იუსტიციის სამინისტრო - კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ მიხეილ სააკაშვილს, ისარგებლოს მისი ჯანმრთელობის დაცვისკენ მიმართული, შეთავაზებული სამედიცინო მომსახურებით დათქმების გარეშე

იუსტიციის სამინისტრო ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიერ დასახელებულ პირობებს პასუხობს და განმარტავს, რომ მასთან „მნახველების დაშვება უზრუნველყოფილი იქნება კანონმდებლობის და სამედიცინო პერსონალის რეკომენდაციების შესაბამისად“.

უწყება კიდევ ერთხელ მოუწოდებს მიხეილ სააკაშვილს, „ისარგებლოს მისი ჯანმრთელობის დაცვისკენ მიმართული, შეთავაზებული სამედიცინო მომსახურებით დათქმების გარეშე“.

„მსჯავრდებული მიხეილ სააკაშვილი დანიშნულ მკურნალობას, საკუთარი გადაწყვეტილებით, სრულყოფილად არ იტარებს. მისი ქცევიდან მომდინარე ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შესაძლო რისკების მინიმიზაციის მიზნით, მას სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა შესთავაზა მრავალპროფილურ სამოქალაქო სექტორის კლინიკაში გადაყვანა რელევანტური სამედიცინო ღონისძიებების ჩასატარებლად, რაც გამომდინარეობს იმ მაღალი პასუხისმგებლობიდან, რომლითაც სახელმწიფო ეკიდება ადამიანის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს. სამედიცინო ღონისძიებების განხორციელებას ესაჭიროება პირის ინფორმირებული თანხმობა, რომლის ნაცვლადაც საზოგადოებამ იხილა ულტიმატუმის ტოლფასი პირობადებული თანხმობა.

იუსტიციის სამინისტრო და მის სისტემაში შემავალი სპეციალური პენიტენციური სამსახური სრულ ნდობას უცხადებს საქართველოში ლიცენზირებულ სამედიცინო დაწესებულებებს და იქ მომუშავე მედპერსონალს, რომელიც ყოველთვის იცავს ადამიანის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს.

ექიმების მიმართ უსაფუძვლო უნდობლობის გამოხატვა და შეუთანხმებლად მათ საქმიანობაში ჩარევის მცდელობა აჭიანურებს და ხელს უშლის ჯანმრთელობისათვის საჭირო სამედიცინო ღონისძიებების განხორციელებას.

კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილს, მისივე ინტერესებიდან გამომდინარე, ისარგებლოს მისი ჯანმრთელობის დაცვისკენ მიმართული, შეთავაზებული სამედიცინო მომსახურებით დათქმების გარეშე.

პენიტენციური სამსახურის თანამშრომლები, ჯანმრთელობაზე ზრუნვის პარალელურად, 24 საათის განმავლობაში ატარებენ მრავალ ღონისძიებას პატიმრის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. ნებისმიერი გადაწყვეტილება მიიღება ამ ორი სიკეთის გონივრული ბალანსის საფუძველზე.

მნახველების დაშვება უზრუნველყოფილი იქნება კანონმდებლობის და სამედიცინო პერსონალის რეკომენდაციების შესაბამისად.

მოვუწოდებთ პოლიტიკურად ანგაჟირებულ პირებს, თავი შეიკავონ ნებისმიერი სახის პროვოკაციული ქმედებისგან, რომელიც ხელს უშლის მიხეილ სააკაშვილს მისთვის გონივრული გადაწყვეტილების მიღებაში“, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი თანახმაა იუსტიციის სამინისტროს შეთავაზება მიიღოს და კლინიკა „ვივამედში“ გამოკვლევებისთვის გადავიდეს, თუმცა ამისთვის რამდენიმე პირობას ასახელებს. კერძოდ, როგორც სააკაშვილი წერს, ის იმ შემთხვევაში დათანხმდება „ვივამედში“ გადასვლას, თუ მისი ოჯახის წევრებს, პირად ექიმ ნიკა ყიფშიძესა და ცენტრი „ემპათიის“ წარმომადგენლებს მათთან შესვლის უფლება ექნებათ; ასევე, თუ მასთან შესვლას სამუშაო საათებში შეძლებენ ადვოკატები და პარლამენტის წევრები და მკურნალობის სტრატეგიის დადგენაში ჩართულები იქნებიან „ემპათიისა“ და სახალხო დამცველის კონსილიუმის წევრები.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა