საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში „ჰაკათონი 2022 – IOT” დაიწყო

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის ორგანიზებით, სტუ-ის ჟიული შარტავას სახელობის ინფორმატიკისა და მართვის სასწავლო-სამეცნიერო და საექსპერტო ლაბორატორიაში „ჰაკათონი 2022 – IOT” დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, ჰაკათონი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში ტარდება და ასევე, ეძღვნება სტუ-ის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის დაარსებიდან 65 წლისთავს.

„ჰაკათონი 2022 – IOT“-ის ესწრებოდნენ სტუ-ის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის აკადემიური პერსონალი, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის წარმომადგენლები, სტუდენტები და საქართველოში IOT ტექნოლოგიების მიმართულებით ჩატარებული პირველი ჰაკათონის გამარჯვებული, სტუ-ის კურსდამთავრებული სერგო კირთაძე.

ღონისძიება გახსნა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა თამარ ლომინაძემ. მისი თქმით, „ჰაკათონი 2022 – IOT” - ის ჩატარების იდეა ეკუთვნის პროფესორ შალვა კვირკველიას და კოვიდ პანდემიის დასრულების შემდგომ, არის პირველი ღონისძიება, რომელსაც ფაკულტეტი უნივერსიტეტში, ღია სივრცეში ატარებს.

„ჩვენ ყოველთვის სიამაყით აღვნიშნავთ, რომ სტუ-ის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტი არის პირველი ფაკულტეტი, რომელიც საინფორმაციო ტექნოლოგიების მიმართულებით, საქართველოში გაიხსნა. ჩვენ ვართ პირველები, ვინც ამ, ძალიან მნიშვნელოვან სფეროს ჯერ კიდევ 65 წლის წინ შევეჭიდეთ. ჩვენ ვიყავით პირველები და დღესაც ჩვენ ვართ პირველები. ვერცერთ უნივერსიტეტს, ვერცერთ ორგანიზაციას ვერ დაასახელებთ, სადაც ჩვენი კურსელები არ არიან წამყვან პოზიციებზე და არ ქმნიან ამინდს საინფორმაციო ტექნოლოგიების მიმართულებით. დღეს გვინდა, ახალგაზრდებმა სხვადასხვა უნივერსიტეტებიდან, ნახონ რას აკეთებენ მათი თანატოლები ჩვენთან, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში. ჰაკათონი, გარდა იმისა, რომ მას პროფესიული დატვირთვა გააჩნია, უნდა იყოს ახალგაზრდებისთვის მომავალი თანამშრომლობის საწყისი. ვფიქრობ, ურთიერთკავშირი ახალგაზრდებთან მუშაობის გამოცდილების მქონე პროფესიონალებთან და იმ ახალგაზრდებთან, რომლებიც ახლა შემოდიან პროფესიაში, ქმნიან თავის პირველ პროდუქტს, კარგად იმუშავებს და დადებს იმ შედეგს, რისთვისაცაა გამიზნული - პროფესიული განვითარება“, - განაცხადა თამარ ლომინაძემ.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმაციით, „ჰაკათონი 2022 – IOT”-ში მონაწილეობს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ექვსი გუნდი. გუნდები მიიღებენ სხვადასხვა მიმართულების დავალებას. ჰაკათონის მონაწილეებმა 8 ნომინაციაში უნდა წარადგინონ თავიანთი ნამუშევარი: 1. თემის აქტუალობა; 2. IOT კონცეფციასთან შესაბამისობა; 3. აპარატურული ნაწილის გადაწყვეტა; 4. პროგრამული ნაწილის ორიგინალობა; 5. პროექტის კომერციალიზაცია; 6. ინოვაცია; 7. პროტოტიპის გამართულობა; 8. პრეზენტაცია. მათ ნამუშევრებს კომპეტენტური ჟიური შეაფასებს. ჟიურის წევრები კი არიან: სტუ-ის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის პროფესორი ლევან იმნაიშვილი; ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი თემურ კვირტია; ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი ზაზა პაპიძე; სტუ-ის პროფესორი ზაალ აზმაიფარაშვილი; სტუ-ის პროფესორი პეტრე ბოჩიკაშვილი; სტუ-ის პროფესორი მზია კიკნაძე.

სტუ-ის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების მენეჯერის ზაზა ბუაჩიძის თქმით, ცოტა ხნის წინ თურქეთში გაიმართა ჰაკათონი, სადაც მონაწილეობა მიიღეს სტუ-ის იმს ფაკულტეტის სტუდენტებმა.

„დავიწყეთ ფიქრი იმაზე, როგორ შევხვედროდით სტუდენტებს კოვიდ პანდემიის დასრულების შემდეგ, დავსახეთ გეგმები. ამ დროს ჩვენმა სტუდენტებმა შესარჩევი ტური გაიარეს და თურქეთში ანალოგიურ ღონისძიებაში მიიღეს მონაწილეობა. შალვა კვირკველიასთან ერთად თურქეთში ჩვენი ხუთი სტუდენტი გაემგზავრა და ორი დღის წინ დაბრუნდნენ. ჩამოვიდნენ დიდი ემოციებითა და დიდი გამოცდილებით, გამარჯვებულები და წარმატებულები“, - განაცხადა ზაზა ბუაჩიძემ.

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში „ჰაკათონი 2022 – IOT” ორი დღის განმავლობაში ჩატარდება. გამარჯვებულებს ჟიური ხვალ გამოაცხადებს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა