ქართული პრესის მიმოხილვა 26.05.2022

რას უპასუხებს ევროპა ღარიბაშვილის გზავნილს დავოსიდან - “საქართველო უკრაინას ამ შემთხვევაშიც გვერდში დაუდგა”

რა შემთხვევაში შეძლებს უკრაინის არმია გარდატეხის შეტანას და რას ნიშნავს ომის გადამწყვეტი ფაზა

დღეს თვეში 1000 ლარის შემოსავალი ოჯახის რჩენისთვის საკმარისი აღარ არის

* * *

რას უპასუხებს ევროპა ღარიბაშვილის გზავნილს დავოსიდან - “საქართველო უკრაინას ამ შემთხვევაშიც გვერდში დაუდგა”

“საქართველომ იცის, რომ ეკუთვნის ევროპას, ახლა ევროპამ უნდა გააკეთოს დასკვნები” -ცნობილი ქართველი მეცნიერის, ევროპული კონსტიტუციის თანაავტორის მიხეილ მუსხელიშვილის სიტყვებით დაასრულა გამოსვლა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე და დამსწრე საზოგადოებას აუწყა, რომ საქართველოს ევროკავშირისგან სწრაფი მოქმედების ხილვა სურს; რომ საქართველოს ევროპისგან სჭირდება სიცხადე, ადეკვატური და შესაბამისი რეაქცია. პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე “რეზონანსთან” აცხადებს, რომ პრემიერის გამოსვლა იყო მკაფიო და პოზიციების გასამაყარებლად ნაბიჯების გადადგმა საჭირო იყო. პოლიტოლოგ ნიკა ჩიტაძის განცხადებით, პრემიერმა თავი დაიზღვია იმ შემთხვევისთვის, თუ ქვეყანა სტატუსს ვერ მიიღებს. ნიკა ჩიტაძე მიიჩნევს, რომ ქვეყნისთვის სასურველი შედეგის მიღწევა არა დეკლარირებით, არამდე საშინაო დავალების ხუთიანზე შესრულებით იქნება შესაძლებელი”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით რას უპასუხებს ევროპა ღარიბაშვილის გზავნილს დავოსიდან - “საქართველო უკრაინას ამ შემთხვევაშიც გვერდში დაუდგა”.

“ჩვენი მოსახლეობის 80%-ზე მეტი მხარს უჭერს იდეას, რომ საქართველო უნდა გახდეს ევროპული ოჯახის წევრი. საქართველო ევროკავშირთან დაახლოებას საუკუნეების განმავლობაში ესწრაფვის. ეს არ იწყება 2014 წელს, როცა ხელი მოვაწერეთ ასოცირების შეთანხმებას. ჩვენ გვჯერა, რომ ძალიან ლოიალურები ვართ ევროპული პრინციპების და ღირებულებების მიმართ, ვახორციელებთ დემოკრატიულ რეფორმებს. ჩვენ ვაკეთებთ ყველა საჭირო საქმეს, რაც არის ასოცირების შეთანხმებაში. ჩვენ შევასრულეთ ასოცირების შეთანხმების 45 პროცენტზე მეტი. გვაქვს ამბიციური რეფორმების დღის წესრიგი 2014 წლიდან და გვაქვს გაუმჯობესება ყველა მიმართულებაში. იქნება ეს კანონის უზენაესობა, მართლმსაჯულების რეფორმა. ღია მთავრობა. ჩვენ გვაქვს ხელშესახები პროგრესი და ხალხი ამას ხედავს. ახლა კითხვა არის შემდეგი, ვზრდით თუ არა ამ მოლოდინებს რომ ვუთხრათ ხალხს, საქართველო მიიღებს პოლიტიკურ დეკლარაციას და აღიარებას, რომ საქართველო არის ევროპული ოჯახის ნაწილი ან მათ უნდა ავუხსნათ, რომ ახლა არ რის შესაბამისი დრო, უნდა მოვიცადოთ. ჩვენ გვჭირდება დავინახოთ ქმედება ახლა და დღეს, რადგან ეს უკვე განსხვავებული მსოფლიოა. რაც ახლა უკრაინაში ხდება, ეს არ არის მხოლოდ უკრაინის უსაფრთხოების გამოწვევა. ეს არის მთელი ევროპული არქიტექტურის გამოწვევა”, - განაცხადა დავოსში საქართველოს პრემიერ-მინისტრმა” , - აღნიშნავს გამოცემა.

“მე მსურს გაგახსენოთ ომი, რომელიც ჩვენ გვქონდა 2008 წელს. სამწუხაროდ ჩვენ არ გვინახავს ისეთი ერთობა, როგორიც დღეს არის. ჩვენ მივესალმებით ამ ერთობას. ქართველებმა გადავიხადეთ ძალიან მაღალი საფასური, მას შემდეგ, რაც აღვადგინეთ ჩვენი დამოუკიდებლობა. გადავიტანეთ ორი ომი, ერთი აფხაზეთში და მეორე ცხინვალში. 2008 წელს კი ფართომასშტაბიანი ომი რუსეთთან. ამ ომის შემდეგ არის ჩვენი ისტორიული ტერიტორიების დროებითი ოკუპაცია. ჩვენ გვესმის ეს წუხილები, რაც არსებობს ევროკავშირში, მაგრამ ჩვენ უნდა გვესემოდეს, რომ კანდიდატის სტატუსის მინიჭება არ ნიშნავს წევრობის მიღემას. ეს ხანგრძლივი პროცესია. ჩვენ ეს გვესმის. ჩვენ გვაქვს საშინაო დავალება, რომელიც არის ასოცირების შეთანხმება. ჩემი აზრით, ჩვენ გვჭირდება სიცხადე, ადეკვატური და შესაბამისი რეაქცია ევროკავშირისგან. მსურს გავიხსენო ცნობილი ქართველი მეცნიერის, ევროპული კონსტიტუციის თანაავტორის, მიხეილ მუსხელიშვილის, იგივე მიშელ მუსხელის სიტყვები. მან თქვა: “საქართველომ იცის, რომ ეკუთვნის ევროპას, ახლა ევროპამ უნდა გააკეთოს დასკვნები” - ასე დაასრულად გამოსვლა საქართველოს პრემიერმა”, - დასძენს გამოცემა.

“საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მოლოდინშია, პასუხამდე კრიტიკული სამი კვირა დარჩა და ევროკომისია სამივე ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე დასკვნას წარადგენს, თუმცა, ევროპის ლიდერები ახალ გაერთიანებაზეც საუბრობენ, სადაც ევროკავშირში გაწევრიანების მსურველი ქვეყნები შევლენ. აქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება რომ უალტერნატივოა, ამაში მმართველი გუნდი ღრმად არის დარწმუნებული. პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, საქართველოს ევროკავშირის გზაზე შეიძლება იყოს მხოლოდ ერთი პასუხი “კი”, - წერს სტატიის ავტორი.

“გამოსვლა იყო მკაფიო და ამ სტილით საუბარი დღეს მეტნაკლებად მიღებულია, ამაში კი ლომის წილი უკრაინას მიუძღვის. ღარიბაშვილის სიტყვა შეიძლება ჩაითვალოს, რომ უკრაინის პოზიციების გამყვარებაა, რომელიც მკაფიოდ მოითხოვს ევროკავშირის კანდიდტის სტატუსს. საქართველო უკრაინას ამ შემთხვევაშიც გვერდში დაუდგა. უკრაინის, საქართველო მოლდოვას მდგომარეობა ერთმანეთს უთანაბრდება და ალბათ, რეაქციაც სამივე ქვეყნის მიმართ ერთიანი უნდა იყოს”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას რამაზ საყვარელიძე.

“ევროკავშირში შეხვედრების დროს ირაკლი ღარიბაშვილმა კრიტიკა დაიმსახურა და ნიადაგს ამზადებს, რომ შესაძლებელია საქართველომ არ მიიღოს კანდიდატის სტატუსი და ამაში ოპოზიცია არის დამნაშავე. დაიწყო კიდეც ოპოზიციის დადანაშაულება, თუმცა ხელისუფლებაც და ოპოზიცია ორივე ცდილობს, რომ ევროპას აჩვენოს რომელი უფრო დიდი ევროპელია. მთავარი არის ქვეყანამ სასურველი შედეგი მიიღოს, ამისთვის დეკლარირება კი არა საჭიროა საშინაო დავალება შესრულდეს ხუთიანზე” - მიიჩნევს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ნიკა ჩიტაძე.

რა შემთხვევაში შეძლებს უკრაინის არმია გარდატეხის შეტანას და რას ნიშნავს ომის გადამწყვეტი ფაზა

“უკრაინის აღმოსავლეთის მიმართულებით ომი აქტიურ ფაზაში შევიდა, საოკუპაციო ძალები ცდილობენ, რომ უკრაინის შეიარაღებულ ძალებს ორ ქალაქში სევეროდონეცკსა და ლისიჩანსკში ალყა შემოარტყან, რათა შემდგომში უკრაინელებს დონეცკის რაიონის დაცვა გაუჭირდეთ. ანალიტიკოსთა შეფასებით, თუ რუსებმა ეს განახორციელეს, ერთგვარი გარღვევა იქნება, თუმცა, ეს იქნება მოკლევადიანი, რადგან უკრაინელები სიტუაციის შემობრუნებას შეძლებენ. ის, რომ რუსეთის სამხედრო კამპანია უკრაინაში ყველაზე აქტიურ ფაზაში შევიდა. ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს სპიკერმა ალექსანდრ მოტუზიანიკმა განაცხადა. მისი თქმით, რუსული ძალები ცდილობენ ალყა შემოარტყან უკრაინულ ჯარებს ორ ქალაქში - სევეროდონეცკში და ლისიჩანსკში, რომლებიც აღმოსავლეთ უკრაინაში მდინარე სივერსკიზე დონეცკთან ახლოს მდებარეობს”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით რა შემთხვევაში შეძლებს უკრაინის არმია გარდატეხის შეტანას და რას ნიშნავს ომის გადამწყვეტი ფაზა.

“ლუგანსკის ოლქის გუბერნატორის, სერხი გაიდაის განცხადებით, რუსული ძალები სევეროდონეცკზე თავდასხმას ავიაციის, რაკეტების, არტილერიისა და ნაღმტყორცნების გამოყენებით ახორციელებენ. მისი თქმით, ოკუპანტებს სევეროდონეცკის სრული განადგურება აქვთ გადაწყვეტილი - სევეროდონეცკს იმდენად ინტენსიურად ბომბავენ, რომ მოსახლეობისთვის მისი დატოვება უკვე გვიანაა. პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ამ დროისთვის დონბასში მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა. ფაქტობრივად, მთელი ძალა, რაც ჯერ კიდევ აქვს რუსულ ჯარს, იქ გადაისროლეს შეტევისთვის. ლიმანი, პოპასნაია, სევეროდონეცკი, სლოვიანსკი - ოკუპანტებს სურთ იქ ყველაფერი გაანადგურონ. “ჩანაწერებში გვესმის მათი საუბარი, რომ კარგად იციან, რუსეთისთვის ამ ომს აზრი არ აქვს და სტრატეგიულად მათ არმიას არანაირი შანსი არ აქვს... მადლობელი ვარ უკრაინის ყველა პარტნიორის, ვინც გვეხმარება, მაგრამ ისევ და ისევ ხაზს ვუსვამ: რაც უფრო დიდხანს გაგრძელდება ეს ომი, მით მეტი იქნება თავისუფლების დაცვის ფასი არა მხოლოდ უკრაინის, არამედ მთელი თავისუფალი სამყაროსთვის” - მიიჩნევს ზელენსკი, რომლის თქმით “ამიტომ, უკრაინისთვის მძიმე იარაღის - ტანკების, ხომალდსაწინააღმდეგო და სხვა იარაღის მიწოდება საუკეთესო ინვესტიციაა მსოფლიოში სტაბილურობის შესანარჩუნებლად” - აღნიშნავს გამოცემა.

“ზელენსკი დასძენს, რომ ომის დაწყების შემდეგ, ქვეყნის შეიარაღებულმა ძალებმა 1 016 დასახლებული პუნქტის დეოკუპაცია შეძლეს. უკრაინული მხარის ინფორმაციით, რუსმა სამხედროებმა სამშაბათს, 24 მაისს სულ მცირე 14 მშვიდობიანი მოქალაქე მოკლეს და 15 დაჭრეს აღმოსავლეთ ლუგანსკის და დონეცკის რეგიონებში მასობრივი თავდასხმების დროს. მედიის ცნობით, რუსულმა ჯარებმა თვითმფრინავი, მრავალი სარაკეტო გამშვები მოწყობილობა, არტილერია, ტანკები, ნაღმმტყორცნები და რაკეტები გამოიყენეს ლუგანსკისა და დონეცკის რეგიონებზე თავდასხმისას, რომელთა დიდ ნაწილს რუსულენოვანი სეპარატისტები აკონტროლებენ. ამასთან, უკრაინელების შემართება მაღალია, როგორც “ბიბისი” წერს, გამოკითხვის თანახმად, უკრაინელების 82% ტერიტორიის დათმობის წინააღმდეგია, თუნდაც ამან ომის გახანგრძლივება გამოიწვიოს”, - განაგრძობს გამოცემა.

“კიევის სოციოლოგიის საერთაშორისო ინსტიტუტი მის მიერ ჩატარებულ ახალ გამოკითხვაში აღნიშნულია, რომ გამოკითხულთა უმრავლესობამ განაცხადა, რომ ისინი მხარს არ უჭერენ ტერიტორიულ დათმობებს, თუნდაც ამან ომის გახანგრძლივება გამოიწვიოს და უკრაინის დამოუკიდებლობისადმი საფრთხეები გაზარდოს. გამოკითხული 2000 უკრაინელიდან მხოლოდ 10%-მა განაცხადა, რომ მათთვის უკრაინის ტერიტორიის დათმობა მშვიდობის მისაღწევად მისაღებია, ხოლო 8% ამ საკითხზე გადაუწყვეტელია. გამოკითხვის თანახმად, რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები უკრაინელების 77% მიწის ნებისმიერ დათმობას ეწინააღმდეგება. ჯიპას ასოცირებული პროფესორი გიორგი კობერიძე “რეზონანსთან” აცხადებს, რომ თუ რუსეთმა ლუგანსკის რაიონში გეგმები განახორციელა, ეს იქნება მოკლევადიანი, რადგან, უკრაინელები სიტუაციის შემობრუნებას შეძლებენ. სამხედრო ექსპერტი ვახტანგ მაისაიაც იმედოვნებს, რომ თუ ახლა “ლენდ ლიზის” პროგრამაც აქტიურ ფაზაში შევა, უკრაინელები სიტუაციას შემოაბრუნებენ”, - დასძენს გამოცემა.

“აღმოსავლეთის მიმართულებაზე რუსების აღნიშნული შეტევის ნომერ პირველი გეგმაა, რომ დიდწილად არა მხოლოდ ლუგანსკის რაიონის ოკუპაცია განახორციელოს, არამედ ის, რომ მოგვიანებით დონეცკის რაიონი უკრაინელებისთვის უფრო რთულად დაცვადი გახადოს, შესაბამისად, უკრაინელებს კარგად ესმით რომ ახლა, ამ ბრძოლის შემდეგ უკეთესი სურათი გამოჩნდება, თუ აღმოსავლეთის ფრონტზე უპირატესობა ვის აქვს. რა თქმა უნდა, ეს არც ერთ შემთხვევაში არ გულისხმობს იმას, რომ თუ რუსეთი სევერდონეცკისა და ლისიცანსკის დაკავებას მოახერხებს, აღმოსავლეთი მთლიანად ჩამოიშლება, მაგრამ, ეს იქნება რუსეთის შეტევის ერთგვარი გარღვევის ნიშანი, სადაც უკრაინელებს კრამატორსკამდე პოზიციების დაცვა ძალიან გაუჭირდებათ. ეს არის ერთგვარი სიგნალი იმისა, რომ კრამატორსკამდე დიდი ქალაქები აღარაა და შესაბამისად, თუკი ლუგანსკის რაიონში წარმატებული შეტევა განხორციელდა, უკრაინელებს კრამატორსკამდე დაცვა ძალიან გაუჭირდებათ. ეს კი უკრაინის პოზიციებს მოკლე ვადაში რა თქმა უნდა არასახარბიელო სიტუაციუაში აგდებს, მაგრამ, ეს არ ნიშნავს, რომ უკრაინელები გრძელვადიან პერსპექტივაში სიტუაციის შემობრუნებას ვერ შეძლებენ”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას გიორგი კობერიძე.

“რთული სათქმელია, რომ “ლენდ ლიზი” ბოლომდე აქტიურ ფაზაშია შესული, იარაღის ის გადამწყვეტი რაოდენობა ჯერ კიდევ არაა ჩასული. მილიარდის იარაღი ალბათ უკვე ჩასულია, რომელიც მარტიდან დღემდე იყო გამოყოფილი, მაგრამ ის 40 მილიარდი დოლარის დახმარება, მათ შორის იარაღის, ნამდვილად ჯერ კიდევ არაა ჩასული, რომელსაც უკრაინელები ელოდებიან. შესაძლებელია დღეს უკრაინელებმა რომელიმე ქალაქზე კონტროლი დაკარგონ, მაგრამ, მათ არანაირი მზაობა არ აქვთ რუსულ აგრესიას შეეგუონ. უკრაინელებს აქვთ საკმარისი ტერიტორია, რომ საჭიროების შემთხვევაში სტრატეგიული უკანდახევა შეძლონ, მაგრამ არსებობს მზაობა იმისა, რომ როგორც კი მათ ხელში საკმარისი ძალა აღმოჩნდება იარაღთან ერთად, კონტრშეტევაზე გადავლენ. რა ვადაზეც არ უნდა იყოს საუბარი, უკრაინელები ამ ომს არ დათმობენ. გარდა ამისა, განსაკუთრებით ბრიტანეთსა და აშშ-ში საერთაშორისო კონსესნუსი არსებობს იმისა, რომ რუსები საერთაშორისო წესრიგის რღვევისთვის უნდა დაისაჯონ. ისინი ყველაფერს იზამენ იმისათვის, რომ უკრაინამ ამ ომში რუსეთი იდენად შეაჩეროს და დაასუსტოს, რომ მან ოკუპირებული და ანექსირებული ტერიტიორების ხანგრძლივი დროით შენარჩუნება ვერ შეძლოს”, - დაასკვნის კობერიძე.

“ბრძოლა გადამწყვეტ სტადიაში შედის დონბასთან მიმართებაში. სამწუხაროდ აქ რუსებმა თავისი სამხედრო პოტენციალის კონცენტრაცია შეძლეს. ახლა ლუგანსკის მიმართულებით სერიოზულ საბრძოლო მოქმედებებს ახორციელებს, საუბარია ლისიჩანსკისა და სევეროდონეცკის დაკავებასა და ოკუპაციაზე. სამწუხაროდ ლისიჩანსკადე მისასვლელი პუნქტი სვეტლოდარსკი დაიკავეს. ახლა უკრაინელები საკმაოდ სერიოზულ წინააღმდეგობას უწევენ, რომ რუსებმა ლუგანსკის მიმართულებით წარმატების მიღწევა ვერ შეძლოს. თუ რუსებმა ეს დაიკავეს, მერე ავდეევკა-კრემატორსკისა და სლავიანსკის მიმართულებაზე გადაერთვებიან. საერთაშორისო საზოგადოების პრინციპულობაა, რომ უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა ეჭვქვეშ არ დადგეს. რუსები აპირებენ, რომ უკრაინის ტერიტორიაზე, რასაც დაიკავებენ, იმისი ანექსია განახორციელონ. ხერსონში აპირებენ, რომ ახალი ადმინისტრაციული ერთეული გახსნან. როგორც ჩანს, დონბასში რასაც დაიკავებენ, იმ ტერიტორიებზეც უარს არ იტყვიან”, - ამბობს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ მაისაია.

“იმედია, რომ, როცა “ლენდ ლიზი” აქტიურ ფაზაში შევა, უკრაინელები სიტუაციის შემობრუნებას შეძლებენ, მაგრამ, საკმაოდ რთული მისიაა. ამ ეტაპზე რაიმე პროგნოზის გაკეთება რთულია, რა რესურსი იქნება და რა სტრატეგიას გამოიყენებენ, ამას დრო გვიჩვენებს. ჩემი აზრით, ბრძოლები დეკემბრამდე მაინც გაიწელება. ჩემმა უკრაინელმა კოლეგებმა ძალიან საინტერესო ინფორმაცია მომაწოდეს. ამ ყველაფრის პარალელურად, რუსებს უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიებიდან ხორბალი გააქვთ, რაც საერთაშორისო სამართლის უხეში დარღვევაა. როგორც ჩანს რუსი ჩინოვნიკები კორუფციულ გარიგებებს ახორციელებენ და ეს ხორბალი შავ ბაზარზე გააქვთ. კრემლმა კორუმპირებულ ჩინოვნიკებს ფულის გაკეთების საშუალება მისცა. უკრაინელებს კი არ აძლევენ საშუალებას, რომ საერთაშორისო ბაზარზე ხორბალი გაიტანონ. ჩვენ ყურადღებით უნდა ვიყოთ, რომ ასეთი ტიპის ხორბალი არ შემოვიდეს”, - თვლის ექსპერტი.

დღეს თვეში 1000 ლარის შემოსავალი ოჯახის რჩენისთვის საკმარისი აღარ არის

“საქართველოში ერთი ოჯახის საშუალო შემოსავალი 1000 ლარს აღემატება - ასეთია სტატისტიკის ეროვნული დეპარტამენტის მონაცემები, რომლებიც, სპეციალისტების შეფასებით, ყოფა-ცხოვრებისთვის საკმარისი არ არის, განსაკუთრებით დღევანდელ რეალობაში, როდესაც ყველაფერი გაძვირებულია და გაურკვეველია უახლოესი მომავლის პერსპექტივა. ოფიციალური სტატისტიკიდან ირკვევა, რომ საქართველოში ერთი ოჯახის საშუალო შემოსავალი 1221 ლარი და 80 თეთრია. ამ 1221 ლარიდან 86% ფულად შემოსავლებს წარმოადგენს, რაც რეალურ ფულად გამოსახულებაში ოჯახზე 1050 ლარის შემოსავალს ნიშნავს. როგორც სტატისტიკოსი გივი მომცელიძე აცხადებს, დღესდღეობით ოჯახის ნორმალური ცხოვრებისთვის 1050 ლარი საკმარისი არ არის და საქართველო ამ მხრივ ღარიბი ქვეყანაა”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით დღეს თვეში 1000 ლარის შემოსავალი ოჯახის რჩენისთვის საკმარისი აღარ არის / “30 წელი გავიდა, რაც დამოუკიდებლები ვართ, მაგრამ ვერა და ვერ მოვახერხეთ სიღარიბის დაძლევა”.

“ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, ერთი ოჯახი, საშუალოდ, 3.3 წევრისგან შედგება, რაც ერთ თვეში, ერთ წევრზე 318 ლარის შემოსავალს ნიშნავს, ანუ ეს ნიშნავს იმას, რომ შეიძლება, საშუალოდ ოჯახის ერთი წევრი იყოს დასაქმებული, დანარჩენი წევრები არ მუშაობდნენ ან ერთი წევრი იყოს დასაქმებული და დანარჩენი ორიდან ერთი მაინც იყოს პენსიონერი. ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, ოჯახების საშუალო ფულადი შემოსავლიდან, ანუ 1050 ლარიდან ყველაზე დიდი წილი - 45.9% ხელფასზე მოდის, რაც თვეში, საშუალოდ, 482 ლარს შეადგენს. შემოსავლის მეორე ყველაზე დიდი წყარო პენსიებია, რაც ოჯახების საშუალო თვიური შემოსავლის 22.6%-ს შეადგენს, რაც, საშუალოდ, 237 ლარია. მესამე პოზიციას იკავებს თვითდასაქმებიდან მიღებული შემოსავალი, რაც შემოსავლის 10.2%-ია, ეს თვეში 107 ლარის შემოსავალს ნიშნავს. ეს არ ნიშნავს, რომ ყველა ოჯახში არის თვითდასაქმებული ან პენსიონერი, ან საერთოდაც დასაქმებული, არამედ ამ სტატისტიკის მიხედვით, ოჯახებს, საშუალოდ, თვეში 1050 ლარის ფულადი შემოსავალი აქვთ, ხოლო მათი წყაროები ერთმანეთისგან განსხვავებულია. ყველაზე პრობლემურია ის ფაქტი, რომ დაქირავებული შრომიდან მიღებული შემოსავალი მთლიანი შემოსავლის მხოლოდ 45.9%-ს შეადგენს”, - აღნიშნავს გამოცემა.

“რასაკვირველია, აღნიშნული თანხა საკმარისი არ არის. უნდა ვაღიაროთ, რომ ჯერ ისევ ერთ-ერთი ღარიბი ქვეყანა ვართ. 30 წელი გავიდა, რაც დამოუკიდებლები ვართ, მაგრამ ვერა და ვერ მოვახერხეთ სიღარიბის დაძლევა. ალბათ, კიდევ კარგა ხანს ვიქნებით ასეთ სიტუაციაში და ამის ბევრი მიზეზია. ის, რაც ყველაზე მეტად გვჭირდება, არის უცხოური ინვესტიციები, სადაც არ გვაქვს კარგი მდგომარეობა. ამას სხვადასხვა ფაქტორი განაპირობებს, თუნდაც - პანდემია, ომი. სწორედ ამიტომ მხოლოდ საკუთარ თავს არ უნდა დავაბრალოთ, მაგრამ ომამდეც და კოვიდამდეც მარტივად შეგვეძლო, უკეთ ვყოფილიყავით. მოსახლეობაში, თითქოს, უცხოური ინვესტიციების ფობიაა. რომ ვაკვირდები, საზოგადოება მაინცდამაინც არ მიესალმება უცხოურ ინვესტიციებს. არადა, როცა გვიჭირს და ფული გვჭირდება, ვიღებთ საგარეო ვალს, კრედიტებს. დამატებით ღირებულებას უნდა ვქმნიდეთ და ჩვენ არ ვქმნით. ამას ფულიც უნდა, მოხერხებაც და ალბათ, გონიერებაც. ძალიან გაჩერებული ვართ”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას გივი მომცელიძე.

“საშუალო შემოსავალი მთლიანად უნდა უზრუნველყოფდეს მოსახლეობის სამომხმარებლო მოთხოვნილებების დაკმაყოფილებას, მათ შორის - კომუნალური გადასახადების გადახდასა და გაუთვალისწინებელი ხარჯებისათვის გარკვეული თანხის გადადებასაც, თუმცა დღევანდელ სიტუაციაში, როცა ყველაფერი ძვირდება, საშუალო ხელფასის ოდენობის განსაზღვრაც უფრო რთულია. ეკონომისტი სოსო სიმონიშვილი ერთ-ერთი მათგანია, ვინც მიიჩნევს, რომ 1050 ლარი ოჯახისთვის საკმარისი არ არის და იმ გზებზე საუბრობს, რომლებიც მოსახლეობის კეთილდღეობას გამოასწორებს”, - დასძენს გამოცემა.

“ცხადია, 1050 ლარი არ არის საკმარისი. ჩვენი მთავრობა ამაყობს იმით, რომ ქვეყანას აქვს ორნიშნა ეკონომიკური ზრდა და ამის გამო კმაყოფილია. საქართველო განვითარებული და მეტ-ნაკლებად ნორმალური ქვეყნებისგან იმით გამოირჩევა, რომ ჩვენთან აინტერესებთ და საუბრობენ მხოლოდ და მხოლოდ ეკონომიკურ ზრდაზე და ზოგჯერ - ინფლაციაზე, მაგრამ არ საუბრობენ ისეთ თემაზე, როგორიც არის მოსახლეობის კეთილდღეობა. მოსახლეობის კეთილდღეობა იზომება ისეთი პარამეტრებით, როგორებიც არის სრულფასოვანი კვება, ჩაცმა, ჯანდაცვა, განათლება და ა.შ. ეს ყველაფერი იზომება, რის შემდეგაც გამოდის კეთილდღეობის კოეფიციენტი. ჩვენთან ამას არ ზომავენ, ევროპის ქვეყნებში კი ამას ზომავენ და დიდი მნიშვნელობა ენიჭება. ჩვენთან ამაზე საერთოდ არ საუბრობენ, ხალხს ამის შესახებ არ ესაუბრებიან და არც აინტერესებთ. თუ მოვითხოვთ, მოგვეცემა კიდეც”, - ამბობს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას სოსო სიმონიშვილი.

“ხშირად გვსმენია, რომ დიდი მონოპოლიები ცუდია. ცუდი იმიტომ არის, რომ ფული ვიღაცის ჯიბეში იყრის თავს და სხვა დანარჩენ ხალხს ფული არ აქვს, რომ რაიმე შეისყიდოს, ამის გამო კი მთლიანი ეკონომიკა მუხრუჭდება. გამოსავალი არის მთლიანად ეკონომიკური პოლიტიკის შეცვლა. ეს, პირველ რიგში, უნდა აისახოს იმაზე, რომ ეროვნულმა ბანკმა უნდა შეცვალოს ინფლაციასთან ბრძოლის ხერხი. კრედიტი კი არ უნდა ძვირდებოდეს, არამედ უნდა იაფდებოდეს. რეალური სექტორისკენ უნდა იყოს მიმართული გრძელვადიანი საინვესტიციო კრედიტები, რათა ქვეყანაში გაჩნდეს საქონელწარმოება. ასეთი დარგები ასაქმებს ყველაზე დიდი რაოდენობით ადამიანს. საწარმოში ხომ იქმნება სამუშაო ადგილები და, ამის გარდა, ქმნის სამჯერ უფრო მეტ სამუშაო ადგილს. ეს არის გადაზიდვა, ლოგისტიკა, სარეკლამო და ა.შ. სებ-მა ასევე უნდა შეცვალოს ფულადსაკრედიტო პოლიტიკა. მოკლედ, მაკროეკონომიკური ცვლილებებია საჭირო, რისი მიზანიც უნდა იყოს ის, რომ ფული გაიშალოს მთელ საზოგადოებაში. როცა ქვეყანას ფული აქვს, მაშინ არის ეკონომიკა დინამიკური, კარგად და სწრაფად მოქმედი, რის შედეგადაც ღარიბი მდიდრდება და მდიდარი კიდევ უფრო მდიდრდება”, - განმარტავს სოსო სიმონიშვილი.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა