საქართველოს პარლამენტთან ექსპოზიცია "ბუჩამდე იყო აფხაზეთის" ორგანიზატორებმა ღონისძიებასთან დაკავშირებული ფლაერები დაარიგეს.
აქციის ორგანიზატორებმა კლუბ "ხიდში" 24-დან 26 მაისის ჩათვლით გასამართი ექსპოზიცია დააანონსეს, რომლის მიზანიც 1992-1993 წლებში ქართველების წინააღმდეგ რუსეთის მიერ ჩადენილ გენოციდის აღიარების კამპანიის წამოწყებაა.
როგორც ღონისძიების ერთ-ერთმა ორგანიზატორმა და "ევროპული საქართველოს" წევრმა, გიორგი ნონიაშვილმა აღნიშნა, საზოგადოების მორალური ვალია გაიხსენოს თუ რამდენად დიდი ტრაგედია და აგრესია გამოიარა საქართველომ რუსეთის მხრიდან.
"ჩვენი ისტორიის დავიწყების უფლება არ გვაქვს. ეს საფრთხე, რომელსაც რუსული აგრესია, გენოციდი და ეთნიკური წმენდა ჰქვია, არსად წასულა. ახლა ზუსტად ამას ვხედავთ უკრაინაში. სწორედ ამიტომ, ვაწყობთ გამოფენას, რათა კარგად გავიხსენოთ, სხვებს გავახსენოთ და ვაჩვენოთ ახალ თაობას, თუ რა გამოვიარეთ 30 წლის წინ. ფაქტობრივად, ქალაქი არ დარჩენილა, სადაც იგივე არ გამოიარა ქართველმა ხალხმა, რაც, სამწუხაროდ, ბუჩაში ვიხილეთ", - განაცხადა გიორგი ნონიაშვილმა.
ცნობისთვის, ღონისძიების ორგანიზატორები არიან "თავისუფლების ინსტიტუტი", "ტაბულა", "ამომრჩეველთა განათლების საზოგადოება", "ევროპული საქართველო" და "აფხაზთა კრება".
კამპანია "ბუჩამდე იყო აფხაზეთი" 24 მაისს, 21:00 საათზე კლუბ "ხიდში" გაიხსნება.
მნახველებს ექსპოზიციის დათვალიერების შესაძლებლობა ექნებათ: 24 მაისს - 21:00 საათიდან, 25 მაისს 12:00 - 22:00, ხოლო 26 მაისს 12:00-18:00 საათებში.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"