„აზოვსტალის“ მებრძოლის ცოლი - ბოლო დროს ჩემს ქმართან კომუნიკაცია არ მქონია, მის შესახებ ინფორმაცია არ მიმიღია

მარიუპოლის „აზოვსტალის“ ქარხნის ხანგრძლივი ალყის შემდეგ დატყვევებული უკრაინელი სამხედროების ცოლები აცხადებენ, რომ საყვარელი ადამიანების ადგილსამყოფელის შესახებ მცირე ინფორმაცია აქვთ, ან არანაირ ინფორმაციას არ ფლობენ.
„ბოლო დროს ჩემს ქმართან კომუნიკაცია არ მქონია და მის შესახებ რაიმე ინფორმაცია არ მიმიღია“, - აცხადებს ანა ივლევა, „აზოვსტალში“ მძიმედ დაჭრილი საზღვაო ქვეითის, ანტონის მეუღლე CNN-თან საუბარში.
მისი თქმით, უკრაინის მთავრობის წარმომადგენლები უკავშირდებიან, მაგრამ არ არსებობს ინფორმაცია იმის შესახებ, თუ სად და რა პირობებში იმყოფებიან „აზოვსტალის“ მებრძოლები. ის იმედოვნებს, რომ მისი ქმარი ცოცხალია, თუნდაც ტყვეობაში.
”ჩვენ ყველა - ოჯახები, საზღვაო ქვეითების ცოლები და დედები, ერთმანეთზე ვართ მიჯაჭვული, მუდმივ კავშირში ვართ ერთმანეთთან. ვაწვდით ინფორმაციას ნებისმიერ ხელმისაწვდომ სიახლეზე, ჩვენ ვართ როგორც ერთი ოჯახი,“- აღნიშნა ანა ივლევამ.
„აზოვსტალის“ კიდევ ერთი დამცველის მეუღლემ, ტეტიანამ, განაცხადა, რომ მისმა ქმარმა მოახერხა მისთვის უცნობი ნომრიდან დარეკვა ჩაბარების შემდეგ და უთხრა, რომ მისი ზოგიერთი თანამებრძოლი სეპარატისტების მიერ კონტროლირებად დონეცკის ოლქის ქალაქში იყო დაკავებული.
„ის მშვიდად და თავდაჯერებულად საუბრობდა. მან თქვა, რომ ნორმალურ პირობები იმყოფებოდნენ,“- აღნიშნა ტეტიანამ.
მისი თქმით, დაახლოებით 10 წუთის განმავლობაში ისაუბრეს და მისმა ქმარმა უთხრა, რომ კვლავ შეეცდებოდა დარეკვას.
„ამის შემდეგ აღარ ყოფილა არც ზარი და არც სიახლე”, - აღნიშნა მან.

























