კოკა კაციტაძე - მაქვს ჩემი ხედვა, როგორ მოხდეს სამოხელეო დანაშაულის პრევენცია, რომ პრობლემა დანაშაულად არ იქცეს

ორი თვე გავიდა მას შემდეგ, რაც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური გაუქმდა და მის ნაცვლად ორი დამოუკიდებელი უწყება, მათ შორის სპეციალური საგამოძიებო სამსახური შეიქმნა. რისი გაკეთება მოასწრო ახალმა უწყებამ, რა სიახლეები დაინერგა საგამოძიებო საქმიანობაში და რა ღონისძიებების გატარება იგეგმება პროცესის გასაძლიერებლად, ამ საკითხებზე „ინტერპრესნიუსი“ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსს, კოკა კაციტაძეს ესაუბრა.

- სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების ერთ-ერთი მთავარი არგუმენტი ხელისუფლების მხრიდან ის იყო, რომ სამსახურის საგამოძიებო ფუნქცია დამოუკიდებელი უწყების ფორმატში უფრო ეფექტიანად განხორციელდებოდა. ახლა, როცა ორი თვეა საგამოძიებო სამსახური ახალი ფორმით საქმიანობს, ამ გადმოსახედიდან, შეაფასეთ განხორციელებული ცვლილების მნიშვნელობა და განმარტეთ, რამდენად გაამართლა აღნიშნულმა? ასევე, მოგვიყევით, ზოგადად, რა სიახლეები დაინერგა?

- ვფიქრობ, ეს რეფორმა ადრე თუ გვიან უნდა განხორციელებულიყო, რადგან საგამოძიებო ორგანოს თავისი სპეციფიკიდან გამომდინარე არ შეიძლება ჰქონდეს სხვა, რაიმე დამატებითი ფუნქცია, რომელიც შეუთავსებელი იქნება მის ძირითად ფუნქციასთან. კერძოდ, რას ვგულისხმობ - სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ფუნქცია იყო გამოეძიებინა უმნიშვნელოვანესი სამოხელეო დანაშაულები - ცემა, წამება, ძალადობა, არაადამიანური მოპყრობა. ამავდროულად, მას ჰქონდა სხვა დამატებითი, ჩემი აზრით, შეუთავსებელი ფუნქციები, როგორიცაა პერსონალური მონაცემების დაცვა და ფარული საგამოძიებო მოქმედებების კონტროლი. ის ერთი მხრივ, იძიებდა სამოხელეო დანაშაულს, ატარებდა ფარულ საგამოძიებო მოქმედებებს და მეორე მხრივ, თავად იყო მაკონტროლებელი ამ ფარული საგამოძიებო მოქმედებების. დღეს კი გვაქვს რეალობა, რომ არის ცალკე საგამოძიებო ორგანო და მის მიერ ჩატარებულ ფარულ საგამოძიებო მოქმედებებს ამოწმებს დამოუკიდებელი სახელმწიფო სტრუქტურა. აქედან გამომდინარე, ინტერესთა კონფლიქტი რომ არ არსებობდეს, ძალიან მნიშვნელოვანია და ვფიქრობ, აუცილებელიცაა, საგამოძიებო ორგანოს ჰქონდეს მხოლოდ საგამოძიებო ფუნქცია და არა სხვა, რაიმე დამატებითი ფუნქცია, რომელიც ინტერესთა კონფლიქტში მოვა საგამოძიებო მიმართულებასთან. საგამოძიებო პროცესმაც ეს აჩვენა იმიტომ, რომ თითოეული თანამშრომლის, გამომძიებლის, ხელმძღვანელის მთელი ძალისხმევა მიმართული უნდა იყოს ამ უმნიშვნელოვანესი ტიპის დანაშაულების გამოძიებაზე და არა სხვა დამატებითი ფუნქციების შესრულებაზე.

