ვოლოდიმირ ზელენსკი - რუსეთმა უკრაინაში 2400 სხვადასხვა ტიპის რაკეტა გამოიყენა

ვოლოდიმირ ზელენსკი - რუსეთმა უკრაინაში 2400 სხვადასხვა ტიპის რაკეტა გამოიყენა

რუსეთის ფედერაციამ, სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ, უკრაინის წინააღმდეგ 2400 სხვადასხვა ტიპის რაკეტა გამოიყენა, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ინდონეზიის საგარეო პოლიტიკის საზოგადოების შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„მიმდინარე წლის 24 თებერვლიდან რუსეთის არმიამ უკვე გამოიყენა 2400 სხვადასხვა რაკეტა უკრაინის წინააღმდეგ. აბსოლუტური უმრავლესობა - სამოქალაქო ინფრასტრუქტურის, საწარმოების, საწყობების, მათ შორის სურსათის საწყობების, საცხოვრებელი სახლებისა და რკინიგზის წინააღმდეგ“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

მისი თქმით, უკრაინაში განადგურებულია ჯანდაცვის 600-ზე მეტი დაწესებულება და თითქმის 2000 საგანმანათლებლო ობიექტი.

„სამ თვეში რუსული საბრძოლო თვითმფრინავები ჩვენს ცაზე 3000-ზე მეტჯერ გამოჩნდა და არ დარჩენილა ისეთი ობიექტი, რომლის დაბომბვაც არ უცდიათ. განადგურდა 600-ზე მეტი სამედიცინო დაწესებულება - საავადმყოფოები, სამშობიაროები, კლინიკები და ამბულატორიები. თითქმის 2 000 საგანმანათლებლო დაწესებულება - უნივერსიტეტები, სკოლები და საბავშვო ბაღები. უკრაინის სხვადასხვა რეგიონში რუსული დაბომბვის შედეგად დაიწვა ან დაზიანდა ათობით რელიგიური ობიექტი,“- აღნიშნა ზელენსკიმ.