დავით სააკაშვილი - გაითვალისწინონ ადამიანის ბედი და სიცოცხლე, ძალიან ვთხოვ ყველას, თუნდაც ბრეგაძეს, აიღოს პასუხისმგელობა - ხვალ რომ რამე დაემართოს მიშას, აუცილებლად ვაპირებ თვალებში ჩავხედო

მიშას რამე რომ დაემართოს, პასუხისმგებელი იქნება სახელმწიფო, ხელისუფლება და ვინ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა, თუ არა იუსტიციის მინისტრმა, ბატონმა ბრეგაძემ? პასუხისმგებელი იქნებიან როგორც ამ ქვეყნის ფორმალური, ისე არაფორმალური მმართველები, მათ შორის, რა თქმა უნდა, ივანიშვილი, - ამის შესახებ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „პოლიტ-ქალაქში“ მიხეილ სააკაშვილის ძმამ, დავით სააკაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილი უნდა გადარჩეს, რადგან „ის არის ამ ქვეყნის ისტორია და აწმყო“. ყოფილი პრეზიდენტის ძმის შეფასებით, არ შეიძლება, რომ საქართველოში პრეზიდენტებს ვკლავდეთ, რადგან „ეს არის გაგრძელება იმ უბედურებისა, რომელიც ჩვენ გვჭირს“.

”აქ საუბარი არ არის მის გამართლებაზე, მისთვის სასჯელის თუნდაც გადავადებაზე ან სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმებაზე და სხვა გადაწყვეტილების გამოტანაზე. აქ საუბარია ადამიანის სიცოცხლეზე. მიშა არის მძიმედ ავად და საუბარია იმაზე, რომ ადამიანს მიეცეს საშუალება, რომ იმკურნალოს, ხოლო შემდეგ, როდესაც დადასტურდება, რომ მისი მდგომარეობა იძლევა იმის საშუალებას, რომ გააგრძელოს და მოიხადოს სასჯელი, ის, რა თქმა უნდა დაბრუნდება. არავინ არავის გაურბის. მე მინდა ვიცხოვრო ისეთ ქვეყანაში, სადაც ისეთი ფუნდამენტური უფლება, რომელსაც სიცოცხლის უფლება ჰქვია, არის ძალიან კარგად დაცული. მინდა ვიცხოვრო თანამედროვე ევროპულ ქვეყანაში, სადაც გამეფებულია სიკეთე.

რეალურად, რა თქმა უნდა, სასამართლომ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, მაგრამ ყველაფერი ხომ კარგად ვიცით? ვინ და როგორ იღებს გადაწყვეტილებას, ამ სიღრმეებში არ შევალ და პოზიციას არ გამოვხატავ, აქ საუბარი გვაქვს ადამიანის სიცოცხლის გადარჩენაზე. ადამიანი არ არის კარგად და ძალიან ვთხოვ ყველას, ვინც რამეს წყვეტს, გაითვალისწინონ ადამიანის ბედი და მისი სიცოცხლე და ძალიან ვთხოვ ყველას, თუნდაც ბრეგაძეს, რომ აიღოს პასუხისმგებლობა. ხვალ რომ რამე დაემართოს მიშას, მე აუცილებლად ვაპირებ თვალებში ჩავხედო [რატი ბრეგაძეს]. ერთი პროფესიის ადამიანები ვართ და მომეცემა საშუალება მასთან შეხვედრის. მის ოჯახს ძალიან კარგად ვიცნობ, მამამისი ძალიან ხშირად დადიოდა ჩემს სამსახურში, ვმეგობრობდით, ასე რომ მასთან შეხვედრა არ გამიჭირდება“, - განაცხადა დავით სააკაშვილმა

როგორც მან განმარტა, თუკი ყოფილ პრეზიდენტს რამე დაემართება, ამის პასუხისმგებლობა დაეკისრება როგორც ხელისუფლებას, ისე ბიძინა ივანიშვილს.

„სააკაშვილს რამე რომ დაემართოს, პასუხისმგებელი იქნება სახელმწიფო, რადგან სწორედ ის არის ადამიანის ფუნდამენტური უფლების - სიცოცხლის უფლების დაცვის გარანტი. პასუხისმგებელი იქნება ხელისუფლება. ვინ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა, თუ არა იუსტიციის მინისტრმა, ბატონმა ბრეგაძემ? პასუხისმგებელი იქნებიან როგორც ფორმალური, ისე ამ ქვეყნის არაფორმალური მმართველები, მათ შორის, რა თქმა უნდა, ივანიშვილი.

ჩვენ, ქართველებს ერთმანეთის მიმართ სიძულვილი არ უნდა გვამოძრავებდეს, არამედ უნდა გვამოძრავებდეს სიკეთე. ჩვენ უნდა ვიცხოვროთ ერთ ქვეყანაში, რომელიც ყველაზე კარგი, არაჩვეულებრივი და გამორჩეულია არამხოლოდ თავისი ბუნებით, არამედ ისტორიით, კულტურით, პატრიოტიზმით და ვაჟკაცობით. ყოველივე ამის გაგრძელება უნდა იყოს ის, რომ ეს სიძულვილი უნდა დამთავრდეს. ყველაფერში პრაგმატული ურთიერთობა უნდა იყოს“, - განაცხადა დავით სააკაშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო