თენგიზ ცერცვაძე - ფინანსების გადანაწილებასთან შეხება არ მქონდა და ძალიან რომ მდომოდა, მილიარდს კი არა, 1000 ლარს ვერ მივითვისებდი - მსგავსი რამ ჩვენი კლინიკის მაგალითზე გამორიცხულია

როდესაც დიდი საქმეები კეთდება, ყოველთვის არის გადაცდომები. ფინანსურ დარღვევებს ზოგადად ვერ გამოვრიცხავ, შესაძლოა, ცალკეულ კლინიკაში ყოფილიყო, - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ „ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუში, ჯანდაცვის მინისტრის იმ განცხადებაზე საუბრისას აღნიშნა, რომელიც კლინიკების მხრიდან, სახელმწიფოს მიერ პანდემიის მართვისთვის გამოყოფილი თანხების არამიზნობრივ ხარჯვას შეეხება.

რაც შეეხება კლინიკების მხრიდან პაციენტების რაოდენობის ხელოვნურ ზრდას, ცერცვაძის თქმით, აღნიშნულ ბრალდებას კატეგორიულად არ ეთანხმება, ვინაიდან პაციენტების ინფიცირების დამადასტურებელი პასუხი რამდენიმე ელექტრონულ ბაზაში იყო ასახული, ამის გათვალისწინებით კი კოვიდპაციენტების რაოდენობის ხელოვნური ზრდა ქვეყანაში ვერ მოხდებოდა. ამასთან, როგორც ცერცვაძემ აღნიშნა, მინისტრს არ ეთანხმება არც იმ შეფასებაში, რომ საჭიროზე მეტი რაოდენობის ცარიელი საწოლების მობილიზება მოხდა.

„დიახ, კლინიკებმა ერთი მილიარდი ლარი, მილიონ 655 ათასი კოვიდპაციენტის მკურნალობისთვის და მოვლისთვის მიიღეს, მათ შორის, 250 ათასი ჰოსპიტალიზებული პაციენტის მოვლისთვის. ერთ პაციენტზე გადათვლით სულაც არ გამოდის ბევრი. უცხოეთის ქვეყნებში გაცილებით მეტი დაიხარჯა. მილიარდი ლარი ხმამაღლა ჟღერს, მაგრამ სხვა ქვეყნებში გაცილებით მეტი დაიხარჯა. კოვიდპანდემია დიდი უბედურება იმიტომ იყო, რომ პირდაპირი და არაპირდაპირი ზარალი მოიტანა - მილიარდობით ზარალი მოიტანა. რაც შეეხება, საკითხს, იყო თუ არა, არამიზნობრივი ხარჯვა, მითვისება, ან გაფლანგვა, ამაზე მე ინფორმაცია არ მაქვს. შესაძლოა, იყო. როდესაც ასეთი დიდი საქმეები კეთდება, ყოველთვის არის გადაცდომები.

ფინანსურ დარღვევებს ზოგადად ვერ გამოვრიცხავ, შესაძლოა, ცალკეულ კლინიკაში ყოფილიყო. ეს საფუძვლიანად გამოკვლეული და არგუმენტირებული უნდა ყოფილიყო, შემდეგ კი სამსჯავროზე გამოტანილი. რაც შეეხება პაციენტების რაოდენობის ხელოვნურ ზრდას, კატეგორიულად არ ვეთანხმები. კოვიდპაციენტების რაოდენობის ხელოვნური ზრდა ქვეყანაში ვერ მოხდებოდა! დადებითი პასუხი რამდენიმე ელექტრონულ ბაზაში იყო ასახული, შემდეგ კი ჯანმოს და CDC-ს გადაეცემოდა. როგორ შეიძლება, აქ ხელოვნურად გაზრდილიყო ავადმყოფების რაოდენობა?! - ეს შეუძლებელი იყო. ამასთან, როდესაც კოვიდპაციენტების რაოდენობის ხელოვნურ გაზრდაზე საუბრობენ, გულისხმობენ ჰოსპიტალიზებული პაციენტების გაზრდას, მაგრამ ესეც არ იყო. საქართველოში მილიონ 655 ათასი ავადმყოფი იყო კორონავირუსით ინფიცირებული, ჰოსპიტალიზებული კი 15 %, ეს მსოფლიოს სტანდარტებით „ოქროს შუალედია“. ჩვენთან ჭარბი ჰოსპიტალიზაცია არ ყოფილა. ამასთან, ვერ გამოვრიცხავ ცალკეულ შემთხვევებს, როდესაც თუ შეიძლებოდა პაციენტი 10 დღეში გაეწერათ, 10-15 დღეში წერდნენ. ეს არ ნიშნავს კოვიდპაციენტების რაოდენობის ზრდას, ეს საწოლდღეების ზრდას ნიშნავს. ეს ძალიან რთული და სენსიტიური საკითხია, ვინ განსაზღვრა 200 კლინიკაში რომელი ავადმყოფის 2-3 დღით მეტად დატოვება, სწორი იყო, თუ არასწორი? ეს ინდივიდუალურად წყდება. ძალიან მძიმეა იმის მტკიცება, ან უარყოფა, რომ რომელიმე ავადმყოფი ხელოვნურად იყო დიდი ხანი დაყოვნებული. სამინისტროში ჯგუფი გვქონდა შექმნილი, სადაც მარინა ეზუგბაია მონაწილეობდა. ძალიან კომპეტენტური და პრინციპული ადამიანების ჯგუფი პიკის პერიოდში ყველა კლინიკაში დადიოდა და მკაცრად აკონტროლებდა გაწერას.

რაც შეხება ცარიელ საწოლებს, ერთ-ერთია, რაშიც არ ვეთანხმები მინისტრის შეფასებებს. გახსოვთ, რა წნეხი იყო. მოსახლეობის მხრიდან ისმოდა: „გაქვთ, თუ არა საკმარისი საწოლები?!, პიკის პერიოდში, როდესაც 20-30 ათასი ავადმყოფი გყავს, რეზერვი არის?!“. გმირობა იყო, როდესაც სამინისტრომ მოახერხა თავისუფალი საწოლების რეზერვის მობილიზება. ეს ერთ-ერთი ყველაზე დიდი წარმატებაა და არა დანაშაული. ახლა, როდესაც დღეში ინფიცირების 100 შემთხვევაა, ადვილი სათქმელია - რაში გვინდოდა ცარიელი საწოლები? როდესაც დღიურად 30 ათასი შემთხვევა გვქონდა და 230 ათასი აქტიური ინფიცირებული იყო, თავისუფალ საწოლს ოქროს ფასი ჰქონდა. მსოფლიოს წამყვან ქვეყნებში, ჯანდაცვამ კრიტიკა დაიმსახურა, რათა ვერ მოახერხეს საწოლების მობილიზება. ეს ჩვენთანაც არ იყო იოლი, მითუმეტეს, როდესაც ჯანდაცვის საწოლების 90% კერძო სექტორის არის. გასაგებია, რომ ამ მიმართულებით სახელმწიფოს ფული ეხარჯებოდა. პიკის პერიოდში 7500 ავადმყოფი გვყავდა და 9 000 საწოლი იყო მობილიზებული. ვფიქრობდით, რომ ეს კიდევ ცოტა იყო. მაშინ, ნემსებზე ვისხედით! კოვიდპაციენტის კლინიკაში მოთავსება სიკვდილ-სიცოცხლის საქმე იყო. იხვეწებოდნენ ადგილების გათავისუფლებაზე. ინფექციურ საავადმყოფოში ყოველთვიურად 80%-ზე მეტი იყო დაკავებული“, - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა ჯანდაცვის მინისტრის განცხადების იმ ნაწილზეც ისაუბრა, რომლის მიხედვითაც, სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი თანხები ექიმებსა და ექთნებთან არ მიდიოდა. როგორც ცერცვაძემ აღნიშნა, მსგავსი რამ მათი კლინიკის მაგალითზე გამორიცხულია და „ძალიანაც რომ სდომოდა, მილიარდს კი არა, 1000 ლარს ვერ მიითვისებდა“.

„რაც შეეხება ანაზღაურების საკითხს, შესაძლოა, აქაც იყო გადაცდომები. მინისტრმა ბრძანა, რომ ხელმძღვანელები ათჯერ იზრდიდნენ ანაზღაურებას და არ მიდიოდა ექიმებამდე. მე, კლინიკური ჯგუფის ხელმძღვანელი ვიყავი და მკურნალობის საკითხებს ვხელმძღვანელობდი, ფინანსების გადანაწილებასთან შეხება არ მქონდა. ძალიან რომ მდომოდა, მილიარდს კი არა, ათას ლარს ვერ მივითვისებდი. მსგავსი რამ ჩვენი კლინიკის მაგალითზე გამორიცხულია. კორონავირუსამდე, სანიტრის საშუალო ხელფასი იყო 440 ლარი, ექთნის-540, ექიმის - 800-900 ლარი, რეანიმატოლოგის -1700. კოვიდის შემდეგ, ანაზღაურება ჯერ ჩვენ გავაორმაგეთ საკუთარი რესურსით, შემდეგ მთავრობამ გასცა განკარგულება დანამატებზე, შედეგად, სანიტრები 1200 ლარს იღებდნენ, ექთნები-1600 ლარს, ექიმები 3000 ლარს, როდესაც კოვიდამდე 900 ლარს იღებდნენ, ექიმ-რეანიმატოლოგები კი 4700 ლარს. მე, ადმინისტრაცია და დირექტორები უარს ვამბობდით, არცერთხელ დანამატი არ აგვიღია, რათა არ მოკლებოდა იმ ადამიანებს, ვინც „შავ სამუშაოს“ აკეთებდა“, - აღნიშნა ცერცვაძემ „ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუში.

ინტერვიუს სრული ვერსია იხილეთ ბმულზე.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო