"აზოვის" ყოფილი მეთაური - იარაღის დაყრისკენ უკვე 3-ჯერ მოუწოდეს, მაგრამ დაავიწყდათ, რომ უკრაინელები არ ჰგვანან რუსებს - უკრაინელები არასდროს დაყრიან იარაღს, მითუმეტეს, ამას არ გააკეთებს „აზოვი“, იბრძოლებს, თუნდაც ერთი ავტომატი და ტყვია ჰქონდეს

„აზოვსტალში“ ნამდვილი კატასტროფა და ტრაგედიაა, ამ დროისთვის იქ დაახლოებით 500 დაჭრილია და ყოველსაათობრივად ვიღაც კვდება, - ამის შესახებ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ „აზოვის“ პოლკის ყოფილმა მეთაურმა, მაქსიმ ჟორინმა განაცხადა.

მისივე თქმით, რუსი ოკუპანტების მეირ ალყაში მოქცეული „აზოვსტალის“ ტერიტორიაზე მყოფ ადამიანებს არ აქვთ მედიკამენტები, უთავდებათ წყალი და უკრაინას არ აქვს იმის საშუალება, რომ მათ დაეხმაროს.

„ეს მთელი ცივილიზებული სამყაროს პასუხისმგებლობაა. ყველა, ვისაც მიაჩნია, რომ დემოკრატიული სახელმწიფოა, უნდა გაერთიანდეს და უკრაინა უნდა დაიცვას. ახლა მარიუპოლში უკრაინა მთელ მსოფლიოს იცავს. ამ პროცესში აუცილებლად უნდა ჩაერთონ მესამე, გარე ქვეყნები და გახდნენ იმის გარანტი, რომ გამოყვანენ იქ მყოფ ადამიანებს. ყველა დანარჩენ შემთხვევაში ჩვენ დავრწმუნდით, რომ რუსების სიტყვას ფასი არ აქვს. მათი პრეზიდენტი თავს უფლებას აძლევს საჯაროდ მოიტყუოს და მისი სიტყვები არაფერს ნიშნავს. იმ ხალხის ბედი, რომელიც „აზოვსტალში“ იმყოფება, დამოკიდებულია არამხოლოდ უკრაინაზე, არამედ მთელ ცივილიზებულ და დემოკრატიულ სამყაროზე.

პუტინი და მთელი რუსეთი ოცნებობენ, რომ მარიუპოლი დაეცეს. მათ იარაღის დაყრისკენ და ჩაბარებისკენ უკვე სამჯერ მოუწოდეს, მაგრამ დაავიწყდათ, რომ უკრაინელები არ გვანან რუსებს. ჩვენ აბსოლუტურად განვსხვავდებით - უკრაინელები არასდროს დაყრიან იარაღს, მითუმეტეს, ამას არ გააკეთებს „აზოვი“. ისინი არ ჩაბარდებიან რუსებს, ისინი მზად არიან, რომ ასეთ კრიტიკულ მდგომარეობაშიც კი სიკვდილამდე იბრძოლონ, სანამ თუნდაც ერთი ავტომატი და ტყვია ექნებათ დარჩენილი. ისინი არ დანებდებიან“, - განაცხადა ჟორინმა.

მან ასევე ისაუბრა მარიუპოლის გათავისუფლების შესაძლებლობასა და სამომავლო სცენარზე.

„დღეს [მარიუპოლის გათავისუფლების] ოპერაცია ძალიან გართულდა. ცხადია, უკრაინელები ამისთვის ემზადებიან, მაგრამ ამას რამდენიმე ეტაპი დასჭირდება და იქნება მასშტაბური ოპერაცია. ის სიღრმე, რომელიც ჩვენ უნდა გავარღვიოთ მარიუპოლის გასათავისუფლებლად უკვე 150 კილომეტრს აღწევს. ერთი ნაბიჯით ამის განხორციელება არ გამოვა. ამისთვის ჩვენ უნდა დაველოდოთ ტექნიკას, რომელსაც სხვადასხვა ქვეყანა გვაძლევს. ამის შემდეგ უნდა დავიწყოთ დროებით ოკუპირებული ტერიტორიების გათავისუფლებას, მათ შორის მარიუპოლის“, - აღნიშნა ჟორინმა.

„აზოვის“ პოლკის ყოფილმა მეთაურმა ასევე განაცხადა, რომ რუსეთი თავის ჯარისკაცებს უკრაინაში „სახორცე მასალად გზავნის“.

„რუსეთი დღეს იმდენად მონური ქვეყანაა, რომ ისინი ხალხის ძალიან დიდ რაოდენობას არც კი ითვლიან და საომრად ყრიან სახორცე მასალად. ჩვენ შევძელით და რუსეთის ჯარი შევაჩერეთ. არის ასეთი ტერმინი, რომელსაც „აქტიური დაცვა“ ჰქვია და ჩვენ სწორედ ამ მდგომარეობაში ვიმყოფებით. დარწმუნებული ვარ, რომ რუსეთის ფედერაცია უფრო მეტ ჯარისკაცს გამოგზავნის და არც შეიცოდებს მათ. არც ის გამიკვირდება, თუ რუსეთი გამოიყენებს ბირთვულ იარაღს - ეს სრულიად შესაძლებელია. საქმე იმაშია, რომ წარუმატებლობის გამო რუსეთს უკვე არაერთხელ გამოუყენებია ქიმიური იარაღი - მათ შორის მარიუპოლსა და იზიუმის ოლქში. თუ მთელ მსოფლიოს არ ექნება ამაზე რეაქცია და რუსეთს არ შეეწინააღმდეგება, შემდეგ ეტაპზე ისინი [რუსები] ბირთვულ იარაღს გამოიყენებენ“, - განაცხადა მაქსიმ ჟორინმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა