არ არის ნიშნის მოგებისა და ურთიერთბრალდების გაჟღერების დრო, - ამის შესახებ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშიას“ თავმჯდომარემ ხატია დეკანოიძემ პარლამენტის ბიუროს სხდომაზე განაცხადა.
მან „ქართული ოცნების“ წევრებს მიმართა და განაცხადა, რომ კარგი იქნებოდა ყოფილიყო განმარტებული, ვინ მიდის უკრაინაში და როგორია შემადგენლობა.
ხატია დეკანოიძე „მიესალმება გადაწყვეტილებას, რომ უმრავლესობის წევრები მზად არიან, უკრაინაში გაემგზავრონ“ და აცხადებს, რომ ვიზიტი აქამდეც უნდა შემდგარიყო.
„ახლაც, თუ პარლამენტის თავმჯდომარე წავა და მისი კოლეგის მოწვევას გაითვალისწინებს, ძალიან მნიშვნელოვანი იქნება. არ გამოვა გამართლება, ნამდვილად არ არის გამართლება, რადგან ჩვენს ღირებულებებს ტრადიციებს არ შეესაბამება, რომ არ ჩახვიდე ადამიანთან და სამძიმარი არ გამოუცხადო. კარგი იქნებოდა განმარტებული ყოფილიყო ვინ მიდის, როდის მიდის, როგორ იქნება შემადგენლობა, მიდის თუ არა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, იღებს თუ არა იმ მოწვევას, რომელიც იყო სტეფანჩუკისგან.
ჩვენ გვქონდა გაცხადებული, რომ თუ უმრავლესობა და პარლამენტის თავმჯდომარე არ წავიდოდა, მაშინ ჩვენ, ოპოზიცია მაინც ვაპირებდით უკრაინაში ჩასვლას. კარგია, ადამიანების, მოქალაქეების განწყობებს რომ ითვალისწინებთ და ასევე, მნიშვნელოვანია, რომ ჩვენს მეგობრებთან ნიშნის მოგებით დამადლება არ უნდა იყოს. რადგან ამ გენოციდის შემდეგ უზარმაზარი მსხვერპლია.
იქნებ თქვენ, ბატონო გია [ვოლსკი] ამასთან დაკავშირებით პასუხი გაქვთ, ან უფრო მეტ ინფორმაციას ფლობთ, ან ვინმე „ქართული ოცნებიდან“. მესმის, რომ განწყობების შესაბამისად გიწევთ ხოლმე მოქმედება უმრავლესობას განსაკუთრებით და მიხარია, რომ გადაწყვიტეთ უკრაინაში ჩასვლა. არ არის ნიშნის მოგებისა და ურთიერთბრალდების გაჟღერების დრო. ეს არის დრო, როცა ჩვენ უნდა შევასრულოთ ჩვენი სახელმწიფოებრივი ვალი, მათ შორის, სამძიმარზე ჩასვლა და ძალიან ცუდი იყო პასუხი სტეფანჩუკისთვის“, - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.
ამასთან, ის ასევე დაინტერესდა, როდის გადაეცემათ პარლამენტის დეპუტატებს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის თვითშეფასების კითხვარი, რომელიც ქვეყანას დღეს გადმოეცა.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"