ნიკა გვარამიას 3 წლით და 6 თვით პატიმრობა მიესაჯა

„მთავარი არხის“ დამფუძნებლი ნიკა გვარამია და მასთან ერთად ბრალდებული კახაბერ დამენია სასამართლომ დამნაშავედ ცნო, ზურაბ იაშვილი კი უდანაშაულოდ იქნა ცნობილი. ნიკა გვარამია სასამართლომ ნაწილობრივ დამნაშავედ ცნო, მის მიმართ წარდგენილი მუხლების ნაწილი 220-ე მუხლით გადაუკვალიფიცირა და მას სასჯელის სახით 3 წელი და 6 თვე განესაზღვრა. ნიკა გვარამია ცნობილი იქნა, სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ორ ეპიზოდში, რომელიც "პორშესა" და 6 მილიონ 700 000 ლარის გაფლანგვის ეპიზოდს ეხებოდა.

კახა დამენიას, სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლი, რაც წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით „რუსთავი 2“-ის კუთვნილი ქონებრივი უფლების გაფლანგვას გულისხმობს, 220-ე მუხლი, რაც სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას გულისხმობს, გადაკვალიფიცირდა და მას ჯარიმა 50 000 ლარი დაეკისრა.

ზურაბ იაშვილი სისხლის სამართლის კოდექსის 221-ე და 362-ე მუხლებით უდანაშაულოდ იქნა ცნობილი, რაც კომერციულ მოსყიდვასა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადებას გულისხმობდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ გამოაცხადა.

„ნიკა გვარამია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 221-ე მუხლის მე-3 ნაწილით და სისხლის სამართლის კოდექსის 195-ე მუხლის მე-3 ნაწილის გ ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდების ნაწილში გამართლდეს.

ნიკა გვარამიას მიმართ წარდგენილი ბრალდება, ქმედება გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „დ“ და ამავე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით დაკვალიფიცრდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 220-ე მუხლით. ნიკა გვარამია ცნობილი იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 220-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისთვის. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 220-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, ე.წ. 2015 წლის ეპიზოდი, ძირითადი სასჯელის სახით განესაზღვროს ჯარიმა 50 000 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 220-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, ე.წ. ავტომანქანის ეპიზოდი, ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 3 წლითა და 6 თვის ვადით.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, უფრო მკაცრმა ძირითადმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი ძირითადი სასჯელი და საბოლოოდ, ნიკა გვარამიას დანაშაულთა ერთობლიობით ძირითადი სასჯელის ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 3 წლისა და 6 თვის ვადით. სასჯელის მოხდის ვადა ნიკა გვარამიას დაეწყოს 2022 წლის 16 მაისის 10:20 საათიდან და ის დაუყონებლივ დაკავებულ იქნას სასამართლო სხდომის დარბაზში“, - განაცხადა მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ.

შეგახსენებთ, გენერალურმა პროკურატურამ 2020 წლის 6 სექტემბერს, „რუსთავი 2“-ის საქმეზე ბრალი ნიკა გვარამიას, ასევე „რუსთავი 2“-ის ყოფილ ფინანსურ დირექტორს კახა დამენიასა და „ინტერ მედია პლიუსის“ დირექტორს ზურაბ იაშვილს წაუყენა. ნიკა გვარამიას ბრალად ედებოდა წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით „რუსთავი 2“-ის კუთვნილი ქონებრივი უფლების გაფლანგვა, კომერციული მოსყიდვა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია. ნიკა გვარამიას ასევე ბრალი ედება სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში. გვარამიას აღკვეთის ღონისძიების სახით 40 000-ლარიანი გირაო ჰქონდა შეფარდებული. ამასთან, მას ქვეყნიდან გასვლის უფლება ჰქონდა შეზღუდული.

კახა დამენიას გამოძიება სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის კუთვნილი ქონებრივი უფლების დიდი ოდენობით მართლსაწინააღმდეგო გაფლანგვაში ედებოდა, რაც ჩადენილი იქნა წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით. დამენიას აღკვეთის ღონისძიების სახით 50 000-ლარიანი გირაო ჰქონდა შეფარდებული. მას ასევე, აკრძალული ჰქონდა სახელმწიფო საზღვრის დატოვება საგამოძიებო ორგანოს ინფორმირებისა და თანხმობის გარეშე.

რაც შეეხება ზურაბ იაშვილს, მას ბრალი ედებოდა კომერციულ მოსყიდვასა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადებაში. იაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით 50 000-ლარიანი გირაო ჰქონდა შეფარდებული.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა