სამსახურებრივი საჭიროებიდან გამომდინარე, პოლიციელის ტერიტორიულად ერთი ადგილიდან სხვა ადგილზე გადაყვანა შესაძლებელი იქნება, რაც პირის თანხმობით ან თანხმობის გარეშე შეიძლება მოხდეს

სამსახურებრივი საჭიროებიდან გამომდინარე, შინაგან საქმეთა მინისტრის ან საამისოდ უფლებამოსილი პირის გადაწყვეტილებით, პოლიციელის ტერიტორიულად ერთი ადგილიდან სხვა ადგილზე გადაყვანა იქნება შესაძლებელი, რაც პოლიციელის თანხმობით ან მისი თანხმობის გარეშე შეიძლება მოხდეს.

ასეთი სიახლე “პოლიციის შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებებით შემოდის, რომელიც პარლამენტში განხილვის პროცესშია.

მომზადებული პროექტის გათვალისწინებით, პოლიციელის გადაყვანა თანაბარ, ტოლფას თანამდებობაზე დასაშვები იქნება ერთი წლის ვადით, რომელიც საჭიროების შემთხვევაში, შესაძლებელია დამატებით ერთი წლით გაგრძელდეს.

ამასთან, ვადის ამოწურვის შემდეგ ან შესაბამისი სამსახურებრივი საჭიროების აღმოფხვრის შემთხვევაში, პოლიციელი გადაყვანამდე დაკავებულ თანამდებობას დაუბრუნდება, ხოლო თუ აღნიშნული შეუძლებელი აღმოჩნდება, შესაბამის ტოლფას თანამდებობაზე დაინიშნება.

იმ შემთხვევაში თუ პოლიციელი შეთავაზებულ თანამდებობაზე უარს განაცხადებს, იგი დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლდება.

როგორც პროექტის განმარტებით ბარათში ვკითხულობთ, თბილისსა და საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში პოლიციელების რაოდენობა განსხვავებული და არათანაბარია. პროექტის ინიციატორთა ინფორმაციით, ერთ რეგიონში შესაძლოა დასაქმებული იყოს პოლიციელთა საკმაოდ დიდი რაოდენობა, მაშინ როდესაც მეორე რეგიონში პოლიციელთა რაოდენობის დეფიციტი იქმნება.

“რიგ შემთხვევებში, შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის შესაძლოა რთული აღმოჩნდეს საქართველოს ცალკეულ ტერიტორიაზე სათანადო კვალიფიკაციისა და უნარ-ჩვევების მქონე კადრების მოძიება.

გარდა ამისა, დღეს მოქმედი საკანონმდებლო რეგულაციების თანახმად, პოლიციელების რაოდენობის გაზრდა შესაძლებელია მხოლოდ კონკურსის წესით შესაბამისი კადრების აყვანით, რაც საკმაოდ რთული და ხანგრძლივი პროცესია, მაშინ როდესაც ცალკეულ რეგიონში არსებული მდგომარეობა შესაძლოა გადაუდებლად საჭიროებდეს სამართალდამცავთა მობილიზებას.

საქართველოს ყველა ქალაქსა თუ რეგიონში სამუშაო ძალის დაბალანსებულად გადანაწილების და რეგიონებში შესაბამისი გამოცდილების მქონე კადრების მობილიზების მიზნით, შესაძლებელი უნდა იყოს პოლიციელების თანაბარ თანამდებობაზე გადაყვანა, მათ შორის ტერიტორიულად სხვა ადგილას. აღნიშნული შეიძლება გულისხმობდეს სამსახურებრივი მივლენისგან განსხვავებული წესების შესაბამისად პოლიციელის სამუშაო ადგილის გარკვეული დროით შეცვლას“, - ვკითხულობთ პროექტის განმარტებით ბარათში.

“პოლიციის შესახებ“ კანონში ცვლილებების ინიციატორები არიან მმართველი გუნდის დეპუტატები: - ანრი ოხანაშვილი, ალუდა ღუდუშაური, დავით მათიკაშვილი, გურამ მაჭარაშვილი, რატი იონათამიშვილი, ალექსანდრე ტაბატაძე და მიხეილ სარჯველაძე.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა