უკრაინის გენშტაბი - რუსული ძალები ქალაქ იზიუმის ჩრდილოეთით მდებარე ქვედანაყოფების საჰაერო მხარდაჭერისთვის „კა-52” ვერტმფრენის ესკადრონს ამზადებენ

რუსული ძალები სლოვიანსკის მიმართულებით ჯარის გადაჯგუფებას ახორციელებენ, რათა განაახლონ შეტევა იზიუმ-ბარვინკოვეს და იზიუმ-სლოვიანსკის მიმართულებებით, ქალაქ იზიუმის ჩრდილოეთით მდებარე ქვედანაყოფების საჰაერო მხარდაჭერისთვის კი „კა-52” ვერტმფრენის ესკადრონს ამზადებენ, - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ანგარიშშია აღნიშნული.
“სივერსკის მიმართულებით, მტერმა საჰაერო დარტყმები განახორციელა სუმის ოლქის ობიექტებზე ზაფსილიას, მიროპილიას დასახლებების ტერიტორიებზე და ასევე საარტილერიო დაბომბვა კინდრატივკას მახლობლად.
ხარკოვის მიმართულებით, მტერმა ცეცხლი გაუხსნა ქალაქ ხარკოვის ჩრდილოეთით და ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარე ტერიტორიებს, აგრეთვე რუსკი ტიშკის, ჩერკასი ტიშკის, რუსკა ლოზოვას, პიტომნიკის, ბორშჩოვას და პერემოჰას დასახლებებს.
დანაკარგების ლოგისტიკური მხარდაჭერისა და დანაყოფების შევსების მიზნით, მტერმა დროებით ოკუპირებულ დასახლებებში გადაიტანა 250-ზე მეტი იარაღი და სამხედრო ტექნიკა. ჯარების და აღჭურვილობის გადასროლის ოპერატიულობის გაზრდის მიზნით, მტერმა აღადგინა სარკინიგზო ხიდი ქალაქ კუპიანსკთან.
დონეცკის მიმართულებით, აგრესორის ქვედანაყოფები ფოკუსირებულები არიან შეტევითი ოპერაციების განხორციელებაზე, რათა ალყაში მოაქციონ ჩვენი ჯარები ლისიჩანსკის და სევეროდონეცკის რაიონებში და გადაკეტონ ძირითადი ლოგისტიკური მარშრუტები.
ლიმანის მიმართულებით, მტერი გამაგრებას ცდილობს ლიმანის დასახლებაში, ახორციელებს გადაჯგუფებას სლოვიანსკზე შემდგომი თავდასხმისთვის.
სევეროდონეცკის მიმართულებით მტერი გამაგრებას ცდილობს სევეროდონეცკის ჩრდილო-აღმოსავლეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ ტერიტორიაზე. ჯარისკაცების ჯგუფის გასაძლიერებლად მან რუსეთის ფედერაციის ტერიტორიიდან გარკვეულ რაიონებში საბრძოლო მასალა და აღჭურვილობა გადაიტანა.
ბახმუტის მიმართულებით ოკუპანტები გადაჯგუფებას ახორციელებენ შემდგომი შეტევისთვის ოლექსანდროპილა - კომიშუვახას მიმართულებით,”- აცხადებენ გენშტაბში.
მათივე ცნობით, ზაპოროჟიეს მიმართულებით, ოკუპანტებმა გააძლიერეს ჯგუფი მელიტოპოლის რაიონიდან ვასილივკას მიმართულებით 120-მდე იარაღისა და სამხედრო ტექნიკის გადასროლით.
„მიკოლაევის მიმართულებით, მტერმა, დაკარგული პოზიციების დასაბრუნებლად შეტევითი მოქმედებების განხორციელების მიზნით, ცალკეული დივიზიები გადაიყვანა გარკვეულ მიმართულებებზე. კრივი-რიჰის მიმართულებით, მტერი აგრძელებს ჩვენი ჯარების პოზიციების საარტილერიო დაბომბვას,”- ნათქვამია გენშტაბის ანგარიშში.
მათივე ცნობით, უკრაინელმა სამხედროებმა, ბოლო 24 საათის განმავლობაში, დონეცკსა და ლუგანსკში მტრის 14 შეტევა მოიგერიეს.
„გაანადგურეს 2 საარტილერიო სისტემა, 11 ჯავშანტექნიკა და 10 მანქანა. საჰაერო თავდაცვის ნაწილებმა ჩამოაგდეს ორი ფრთოსანი რაკეტა და სამი უპილოტო საფრენი აპარატი. საჰაერო ძალების მებრძოლებმა სუმის ოლქში მტრის ორი უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს,”- აღნიშნულია ინფორმაციაში.
გენშტაბის ინფორმაციით, უკრაინულმა ავიაციამ განახორციელა საჰაერო დარტყმა საოკუპაციო ძალებზე დოვჰენკეს ტერიტორიაზე.

