რაც შეეხება სიახლეებს, ამ მოკლე დროში, დავიწყეთ სისხლის სამართლის 74 საქმეზე გამოძიება. აღსანიშნავია, რომ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურისგან განსხვავებით, ეს არის უფრო დიდი ფუნქციების მქონე საგამოძიებო დანაყოფი. თუკი სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური იძიებდა სისხლის სამართლის კოდექსის 8 მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულს, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ქვემდებარეობას დაემატა 40 მუხლი. ჯამში 48 სახის დანაშაულს ვიძიებთ. ესენია - სამართალდამცავების მიერ ჩადენილი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს განხორციელებული დანაშაულები, ასევე დაგვემატა ყოფით ნიადაგზე სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლის მიერ ჩადენილი ნებისმიერი ძალადობრივი დანაშაული. გარდა ამისა, ძალიან მნიშვნელოვანია ის 12 მუხლი, რომელიც სპეციალური საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო ქვემდებარეობას გადმოეცა. ეს არის, მაგალითად, ისეთი მნიშვნელოვანი დანაშაულები, როგორებიცაა ჟურნალისტის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა; პირადი ცხოვრების საიდუმლოების ხელყოფა; დევნა დისკრიმინაციული ნიშნით, სიტყვის თავისუფლების შეზღუდვა და საარჩევნო თემატიკის დანაშაულები. აქედან გამომდინარე, ჩვენი გამოწვევები ძალიან მნიშვნელოვანია და სამსახურს აქვს გეგმები ამ გამოწვევებთან გასამკლავებლად.

- სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების თაობაზე კანონპროექტის დარეგისტრირების მომენტიდან ისმოდა შეფასებები, რომ ეს იყო სადამსჯელო ოპერაცია ლონდა თოლორაიას მიმართ - მას უფლებამოსილება ვადაზე ადრე შეუჩერდა; თოლორაიას სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოს ამ დრომდე არ განუხილავს, პროექტის დაჩქარებული წესით განხილვამ კი კითხვები გააჩინა პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლებისთვის. ყველაფერი ამის ფონზე, თქვენი აზრით, რამდენად სწორი და მიზანშეწონილი იყო ცვლილებების მიღება იმ დროს და იმ ფორმით (დაჩქარებული წესით), როგორც ის განხორციელდა - რა საჭირო იყო ასეთი სიჩქარე, შეგიძლიათ გვითხრათ ხელისუფლების არგუმენტები?

- მე ვერ გავაკეთებ განმარტებებს იმ პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებით, რომელიც წინ უძღოდა რეფორმას. მაშინ ვიყავი კანდიდატი, რომელსაც ჰქონდა საკუთარი ხედვა საგამოძიებო ორგანოს განვითარებასთან დაკავშირებით. მქონდა ჩემი კონკრეტული სტრატეგია, როგორ ვხედავდი დაზარალებული მოქალაქეების უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესებას, როგორ ვხედავდი სწრაფი, დროული და ეფექტიანი გამოძიების ჩატარებას საგამოძიებო ორგანოს ქვემდებარე დანაშაულებთან დაკავშირებით. ეს არის ჩემი კონკრეტული მიმართულება, რასაც 1-ელი მარტიდან ვახორციელებ. ეს არის ჩემი ძალიან კონკრეტული მიზანი და ჩვენი სამსახური არის ძალიან ღია და გახსნილი, მათ შორის საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობაში. ვგეგმავთ პროაქტიულად მივაწოდოთ საზოგადოებას, მედიას და ჩვენს საერთაშორისო ორგანიზაციებს ყველა ის ინფორმაცია, რომელიც უკავშირდება ჩვენს საქმიანობას. როდის სჯობდა ამ რეფორმის განხორციელება, რამდენ დღეში, ან რა პროცესები უძღოდა ამას წინ, ეს ჩემი კომპეტენცია არ არის.

- მთავარი არგუმენტი, რის გამოც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებას ლონდა თოლორაიას დასჯად აფასებდნენ, უწყების მიერ მიხეილ სააკაშვილის მიმართ განხორციელებული შესაძლო არაადამიანური მოპყრობის ფაქტზე გამოძიების დაწყება იყო. გაგრძელდა თუ არა აღნიშნულ საქმეზე გამოძიება და თუ კი, რა ეტაპზეა ის?

- აღნიშნულ საქმეზე გამოძიება ძალიან აქტიურად გრძელდება. ამ საქმეს იძიებს ის გამომძიებელი, რომელიც იძიებდა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საქმიანობის პერიოდშიც. არანაირი ცვლილება ამ მიმართულებით არ განგვიხორციელებია. პირიქით - დავსახეთ კონკრეტული გეგმა, როგორ უნდა წარიმართოს აქტიურად საგამოძიებო ან საპროცესო მოქმედებები. მე ვიყავი იმ დეპარტამენტის ხელმძღვანელი, რომელმაც დაცვის მხარეს, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატებს მისცა შესაძლებლობა, რომ გასცნობოდნენ საქმის მასალებს და არ ჰქონოდათ რაიმე შეკითხვა მიმდინარე გამოძიებასთან დაკავშირებით. ისინი გაეცნენ როგორც ვიდეო-ჩანაწერებს, ასევე საქმეში არსებულ მასალებს. ამ საქმეზე გამოძიება აქტიურად გრძელდება. თითქმის ყოველდღიურ რეჟიმში ტარდება საგამოძიებო და საპროცესო ღონისძიებები. ასევე ამ საქმეზე დანიშნულია უამრავი ექსპერტიზა, რომლის პასუხები ჯერ არ მიგვიღია. ყოველივე ამის დასრულების და მათ შორის ექსპერტიზის პასუხების მიღების შემდეგ, შესაძლებელი გახდება ამ საქმეზე დასკვნების გაკეთება.

- როცა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების საკითხი წამოიჭრა, ერთ-ერთი მთავარი პრობლემა უკავშირდებოდა იმას, რომ სახლში უშვებდნენ არა მხოლოდ ლონდა თოლორაიას, არამედ უწყების თანამშრომლებს. რა კადრებით არის დაკომპლექტებული თქვენი სამსახური?

- ყველა იმ თანამშრომლის განცხადება დაკმაყოფილდა, რომელმაც განცხადება დაწერა და სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში საქმიანობის გაგრძელების სურვილი გამოთქვა. ეს ადამიანები იკავებენ იგივე პოზიციას, რაც ეკავათ. ისინი ჩემთვის უცხო არ ყოფილან. მე მათთან რამდენიმე წელია ვთანამშრომლობ, ვიცი მათი შესაძლებლობები, მათი პიროვნული და პროფესიული თვისებები. ამიტომ თითოეული მათგანი ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია და მათთან ყოველდღიურ რეჟიმში ვაგრძელებ მუშაობას. სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში დაახლოებით 70-მდე თანამშრომელი მუშაობს.

- ლონდა თოლორაიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ საგამოძიებო სამსახურმა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ვებ-გვერდიდან 2 წლის განმავლობაში საგამოძიებო მიმართულებით განხორციელებული საქმიანობის ამსახველი ანგარიშები და ყველა სხვა სახის ინფორმაცია წაშალა. როგორ ახსნით ამას, რას უკავშირდება ანგარიშებისა და სხვა სახის ინფორმაციის ვებ-გვერდიდან წაშლა?

- საიტი მუშაობს რეკონსტრუქციის რეჟიმში. არაფრის წაშლა არ მომხდარა. ყველა ანგარიში და კვლევა არსებობს. საიტის რეკონსტრუქციის დასრულების შემდეგ ეს კვლევები და ანგარიშები დაიდება, მათ შორის კვლევების და ანგარიშების ნაწილი უკვე გამოქვეყნებულია და ამ კუთხით არანაირი პრობლემა არ არსებობს.

- რაც შეეხება სტატისტიკას, ბოლო მონაცემებით, სისხლის სამართლის რამდენი საქმეა საგამოძიებო სამსახურის წარმოებაში და თქვენ მიერ გამოძიებული საქმეებიდან რამდენ შემთხვევაში დაიწყო პროკურატურამ სისხლისსამართლებრივი დევნა?

- ორი თვის განმავლობაში გამოძიება 74 სისხლის სამართლის საქმეზე გვაქვს დაწყებული. ჩვენ მიერ გახსნილ საქმეებთან დაკავშირებით პროკურატურამ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო 7 პირის მიმართ. 4 პირი არის სამართალდამცავი - 3 შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი, 1 კი პენიტენციური დეპარტამენტის. მათ ვედავებით სამოხელეო დანაშაულის ჩადენას, ასევე ყოფით ნიადაგზე ჩადენილ ძალადობრივ დანაშაულებს. ასევე არის 3 ადამიანი, რომელთაც ბრალად ედებათ ჟურნალისტის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა. ეს არის ორი ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტი, რომელიც სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა გამოიძია - ერთი უკავშირდება „ფორმულას“ ოპერატორის მიმართ ძალადობის ჩადენის ფაქტს, რომელიც 17 მარტს, თბილისში, აბაშიძის ქუჩაზე მოხდა. გამოძიების დაწყებიდან რამდენიმე საათში უკვე დავაკავეთ მოძალადე. მეორე კი „მთავარი არხის“ ჟურნალისტისა და ოპერატორზე ზუგდიდში თავდასხმის ფაქტია, რომელთან დაკავშირებითაც ასევე უმოკლეს დროში აწარმოა ჩვენმა სამსახურმა გამოძიება და ამ დანაშაულში მხილებული ორი პირის დაკავება. ესენი არიან პარტია „კონსერვატიული მოძრაობის“ თავმჯდომარე და მისი წევრი.

- მოგვიყევით სამსახურის გაძლიერებისთვის დაგეგმილი ღონისძიებების შესახებაც...

- სამსახურს აქვს ძალიან მნიშვნელოვანი და ამბიციური სამომავლო გეგმები, რისი განხორციელებაც უკვე დავიწყეთ. უპირველესად, ჩვენ პარლამენტს წარვუდგინეთ საკანონმდებლო წინადადება, რომელიც მიზნად ისახავს სამსახურის დამოუკიდებლობის გაზრდას, ჩვენი ფუნქციების გაფართოებას და თანამშრომლების სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას. კერძოდ, სამსახურში იყვნენ ისეთი თანამშრომლები, რომელთაც არ ჰქონდათ ჯანმრთელობის დაზღვევა და საკანონმდებლო ცვლილებით გვინდა, რომ ეს თანამშრომლები ამ სოციალური პაკეტით უზრუნველვყოთ. გარდა ამისა, გვაქვს ძალიან კონკრეტული გეგმა დაზარალებული მოქალაქეების უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესების მიმართულებით. მოსვლის პირველივე დღიდან ვთქვი, რომ ყველა ადამიანი, რომელიც მოგმართავდა და მოითხოვდა გამოძიების დაწყებას, მივცემდით საქმესთან წვდომის საშუალებას, საქმის მასალების გაცნობის საშუალებას, შესაბამისად, მათი მოსაზრებები და შუამდგომლობები იქნებოდა ძალიან მნიშვნელოვანი გამოძიებისთვის.

გარდა ამისა, ვგეგმავთ და ვაფუძნებთ მსხვერპლთა დაცვის პროგრამას. თუ ადამიანი ფიქრობს, რომ შეიძლება დაექვემდებაროს შემდგომ ძალადობას, ვთქვათ, სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის მხრიდან, ჩავრთავთ დაცვის სპეციალურ ღონისძიებაში და უზრუნველვყოფთ მის ფიზიკურ უსაფრთხოებას მთელი გამოძიების განმავლობაში.

გარდა ამისა, ძალიან მნიშვნელოვანი სამომავლო გეგმა გვაქვს, რაც შესაძლოა, მაისის თვეში განხორციელდეს და რაც უკავშირდება სამოხელეო დანაშაულის პრევენციას. დანაშაულის პრევენცია მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ქუჩაში მომხდარ დანაშაულთან მიმართებით, როგორიცაა ქურდობა, ძარცვა, ყაჩაღობა, წვრილმანი დანაშაულები, არამედ მნიშვნელოვანია, პრევენცია მოხდეს სამოხელეო დანაშაულისაც, რომ ჩვენ წინასწარ მოვახდინოთ იდენტიფიცირება ყველა იმ პრობლემების, გამოწვევების ტენდენციების, რომლებიც სამართალდამცავი ორგანოების საქმიანობაში ვლინდება და ეს პრობლემები წარვუდგინოთ სამართალდამცავ ორგანოებს, ვიზრუნოთ მათი მოგვარების გზებზე. ამ მიზნით იქმნება სამოხელეო დანაშაულის პრევენციის საბჭო, სადაც მონაწილეობას მიიღებენ სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლები უმაღლეს დონეზე - მაგალითად, მინისტრის მოადგილეები, გენერალური პროკურორის მოადგილე, პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელი, წარმოდგენილი იქნება სპეციალური საგამოძიებო სამსახური. დავიწყებთ მუშაობას სამოხელეო დანაშაულის შემცირებისთვის და არსებულ გამომწვევებთან გასამკლავებლად.

წინასწარ მოხდება მემორანდუმის გაფორმება, რომელსაც ხელს მოაწერენ სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლები. მემორანდუმში გაწერილი იქნება წესები და მიზნები, რომელიც ექნება სამოხელეო დანაშაულის პრევენციის საბჭოს და მისი მთავარი მიზანი იქნება წინასწარ იდენტიფიცირება იმ პრობლემების, გამოწვევების და ტენდენციების, რომელიც ვლინდება ჩვენ მიერ ნაწარმოებ გამოძიებაში, სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლების საქმიანობაში. ამ პრობლემებზე წინასწარ ვისაუბრებთ და დავსახავთ გზებს, რათა შემდეგში არ გადაიზარდოს დანაშაულში. ვფიქრობ, ეს მნიშვნელოვანი ბერკეტი იქნება, რათა თავიდან ავირიდოთ და შევამციროთ სამოხელეო დანაშაული.

- და ბოლოს, როგორ შეაფასებთ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მიერ 2 წლის განმავლობაში განხორციელებულ საქმიანობას?

- დაახლოებით ორ წელი ვიმუშავეთ ერთად. ჰქონდათ მთელი რიგი წარმატებები, ჰქონდათ გარკვეული გამოწვევები, რაზეც მქონდა ჩემი კონკრეტული მოსაზრება, ცალკეულ შემთხვევებში ისინი არც იზიარებდნენ ამას. მაგალითად, მნიშვნელოვანი წინსვლა ჰქონდათ გამოძიების დროულობასთან დაკავშირებით, არ ყოფილა შეფერხება, რომ ადამიანი ითხოვდეს გამოძიების დაწყებას და სახელმწიფო ინსპექტორს დაეგვიანა. ასევე, ყველა იმ საქმეზე, რომელიც საზოგადოებისთვის აქტუალური იყო, მაგალითად, ჩოლოიანის საქმე, ჯარისკაცების საქმე, პატრულის თანამშრომლის მიერ მეტროში არასრულწლოვანზე ძალადობის საქმე - სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა ყველა კითხვაზე გასცა პასუხი და პროკურატურამ უმოკლეს დროში დაიწყო სისხლისსამართლებრივი დევნა, მაგრამ იყო გამოწვევებიც - არსებობდა ნაკლები კომუნიკაცია სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურსა და სახელმწიფოს სხვა დაწესებულებს შორის, რაც იწვევდა გარკვეულ საკითხებზე შეფერხებას, ამიტომ, მე მაქვს ჩემი შეხედულება ამ საკითხზე და სამოხელეო დანაშაულის პრევენციის საბჭოც ამას ემსახურება, რომ წინასწარ დავიწყოთ საუბარი პრობლემებზე, რომელიც არსებობს, რათა შემდგომში ეს არ იქცეს დანაშაულად.

ლიკა რუაძე

„ინტერპრესნიუსი“

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო