იუსტიციის სამინისტროს და გაეროს ბავშვთა ფონდის ორგანიზებით, განრიდებისა და მედიაციის პროგრამის თერთმეტი წლის შედეგების შემაჯამებელი კონფერენცია გაიმართა, რომელშიც საქართველოს გენერალური პროკურორი ირაკლი შოთაძე, საქართველოს იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის თანამშრომლობის უფროსის მოადგილე კატალინ გერმანი და გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელი საქართველოში ღასან ხალილი მონაწილეობდნენ.
საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „ბავშვთა დაცვის სისტემებისა და მომსახურებების გაძლიერება საქართველოში“ ფარგლებში გამართულ კონფერენციას ასევე, აღდგენითი მართლმსაჯულების პროგრამის განხორციელებაში ჩართული პროფესიონალები, სამოქალაქო საზოგადოების და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
მათივე ცნობით, კონფერენციის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით საქართველოს გენერალურმა პროკურორმა, ირაკლი შოთაძემ მიმართა და პროგრამის წარმატებაზე და განვითარების სამომავლო პერსპექტივებზე ისაუბრა.
მისი თქმით, საამაყოა ის შედეგები, რაც პროგრამის არსებობის მანძილზე იქნა მიღწეული და ეს პროფესიონალი ადამიანების თავდაუზოგავმა შრომამ, არასრულწლოვნებზე ყოველდღიურმა ზრუნვამ და სწორმა მიდგომებმა განაპირობა.
„პროკურორების ეფექტიან მუშაობაზე და სწორ გადაწყვეტილებებზე სასამართლოდან განრიდების მიზნით საქმეთა უკან დაბრუნების დაბალი მაჩვენებელი მიუთითებს. კერძოდ, 2021 წელს სასამართლოდან განრიდების მიზნით არასრულწლოვანთა სისხლის სამართლის საქმეთა დაბრუნების მაჩვენებელი 5%-ია. პროგრამის წარმატებაზე განრიდების ხელშეკრულების მოქმედების ფარგლებში განმეორებითი დანაშაულის ჩადენის დაბალი მაჩვენებელიც მიუთითებს. 2021 წელს, ხელშეკრულების მოქმედების განმავლობაში, განმეორებითი დანაშაული განრიდებულ არასრულწლოვანთა მხოლოდ 2%-მა ჩაიდინა,“-განაცხადა ირაკლი შოთაძემ.
გენერალურმა პროკურორმა აღნიშნა, რომ საქართველოს პროკურატურა შესაბამისი ღონისძიებების გატარებას განრიდება-მედიაციის პროგრამის გაძლიერებისთვის მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს. ასევე, სპეციალიზებულ პროკურორთა გადამზადება გაგრძელდება.
საქართველოს პროკურატურის ინფორმაციითვე, კონფერენციაზე სხვადასხვა უწყებების წარმომადგენლებმა განრიდებისა და მედიაციის პროგრამის ძირითადი მიღწევები, გამოწვევები და სამომავლო ხედვა განიხილეს.
საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის თანამშრომლობის მიმართულების უფროსის მოადგილის კატალინ გერმანის განცხადებით, აღდგენითი მართლმსაჯულება შედარებით ახალი კონცეფციაა, რომელიც მედიაციას და განრიდებას ეფუძნება.
„ეს ყველაფერი ბავშვების კეთილდღეობის მიზნით ხდება და საქართველოს არასრულწლოვნების მედიაციის და განრიდების მართლაც წარმატებული შემთხვევა აქვს, რითიც შეუძლია იამაყოს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ბავშვები სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას განრიდებული არიან და ეს ძალიან კარგია, თუმცა არსებობს გამოწვევები,“ - განაცხადა გერმანმა.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ გაეროს ბავშვთა ფონდი ევროკავშირის მხარდაჭერით ბავშვთა დაცვისა და მართლმსაჯულების სისტემების გაძლიერებას მომავალშიც განაგრძობს.
„განრიდების და მედიაციის პროგრამა ძალიან მნიშვნელოვანი პროგრამაა, რომელიც ევროკავშირის დახმარებით ხორციელდება. 5000-ზე მეტი ბავშვი იქნა განრიდებული სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას და ეს ძალინა კარგია. ჩვენ იუსტიციის სამინისტროსთან და პროკურატურასთან ძალიან კარგად ვთანამშრომლობთ. ჩვენ თანამშრომლობას განვაგრძობთ, რომ კიდევ უფრო მეტი ბავშვი იქნეს განრიდებული და მათ ცხოვრებაში საუკეთესო დასაწყისი ასევე, ახალი ცხოვრების მეორე შანსი ჰქონდეთ,“ -განაცხადა ღასან ხალილმა.
ასევე შეფასდა, რამდენად ეფექტიანია განრიდებისა და მედიაციის მექანიზმი, რამდენად მოქნილია პროგრამა მოერგოს საგანგებო სიტუაციებს, როგორიცაა მაგალითად, კოვიდ პანდემია, დისტანციურ რეჟიმში მუშაობის სპეციფიკა. ასევე, დაზარალებულთა კმაყოფილების კვლევის და რესოციალიზაცია რეაბილიტაციის მიმართულებით მუშაობის შედეგები შეფასდა.
კონფერენციაზე განრიდების და მედიაციის პროგრამის წარმატებით განხორციელებისთვის პროგრამაში ჩართული პროკურორები, მედიატორები და სოციალური მუშაკები დაჯილდოვდნენ.
აღსანიშნავია, რომ პროექტი „ბავშვთა დაცვის სისტემებისა და მომსახურებების გაძლიერება საქართველოში“ ევროკავშირის მიერ არის დაფინანსებული და ევროკავშირი და გაეროს ბავშვთა ფონდი საქართველოს მთავრობას მხარს უჭერს, განრიდება კანონთან კონტაქტში მყოფი ბავშვებისათვის პრიორიტეტი გახდეს.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"