საგამოძიებო კომისიის შექმნის მოთხოვნა არის აბსურდი - როცა არ არსებობს ფაქტები, გაუგებარია, რაზე უნდა შეიქმნას კომისია, - ასე ეხმიანება უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით ოპონენტების განცხადებებს ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი.
ბოჭორიშვილი იმედს გამოთქვამს, რომ გაუგებრობა უკრაინა-საქართველოს ურთიერთობებში მალე აღმოიფხვრება.
„ძალიან მტკივნეულია და ძალიან მძიმე თემაა, შეუძლებელია მსგავსი ბრალდებები ვრცელდებოდეს მაშინ, როცა არ არსებობს მტკიცებულებები. ბუნებრივია, მტკიცებულებების წარმოდგენა გაჭირდება იქიდან გამომდინარე, რომ საქართველომ იცის, რას აკეთებს და ჩვენ ვიცით, რას ვაკეთებთ უკრაინელი მეგობრების მხარდასაჭერად ამ მძიმე ბრძოლაში. მოველი, რომ ის გაუგებრობები, რაც არის ჩვენს ურთიერთობებში, მალე იქნება აღმოფხვრილი. საქართველოს ძალიან მტკიცე პოზიციები აქვს უკრაინასთან მიმართებაში და ეს პოზიციები ფიქსირდება ყველა საერთაშორისო ორგანიზაციაში, ჩვენ ძალიან მჭიდრო კავშირში ვარ საერთაშორისო პარტნიორებთან. შესაბამისად, ამ თემაზე ყოველგვარი ბრალდებები და ხმაური აზიანებს ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებას და ინტერესებს. მიზანშეწონილი არ არის, მსგავსი თემებით სპეკულირება და მსგავსი თემების წინ წამოწევა მაშინ, როცა ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოება არ არის ბოლომდე უზრუნველყოფილი. რაც შეეხება ოპონენტების განცხადებას, რომ საგამოძიებო კომისია შეიქმნას, ეს არის აბსურდი იქიდან გამომდინარე, რომ როცა არ არსებობს მსგავსი ფაქტები, გაუგებარია, რაზე უნდა შეიქმნას კომისია. საქართველოს ხელისუფლებას ძალიან კარგად და სწორად განსაზღვრული პოლიტიკა აქვს, რომელსაც აფიქსირებს და მიყვება ყველა საერთაშორისო ორგანიზაციასა და საერთაშორისო პარტნიორებთან. საქართველო ისეთს არაფერს აკეთებს, რომ მსგავსი ბრალდებების სერიოზულად აღქმის საფუძველიც კი გვქონდეს,"- განაცხადა ბოჭორიშვილმა.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"