაფება უკვე მოხდა. იმედი გვაქვს, მომავალშიც, ახალი პარტიის შემოტანის შემდეგ, კიდევ უფრო დაიკლებს ფასი”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ზაალ იაკობიძე.

“საქართველოს საწვავი რამდენიმე ქვეყნიდან შემოაქვს, მათ შორის არიან: რუსეთი, თურქმენეთი, რუმინეთი, ბულგარეთი, აზერბაიჯანი და ყაზახეთი. 2021 წელს ამ ქვეყნებიდან ყველაზე დიდი მოცულობის იმპორტი განხორციელდა თურქმენეთიდან - 22.1%, რომელსაც მოჰყვებიან რუსეთის ფედერაცია - 19.2% და რუმინეთი - 18.2%. ახლა ნაწილობრივ უკვე გამოიკვეთა გზები, თუ როგორ და რის ხარჯზე აპირებს სახელმწიფო საწვავის გაიაფებას, თუმცა საინტერესოა, რამდენად შესაძლებელი იქნება ამ სიტუაციაში სარგებლის მიღება. ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ვიცე-პრეზიდენტი პაატა ბაირახტარი მიიჩნევს, რომ საწვავის გაიაფება თუ გვინდა, აუცილებელია ხარჯების შემცირება”, - დასძენს გამოცემა.

“საწვავის სხვა ქვეყნებიდან შემოტანა მნიშვნელოვანწილად დაკავშირებულია, თუ რომელ ქვეყნებს განვიხილავთ. მსოფლიო ბაზარზე არსებული მდგომარეობა ყველა იმ ექსპორტიორ ქვეყანას, რომლებთანაც ჩვენ გვაქვს ურთიერთობა, ერთნაირად ეხება. ეს შესაძლებელი იქნება სხვადასხვა ბერკეტის გამოყენებით - ლოგისტიკური თუ ტრანსპორტირების ხარჯების შემცირებით. ასეთი რეგულირებით შესაძლოა, რომელიმე ქვეყნიდან შედარებით ნაკლები დაგვიჯდეს ნავთობის იმპორტი, მაგრამ, ნებისმიერ შემთხვევაში, ყველა მომწოდებელი ქვეყანა დამოკიდებულია საერთაშორისო ტენდენციებზე. აქედან გამომდინარე, რას გულისხმობს ეკონომიკის მინისტრი ახალი ბაზრების ათვისებაში? უნდა განვიხილოთ სპეციალური შეთავაზებები. მაგალითად, შეგვიძლია ვისაუბროთ ფორვარდულ გარიგებებზე და ამის საფუძველზე რაღაც განსხვავებული ტარიფის შეთავაზებებზე”, - ამბობს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას პაატა ბაირახტარი.

“გვაქვს მაგალითები, როცა ორ ქვეყანას ერთმანეთთან სხვადასხვა პირობით დადებული აქვს კონკრეტული გარიგება და ერთი ქვეყანა მეორე ქვეყანას კონკრეტულ პროდუქციას რაღაცის სანაცვლოდ უფრო იაფად აწვდის. მინისტრი თუ საუბრობს ამაზე, ეს ძალიან საინტერესო განცხადებაა, თუმცა ამას უფრო დეტალური განმარტება სჭირდება. ადგილობრივი პარამეტრები უკვე იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ კომპანიებმა საწვავი გააიაფონ. თუ შევხედავთ ტენდენცებს, ბოლო ორ თვეში 25 დოლარით არის შემცირებული ნედლი ნავთობის ფასი და, იმავდროულად - პლატცის ტარიფიც, რასაც ემატება ეროვნული ვალუტის სიმყარე, რომელიც, რეკორდული დევალვაციის შემდეგ, სტაბილურდება. ეს ორი დადებითი პარამეტრი პოზიტიურად მოქმედებს და ახლა არის იმის საშუალება, რომ კომპანიებმა, რომელთაც ობიექტური სურვილი გააჩნიათ, საწვავზე ფასები შეამცირონ. მცირე კომპანიებს ეს პროცესი უკვე დაწყებულიც აქვთ. კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ - თუ რომელიმე კომპანიას საწვავის გაიაფება სურს, ამის შესაძლებლობას ადგილობრივი პარამეტრები იძლევა“, - დაასკვნის ბაირახტარი.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო