ქართული პრესის მიმოხილვა 28.04.2022

ვინ ხელმძღვანელობს რეალურად რუსეთის არმიას უკრაინაში და ვინ გეგმავს სამხედრო ოპერაციებს

რატომ გახშირდა აფეთქებები რუსეთის ტერიტორიაზე და რა შედეგი აქვს ამას

ოპოზიციის ახალი ინიციატივა - რეპორტაჟები რუსთავის ციხიდან

* * *

ვინ ხელმძღვანელობს რეალურად რუსეთის არმიას უკრაინაში და ვინ გეგმავს სამხედრო ოპერაციებს

“უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის 63-ე დღე - აფეთქებების ხმა ისმოდა პოლტავაში. უკრაინული მედიის ინფორმაციით, რუსეთის ძალების იერიშებს ხარკოვში 3 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, დაშავდა 7. დაბომბვებს მსხვერპლი მოჰყვა დონეცკშიც. რუსული მედია ლუგანსკის რეგიონში, რუსეთის მიერ ოკუპირებულ ნაწილში საბრძოლო მასალების საცავში აფეთქებების შესახებ იუწყება. კვლავ რთულ პირობებში რჩებიან მოქალაქეები მარიუპოლში. ქალაქის საბჭოს ინფორმაციით, აზოვსტალის ქარხანაში სულ მცირე 2 ათასი ადამიანია, მათ საკვები და მედიკამენტები სჭირდებათ. უკრაინელმა სამხედროებმა მიკოლაევის ოლქის სამ დასახლებულ პუნქტზე კონტროლი აღადგინეს. უკრაინის თავდაცვის უწყების ცნობით, რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ ათას 300 რაკეტა გამოიყენა. კანადა კი უკრაინისთვის სამხედრო დახმარების სახით ჯავშანტექნიკას შეიძენს”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით ვინ ხელმძღვანელობს რეალურად რუსეთის არმიას უკრაინაში და ვინ გეგმავს სამხედრო ოპერაციებს.

“რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ დაწყებული ომის შედეგად მარიუპოლში, ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, დაღუპული მშვიდობიანი მოსახლეობის რაოდენობამ უკვე 20 ათასს გადააჭარბა. პარალელურად, მორიგი მასალა გამოაქვეყნა აზოვის ბატალიონმა - კადრები აღწერს, რამდენად მძიმე პირობებში იმყოფებიან აზოვსტალის ქარხანაში მყოფები. ფოტოებზე აღბეჭდილია, რა ვითარებაში უწევთ დაჭრილ სამხედროებს იქ ყოფნა, მათ არ აქვთ არანაირი სამედიცინო დახმარება. აზოვსტალის ქარხანაში იმყოფებიან ქალები, ბავშვები და მოხუცები. რთული ვითარებაა საკვების, წყლისა და წამლების კუთხით. უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის პრესსპიკერი, ოლექსანდრ სტუპუნი აცხადებს, რომ მარიუპოლის მიმართულებით მასშტაბური ინტენსიური იერიშები გრძელდება”, - აღნიშნავს გამოცემა.

“მარიუპოლის მიმართულებით მტერი მასშტაბურ იერიშს აწარმოებს, ბლოკადაშია ჩვენი ქვედანაყოფები აზოვსტალის ქარხნის მიდამოში. ქალაქში ოკუპანტები აგრძელებენ მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ ფილტრაციის პროცესს. მხოლოდ დონეცკისა და ლუჰანსკის ოლქებში, უკრაინელმა სამხედროებმა, მტრის 9 თავდასხმა მოიგერიეს. საოკუპაციო ძალების უდიდესი აქტიურობა შეიმჩნევა სლობოჟანსკის და დონეცკის მიმართულებით. მტერი ზომებს იღებს, რომ საომარი მოქმედებების დროს დანაყოფები შეავსოს. ოკუპანტები აგრძელებენ სარაკეტო დარტყმებს უკრაინის საცხოვრებელ უბნებზე. მტერი აგრძელებს საჰაერო დარტყმებს ქალაქ ხარკოვის ინფრასტრუქტურაზე. მტერმა დაიპყრო ველიკა კომიშუვახას დასახლების ჩრდილო-აღმოსავლეთი გარეუბნები, ასევე დაამყარა კონტროლი ზავოდის დასახლებაზე”, - აცხადებს ოლექსანდრ სტუპუნი. უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში ინტენსიური ბრძოლები გრძელდება. რუსეთის არმიამ ხარკოვისა და ლუგანსკის რეგიონებში რამდენიმე დასახლებულ პუნქტზე კონტროლი აიღო - ინფორმაციას უკრაინის გენერალური შტაბი ადასტურებს”, - განაგრძობს გამოცემა.

