იულია ოვჩინიკოვა - ჩვენ ვითხოვთ მეტ სანქციებსა და მეტ იარაღს - რაც უფრო სწრაფად გავიაზრებთ, რომ ეს არის ომი მთელი დემოკრატიული სამყაროს წინააღმდეგ, უფრო სწრაფად შევძლებთ მის შეჩერებას

უკრაინა საკუთარი და ევროპის უსაფრთხოებისთვის უკვე 72-ე დღეა იბრძვის, რუსეთის აგრესიის შესაჩერებლად კი მასთან ერთად იბრძვის მთელი ცივილური სამყარო. უკრაინელების საბრძოლო სულისკვეთება და დასავლეთის მხარდაჭერა ქვეყნის ხელისუფლებას მტკიცე საფუძველს აძლევს სჯეროდეს, რომ რუსეთი მის მიერვე წამოწყებულ ომში მწარედ დამარცხდება, თუმცა რუსეთის დამარცხებამდე და უკრაინის გამარჯვებამდე ომი გრძელდება - ქვეყნის ტერიტორიაზე კვლავ არაერთი ცხელი წერტილია, სადაც გაჩაღებულ „ომის ხანძრებს“ ჩაქრობა სჭირდება...

უკრაინაში მიმდინარე ომზე და მასთან დაკავშირებულ პერიპეტიებზე „ინტერპრესნიუსს“ ექსკლუზიურ ინტერვიუში უკრაინის უმაღლესი რადას დეპუტატი, იულია ოვჩინიკოვა ესაუბრა.

- მადლობას გიხდით თანამშრომლობისთვის და ჩვენთვის გამოყოფილი დროისთვის. პირველ რიგში, უნდა გკითხოთ საპორტო ქალაქ მარიუპოლში არსებულ ძალიან მძიმე მდგომარეობაზე. „აზოვსტალის“ ფოლადის ქარხნის ტერიტორიასა და მის ფარგლებს მიღმა სისხლისმღვრელი ბრძოლები ახლაც მიმდინარეობს. მოსახლეობა ევაკუაციას ვერ ახერხებს, რადგან რუსეთი უკვე კარგად ცნობილია მასზე აღებული ვალდებულებების დარღვევით, მათ შორის ცეცხლის შეწყვეტასთან დაკავშირებით. ჩვენ მოვისმინეთ „აზოვის“ პოლკის მეთაურის მოადგილის, სვიატოსლავ პალამარის განცხადება, რომელმაც ქვეყნის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მოუწოდა, იზრუნოს დაჭრილ ჯარისკაცებზე. თქვენი აზრით, რა გზებით უნდა მოხდეს მარიუპოლის დახმარება უკრაინის ხელისუფლებისა და ასევე, საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან?

- პირველ რიგში, მადლობას გიხდით მოწვევისთვის. მინდა გითხრათ, რომ უკრაინის პრეზიდენტი, ჩვენი პარლამენტი და ხელისუფლება აკეთებს ყველაფერ შესაძლებელს ყველა ფრონტზე, რათა შეაჩეროს აგრესორი, გამოიყვანოს ჩვენი დაშავებული ჯარისკაცები და სამოქალაქო პირები „აზოვსტალის“ ტერიტორიიდან. კონკრეტულად, ჩვენი პრეზიდენტის ძალისხმევით, მისი დიპლომატიური ინიციატივის წყალობით, ამ პროცესში გაეროსა და წითელი ჯვრის ჩართულობით, მხოლოდ ამ უკანასკნელ დღეებში თითქმის 500 მშვიდობიანი მოქალაქის ევაკუირება მოხდა მარიუპოლიდან, უფრო კონკრეტულად კი „აზოვსტალის“ ტერიტორიიდან. ეს ძალიან კომპლექსური ოპერაციაა, რომელიც საჭიროებს დიდ ძალისხმევას და მოლაპარაკების ასობით პროცესს. ევაკუაციის შემდგომი ეტაპი ამ წუთებშიც მიმდინარეობს. ჩვენ ძალიან გულმოდგინედ ვმუშაობთ, რათა ჩვენი მოსახლეობისა და დაჭრილი ჯარისკაცების ევაკუაცია შესაძლებელი გახდეს, წარმატება კი დამოკიდებულია ხელისუფლებისა და საერთაშორისო პარტნიორების სინერგიაზე.

- დღეს ომის 72-ე დღეა. როგორ გესახებათ ომის დასრულების პერსპექტივა? ჩვენ ვხედავთ, რომ მთელი მსოფლიო არის გაერთიანებული უკრაინის ირგვლივ, ვხედავთ სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ, მაგრამ ეს ომს ჯერჯერობით, ბოლომდე ვერ აჩერებს. რა არის საჭირო ამ ბრუტალური ომის დასასრულებლად?

- სამწუხაროდ, სისხლისმღვრელი ბრუტალური ომი გრძელდება ჩვენს ქვეყანაში. მხოლოდ სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ, 2014 რაკეტა იქნა გაშვებული უკრაინის ტერიტორიის მიმართულებით, ათასობით უკრაინელი მოკვდა. 223 ბავშვი გარდაიცვალა და ეს აბსოლუტურად საშინელია. ყველა პლატფორმაზე, მათ შორის, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე და ევროპარლამენტში ჩვენ ვითხოვთ მეტ სანქციებსა და მეტ იარაღს. რაც უფრო სწრაფად გავიაზრებთ, რომ ეს არის ომი მთელი დემოკრატიული მსოფლიოს წინააღმდეგ, უფრო სწრაფად შევძლებთ მის შეჩერებას.

- ვარშავაში, დონორთა საერთაშორისო კონფერენციაზე, პრეზიდენტმა ზელენსკიმ და პრემიერ-მინისტრმა შმიგალმა უკრაინის აღდგენის გეგმებზე ისაუბრეს. „ჩვენ ვგეგმავთ არა მხოლოდ იმის აღდგენას, რაც დაზიანდა და განადგურდა აგრესორის მიერ, არამედ ჩვენ გვსურს ახალი ევროპული ქვეყნის აშენება და ვაპირებთ ამის გაკეთებას ახლა“- ეს პრემიერ-მინისტრის სიტყვებია. ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ უკრაინა გეგმავს დაუბრუნდეს ნორმალურ ცხოვრებას ომის პირობებშიც კი? რამდენად რეალისტურად გეჩვენებათ თქვენ ეს?

- ჩვენ გვესმის, რომ ძალიან რთულია აღდგენასა და რეკონსტრუქციაზე საუბარი ომის მიმდინარეობისას, მაგრამ ჩვენ გვჯერა ჩვენი გამარჯვების და სწორედ დღეს ვფიქრობთ ჩვენს ხვალინდელ დღეზე. ძალიან მნიშვნელოვანია ოცნების ქონა, ის გვაძლევს ძალას, ის გვაძლევს შთაგონებას, რომ გავაგრძელოთ ბრძოლა ჩვენი თავისუფლებისთვის, ვიფიქროთ და ვიმუშაოთ იმაზე, როგორი უნდა იყოს ჩვენი მომავალი. ჩვენს ქვეყანაში შევქმენით უკრაინის რეკონსტრუქციის ეროვნული საბჭო, რომელსაც დიდი რაოდენობით წევრი, მონაწილე და პარტნიორი ჰყავს. ჩვენ დავიწყებთ მუშაობას და ახლაც ვმუშაობთ. მე განათლებით ეკოლოგი ვარ, მეცნიერული კვლევა მაქვს ჩატარებული ამ სფეროში და მიუხედავად იმისა, რომ ახლა პოლიტიკაში ვარ, მაინც ჩართული ვარ სამუშაო ჯგუფში გარემოს დაცვისა და უსაფრთხოების მიმართულებით. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ქვეყნის რეკონსტრუქცია წარიმართოს მდგრადი განვითარების კუთხით.

- იარაღზე მინდა გკითხოთ, რომელიც ცოტა ხნის წინაც ახსენეთ. ერთი მხრივ, თქვენ კმაყოფილებას გამოთქვამთ საერთაშორისო პარტნიორების მიერ გაწეულ დახმარებასთან დაკავშირებით, მაგრამ მეორე მხრივ, იგრძნობა ნაწილობრივი იმედგაცრუება იმ ყოყმანის გამო, რომელსაც პარტნიორები უკრაინისთვის მძიმე შეიარაღების გადაცემის პროცესში იჩენენ. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, დმიტრო კულებას განცხადება, რომელშიც ის ამბობს: თანამედროვე იარაღის გამოყენებას იმაზე სწრაფად ვსწავლობთ, ვიდრე ზოგიერთი ხელისუფლება მათ მოწოდებას გადაწყვეტს, -ნაწილობრივ, სწორედ ამ უკმაყოფილების დასტურია. როგორ აფასებთ დასავლეთიდან მომდინარე დახმარებას ? არის ეს იმგვარი დახმარება, რომელსაც უკრაინა უნდა იღებდეს ევროპის დამოუკიდებლობისა და დემოკრატიული ღირებულებების დაცვის პროცესში?

- პირველ რიგში, უნდა ვთქვა, რომ ჩვენ ძალიან მადლიერები ვართ ჩვენი დასავლელი პარტნიორების. მძიმე დროს ჩვენ ნამდვილად ვხედავთ, რომ ჩვენი მეგობრები და პარტნიორები იბრძვიან ჩვენთან ერთად მხარდამხარ თავისუფლებისთვის, დემოკრატიული ღირებულებებისა და სამართლიანობისთვის. ამავდროულად, ჩვენი ჯარი გმირულად იბრძვის დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისთვის. მთელი მსოფლიო ხედავს ამას და მთელი მსოფლიო აღიარებს ამას. ჩვენ ნამდვილად გვესმის და მადლიერები ვართ დახმარებისთვის და იმედი გვაქვს, რომ ჩვენს ირგვლივ, ჩვენთან ერთად ამ საშინელ ომში იქნება სულ უფრო მეტი პარტნიორი საერთო ღირებულებებით. ჩვენ ნამდვილად გვჭირდება ყოველდღიური დახმარება იმისთვის, რომ გამარჯვება მოვიპოვოთ და ასევე, გვჭირდება მეტი იარაღი ყოველდღიურად.

- მინდა გკითხოთ უსაფრთხოების გარანტიებსა და უკრაინის უბლოკო სტატუსზე. როგორც პრეზიდენტმა ზელენსკიმ აღნიშნა, ამ საკითხის განხილვა შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ უკრაინა მიიღებს უსაფრთხოების ძლიერ გარანტიებს ისეთი ქვეყნებისგან, როგორებიც არიან ამერიკის შეერთებული შტატები, გაერთიანებული სამეფო, ისრაელი, თურქეთი და მხოლოდ მას შემდეგ, თუ უკრაინის მოსახლეობის უმრავლესობა ამ გადაწყვეტილებას რეფერენდუმზე მხარს დაუჭერს. რამდენად ფიქრობთ, რომ უკრაინის საზოგადოება მზადაა ქვეყნის უბლოკო სტატუსს მხარი დაუჭიროს?

- ჩვენი ქვეყნისთვის ნამდვილად ძალიან მნიშვნელოვანია უსაფრთხოების ძლიერი გარანტიების მიღება. პრეზიდენტმა ცხადად განაცხადა, რომ გადაწყვეტილება იქნება მიღებული უკრაინის მოსახლეობის მიერ. მე ვიცი, რომ უკრაინის მოსახლეობა ოცნებობს მშვიდობაზე, ეს ნომერ პირველია, მაგრამ ამის მიუხედავად, იბრძვის ყოველ დღე გამარჯვებისთვის. ჩვენი ხალხი ერთიანია, ეს გასაოცარია, ჩვენი დამოუკიდებლობის 30 წლის განმავლობაში ეს წარმოუდგენელი ერთიანობაა. შესაბამისად, ეს გადაწყვეტილება ჩვენი მოსახლეობის მისაღები იქნება. ამასთანავე, გეტყვით, რომ გამოკითხვის თანახმად, რომელიც მიმდინარე წლის მარტში ჩატარდა, მოსახლეობის 76% მხარს უჭერს ნატო-ში წევრობას.

რაც შეეხება უბლოკო სტატუსის მხარდაჭერას, ჩვენ მსგავსი გამოკითხვა ჯერ არ გვქონია, თუმცა ის ვიცი, რომ 92%-ზე მეტი მხარს უჭერს ჩვენს პრეზიდენტს და დარწმუნებული ვარ, რომ ყველა ადამიანისთვის გასაგები იქნება, რამდენად მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის უსაფრთხოების გარანტიების ქონა.

- ბოლო კითხვა საქართველოსა და უკრაინის ურთიერთობაზე უნდა დაგისვათ. დროდადრო მაინც გვესმის კრიტიკა საქართველოსთან მიმართებით, თითქოს საქართველო რუსეთს სანქციებისთვის გვერდის ავლაში ეხმარება. მინდა გკითხოთ, გაქვთ თუ არა ინფორმაცია, რომ აღნიშნული ბრალდებების უკან რაიმე სერიოზული მტკიცებულებებით გამყარებული საფუძველი დგას და აქვე მინდა გკითხოთ, უნდა ველოდოთ თუ არა უახლოეს პერიოდში საქართველოში უკრაინის ახალი ელჩის დანიშვნას?

- პირველ რიგში, უნდა გითხრათ, რომ სამწუხაროდ, არ მაქვს ინფორმაცია საქართველოში ელჩის დანიშვნასთან დაკავშირებით. მეორე, მინდა ვთქვა, რომ ჩვენ მოხარულები ვიყავით მიგვეღო საქართველოს სპიკერები უკრაინაში და მადლიერები ვართ მათი მხარდაჭერისთვის. საქართველოსა და უკრაინის მოსახლეობა ყოველთვის უჭერდა მხარს ერთმანეთს, ეს აბსოლუტური სიმართლეა. ასევე, მინდა გაგიზიაროთ საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) კვლევა, რომელიც სავარაუდოდ მალე გამოქვეყნდება. ის უკრაინის მოსახლეობას შორის ჩატარდა. კითხვა შემდეგნაირად იყო დასმული: თქვენი აზრით, რომელი ქვეყანა ან საერთაშორისო ორგანიზაცია დაეხმარა უკრაინას ყველაზე მეტად სამხედრო აგრესიის დროს? და იცით, რა არის ამ გამოკითხვის შედეგი ?! გამოკითხვის თანახმად, პირველი ადგილი დაიკავა პოლონეთმა, მეორე ადგილი - დიდმა ბრიტანეთმა, მესამე ადგილი - შეერთებულმა შტატებმა და მეოთხე ადგილი დაიკავა საქართველომ. ამ გამოკითხვამ აჩვენა უკრაინელი ხალხის რწმენა საქართველოსადმი. ვფიქრობ, სულ მცირე, ამ გამოკითხვის შედეგები გააგრძელებს ქართველი ხალხის შთაგონებას, მხარი დაუჭიროს უკრაინას. მჯერა, რომ ხალხს ყოველთვის შეუძლია გავლენა მოახდინოს ხელისუფლების, პარლამენტისა და პრეზიდენტის პოზიციაზე და განსაზღვროს ქვეყნის განვითარების ვექტორი.

- დიდი მადლობა კიდევ ერთხელ. გამარჯვებას ვუსურვებ თქვენს ქვეყანას. დიდება უკრაინას!

სალომე აბულაშვილი

„ინტერპრესნიუსი“

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს