იენს სტოლტენბერგი - ვლადიმერ პუტინმა ვერ მიაღწია დასახულ მიზნებს უკრაინაში

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ვერ მიაღწია დასახულ მიზნებს უკრაინაში. ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
სტოლტენბერგის განმარტებით, რუსეთს მოკლევადიანი საომარი ოპერაცია ჰქონდა დაგეგმილი, რომელიც რუსეთის ძალიან ძვირადღირებული ომი აღმოჩნდა.
მისივე თქმით, პუტინი იძულებული გახდა ჯარები კიევის მისადგომებიდან და ქვეყნის ჩრდილოეთიდან გაეყვანა.
„რუსულ ჯარებს ხარკოვის ოლქიდანაც დევნიან, დონბასზე თავდასხმა მათი მხრიდან კი ძალიან ნელა მიმდინარეობს“,- აღნიშნა სტოლტენბერგმა.
ნატოს გენერალური მდივანი მიიჩნევს, რომ კრემლის ლიდერმა სტრატეგიული შეცდომა დაუშვა.
„მე დარწმუნებული ვარ, რომ უკრაინაში შეჭრის ერთ-ერთი გაცხადებული მიზანი იყო ნატოს წარმომადგენლობის შემცირება რუსეთის საზღვრებთან. იურიდიულად სავალდებულო შეთანხმებაში, რომელიც რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა ნატოს დეკემბერში გაუგზავნა, რომელზეც მას სურდა, ჩვენ ხელი მოგვეწერა, ნათლად იყო ნათქვამი: არანაირი შემდგომი ნატოს გაფართოება; ახლა კი ის იღებს ნატოს წარმომადგენლობის გაფართოებას“, - განაცხადა სტოლტენბერგმა.

