“ასევე უკრაინული მხარის ცნობით, ოკუპანტებმა ლისიჩანსკში ესროლეს ერთ-ერთ სკოლას, რომლის სარდაფში 23 ადამიანი, მათ შორის ბავშვები იმალებოდნენ, სროლას მსხვერპლი არ მოჰყოლია. თუმცა, ერთი ადამიანი დაიღუპა დაბომბვის შედეგად პრივოლიეში. განცხადება გაკეთდა რუსეთის თავდაცვის სამინისტროშიც. “რუსეთის საჰაერო ძალების ოპერატიულ-ტაქტიკურმა და სამხედრო ავიაციამ დაარტყა უკრაინის 33 სამხედრო ობიექტს, მათ შორის მტრის ცოცხალი ძალისა და სამხედრო ტექნიკის კონცენტრაციის 23 უბანს. დარტყმების შედეგად განადგურდა 200-მდე ნაციონალისტი და 40-ზე მეტი ჯავშანმანქანა, საარტილერიო ნაწილები და მანქანები. იერიში მიტანილ იქნა 105-ე ტერიტორიული თავდაცვის ბატალიონის სამეთაურო და სადამკვირვებლო პუნქტზე, ასევე ორ საარტილერიო ბატარეაზე. რუსულმა საჰაერო თავდაცვის სისტემებმა ჩამოაგდეს ექვსი უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი”, - ამბობს იგორ კონაშენკოვი. ვლადიმერ პუტინი, პრინციპში, დათანხმდა გაეროს და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის მონაწილეობას მარიუპოლის “აზოვსტალის"” ქარხნიდან მოქალაქეების ევაკუაციაში - ამის შესახებ ინფორმაციას გაეროს მიერ გავრცელებულ განცხადებაზე დაყრდნობით “სი-ეი-ენი~ ავრცელებს”, - დასძენს გამოცემა.

“საკითხი ერთ-ერთი მთავარი განსახილველი იყო რუსეთის პრეზიდენტსა და გაეროს გენერალურ მდივანს შორის შეხვედრაზე. აქვე, პუტინმა განაცხადა, რომ უკრაინელმა სამხედროებმა სამოქალაქო პირები უნდა გამოუშვან, სხვა შემთხვევაში, ისინი მოქმედებენ როგორც მაგალითად, “ისლამური სახელმწიფოს” წევრები. აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი ამბობს, რომ ვაშინგტონი წინააღმდეგი არ იქნება, თუ მოსკოვთან მშვიდობიან შეთანხმებაში კიევი უარს იტყვის ნატოზე. მისივე თქმით, უკრაინის მიერ ნეიტრალიტეტის არჩევის შემთხვევაში, აშშ ამ გადაწყვეტილებას პატივს სცემს. ინფორმაციას “ვაშინგტონ პოსტზე” დაყრდნობით უკრაინული მედია ავრცელებს. ამავე წყაროს ცნობით, ერთ-ერთი სენატორის შეკითხვაზე - განაპირობა თუ არა უკრაინის ნატოში გაწევრიანებისადმი ამერიკის მხარდაჭერამ რუსეთის მიერ უკრაინაში ომის დაწყება, ბლინკენმა უარით უპასუხა და განაცხადა, რომ პრობლემა არა უკრაინის ნატოში გაწევრიანებაში, არამედ პუტინის მოსაზრებაშია, რომ უკრაინა არ იმსახურებს, იყოს სუვერენული ქვეყანა”, - წერს სტატიის ავტორი.

“კონფიქტოლოგი ზურაბ ბენდიანიშვილი მიიჩნევს, რომ ცეცხლის შეწყვეტის და მოლაპარაკების შანსები ამ ეტაპზე ძალიან მინიმალურია. ბენდიანიშვილი ამბობს, რომ მსოფლიომ ახლა რუსეთის დამარცხება გადაწყვიტა. აქედან გამომდინარე მოლაპარაკებები ჯერ ადრეა, რადგანაც რუსეთს ბრძოლის უნარი ისევ გააჩნია. ამიტომ ახლა უკრაინაში რუსეთის გამოფიტვა მიმდინარეობს, რომელიც ამ დაკარგულ ძალას ვეღარ აღიდგენს. ამიტომაც მოლაპარაკება ახლა არავის ინტერესში არ შედის. რუსეთიც ჯერ მიიჩნევს, რომ ბრძოლის უნარი აქვს და რაღაცას მაინც მიაღწევს”, - დასძენს სტატიის ავტორი.

“მიუხედავად მწარე რეალობისა, როცა უკრაინაში უამრავი მშვიდობიანი ადამიანი იღუპება, მტკივნეული ოპერაციები რუსეთის მხრიდან ნელ-ნელა სუსტდება. მსოფლიო ახლა რუსეთის სრულად დასუსტებას ცდილობს და როგორი ცუდადაც არ უნდა ჟღერდეს, უკრაინა ახლა ამის საშუალებას იძლევა. ამიტომ პუტინს მოლაპარაკების მაგიდასთან მაშინ დაუსხდებიან, როცა მას დასათმობი ექნება. ახლა არც უკრაინისთვის და არც რუსეთისთვის მოლაპარაკების მაგიდაზე არაფერი ხელჩასაჭიდი არ დევს. დღეს რუსეთი იმის მინიმუმსაც ვერ იღებს, რა განცხადიც პუტინმა გააკეთა. დასავლეთმა კი დაინახა, რომ უკრაინას რუსეთის შეკავება კი არა, დამარცხებაც კი შეუძლია. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ქვეყანას იარაღით კიდევ უფრო მოამარაგებენ და არავითარი სამშვიდობო ზონების გავლებას არ დასთანხმდებიან”, - განმარტავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ზურაბ ბენდიანიშვილი.

“პუტინს ახლა არაფერი არ აწყობს, ის გზადაგზა გამოსავალს ეძებს. საკმაოდ რთულ სიტუაციაშია და აღმოჩნდა, რომ ძალიან ცუდი მხედართმთავარია. ახლა მთელი ომის მართვა მას აქვს აღებული და ვხედავთ რა შეცდომებსაც უშვებს. ყველა მისი გენერალი ცდილობს, რომ ამ ომიდან ნაკლებ დაზიანებული გამოვიდეს. პუტინი კი პირიქით, თავით ეშვება. რაც უფრო ღრმად შეტოპავს, მისი კრახი მით უფრო გარდაუვალია. გენერლები ამას ხვდებიან, მაგრამ, პუტინს ჯერ ისევ სჯერა, რომ ამ ომს მოიგებს და რაღაცა მინიმუმს მაინც მიიღებს”, - დაასკვნის კონფლიქტოლოგი.

რატომ გახშირდა აფეთქებები რუსეთის ტერიტორიაზე და რა შედეგი აქვს ამას

“ბოლო ერთი კვირაა, რაც რუსეთის ტერიტორიაზე აფეთქებები მოხშირდა. იწვის საბრძოლო მასალისა და საწვავის საცავები და სამხედრო ობიექტები. რუსეთმა ამაში უკრაინული მხარე დაადანაშაულა. უკრაინის სამთავრობო უწყებები კი ამბობენ, რომ ბრალდებების მიზანი ანტიუკრაინული განწყობის გაღვივებაა. ანალიტიკოსთა შეფასებით, კონკრეტულად ვინ აკეთებს, ამის თქმა რთულია, თუმცა, ისინი ომის მოწინააღმდეგეები არიან და იმ სამხედრო დანიშნულების ობიექტებს ანადგურებენ, რომელიც მერე უკრაინელების მოსაკლავად გამოიყენება. 27 აპრილს დილით უკრაინის მოსაზღვრე რუსეთის სამ რეგიონში აფეთქებების ხმა ისმოდა, რასაც ხანძარი მოჰყვა. რუსეთის ბელგოროდის ოლქის სოფელ სტარაია ნელიდოვკასთან ახლოს საბრძოლო მასალის საცავი დაიწვა - ამის შესახებ ინფორმაციას ოლქის გუბერნატორი, ვიაჩესლავ გლადკოვი ავრცელებს. სტარაია ნელიდოვკა უკრაინის საზღვრიდან ჩრდილოეთით დაახლოებით 10 მილის დაშორებით მდებარეობს”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით რატომ გახშირდა აფეთქებები რუსეთის ტერიტორიაზე და რა შედეგი აქვს ამას.

“აფეთქებების ხმა ისმოდა კურსკის ოლქშიც. გუბერნატორის, რომან სტაროვოიტის ცნობით, აფეთქებებთან დაკავშირებული დეტალები ზუსტდება, თუმცა, არც არავინ დაშავებულა და არც გარდაცვლილა. მისი თქმით, აფეთქებებამდე ორი დღის ადრე, ოლქის სოფელ ბოროვსკოიეში რუსმა სამხედროებმა ორი უკრაინული დრონი ჩამოაგდეს. რუსეთის ქალაქ ვორონეჟის შილოვოს რაიონში მცხოვრებმა მოსახლეობამ ოთხშაბათსვე ადგილობრივი დილის 4:40 საათზე ორი ძლიერი აფეთქების ხმა გაიგო. “შემთხვევის ადგილზე სამოქალაქო თავდაცვისა და საგანგებო სიტუაციებზე რეაგირებისა და საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ჯგუფები იმყოფებიან. ელოდებიან საგამოძიებო კომიტეტის წარმომადგენელსაც”, - განაცხადა რაიონის სამოქალაქო თავდაცვისა და საგანგებო სიტუაციების სამსახურის წარმომადგენელმა რუსულ მედიასთან საუბარში. როგორც “საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის” დირექტორი კორნელი კაკაჩია აცხადებს, კონკრეტულად ამას ვინ აკეთებს, ამის თქმა ძნელია, თუმცა, შესაძლოა ეს უკრაინული მხარის პასუხი იყოს, ან ის ადამიანები, რომლებიც ომის წინააღმდეგები არიან”, - აღნიშნავს გამოცემა.

“სავარაუდოდ, ეს ალბათ უკრაინის მხრიდან პასუხია. ამას ვინ აკეთებს, თქმა რთულია, მაგრამ, ეს შესაძლოა უკრაინელები იყვნენ, რომლებიც იქ ცხოვრობენ, ან თვითონ რუსები, რომლებიც ამ ომის წინააღმდეგები არიან. ესაა ადეკვატური და პროპორციული პასუხი იმ სისასტიკისა, რომელსაც უკრაინაში რუსული ჯარი სჩადის. ეს მოულოდნელი არაა, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის ხელისუფლება მალავს და ხანდახან ისე ასაღებს, თითქოს ვიღაცამ ასანთი არასწორ ადგილზე ჩააგდო და ამის გამო გაჩნდა. მათ რუსული საზოგადოების წინაშე უბრალოდ აღიარება უჭირთ, რომ ეს ომი რუსეთის ტერიტორიაზეც გადავიდეს და ეს აუცილებლად გადავა. ამის ინდიკატორია თუნდაც ის, რომ ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრომ თქვა, რომ უკრაინას მორალური უფლება აქვს, რუსეთის ტერიტორია დაბომბოს კიდეც იმ შემთხვევაში, თუ მან სამხედრო დანიშნულების ობიექტები იცის, რომელიც მერე უკრაინელების მოსაკლავად გამოიყენება. ეს საერთაშორისო შემაკავებელი ფაქტორიც უკვე აღარაა, სხვა ამბავია, უკრაინელები ამის გაკეთებას რამდენად მოინდომებენ”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას კორნელი კაკაჩია.

“ამის ერთ-ერთი მიზანი სწორედ ისიც შეიძლება იყოს, რომ რუსული საზოგადოება დაფიქრდეს. ისინი მხოლოდ რუსული ტელევიზიით უყურებენ და იქ ისმენენ, რომ თითქოს არაფერი არ ხდება. მათ ტერიტორიაზეც რომ გადავა, მერე გააანალიზონ თუ რა შედეგები მოსდევს ამ ომს. ჯერჯერობით სიტუაცია კონკრეტული ლოკაციების იქით არ წასულა, თუმცა, უკრაინა შესაბამის შეიარაღებას როგორც კი მიიღებს, არაა გამორიცხული, რომ უკრაინის მოსაზღვრე ტერიტორიები შურისძიების მიზანი იყოს. რუსეთის პროპაგანდისტული საშუალებები ამას მალავენ, რადგან რუსეთის ხელისუფლება საზოგადოებას უყვება, რომ ძლევამოსილი არმია ჰყავს, ყველაფერი მოგვარებული აქვთ, მარიუპოლი აიღეს და ბუნებრივია, მათ ნარატივში არ ჯდება, რომ შესაძლოა რუსეთს ჩავარდნა ჰქონდეს. პროპაგანდა მხოლოდ წარმატებებზე წერს”, - განაგრძობს რესპონდენტი.

“რუსული საზოგადოება ამ პროპაგანდაზე ფაქტიურად ნარკოტიკივით ზის და ბუნებრივია მათ ლოგიკაში ვერ ჯდება კრეისერ “მოსკოვის” ჩაძირვა და სხვა შემთხვევები. რუსებს არ უნდათ იმის დაჯერება, რომ უკრაინელებს ასეთი დარტყმის მიყენება შეუძლიათ და ეს რუსეთის ტერიტორიაზე ხდება, ამან შესაძლოა საზოგადოების კრემლისადმი დამოკიდებულება შეცვალოს. თუ ასეთი სტილის შეტევები გაგრძელდა, კრემლს ამის დიდხანს მალვა გაუჭირდება, საზოგადოებისგან კი ძალიან ბევრ კითხვას გააჩენს, რომლისთვისაც პასუხის გაცემა მოუწევთ, ხშირად ეს პასუხები მათ არ აქვთ. ყველა ომს აქვს ფასი და რუსები ამ ფასას არ ასახელებენ, თუ ეს ყველაფერი რად უჯდებათ. მოსახლეობას რომ ანგარიში წარმოუდგინონ ომში ერთ დღეში რა ადამიანური, სამხედრო თუ ფინანსური დანაკარგი აქვთ და ეს ყველაფერი, რომ საზოგადოებამ გაიგოს, არა მგონია, რომ აღფრთოვანებით შეხვდნენ და პუტინს იგივე რეიტინგი დარჩეს როგორიც დღეს აქვს”, - დაასკვნის კაკაჩია.

“სამხედრო ექსპერტი ვახტანგ მაისაია “რეზონანსთან” აცხადებს, რომ სავარაუდოდ ამას უკრაინული მხარე რუსეთის შესაკავებლად აკეთებს, რისი სრული უფლებაც აქვს. “სავარაუდოდ ამას უკრაინა აკეთებს, მაგრამ, ამას სარჩული აქვს, სრულმასშტაბიანი საომარი მოქმედებები მიდის. რუსეთს გაურკვეველი ტიპის ე.წ. სპეცოპარაცია აქვს გამოცხადებული, თუმცა, ბუჩაში და სხვა ქალაქებში განხორციელებული გენოციდი უკრაინისთვის ეს ფართომასშტაბიანი ომია, სრული მობილიზაცია აქვს გამოცხადებული და ომის კანონების მიხედვით ის კომუნიკაციურ ცენტრებს ანადგურებენ, რომელიც შემდგომში რუსეთი სამხედრო აგრესიისთვის, ოკუპაციისთვის იყენებს. ასეთ შემთხვევაში უკრაინას ამის უფლება აქვს, ეს საომარი მდგომარეობაა. თან ეს აფეთქებები იმ ტერიოტორიაზე ხორციელდება, სადაც ჯარების კონცენტრაციაა შემდგომი აგრესიისა და ინტერვენციისთვის”, - ამბობს მაისაია, რომლის განმარტებით, აფეთქებებმა უკვე ინტენსიური ხასიათი მიიღო და რუსებიც უკვე აღიარებენ, რომ უკრაინასთან საომარ მდგომარეობაში არიან”, - დასძენს გამოცემა.

“თუ ამას რუსეთი თავად აკეთებს, მაშინ გამოდის, რომ საკუთარ იმიჯს და ძალას ყელში დანას უსვამს. ის ვარიანტიც არაა გამორიცხული, რომ პუტინი აკეთებდეს, რომ უკრაინას დაბრალდეს, თუმცა, მისთვის შიდა ტერიტორიების ინტენსიური დაბომბვა მარტო მის იმიჯისა და პიარს ძირს უთხრის. თუ ამბობ, რომ ეს სპეცოპარაციაა და არა ომი და ამ დროს მოწინააღმდეგე შენს ტერიტორიაზე სტრატეგიული დანიშნულების ადგილებს აფეთქებს, ეს ფსიქოლოგიური მომენტია. რუსეთს რომ ჰკითხო, უძლეველი იმპერიაა და ხელს არავინ არ ახლებს, ხელს კი არა, აგერ ვხედავთ რაც ხდება. როცა არასამართლიან ომს აწარმოებს და გენოციდს ახორციელებს, უკრაინას სხვა გამოსავალს არ უტოვებს, რადგან ეს ოპერაციები რომ არ განახორციელონ, ხვალ-ზეგ ამ საწვავ-საპოხი მასალის მეშვეობით ტანკებით და თვითმფრინავებით ჯარს მოამარაგებენ და მერე მოაწყობენ ბუჩა ორს. ერთია, რომ ამას ფსიქოლოგიური ეფექტი აქვს, ახლა უკვე რუსეთის მოქალაქეები იგებენ რეალურად რა ხდება. მეორეც ნადგურდება ის ცენტრები, რომლებიც მერე ისევ მეორე ფაზას ხმარდება. ეს ომის კანონი და ლოგიკაა, რომ მოწინააღმდეგეს შეიარაღება და საშუალებები გაუნადგურო”, - მიიჩნევს გამოცემის კორესპონდენთთან საუბრისას ვახტანგ მაისაია.

ოპოზიციის ახალი ინიციატივა - რეპორტაჟები რუსთავის ციხიდან

“ოპოზიცია ცხელ გაზაფხულს აანონსებდა - პარტიებს შორის საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით კონსულტაციები გრძელდება, მხოლოდ “ნაცმოძრაობაა” მზად უკომპრომისო გამოსვლებისთვის, ლოზუნგით - “თავისუფლება მიშას”. “მიხეილ სააკაშვილი იმ ეპოქალურ დრამაში, რომელიც დღეს მიმდინარეობს ცივილიზაციასა და რუსეთ-ბნელეთს შორის, განუყრელი ნაწილია. ის ზის ციხეში იმიტომ, რომ პუტინმა გამოუტანა განაჩენი. პუტინის ხელის ბიჭები, ივანიშვილის, ღარიბაშვილის და სხვათა სახით, აღასრულებენ ამ სამარცხვინო განაჩენს საქართველოს ისტორიისთვის”, - აცხადებს “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი წევრი ნუგზარ წიკლაური და იმედი აქვს, რომ სააკაშვილის გათავისუცფლების მოთხოვნით ზეწოლა გაგრძელდება დასავლეთის მხრიდანაც და ხალხიც თავის სიტყვას იტყვის. სააკაშვილის თანამებრძოლი გიგი უგულავა კი ინიციატივით გამოდის, რომ პოლიტიკოსების ყოველი სატელვიზიო ჩართვა თუ პარტიული ბრიფინგი რუსთავის ციხიდან გაიმართოს”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით ოპოზიციის ახალი ინიციატივა - რეპორტაჟები რუსთავის ციხიდან.

“თანამოაზრე პოლიტიკოსებო და ტელევიზიით ხშირად მოსაუბრენო, მინდა ასეთი იდეა გაგიზიაროთ, ყოველი სატელევიზიო ჩართვა, პარტიული ბრიფინგი გავმართოთ რუსთავის ციხიდან. ყველა გამოსვლა, სულ რომ ამინდზე, ტრიგონომეტრიაზე ან მფრინავ სპილოებზე გვიწევდეს საუბარი, დავიწყოთ და დავასრულოთ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით. თავად ციხის ფონზე საუბარი უკვე მეტყველი გზავნილია - თავისუფლება მიშას. მესმის, ლოჯისტიკურად შესაძლოა რთულია, მათ შორის ტელევიზიებისთვის, მაგრამ, თუნდაც მცირედი ძალისხმევა ძალიან მნიშვნელოვანია პუტინისა და ივანიშვილის ტყვის მიხეილ სააკაშვილის დასახსნელად. მნიშვნელოვანია პატიმრის გასამხნევებლად. ეს თემა მუდმივად უნდა იყოს დღის წესრიგში, სანამ არ მივაღწევთ მიზანს”, - აცხადებს გიგი უგულავა. პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე ოპოზიციის სამომავლო გეგმებსა და ინიციატივებს მორიგ პიარ სვლას უწოდებს, რომელიც მხოლოდ ვიწრო აუდიტორიაზეა გათვლილი და შედეგს ვერ მოიტანს”, - აღნიშნავს გამოცემა.

“ოპოზიციას გრძელვადიანი გათვლები არ აქვს, რომ ჰქონდეს გრძელვადიანი სტრატეგიული გათვლები, ამდენ შეცდომასაც არ დაუშვებდა, ამიტომაც აქვთ ის 7%-ი, რომელიც ბოლო კვლევამ აჩვენა. თითქოსდა სიახლეებს ეძებენ, მაგრამ ყველა იდეა გარედან მიმზიდველი შეიძლება იყოს. მაგრამ მოკლე დროით, რადგან შინაარსისგან არის დაცლილი და მალე ანტიპიარი შეიძლება გახდეს. იგივე ბედი ელის რუსთვის ციხიდან რეპორტაჟებს მიშას გათავისუფლების მოხოვნით, რომელიც ეფექტურობას მალევე დაკარგავს და საზოგადოებასაც მალე მობეზრდება. ამ იდეას ალბათ არც სხვა ოპოზიციური პარტიები აიტაცებენ დიდი ენთუზიაზმით. მისი დანერგვა შეიძლება მხოლოდ ერთ შემთხვევაში, თანაც მარტივად, აქეთ-იქით რომ არ ირბინოს ტელვიზიებმა და პოლიტიკოსებმა. გადაიღონ ციხე და ამ ფონზე ჩართონ გამომსვლელები”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას რამაზ საყვარელიძე.

“ოპოზიციის სამომავლო გეგმებს და რუსთავის ციხიდან შესაძლო რეპორტაჟებს აფასებს პოლიტოლოგი ნიკა ჩიტაძე, რომელიც ფიქრობს, რომ ტექნიკურად ამ იდეის განხორციელება რთული იქნება. “ყოველი სატელევიზიო ჩართვა, პარტიული ბრიფინგი და ა.შ. რუსთავის ციხიდან ტექნიკურად რთული განსახოციელებელი იქნება ტელევიზიებისთვის, პოლიტიკოსებიც ვერ ეტყვიან ტელევიზიებს გინდა თუ არა რუსთავის ციხიდან მოგცემთ ინტერვიუსო”, - ამბობს ჩიტაძე, რომელიც ფიქრობს, რომ ვიდეობის გადაღება შეუძლიათ მიშას მხარდამჭერებს და შემდეგ გავრცელება”, - დასძენს გამოცემა.

“რაც შეეხება ოპოზიციის სამომავლო გეგმებს, ბევრი საკითხია გასათვალისწინელებელი; პირველ რიგში წარსულის შეცდომები. ის, რომ ოპოზიცია ინფორმაციულ ომს აგებს სახელისუფლებო პარტიასთან. ხელისუფლებას მაღალი რეიტინგი აქვს და როცა ფართომასშტაბიან აქციებზეა საუბარი, მაშინ ოპოზიციამ უნდა გაითვალისწინოს, რამდენი ადამიანის გამოყვანა შეუძლია ქუჩაში, რომ აქცია წარუმატებელი არ იყოს... სააკაშვილთან მიმართებაში კი საჭიროა უფრო აქტიურად იმუშაონ ხალხთან, საერთაშორისო პარტნიორებთან და სალომე ზურაბიშვილთან, რომელიც ამჟამად ვაშინგტონში იმყოფება და სააკაშვილთან დაკავშირებით ალბათ იქნება საუბარი”, - მიიჩნევს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ნიკა ჩიტაძე.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა