მედიის ინფორმაციით, ზელენსკი დარწმუნებულია, რომ პუტინი დაჯდება მოლაპარაკებათა მაგიდასთან, როდესაც უკრაინა რუსულ ძალებს 23 თებერვლის პოზიციებზე დააბრუნებს

ამერიკის შეერთებული შტატების ხელისუფლებას არ სჯეროდა უკრაინის, ამიტომ ჯერ კიდევ ომამდე ერთ წლით ადრე გვთავაზობდა მოსახლეობის ევაკუაციას და სანგრების თხრის დაწყებას,- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ნიდერლანდულ გამოცემასთან ინტერვიუში განაცხადა.
ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, უკრაინის ხელისუფლება და სამხედროები მზად იყვნენ რუსეთის თავდასხმისთვის. ამასთან, უკრაინის პირველმა პირმა განმარტა, რატომ სურს მოლაპარაკების მაგიდასთან მხოლოდ რუს დიქტატორთან ვლადიმერ პუტინთან დაჯდომა. ზელენსკის თქმით, აგრესორი ქვეყნის ყველა დანარჩენი წარმომადგენელი არაფერს არ წყვეტს.
„საკითხი ის კი არ არის, რომ მე მინდა მასთან მოლაპარაკება, საკითხი იმაში მდგომარეობს, რომ იქ სხვა არავინაა მოსალაპარაკებლად. მან ააშენა ისეთი სახელმწიფო, რომელშიც არავინ არაფერს არ წყვეტს. ამიტომ მნიშვნელობა არ აქვს, რას ამბობს მათი საგარეო საქმეთა მინისტრი, მნიშვნელობა არ აქვს გზავნის თუ არა ის დელეგაციას ჩვენთან სასაუბროდ. ყველა ეს ადამიანი - სამწუხაროდ, არავინაა“,- განაცხადა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტი დარწმუნებულია, რომ ვლადიმერ პუტინი დაჯდება მოლაპარაკებათა მაგიდასთან, როდესაც უკრაინა რუსულ ძალებს 23 თებერვლის პოზიციებზე დააბრუნებს. ზელენსკის თქმით, პუტინი იძულებული გახდება ეს ნაბიჯი გადადგას, გაიაზრებს რა მარცხს ბრძოლის ველზე.

























