დიეგო კოლასი - საქართველო მზად უნდა იყოს ახალი შესაძლებლობების ფანჯრისთვის, რომელიც გაიღება - სასამართლო და საარჩევნო რეფორმა, სიტყვის თავისუფლება, ჟურნალისტების დაცვა, ყველა ეს ელემენტი აბსოლუტურად ცენტრალურია

ვფიქრობ, რადგან უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების განცხადებაზე პასუხის გაცემის აუცილებლობა იქნება, მაგიდაზე იქნება მეტი ალტერნატივა, მეტი ვარიანტი, მეტი შესაძლებლობა. ეს კი მოითხოვს, რომ საქართველო, თავის მხრივ, მზად იყოს ამ მომენტისთვის, ამ შესაძლებლობების ფანჯრისთვის, რომელიც გაიღება, - ამის შესახებ საფრანგეთის ელჩმა საქართველოში, დიეგო კოლასმა „ინტერპრესნიუსისთვის“ მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივაზე დასმული კითხვის პასუხად განაცხადა.

საქართველოს მზადყოფნაზე საუბრისას ფრანგმა დიპლომატმა კანონის უზენაესობასა და მართლმსაჯულების სისტემის რეფორმაზე გაამახვილა ყურადღება, რა კონტექსტშიც ხაზგასმით აღნიშნა, რომ „მექანიზმი, რომელიც დამოუკიდებელ მოსამართლეებს ეყრდნობა, არის ის, რაც ევროკავშირს ფუნქციონირებას უწყობს ხელს და ხდის მას წარმატებულს“.

„ახლა თქვენ ახალი ვითარება გაქვთ უკრაინისა და მისი ევროკავშირში წევრობის განაცხადის გამო, რომელზეც ვალდებულება გვაქვს, როგორმე ვუპასუხოთ. მაგიდაზე მეტი არჩევანი იქნება. ზუსტად არ ვარ დარწმუნებული რომელი. ვფიქრობ, ძალიან კონსტრუქციულად უნდა ვიფიქროთ, მაგრამ ვგონებ მაგიდაზე იქნება შემოთავაზებები, რომ უფრო მეტი გავაკეთოთ, ვიდრე წარსულში. ევროკავშირის გაფართოება რთული პროცესია. ევროკავშირში ბევრად მეტი ქვეყნის ყოლა არის პროცესი, რომელიც ძალიან საფუძვლიანად უნდა განხორციელდეს, რადგან ჩვენ არ შეგვიძლია დავუშვათ, რომ ევროკავშირი შეუსაბამობაში დაიშალოს. ყოველთვის იყო შიში გაფართოებასთან დაკავშირებით, რომ თუ ძალიან ბევრ მრავალფეროვან და მოუმზადებელ ქვეყანას შემოვიერთებთ, მაშინ მოულოდნელად ისეთი ვითარება შეიქმნება, როდესაც ევროკავშირში გადაწყვეტილებებს ვეღარ მივიღებთ. ასე რომ, ჩვენ უნდა გავიაროთ გაფართოების რთული პროცესი, ამისთვის ბევრი მუშაობა გვჭირდება. ვფიქრობ, რადგან უკრაინის განცხადებაზე პასუხის გაცემის აუცილებლობა იქნება, მაგიდაზე იქნება მეტი ალტერნატივა, მეტი ვარიანტი, მეტი შესაძლებლობა. ეს კი მოითხოვს, რომ საქართველო, თავის მხრივ, მზად იყოს ამ მომენტისთვის, ამ შესაძლებლობების ფანჯრისთვის, რომელიც გაიღება. გასულ წელს ჩვენ გვქონდა საკმაოდ რთული დისკუსიები კანონის უზენაესობის ყველა ინსტიტუციურ განზომილებაზე. გულწრფელად რომ ვთქვათ, ეს არის არსებითი განზომილება, რადგან ესა ისაა, რაც ყველაფერს ამუშავებს. ევროკავშირი მუშაობს იმიტომ, რომ მოსამართლეები თავისუფალნი, დამოუკიდებელნი არიან, შეუძლიათ მათი მთავრობის მიერ სასამართლოში დაცული პოზიციის გადასინჯვა და დაუსვან კითხვები ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლოს და წინ წაწიონ ევროკავშირში ინტეგრაცია. ამ მექანიზმს იურისტები წინასწარი გადაწყვეტილების მექანიზმს ეძახიან. ეს მექანიზმი, რომლებიც დამოუკიდებელ მოსამართლეებს ეყრდნობა, არის ის, რაც ევროკავშირს ფუნქციონირებას უწყობს ხელს და ხდის მას ისეთ წარმატებულს, როგორიც არის. ამიტომ ამ რეფორმას დიდი მნიშვნელობა აქვს. ეს რაღაცის მსგავსი არაა. კარგია, თუ ამას შევძლებთ, მაგრამ წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, როგორც შეგვიძლია. ეს მართლაც დასავლური ტრანსფორმაციის გულია. სასამართლო რეფორმა, საარჩევნო რეფორმა, სიტყვის თავისუფლება, პრესის თავისუფლება, ჟურნალისტების დაცვა, ყველა ეს ელემენტი აბსოლუტურად ცენტრალურია. ჩვენ გვაქვს უმცირესობების დაცვა, ინდივიდუალური უფლებების დაცვა, პროტესტის უფლება, ქუჩაში მსვლელობის უფლება და ა.შ. და ეს ყველაფერი ტრანსფორმაციის პროექტის აბსოლუტური ცენტრია. მოლოდინი საკმაოდ დიდია. ძალიან მნიშვნელოვანია იმ მომენტში, როცა ყველაფერი შესაძლებელი გახდება, საქართველო სრულად იყოს მზად, იყოს მომზადებული, მაქსიმალურად მოტივირებული წინსვლისთვის, რადგან ვფიქრობ, წინ გვაქვს მომენტი, როდესაც რამდენიმე თვეში ბევრი რამის მიღწევა იქნება შესაძლებელი“, - განაცხადა საფრანგეთის ელჩმა.

ინტერვიუს სრული ვერსია იხილეთ ბმულზე.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო