ფინეთის პრემიერი - მნიშვნელოვანია, კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა, რათა უკრაინა გახდეს ევროკავშირის წევრი

ფინეთის პრემიერ-მინისტრმა სანა მარინმა განაცხადა, რომ მისი ქვეყანა მხარს უჭერს ოფიციალურ კიევს და საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს რუსი სამხედო დამნაშავეების პასუხისგებაში მიცემის კუთხით.
მისივე თქმით, არ იქნება ადგილი დაუსჯელობისთვის.
ვიზიტისას ფინეთის პრემიერმა მკაცრად დაგმო რუსეთის ქმედებები და მათ გაეროს ქარტიისა და საერთაშორისო სამართლის აშკარა დარღვევა უწოდა.
„მნიშვნელოვანია, რომ ევროკავშირი იყოს ერთიანი, გაბედული და შეუპოვარი რუსეთის შეჭრის წინაშე. მნიშვნელოვანია კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა, რათა უკრაინა გახდეს ევროკავშირის წევრი ქვეყანა“, - აღნიშნა მარინმა.
შეგახსენებთ, ფინეთის პრემიერი დღეს კიევს, ირპინსა და ბუჩას ეწვია. ის ადგილობრივ მოსახლეობასა და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა. მარინმა უკრაინას დამატებითი მხარდაჭერა აღუთქვა, მათ შორის იარაღის მიწოდების გაზრდა.

























