ქართული პრესის მიმოხილვა 30.05.2022

ვახტანგ ძაბირაძე - “ოპოზიციამ, განსაკუთრებით საპარლამენტომ, ევროკავშირს უნდა მიმართოს თხოვნით, რომ მიუხედავად ყველაფრისა, საქართველო იმსახურებს და უნდა მიიღოს კანდიდატის სტატუსი"

გლობალური ომის საფრთხე შავ ზღვაში - პუტინი უკრაინული ხორბალის გატარების სანაცვლოდ სანქციების მოხსნას ითხოვს

“გავრილოვის ღამის” მონაწილე სპეცრაზმელი უკრაინაში იბრძვის

დიდი განხეთქილება თუ განხეთქილების იმიტაცია - რატომ გამოეყო მოსკოვის საპატრიარქოს უკრაინის ეკლესია

დავით ბერძენიშვილი - “ლევანი ეულად არ დატოვეს და ახლა ჩემს წინააღმდეგ დაიწყეს კამპანია”

* * *

ვახტანგ ძაბირაძე - “ოპოზიციამ, განსაკუთრებით საპარლამენტომ, ევროკავშირს უნდა მიმართოს თხოვნით, რომ მიუხედავად ყველაფრისა, საქართველო იმსახურებს და უნდა მიიღოს კანდიდატის სტატუსი"

“რასაც ქართული ხელისუფლება აკეთებს, სიახლე არ არის - ვგულისხმობ დასავლეთის წარმომადგენელთა კრიტიკას. ამას ხელისუფლება წარმოაჩენს ისე, თითქოს ოპოზიციას, ძირითადად - “ნაციონალურ მოძრაობას”, მათთან ჩააქვს არასწორი ინფორმაცია და ისინიც ხელისუფლებას ამიტომ აკრიტიკებენ. “ქართული ოცნება” ასე ცდილობს, საკუთარი ამომრჩეველი დაარწმუნოს, რომ ეს ყველაფერი რეალობას არ შეესაბამება და კრიტიკა უსაფუძვლოა, ეს ადამიანები კი, აშშ-დან თუ ევროკავშირიდან, “ნაციონალური მოძრაობის” მხარდამჭერები და, შესაბამისად, არაობიექტურები არიან. მოკლედ, ხელისუფლება ასეთი კარტის გათამაშებას ცდილობს, მაგრამ თუ კარგად მოვუსმენთ ჩვენს დასავლელ პარტნიორებს, ისინი არაფერს განსაკუთრებულს არ ეუბნებიან ხელისუფლებას. ამ პრობლემებს ქართველი საზოგადოება მშვენივრად იცნობს, იქნება ეს ჩავარდნილი სასამართლო რეფორმა, კონსტიტუციაში შესატანი ცვლილებები თუ სანქციების თემა”, - აცხადებს ექსპერტი ვახტანგ ძაბირაძე გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “არის საფრთხე, თუ რუსეთმა უკრაინაში წარმატებას ვერ მიაღწია, იერიში საქართველოზე გადმოიტანოს” / “ბუნებრივად ისმის კითხვა: თუ ერთ სამადაშვილს უფრო მეტი გავლენა აქვს ევროპარლამენტში, ვიდრე საქართველოს ხელისუფლებას, რას აკეთებს ამხელა საგარეო საქმეთა სამინისტრო და დიპკორპუსი?”

“ამ ცოტა ხნის წინ ოპოზიციამ შვიდპუნქტიანი გეგმა წარმოადგინა, რასაც გასაკეთებლად მიიჩნევენ ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე. ბოლო ორ პუნქტს - სააკაშვილისა და გვარამიას გათავისუფლებას თუ მოვხსნით, რა არის დანარჩენ ხუთ პუნქტში შეუსრულებელი, მიუღებელი ან სიახლე? იქ ლაპარაკია სასამართლო სისტემის ცვლილებებზე, საარჩევნო რეფორმის ბოლომდე მიყვანასა და საკონსტიტუციო ცვლილებების დაუყოვნებლივ, მეორე და მესამე მოსმენით მიღებაზე. ასევე ოპოზიცია მიიჩნევს, რომ უნდა შეწყდეს დასავლელ პარტნიორებზე, დიპლომატებზე, ევროპარლამენტარებსა და ელჩებზე თავდასხმა და მივიღოთ უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუცია, რომელშიც ხაზგასმით და მკაფიოდ იქნება დაგმობილი რუსეთის სამხედრო დანაშაული უკრაინაში.როდესაც ხელისუფლებას შინ თუ გარეთ ეუბნებიან, რომ სასამართლოსადმი არსებობს ნეგატიური დამოკიდებულება და აუცილებელია ცვლილებები, რა არის აქ მიუღებელი ან ახალი? განა ქართველი საზოგადოება თვითონ არ დარჩა გაოცებული, მაგალითად, ოდიოზური მოსამართლეების უვადოდ გამწესებით?! ამ პროცესებს სასამართლო სისტემაში, ხელისუფლების გარდა, რეფორმად არავინ მიიჩნევს”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ ძაბირაძე.

“მოკლედ, იმისთვის, რომ ეს მნიშვნელოვანი პრობლემები გადაფარონ, ადგნენ და მოიფიქრეს ამგვარი პოზიცია - ყველა, ვინც ჩვენ გვაკრიტიკებს, “ნაციონალური მოძრაობის” მხარდამჭერია. მოკლედ, ხელისუფლება ამბობს, რომ ვიღაცები ევროპაში დადიან და ამბები არასწორად ჩააქვთ. აგერ, პრემიერმა ღარიბაშვილმა პარლამენტში გამოსვლისას სალომე სამადაშვილი ახსენა. ბუნებრივად ისმის კითხვა: თუ ერთ სამადაშვილს უფრო მეტი გავლენა აქვს ევროპარლამენტში, ვიდრე საქართველოს ხელისუფლებას, რას აკეთებს ამხელა საგარეო საქმეთა სამინისტრო და დიპკორპუსი? დავნიშნოთ მაშინ სამადაშვილი საგარეო საქმეთა მინისტრად... უკვე წლებია, ხელისუფლება ამ თამაშს თამაშობს, რადგან ოპოზიციაც ვერ არის მოწოდების სიმაღლეზე. ის ვერ ახერხებს ხელისუფლებისა და საზოგადოებისთვის ახალი და ქმედითი დღის წესრიგის შეთავაზებას. სად მიგვიყვანს ეს ყველაფერი რთული სათქმელია, თუმცა არის ერთი მნიშვნელოვანი საკითხი: დღეს ჩვენთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მონიჭება არ განიხილება მხოლოდ საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობის ჭრილში. 24 თებერვლამდე ასეც იყო, მაგრამ რუსეთის უკრაინაში შეჭრის გამო დადგა დღის წესრიგში უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვის კანდიდატობის დაჩქარებულად განხილვის საკითხიც”, - განაგრძობს რესპონდენტი.

“ამ პროცესსა და ომში, პირდაპირ თუ ირიბად, ჩართული არიან ჩვენი დასავლელი პარტნიორები და არა მხოლოდ ისინი. ზოგადად, პოლიტიკური ვითარება შეიცვალა და ყველაფერი ამან განაპირობა. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ ჩვენი კანდიდატობის შესაძლებლობაც ამ ჭრილში განიხილება. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ძალიან დიდია ალბათობა, რომ თუ უკრაინა და მოლდოვა მიიღებენ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს, იგივე მივიღოთ ჩვენც, მიუხედავად იმისა, როგორ ილანძღება საქართველოს ხელისუფლება, რა რეფორმები არ არის ბოლომდე მიყვანილი და ა.შ. შექმნილი პოლიტიკური გარემოს გამო ჩვენი დასავლელი პარტნიორებისთვის მნიშვნელოვანია, საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრობის კანდიდატი, თუმცა, აქვე აღვნიშნავ, რომ კანდიდატობიდან წევრობამდე დიდი დროის გასვლა იქნება საჭირო და, შესაბამისად, რეფორმებიც, რომლებიც გასატარებელია, ამ პერიოდში უნდა განხორციელდეს. კანდიდატობის მინიჭების შემთხვევაში ამისთვის შესაბამისი პირობები იქნება დათქმული, ჩვენი მომავალი კანდიდატობა კი გაგრძელდება მანამდე, ვიდრე ამას ჩვენი პარტნიორები მიიჩნევენ საჭიროდ”, - ამტკიცებს ექსპერტი.

“აქ მნიშვნელოვანია კიდევ ერთი თემა: “ქართულმა ოცნებამ” მეთოდურად მოახერხა, რომ ოპოზიციასთან პაექრობაში მუდმივად არის მოგებული. ამას ადასტურებს დღეს მიმდინარე პროცესიც. ძალიან კარგია, რომ ოპოზიციამ ეს შვიდპუნქტიანი მოთხოვნები წამოაყენა, მაგრამ ეს არ არის საკმარისი. დღეს “ქართული ოცნება” ყველანაირად ცდილობს, რომ თუ კანდიდატის სტატუსი არ მოგვცეს, ეს ოპოზიციას დაბრალდეს. ამიტომაც ამტკიცებენ ასე დაჟინებით, რომ ოპოზიცია ატარებს ძირგამომთხრელ პოლიტიკას. ვფიქრობ, ამ ვითარებაში ოპოზიციამ, განსაკუთრებით - საპარლამენტომ, ევროკავშირს უნდა მიმართოს თხოვნით, რომ მიუხედავად ყველაფრისა, საქართველო იმსახურებს და უნდა მიიღოს ეს სტატუსი. ოპოზიციამ ეს უნდა გააკეთოს, რათა ხელისუფლების მტკიცებას საფუძველი გამოეცალოს. ჩემი აზრით, ეს იქნება ოპოზიციის სწორი ნაბიჯი”, - მიიჩნევს ვახტანგ ძაბირაძე.

“არის საფრთხე, რომ თუ რუსეთმა უკრაინაში წარმატებას ვერ მიაღწია და კატასტროფულ მდგომარეობაში აღმოჩნდა, იმიჯის შესანარჩუნებლად იერიში საქართველოზე გადმოიტანოს. ეს არის ერთ-ერთი თემა, რომლითაც ხელისუფლება ცდილობს, ელექტორატზე გავლენა შეინარჩუნოს. საკმარისი არ არის მხოლოდ “ნაციონალური მოძრაობის” გამოცხადება ომის პარტიად, რასაც “ნაციონალებიც” ძალიან უწყობენ ხელს. ვიმეორებ: დღეს საქართველოს საზოგადოების მთავარი მოთხოვნა, მიუხედავად უამრავი, მათ შორის - სოციალური პრობლემებისა, სტაბილურობაა. ეს კარგად გაისიგრძეგანა “ქართულმა ოცნებამ”, განსხვავებით ოპოზიციისგან, განსაკუთრებით კი - “ნაციონალური მოძრაობისგან”. ესენი ისევ ლაპარაკობენ, რომ დაიწყებენ რაღაც მასშტაბურ საპროტესტო აქციებს და ა.შ., რაც მუდმივად კრახით სრულდება. როდესაც `ნაცმოძრაობის~ ლიდერები ამბობენ, მივატოვოთ პარლამენტი და გავიდეთ ქუჩაშიო, ესეც ხომ არასტაბილურობის განცდას აჩენს?! თავის მხრივ ხელისუფლება უმნიშვნელო საკითხზეც კი უკან დახევას სისუსტედ მიიჩნევს, ამიტომ რეალურ პრობლემებზე ლაპარაკის ნაცვლად ლანძღვა-გინებით ყველაფერს იოლად იცილებს თავიდან, ამაში კი ხელს უწყობს ოპოზიციაც, რომელიც ვერაფერზე ჩამოყალიბდა”, - ამბობს რესპონდენტი.

“ოპოზიციის ბოლო დროის მთავარი თემებია სააკაშვილი და გვარამია, რაც ხელს აძლევს ხელისუფლებას, რადგან მათზე კამათი მმართველი ძალისთვის მისაღებია. 2012 წლიდან მოყოლებული, ლაპარაკობენ, რომ ბიძინა ივანიშვილი და “ქართული ოცნება” რუსეთისთვის მუშაობენ. საზოგადოებაზე ეს აღარ მოქმედებს და ოპოზიცია ისევ წყალს ნაყავს. მე თუ მკითხავთ, მიდის თუ არა ხელისუფლება რუსეთისკენ, გიპასუხებთ, რომ არსადაც არ მიდის, არც - რუსეთისკენ და არც - დასავლეთისკენ. უბრალოდ, სხედან და ელოდებიან, როგორ განვითარდება მოვლენები. თუ დაინახავენ, რომ რუსეთი აღწევს წარმატებას, მაშინვე მისკენ გადალაგდებიან; თუ დაინახავენ, რომ პირიქით ხდება, ოპოზიციას ჩაასწრებენ ბრიუსელში. ეს არის სულ, რასაც “ქართული ოცნება” და მისი ლიდერები აკეთებენ. ისინი ცდილობენ, შეინარჩუნონ ძალაუფლება. მათ დასავლეთის კრიტიკის არ ეშინიათ, რადგან იციან, რომ როგორი შეურაცხყოფაც უნდა მიაყენონ რომელიმე ევროპარლამენტარს, ამის გამო ომს არავინ დაიწყებს, აი, რუსეთისა კი ეშინიათ, ამიტომაც მის კრიტიკას გაურბიან...”, - თვლის ექსპერტი.

“მას მერე, რაც სალომე ზურაბიშვილი ვიზიტით იყო ბრიუსელში და მნიშვნელოვანი შეხვედრები გამართა, მისი პოზიციები შეიცვალა და ის გაცილებით ადეკვატური გახდა დასავლეთის მიმართ, ვიდრე “ქართული ოცნებაა”. მმართველ გუნდს დღეს ხელს არ აძლევს ზურაბიშვილის განცხადებები, მაგრამ პრეზიდენტის გამოსვლა, ჩემი აზრით, მოზომილი და საინტერესო იყო. კობახიძის თქმით, თურმე ზურაბიშვილმა არ იცის, სად რა უნდა თქვას. მისგან ასე ლაპარაკი ცოტა უხერხულია, თუ გავითვალისწინებთ, რომ სალომე ზურაბიშვილს დიპლომატიური საქმიანობის მისი ხნის გამოცდილება აქვს. ჩემთვის მოულოდნელი არ ყოფილა პრეზიდენტის კრიტიკა, რადგან მიიჩნევენ, რომ ის ოპოზიციისა თუ დასავლელი პარტნიორების მხარესაა, ანუ მათ მხარეს, ვინც ხელისუფლებისადმი კრიტიკულია. “ქართული ოცნებისთვის” კრიტიკა უკვე ყოვლად მიუღებელია, ვისგანაც უნდა მოდიოდეს ის და მაშინვე ლანძღვა-გინებაზე გადადიან. სამწუხაროდ, ხელისუფლება ისეთ ფაზაში შევიდა, როდესაც საგნობრივი დებატებისას არგუმენტები აღარ აქვს, ამიტომაც მუდმივად დესტრუქციას ცდილობს...”, - განმარტავს ვახტანგ ძაბირაძე და შეკითხვაზე - “ამის გაგრძელება შეიძლება პოლიტიკური რეპრესიებიც იყოს...” - პასუხობს:

“პოლიტიკური რეპრესიები გაუჭირდებათ, მაგრამ ლანძღვა-გინება უფრო მძაფრი გახდება. რეპრესიებს სჭირდება დიდი ადამიანური რესურსი, საქართველოში კი ასეთი რესურსი არ არის. თანაც ვინც რეპრესიებს განიზრახავს, ის აუცილებლად ცუდად დაამთავრებს”!

გლობალური ომის საფრთხე შავ ზღვაში - პუტინი უკრაინული ხორბალის გატარების სანაცვლოდ სანქციების მოხსნას ითხოვს

“უკრაინის ომის გამო ქვეყნის საზღვაო პორტები ბლოკირებულია, რა შეუძლებელს ხდის ქვეყნიდან ხორბლისა და სხვა მარცვლეულის გატანას. ამან კი უკვე შექმნა გლობალური სასურსათო კრიზისის საფრთხე. რუსეთი კი, რომელიც ამ დრომდე უარს ამბობს პორტების გახსნაზე, ამ თემით დასავლეთს აშანტაჟებს. ამის გამო დასავლეთში პრობლემის გადაჭრის სხვადასხვა გზები განიხილება. მაგალითად, შავ ზღვაში უკრაინული ხორბლით დატვირთული გემების უსაფრთხო გადაადგილების უზრუნველსაყოფად ევროპული და ამერიკული სამხედრო გემების შევსლა. ანალიტიკოსთა შეფასებით, ეს შავ ზღვაში მასშტაბური შეტაკების რისკსა და უკრაინის ომის გლობალური ომში გადაზრდის საფრთხეს ქმნის. ევროკავშირში აქტიურად განიხილება უკრაინიდან მარცვლეულის გამოსატანად სამხედრო-საზღვაო მისიის შექმნის შესაძლებლობა. ესპანური მედიის ცნობით, სავარაუდოდ ამ საკითხზე იქნება მსჯელობა ორშაბათს, 30 მაისს ბრიუსელში ევროკავშირის სამიტზე”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით გლობალური ომის საფრთხე შავ ზღვაში - პუტინი უკრაინული ხორბალის გატარების სანაცვლოდ სანქციების მოხსნას ითხოვს.

“არსებული გეგმით, უკრაინული სატვირთო გემები შავ ზღვას ევროკავშირის წევრი ქვეყნების გემების თანხლებით დატოვებენ. ამ გეგმის მთავარი სირთულე უკავშირდება იმას, რომ ევროპულმა გემებმა ოდესის პორტში შესვლის ნებართვა მიიღონ. ეს საკითხი მონტრეს კონვენციით რეგულირდება, რომლის შესრულებასაც თურქეთი აკონტროლებს. ესპანური მედიის ინფორმაციით, დიდი ალბათობით ანკარა შესაბამის ნებართვას გასცემს, ვინაიდან საუბარია ჰუმანიტარულ ოპერაციაზე. მეორე მხრივ, ჯერჯერობით უცნობია როგორი იქნება რუსეთის პოზიცია. პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი უკრაინული გემების შავ ზღვაში გატარების სანაცვლოდ, რომელიც ხორბლით და სიმინდით იქნება დატვირთული, დასავლეთისგან სანქციების მოხსნას ითხოვს. ანალიტიკოსების თქმით, შექმნილი ვითარების დაძლევის მხოლოდ სამი გზა არსებობს: დასავლეთმა ან უნდა დაიყოლიოს პუტინი, ან თავად დაჰყვეს მის პირობებს, ანდა მარცვლეულის ბლოკირების პრობლემა სამხედრო ძალით უნდა გადაწყდეს. შავ ზღვაში მასშტაბური სამხედრო ოპერაციის დაწყების შემთხვევაში კი ისინი ვითარების გაუარესებას მთელ რეგიონში მოელიან და პროცესში არც ნატო-ს ქვეყნების ჩართვას გამორიცხავენ. ეს კი უკრაინის ომის გლობალურ ომში გადაზრდის პირველი ნიშანი იქნება”, - აღნიშნავს გამოცემა.

“აღსანიშნავია, რომ უკრაინამ დასავლეთისგან უკვე მიიღო თანამედროვე გემსაწინააღმდეგო საბრძოლო სისტემები, თუმცა, საკმარისი იქნება თუ არა ეს ოდესის პორტის დებლოკირებისა და უკრაინული სატვირთო გემების უსაფრთხო გადაადგილებისათვის, ძნელი სათქმელია. პუტინმა თავისი პირობები დასავლეთს ჯერ საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური განცხადების სახით წაუყენა, შემდეგ კი 26 მაისს, ეს პირობები იტალიის პრეზიდენტ მარიო დრაგის ტელეფონით პირადად პუტინმა აუხსნა - “რუსეთის ფედერაცია მზად არის შეიტანოს თავისი მნიშვნელოვანი წვლილი სასურსათო კრიზისის დაძლევაში, მარცვლეულისა და სასუქის ექსპორტის გზით, იმ პირობით, რომ დასავლეთი მოხსნის პოლიტიკურად მოტივირებულ შეზღუდვებს”, -განაცხადა იტალიის პრეზიდენტმა. ვიდრე რუსეთის პრეზიდენტს დაუკავშირდებოდა, იტალიის ხელისუფლებამ ომის დასრულების საკუთარი გეგმა გაეროში წარადგინა და ის ითვალისწინებს უკრაინისთვის მიუღებელი ზავის დადებას, უკრაინის სტატუსის შესახებ მოლაპარაკებასა და “ორმხრივ შეთანხმებას კიევსა და მოსკოვს შორის ყირიმის და დონბასის შესახებ”, - განაგრძობს გამოცემა.

“კიევი მკაცრად აკრიტიკებს ზავისკენ მოწოდებებს, რამაც, მათი დაკვირვებით, ბოლო პერიოდში ერთგვარი კამპანიური ხასიათი მიიღო - ცნობილი ექსპერტების, პოლიტიკოსებისა თუ წამყვანი მედიასაშუალებების მონაწილეობით. მაგალითად, დავოსში ახლახან დასრულებულ ფორმუმზე რამდენიმე ცნობილმა პოლიტიკოსმა და ევროპელმა ლიდერებმა უკრაინას ამ კრიზისის მოგვარებისთვის გარკვეულ დათმობაზე წასვლა ურჩიეს. უკრაინის მხრიდან კი ამ რჩევას მწვავე პასუხი მოჰყვა. “კარგია, რომ სანგრებში მყოფ უკრაინელებს “დავოსის პანიკიორების” მოსასმენად დრო არ აქვთ, ისინი ცოტათი დაკავებულნი არიან თავისუფლებისა და დემოკრატიის დაცვით”, - ასე გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველი მიხაილო პოდოლიაკი აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივნის ჰენრი კისინჯერის განცხადებას, რომელმაც უკრაინელებს გარკვეულ დათმობაზე წასვლა ურჩია. კიდევ უფრო მკაცრი იყო უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის კომენტარი: “ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ ბატონ კისინჯერის კალენდარზე 2022 წელი კი არა, არამედ 1938 წელია და ის ფიქრობს, რომ აუდიტორიას არა დავოსში, არამედ მიუნხენში ელაპარაკება”, - დასძენს გამოცემა.

“სამხედრო ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია “რეზონანსთან” აცხადებს, რომ სიტუაცია საკმაოდ რთული და დრამატულია. რუსეთი ყველანაირად ეცდება, რომ ზღვა ჩაკეტოს და ევროპულ-ამერიკულ სამხედრო ხომალდებს იქ შესვლის უფლება არ მისცეს. მაისაია ამბობს, რომ ახლა ყველაფერი თურქეთზეა დამოკიდებული - მიიღებს თუ არა ერდოღანი გადაწყვეტილებას და შავ ზღვაში შეუშვებს თუ არა ბრიტანულ ხომალდებს, რომლებიც უკრაინულ სავაჭრო გემებს გააცილებს. “ბრიტანულ ხომალდებს საერთაშორისო კონვენციის მიხედვით უფლება აქვთ შავი ზღვის აკვატორიუმში შევიდნენ და იქ 40 დღის განმავლობაში გაჩერდნენ. თუმცა ნაკლებად სავარაუდოა, რომ ერდოღანმა მათ ამის უფლება რაიმე სარგებლის გარეშე მისცეს. თურქეთი უკვე შანტაჟზეა გადასული. ერდოღანი აშანტაჟებს, როგორც ნატოელ სტრატეგიულ მოკავშირეებს, ასევე რუსებს. ის ამ სიტუაციიდან ყველა მხრიდან ხეირის ნახვას ცდილობს და ორი კურდღლის დაჭერა უნდა”, - ამბობს მაისაია, რომლის თქმით “ეს ერდოღანის ჩვეულებრივი ტაქტიკაა, ამიტომ მას თავისი პირობები ექნება. შესაძლოა მან მოითხოვოს, რომ ეს ხორბალი თურქეთში შევიდეს და ბევრ რაღაცაზე ივაჭრებს”, - წერს სტატიის ავტორი.

“მეორე მხრივ კი შავი ზღვის აკვატორია დანაღმულია. ჯერ უკრაინელებმა დანაღმეს და შემდეგ რუსებმა. ამიტომ გემების აქ გავლა ცალკე პრობლემას წარმოადგენს. უსაფრთხოების თვალსაზრისით, შავი ზღვიდან გასვლის უფლებაც რომ მიეცეს მიეცეს უკრაინულ გემებს, ესეც საკმაოდ დიდი რისკის მატარებელია. მესამე - თუკი ბრიტანულმა გემებმა მოძრაობა დაიწყეს და უკრაინული სავაჭრო გემების გაცილება მოისურვეს, მაშინ რუსები მათ ცეცხლს გაუხსნიან. ბრიტანეთსა და რუსეთს შორის უკევე ჰიბრიდული ომია დაწყებული... ასევე რუსებს შეუძლიათ საარტილერიო და ზალპური ცეცხლის გამოყენებით ხორბლის მარაგების განადგურება. მეორეს მხრივ კი შეუძლიათ ეს ტერიტორიები კიდევ უფრო მჭიდროდ დანაღმონ. მერე ამ განაღმვით სამუშაოებს სერიოზული სამხედრო ჯგუფის შექმნა დასჭირდება. მხოლოდ ბრიტანული გემები აქ საკმარისი არ იქნება. აქ უკვე ნატოს წევრი ქვეყნების ჩართულობა გახდება საჭირო. ხოლო ზოგიერთი ქვეყანა ამაზე რამდენად წავა, რთული სათქმელია. ფაქტიურად დასავლეთი და რუსეთი ფართომასშტაბიან ომამდე ერთ ნაბიჯში და ეს უკვე იმაზეა დამოკიდებული, ვინ რა ნაბიჯს გადადგამს”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ მაისაია.

“კონფლიქტოლოგი ზურაბ ბენდიანიშვილი კი ამბობს, რომ რუსეთი შავ ზღვაში უკრაინული სავაჭრო გემების გატარების სანაცვლოდ დასავლეთს სანქციების მოხსნას სთხოვს. კონფლიქტოლოგი ამბობს, რომ ამის პარალელურად ცალკე პრობლემა თურქეთია, რადგან თუკი რუსეთი გემების გატარებაზე დათანხმდება, მაშინ თანხმობა თურქეთმაც უნდა განაცხადოს. ერდოღანი კი ასე ადვილად არაფერს დათმობს. ამიტომ სიტუაცია საკმაოდ რთულია და უკრაინამ ხორბლის გატანა მატარებელებით უკვე დაიწყო, ეს კი ზღვაში წვეთია. “ბრიტანეთი და აშშ ცდილობენ რუსეთთან შეთანხმებით უკრაინული გემების გატარება და გაცილება მოხდეს. თუმცა რუსეთი სანაცვლოდ სანქციების მოხსნას ითხოვს. დაძაბული სიტუაციის მიუხედავად, არ მგონია, რომ რომელიმე მხარემ საბრძოლო დაპირისპირებაში შესვლა გადაწყვიტოს. თუკი რუსეთსა და დასავლეთს შორის ამის გამო შავ ზღვაში დაპირისპირება მოხდება, რა თქმა უნდა, ეს უკვე ომში დასავლეთის ჩართვას ნიშნავს. ამიტომ არ მგონია, რომ ეს გადაწყვეტილება მიიღონ”, - მიიჩნევს ბენდიანიშვილი, რომლის აზრით, “ისევ ცდილობენ, რომ რაღაცა დიალოგის და მოლაპარაკების შედეგად ეს პრობლემა გადაწყდეს”, - დასძენს სტატიის ავტორი.

“სამწუხაროდ, უკრაინის სამხრეთში რუსეთმა ტაქტიკური თვალსაზრისით გარკვეული უპირატესობა მოიპოვა. ამის პარალელურად კი უკრაინამ ხორბლის გადატვირთვა ბალტიის ქვეყნების გავლით რკინიგზით დაიწყო. ორი ეშელონი უკვე წავიდა. ამიტომ არ მგონია შავ ზღვაში გატარების პრობლემა გადაიჭრას. ეს საკითხი გაიყინება და ყველა მხარე შეეცდება, რომ სამხედრო კონფრონტაციაში არ ჩაერთოს. სასურსათო კრიზისია მოსალოდნელი, თუკი რაიმე სახის შეთანხმებამდე არ მივიდნენ. მნიშვნელოვანია, რომ რუსეთი ევროკავშირს სასურსათო კრიზისის შედეგად აფრიკიდან დევნილების ახალი ტალღით ემუქრება. ევროპას კი ამის ძალიან ეშინია. ფაქტია, რომ რუსეთი გრძელვადიან პერსპექტივაში, მიუხედავად ამ ეტაპზე არსებული სამხედრო წარმატებებისა, ამ ომს ბოლომდე ვერ გაჰყვება. მას უკვე ყველა რესურსი ეწურება. უკრაინას კი ლენდ-ლიზის კანონის ამოქმედებისთანავე უფრო დიდი რესურსი გაუჩნდება. რუსეთმა ეს იცის და ბოლომდე ვაჭრობს”, - განმარტავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ზურავ ბენდიანიშვილი.

“იტალიელების პირთაც კი გაჟღერდა, რომ დაკავებულ ტერიტორიებზე რუსეთმა ფრონტის ხაზი გაავლოს და სამშვიდობო შეთანხმებამდე მივიდეს. ევროკავშირში საკმაოდ სერიოზული რყევებია დაწყებული, ეს დავოსში გამოჩნდა, ამიტომ რუსეთი შავ ზღვაში უკრაინული ხომალდების გატარების სანაცვლოდ დათმობას ბოლომდე მოითხოვს... რაც შეეეხება თურქეთის როლს ამ სიტუაციაში, შექმნილი პრობლემიდან ერდოღანი ყველაზე დიდი სარგებლის ნახვას ცდილობს. მის ინტერესებშია რუსეთი მაქსიმალურად დასუსტდეს, თუმცა საჭიროების შემთხვევაში მასთან თანამშრომლობაც შეინარჩუნოს. თან თავისი გავლენები გააძლიეროს. თურქეთი ერთადერთი ქვეყანა იქნება, სადაც რუსი ტურისტები წელს დაისვენებენ. ამიტომ ერდოღანის მიზნებიც დიდია და ისიც შავ ზღვას ასე მარტივად არ დათმობს”, - დასძენს კონფლიქტოლოგი.

“გავრილოვის ღამის” მონაწილე სპეცრაზმელი უკრაინაში იბრძვის

“20 წელი სპეციალური დანიშნულების რაზმში იმსახურა, მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს ომში, ახლა უკრაინაში იბრძვის. 2019 წლის 20 ივნისის ღამის შემდეგ ქართველი საზოგადოების ყურადღების ცენტრში ერთი საგულისხმო მომენტის შემდეგ მოექცა - მან იარაღზე ხელი აუკრა კოლეგას, რომელიც აქციის მონაწილეებს რეზინის ტყვიებს დამიზნებით ესროდა. 20 ივლისის ღამეზე და უკრაინაში ფრონტის ხაზზე არსებული ვითარების შესახებ “კვირის პალიტრას” სამხედრო ვიცე-პოლკოვნიკი ლაშა შერგელაშვილი ესაუბრა”, - წერს გაზეთი “კვირის პალიტრა” სტატიაში, სათაურით “გავრილოვის ღამის” მონაწილე სპეცრაზმელი უკრაინაში იბრძვის.

“2005 წლიდან ვმსახურობდი სპეცდანიშნულების რაზმში. 20-წლიანი მუშაობის შემდგომ პენსიაზე გავედი. ახლა უკრაინაში ვიბრძვი საქართველოს ინტერესებისთვის. მწამს, რომ ახლა აქ, უკრაინაში, წყდება ჩემი ქვეყნის ბედი. რაც შეეხება “გავრილოვის ღამეს”, რუსი დეპუტატის საკანონმდებლო ორგანოში მისვლასა და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში ჩაჯდომის ფაქტს ჩვენც ტელეეკრანიდან ვადევნებდით თვალს და ძალიან არ მოგვეწონა ეს ამბავი. როდესაც ვამბობ, ჩვენ-მეთქი, დანარჩენ სპეცრაზმელებსაც ვგულისხმობ. იმ აქციაზე ჩვენი ოჯახის წევრები, შვილები და მეგობრებიც იდგნენ. როდესაც აქციაზე მივედით, სხვა რაზმის წევრებიც დაგვხვდნენ”, აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ლაშა შერგელაშვილი.

“ჩვენს დანაყოფს ხმარებიდან ამოღებული ჰქონდა ის ტყვიები, რომლებიც აქციაზე გამოიყენეს და რომლის გამოც ხალხი დაზარალდა. ჩვენ გვქონდა ინფორმაცია, რომ ის ვაზნები თურქული წარმოების იყო, ისეთი მომენტებისთვის გათვალისწინებული, როდესაც შეიარაღებული დამნაშავის აყვანა იყო საჭირო. ამ ვაზნას შეუძლია ადამიანს ხელი ან ფეხი მოტეხოს. ის არ იყო გამიზნული მიტინგებისა და აქციების დასაშლელად. მართალია, ანოტაციაში უწერია, რომ არალეტალურია, მაგრამ სინამდვილეში ფატალური შედეგის გამოწვევა შეუძლია. ამერიკელები ამ ტიპის ვაზნებს მხოლოდ ციხეებში იყენებენ. სამწუხაროდ, აღმოჩნდნენ დანაყოფები, რომლებსაც ეს ტყვიები ჰქონიათ შემორჩენილი. არ ვიცი, რატომ გამოიყენეს აქციაზე - ან ინფორმაცია არ ჰქონდათ ტყვიების ლეტალურობის შესახებ, ან კომუნიკაციის დროს მოხდა რაიმე შეცდომა. ჩვენ იქ აქციის დასარბევად კი არა, წესრიგის დასაცავად მივედით. მერე რაღაც ისეთი მოხდა, რაც ზედა ფენების არაპროფესიონალიზმისა და დაბნეულობის შედეგი იყო”, - განაგრძობს რესპონდენტი.

“აქციაზე ცოცხალი ჯაჭვის გაკეთების ბრძანება მივიღეთ. სპეცდანიშნულების რაზმის წევრებთან ერთად ვადიანი სამხედრო მოსამსახურეებიც იყვნენ. აქციის მონაწილეებმა ამ ბიჭების ჯაჭვიდან გატაცება და განიარაღება დაიწყეს. დაახლოებით შვიდი ჯარისკაცი რომ გაიყვანეს, რეზინის ტყვიების გამოყენების ბრძანება მივიღეთ, რაც ბევრმა ჩვენგანმა გააპროტესტა. ვფიქრობდით, რომ ეს ამბავი აქციის მონაწილეებს უფრო გააბრაზებდა და სიტუაციას დაძაბავდა. მე ხელმძღვანელობას ვუთხარი, რომ ტყვიების გამოყენებას აქციის მონაწილეების ჯაჭვში ნელ-ნელა შემოყვანა და განეიტრალება სჯობდა. ასეთ შემთხვევაში სიტუაცია მარტივად განიმუხტებოდა. სამწუხაროდ, ჩემი და კიდევ სხვა რამდენიმე სპეცრაზმელის რჩევა არ გაითვალისწინეს. რისი მოლოდინიც გვქონდა, ის მოხდა - აქციის მონაწილეები უფრო აგრესიულები გახდნენ, წყლის ბოთლები და სხვადასხვა ნივთები დაგვიშინეს... ცოტა ხანში რადიოსადგურში გაისმა ხმა, სროლა შეაჩერეთო, მაგრამ ამაოდ. როგორც ჩანს, ზოგიერთს, სამ-ოთხ სპეცრაზმელს ეს ხმა არ ესმოდა და სროლას განაგრძობდა. სავარაუდოდ, კომუნიკაციის პრობლემა იყო. ბოლოს დადგა შედეგი, რამაც მთელი ერი აღაშფოთა”, - განმარტავს ვიცე-პოლკოვნიკი და შეკითხვაზე - “იმ მომენტის შესახებ გვიამბეთ, როდესაც თქვენს კოლეგას იარაღზე ხელი როგორ აუკარით...” - პასუხობს:

“ეგ სპონტანურად მოხდა. მე ზემოთ ვიდექი, ის ამოვიდა თუ არა, ვუთხარი, არ ისროლო-მეთქი. მის ზურგს უკან დეპარტამენტის დირექტორი იდგა. სავარაუდოდ, ბრძანება მან მისცა. როდესაც მომიტინგეს დაუმიზნა, სპონტანურად ავუკარი ხელი. შემდეგ ვკითხე კიდეც, რატომ ესროდი დამიზნებით-მეთქი, არ ვაპირებდი სროლას, ვაშინებდიო...”

“უკრაინაში საბრძოლველად წასვლის მოტივი ჩემი ოჯახი და სამშობლოა. როგორც კი ომი დაიწყო, მეორე დღესვე მივედი საელჩოში და წასვლის სურვილი გამოვთქვი. მეც მათ შორის ვიყავი, აეროპორტში რომ ამაოდ ელოდებოდნენ თვითმფრინავს. შემოვლითი გზებით ჩავედი უკრაინაში. უკრაინელების გარდა, ყველა სხვა ერის წარმომადგენლობა ერთად რომ შეკრიბო, ქართველები მათზე მეტი ვართ, რადგან უკრაინელებსა და ქართველებს საერთო მტერი გვყავს. შემიძლია გითხრათ, პირადად მე რატომ მივიღე ეს გადაწყვეტილება - მერჩივნა, ომი ჩემი ოჯახისა და შვილებისგან შორს ყოფილიყო. დარწმუნებული ვარ, თუ რუსეთი უკრაინაში გაიმარჯვებს, შემდეგი საქართველო იქნება. ომით თუ ომის გარეშე, ანუ რბილი ძალით, რუსეთი აუცილებლად შეეცდება წართმეულ 20%-ს დანარჩენი საქართველოც შეუერთოს. იმასაც ვშიშობ, რომ დამარცხების შემთხვევაშიც შეეცდება საქართველოში შემოსვლას. უკრაინაში დამარცხების შემთხვევაში პუტინი არ მოინდომებს საკუთარ მოსახლეობასთან შერცხვენილი პირით დაბრუნებას და საქართველოს დაიკავებს. ხელს რა შეუშლის?! ამის გამორიცხვა არ შეიძლება. ამისთვის, რა თქმა უნდა, მზად ვართ და არა მარტო ჩვენ. უკრაინელი ძმები გვპირდებიან, რომ საჭიროების შემთხვევაში ჩვენ გვერდით უპირობოდ დადგებიან”, - ამტკიცებს ლაშა შერგელაშვილი.

“უკრაინაში აღფრთოვანებული არიან ქართველების თავგანწირული ბრძოლითა და გმირობით. საკუთარ თავზე არაფერს ვიტყვი, მაგრამ აქ ბიჭები ისე იბრძვიან, ისეთ საოცრებებს სჩადიან, ყველას უკვირს. უკრაინელებსაც ძალიან მაგარი ბიჭები ჰყავთ, მაგრამ ეს მაგარი ბიჭები ქართველების განსაკუთრებულობაზე რომ საუბრობენ, ძალიან დასაფასებელია. სხვათა შორის, რუსები ქართველებზე ძალიან გამწარებული არიან, ბრძანება აქვთ, რომ ტყვედ არ აგვიყვანონ... ტყვედ ჩავარდნას არც ჩვენ ვაპირებთ. ვიცით, რაც გველის მათ ხელში _ აუცილებლად დაგვამცირებენ, გვაწამებენ და ბოლოს დაგვხოცავენ, ამიტომ ვიცით, როგორ უნდა მოვიქცეთ ასეთ სიტუაციაში. განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების მიუხედავად, აქ ყველა ფიქრობს, რომ თუ რუსეთს უკრაინაში დაამარცხებენ, საქართველო ომსაც თავიდან აირიდებს და დამოუკიდებლობასაც შეინარჩუნებს. მე 2008 წლის ომის ვეტერანი ვარ, დაჭრილიც ვიყავი. ვიცი, რამდენი ქართველი გადაარჩინეს უკრაინელმა სამხედრო მფრინავებმა საკუთარი სიცოცხლის ფასად. ახლაც გვპირდებიან, რომ ჩვენ გვერდით დადგებიან, თუ ამის საჭიროება დადგება, ერთი და ორი კაცი კი არა, შეიარაღებული რაზმები წამოვლენ”, - ამბობს რესპონდენტი.

“რაც შეეხება საქართველოს ხელისუფლების პოზიციას, პირადად მე თანამებრძოლებმა მკითხეს, თქვენს ხელისუფლებას რა სჭირს, რუსეთის აგენტები ხომ არ არიანო. ძალიან შემრცხვა. ყველანაირად შევეცადე ამეხსნა მათთვის, რომ ჩემი ქვეყნის ხელისუფლებას რუსეთის ეშინია და ამიტომაც იქცევა ფრთხილად, მაგრამ ეს მათთვის არგუმენტი არ აღმოჩნდა. ჩვენ ვიცით და თქვენმა ხელისუფლებამ როგორ არ იცის, რუსეთი აქ რომ დაამთავრებს თავის საქმეს, პირდაპირ თქვენთან წამოვაო?! მე, რა თქმა უნდა, იხტიბარს არ ვიტეხდი და ყველანაირად ვცდილობდი ჩემი ხელისუფლების გამართლებას. ძალიან მინდა რაიმე ისეთი მოხდეს, რომ ჩვენი მოძმეების ეჭვი გაქარწყლდეს. უკრაინაში იმდენი ქართველია და იმდენ კარგ საქმეს აკეთებენ არა მარტო ბრძოლის ველზე, არამედ სხვაგან, რომ უკრაინელი ხალხის უპირობო სიყვარული უკვე მოვიპოვეთ. განსაკუთრებულად ვუყვარვართ და ამას ყოველ ნაბიჯზე ვგრძნობთ. არაერთხელ გვაქვს პირობა მიღებული, რომ რასაც უნდა ფიქრობდნენ ჩვენს ხელისუფლებაზე, ისინი ყოველთვის დადგებიან საქართველოს, ქართველი ხალხის გვერდით. ძალიან ამაყობენ ჩვენით და ეს დიდ სტიმულს გვაძლევს!” - დასძენს ლაშა შერგელაშვილი.

დიდი განხეთქილება თუ განხეთქილების იმიტაცია - რატომ გამოეყო მოსკოვის საპატრიარქოს უკრაინის ეკლესია

“მოსკოვის საპატრიარქოს უკრაინის მართლმადიდებელმა ეკლესიამ, რომელიც რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია ნაწილია, “სრული დამოუკიდებლობა” გამოაცხადა, გადაწყვეტილება 27 მაისს კიევში გამართულ საეკლესიო კრებაზე მიიღეს. თუმცა, რუსული არმიის მიერ ოკუპირებული რეგიონების უმაღლესი სასულიერო იერარქები ამ გადაწყვეტილებას გაემიჯნენ. ქვეყანაში მოქმედ უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიაში კი ეჭვი შეაქვთ, რომ გამოყოფა რეალურად მოხდა. უკრაინაში ამჟამად ერთმანეთთან დაპირისპირებული ორი მართლმადიდებელი ეკლესია მოქმედებს: უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია, რომელსაც კონსტანტინეპოლის პატრიარქმა რამდენიმე წლის წინ საგანგებო ტომოსით მიანიჭა ავტოკეფლია, თუმცა სხვა ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიების უმრავლესობა მის აღიარებას არ ჩქარობს; და ასევე ზემოთ აღნიშნული მოსკოვის საპატრიარქოს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია, რომელიც უშუალოდ მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქს ემორჩილება, თუმცა ახლა აცხადებენ, რომ სრული დამოუკიდებლობა აქვთ”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით დიდი განხეთქილება თუ განხეთქილების იმიტაცია - რატომ გამოეყო მოსკოვის საპატრიარქოს უკრაინის ეკლესია.

“უკრაინის რუსული ეკლესიის მეთაური, მიტროპოლიტი ონოფრე ბერეზოვსკია, ხოლო უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაური კი - ეპიფანე (დუმენკო). უკრაინაში რუსული არმიის შეჭრის შემდეგ, აპრილში მოსკოვის საპატრიარქოს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის 200-მდე მღვდელმა ხელმოწერების შეგროვება დაიწყო. მათ შეადგინეს პეტიცია და მოითხოვს, რომ მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქი კირილი საერთაშორისო საეკლესიო ტრიბუნალის წინაშე წარმდგარიყო. მათ ორი მთავარი ბრალდება ჰქონდათ: პირველი - “რუსული სამყაროს” დოქტრინის ქადაგება, რომელიც, მოთხოვნის ავტორთა აზრით, მართლმადიდებლურ სწავლებას არ შეესაბამება და უნდა დაიგმოს, როგორც მკრეხელობა; და მეორე - უკრაინის წინააღმდეგ ომის კურთხევა და მისი სრული მხარდაჭერა, რაც სასულიერო პირების მიმართვაში შეფასებულია, როგორც მორალური დანაშაული. ომის დაწყების დღეს, 24 თებერვალს კი მოსკოვის საპატრიარქოს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურმა, მიტროპოლიტმა ონოფრემ უკრაინელ ჯარისკაცებს მხარდაჭერა გამოუცხადა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს მოუწოდა ძმათამკვლელი ომი სასწრაფოდ შეეწყვიტა. მაშინ თეოლოგების ნაწილი იმასაც არ გამორიცხავდა, რომ “ონოფრეს ფრთა” მხოლოდ ფორმალურად ექვემდებარებოდა მოსკოვის საპატრიარქოს და ეს მიმართვა შესაძლოა იმის ნიშანი ყოფილიყო, რომ უკრაინაში ორი მართლმადიდებელი ეკლესია ახლო მომავალში გაერთიანდებოდა და საბოლოოდ გაემიჯნებდა მოსკოვს”, - აღნიშნავს გამოცემა.

“27 მაისს მოსკოვის საპატრიარქოს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის უმაღლესი იერარქები საგანგებო საეკლესიო კრებაზე შეიკრიბნენ. კრებამ, სხვა გადაწყვეტილებებთან ერთად, გამოაცხადა ეკლესიის მიერ მირონის (ზეთი ღვთისმსახურებისთვის) ამოუკიდებლად მომზადების დაწყება, რაც, ფაქტობრივად, მოსკოვისა და კონსტანტინოპოლისგან მის საეკლესიო დამოუკიდებლობას ნიშნავს. მოსკოვისგან დამოუკიდებლობაგამოცხადებული ეკლესია ვარაუდობს, რომ განაახლებს დიალოგს უკრაინის მართლმადიდებელ ავტოკეფალურ ეკლესიასთან არსებული განხეთქილების დასაძლევად. უკრაინის რუსული ეკლესიის მეთაურის მიტროპოლიტ ონოფრე ბერეზოვსკის მიმართვაში აღნიშნულია, რომ მოსკოვის საპატრიარქოს უკრაინის მართლმადიდებელმა ეკლესიამ რუსეთის სამხედრო შეჭრა უკრაინაში პირველივე დღეებში დაგმო, თუმცა, “ეკლესიის ხმა, სამწუხაროდ, არ იქნა შესმენილი”, - განაგრძობს გამოცემა.

“აღსანიშნავია ერთი ფაქტიც - რუსების მიერ ოკუპირებულ უკრაინის ტერიტორიაზე მოქმედმა მღვდელმთავრებმა უკრაინის რუსული ეკლესიის მოსკოვის ეპარქიისგან გამოყოფას მხარი არ დაუჭირეს. ესენია: ყირიმისა და სიმფეროპოლის, ასევე დონეცკის და ხერსონის ეპარქიები. გარდა ამისა, უკრაინის ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესია მოსკოვის საპატრიარქოს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის გადაწყვეტილებას სკეპტიკურად უყურებს. მოსკოვის საპატრიარქოს კი ჯერ ამაზე არანაირი რეაქცია არ ჰქონია. თეოლოგი გოჩა ბარნოვი “რეზონანსთან” აცხადებს, რომ მათი გადაწყვეტილება საეჭვოა, რადგან ეკლესია ლოცვებში თავისი უმაღლესი მღვდელმთავრის მოხსენიების გარეშე ვერ ვერ იფუნქციონირებს. ხოლო ვის იხსენიებს უკრაინის რუსული ეკლესიის ფრთა ლოცვებში, გაურკეველია. არის დაუდასტურებელი ინფორმაცია, რომ ლოცვებში ისევ რუსეთის პატრიარქს იხსენიებს, რაც არსებულ ეჭვს ამყარებს”, - დასძენს გამოცემა.

“ის, რაც მათ გააკეთეს, რომ რუსეთის საპატრიარქოს გამოეყვნენ, ამჟამად ეგენი ჰაერში არიან გამოკიდებულები. ამასთან, თუ ისევ კირილეს იხსენიებენ, მაშინ რანაირად გამოეყვნენ, თუ არ იხსენიებენ, მაშინ ვის იხსენიებენ. აუცილებელია, რომ მღვდელმთავარს იხსენიებდნენ, რომელიც ეკლესიის თავია. ეკლესიის არსებობა სხვანაირად გამორიცხულია. მე სადღაც წავიკითხე, რომ ისევ კირილის იხსენიებენო. მაშინ გამოდის, რომ არ გამოყოფილა და განცხადება ისე ტყუილად გააკეთეს. ყველა ვარიანტში, მათ ან უკრაინის ტერიტორია უნდა დატოვონ და წავიდნენ, ან ეპიფანეს იურისდიქციაში გადავიდნენ. ვიცი, რომ მზადდება დოკუმენტი, სადაც ყველა მათგანი შესაძლოა პერსონა ნონ გრატად გამოაცხადონ. ცოტანი არ არიან, ასობით სასულიერო პირია. თუმცა, მეორე ვარიანტში, თუ ეპიფანეს იურისდიქციას შეუერთდებიან, გაუგებარია ამდენი მღვდელმთავარი სად უნდა წაიყვანონ. უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიასაც ჰყავს თავისი მღვდელმთავრები”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას გოჩა ბარნოვი.

“მე მაინც ვფიქრობ, რომ მათი უკრაინაში დატოვება სწორი არ იქნება, რადგან მათ რუსეთი უკრაინის ეკლესიის წინააღმდეგ ყოველთვის გამოიყენებს. მაგალითად, სერბეთმა ჩრდილოეთ მაკედონიის, ანუ ოჰრიდის ეკლესიის ავტოკეფალია რომ აღიარა და რუსეთი ამას დათანხმდა, ეს ძალიან სერიოზულ ეჭვებს აჩენს. რუსეთმა ამას მწვანე შუქი იმიტომ აუნთო, რომ ამ ეკლესიას კონსტანტინოპოლის წინააღმდეგ გამოიყენებს. როცა რუსეთი ჩუმადაა და რაღაცაზე თანხმდება, ეს იმას ნიშნავს, რომ ის ამის გამოყენებას აპირებს. არაა გამორიცხული, რომ როგორც ახლა სერბეთის ეკლესია კონსტანტინოპოლს ეწინააღმდეგება, დაემატება კიდევ ერთ ავტოკეფალიური ეკლესია, რომელიც კონსტანტინოოლის წინააღმდეგ წავა. ამიტომ მნიშვნელოვანია რუსეთის, როგორც სახელმწიფოს ისე დასუსტება და განადგურება, როგორც ეს მეორე მსოფლიო ომის დროს გერმანიასთან მიმართებაში მოხდა, რომ რუსეთს ფეხზე წამოიდგომა აღარ შეეძლოს არც როგორც სახელმწიფოს და არც როგორც ეკლესიას. ამის შემდეგ უკვე აღარც სერბეთი იქნება საშიში და აღარც სხვა პრორუსული ეკლესიები, იქნება სიმშვიდე და სიწყნარე”, - მიიჩნევს რესპონდენტი.

“ჩემი აზრით, უკრაინის ხელისუფლების მხრიდან ყველაზე სწორი გადაწყვეტილება მათი ყველა სასულიერო პირის პერსონა ნონ გრატად გამოცხადება და ქვეყნიდან გაშვება იქნება, რადგან მათ გულწრფელობაში ეჭვის შეტანა თავისუფლად შეიძლება. ეს ნაბიჯი ომის დაწყების პირველივე დღიან რომ გადაედგათ, ან კიდევ უფრო ადრე, როცა უკრაინის ეკლესიამ ავტოკეფალია მიიღო, მაშინ კიდევ უფრო დასაჯერებელი იქნებოდა, მაგრამ ახლა ამდენი დავიდარაბის შემდეგ უკვე ძალიან საეჭვოა... გაგრძელდება თუ არა ეს განხეთქილება რუსეთის ეკლესიაში, ხომ არ გამოეყოფიან კიდევ სხვა ნაწილები? -გამორიცხული არაფერია და არაა გამორიცხული ბელარუსშიც, თუ ხელისუფლება შეიცვალა და ლუკაშენკოს ხელისუფლება დემხო. ვიცი, მეგობრები მყავს, რომლებიც ამბობენ, რომ ავტოკეფალიისთვის ბრძოლის რაღაც გარკვეული მოძრაობა ჩანასახში არის. დიდი სიფრთხილეა საჭირო. როგორ უნდა გაიგო ვინ გულწფელია და ვინ არა? ამიტომ ყველაზე სწორი გადაწყვეტილება იქნება ქვეყნის დატოვება მოსთხოვონ”... - დასძენს გოჩა ბარნოვი.

დავით ბერძენიშვილი - “ლევანი ეულად არ დატოვეს და ახლა ჩემს წინააღმდეგ დაიწყეს კამპანია”

“ამ პეტიციის უკან ზუსტად ვიცი დგას ბიძინა ივანიშვილი, თუმცა ვასიკო მაღლაფერიძემ წამოიწყო - ჩხრიკა-ჩხრიკა და ლევან ბერძენიშვილის ერთი ფრაზა ამოქექა, სადაც მწვავედ აკრიტიკებს “ოცნების” საგარეო პოლიტიკას და იქვე თქვა, ერეკლე მოღალატედ გამოვაცხადოთ, რომელმაც ქვეყანა სხვას ჩააბარა და ირაკლი ღარიბაშვილი ომზე აპელირებას შეწყვეტსო. როგორც ჩანს, მაღლაფერიძემ ბევრი იწვალა, რომ ლევან ბერძენიშვილისგან მტრის ხატი შეექმნა. ლევანი ცნობილი ტიპია, ინტელექტუალია, სტუდენტებს უყვართ და ამიტომ გადაწყვიტა მის წინააღმდეგ გალაშქრება. ბიძინა ივანიშვილს ნერვებს უშლიდა, მაშინაც კი, როცა არ იცნობდა. ბიძინას ჰქონდა პრეტენზია, რომ ქართულ პოლიტიკაში მთავარი ინტელექტუალი თვითონ ყოფილიყო, ლევანის სახით კი ადგილი დაკავებული დახვდა”, - აცხადებს რესპუბლიკური პარტიის ლიდერი დავით ბერძენიშვილი გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით „ლევანი ეულად არ დატოვეს და ახლა ჩემს წინააღმდეგ დაიწყეს კამპანია“.

“ბიძინას მე ვეკამათებოდი ხშირად, ამიტომ ძმებ ბერძენიშვილებში განაწილებული ჰქონდა ნეგატიური განწყობა - პოლიტიკურად მე არ ვუყვარდი, განათლებით - ლევანი. ივანიშვილის ურთიერთობა ხალხთან განისაზღვრება ფორმულით: “ვინც ჩემი ქვეშევრდომი არ არის, არის მტერი”. მაღლაფერიძეს ლევანთან ამდენწლიანი ნაცნობობა აკავშირებს და შეიძლება ჰქონდა დისკომფორტი, რომ ეს შეესრულებინა, მაგრამ მაინც მას დაავალეს, კეთილდღეობა უფრო მნიშვნელოვანი აღმოჩნდა... თუმცა არ გამოვრიცხავ, რომ ეს პეტიცია მთლად ბიძინას იდეა არ ყოფილიყო. შეიძლება იმან ისროლა და წვრილფეხობა გამოვიდა ინიციატივით. სწორედ ამიტომ არ აწერენ ხელს პეტიციას მეტ-ნაკლებად ცნობილი ადამიანები. ეს ამბავი შემოგდებულია შუაშისტებისთვის, რომლებსაც არ უყვართ მიშა, მაგრამ ბიძინაც არ უყვართ. ანკესია გადმოგდებული, ნახეთ, ხალხნო, ლევან ბერძენიშვილი ჩვენს ეროვნულ სიწმინდეს შეეხოო, მაგრამ ეს ანკესი ხელისუფლებისთვის კონტრპროდუქტიული აღმოჩნდა. პრაქტიკულად, ახლა არც ერთი შუაშისტი არ არის დარჩენილი - ზვიადისტებიც კი ამბობენ, ლევანი არ გვიყვარს, მაგრამ მისთვის ლექციების აკრძალვას არ ვეთანხმებითო. ეს პეტიცია რომ არ წამოეწყოთ, შუაშისტებში წარმატება ექნებოდათ”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას დავით ბერძენიშვილი.

“როგორც ჩანს, ივანიშვილითვის ძმებიბერძენიშვილების ავტორიტეტის შელახვა სასარგებლო იქნებოდა - მას გულზე მოხვდა ჩვენი კრიტიკა ქვეყნის საგარეო მიმართულების შესახებ. ვფიქრობთ, “ოცნებას” კვალიფიციურად ვამხელთ ევროპული და ატლანტიკური გზიდან გადახვევის ძალიან სერიოზულ მცდელობაში. პოლიტიკური ვექტორი ორია: თუ არა ხარ დასავლეთისკენ, ჩრდილოეთისკენ მიდიხარ, იმიტომ, რომ ჩვენ სამხრეთი და აღმოსავლეთი არა გვაქვს, ზურგით ვდგავართ. ლევანი ეულად არ დატოვეს და ახლა ჩემს წინააღმდეგ დაიწყეს კამპანია. “იმედის” ჟურნალისტები დასდევენ პოლიტიკოსებს, - დათო ბერძენიშვილმა თქვა, საქართველოს არ ეკუთვნის ევროკავშირის კანდიდატობაო. ამ დროს ვთქვი არაერთ ტელეეთერში, რომ ჩვენ, ისევე, როგორც ბალკანეთის ქვეყნებს, მაგალითად, მოლდოვას, კრიტერიუმებით არ გვეკუთვნის, მაგრამ პოლიტიკური კონიუნქტურის გათვალისწინებით დასავლეთი უფრო ფართოდ გვიღებს კარს”, - ამბობს რესპონდენტი და შეკითხვაზე - “და მაინც, რას ფიქრობთ ერეკლე მეორის მოღვაწეობაზე, ეთანხმებით თქვენს ძმას?” - პასუხობს:

“დიპლომით ვარ ისტორიკოსი და გეტყვით ჩემს აზრს, რომელიც ეყრდნობა ქართული ისტორიის მამის, ივანე ჯავახიშვილის 1919 წელს გამოცემულ ნაშრომს ერეკლე მეორესა და გეორგიევსკის ტრაქტატზე. წერს, არაფერი კარგი მაგ ტრაქტატსა და რუსეთზე ორიენტაციას არ მოუტანიაო... გეორგიევსკის ტრაქტატითა და იმ პოლიტიკით, მან სუვერენიტეტი გაასხვისა. აღა-მაჰმად-ხანი ირანში რომ გახელისუფლდა, ერეკლეს შემოუთვალა, მორჩი რუსეთთან თამაშს, ვიყოთ ისეთივე მეგობრული, როგორიც ვიყავითო. სხვათა შორის, ჭრილობების დიდი ნაწილი ერეკლეს ირანისთვის ბრძოლებში ჰქონდა მიღებული”.

“ირანი უფრო ახლოს იყო ქართლთან, ვიდრე ოსმალეთი. ერეკლეს გამოცდილება როგორ არ ჰქონდა, ტოტლებენმა ხომ მიატოვა?! ამიტომ ვამბობ, შეცდომა დაუშვა-მეთქი. ევროპაში გზავნიდა ელჩებს, თუმცა ჩვენთვის ვერ მოიცალა ევროპამ და ელჩები გზაში ეკარგებოდა. რუსეთმა იმდენი ქნა, აღა-მაჰმად-ხანს მისცა საშუალება, რომ თბილისი მოესპო. მაშინ გიორგი XII წერდა, შეიერთე მთელი სამეფო, ოღონდ მე და ჩემს მემკვიდრეებს მმართველობა დაგვიტოვე და კიდევ ჯამაგირი დაგვინიშნეო. პირველი ყველაზე მკაფიო და მკაცრი შეფასება ნიკოლოზ ბარათაშვილმა გამოთქვა “ბედი ქართლისაში”. ჩემთვის მთავარი კრიტერიუმი ის არის, რომ არავის აქვს უფლება გაასხვისოს ქვეყნის სუვერენიტეტი და თქვას, აღარ მინდა ფერი რუკაზეო. შეიძლება რუსეთი საქართველოს ტრაქტატის მიუხედავადაც დაიპყრობდა - შემოიჭრა და სოლომონ I ებრძოდა კიდეც, მაგრამ რუსეთს ტრაქტატი არ დასჭირვებია, ისე დაიპყრო იმერეთი. ჩვენთვის ვინ სჯობია, ერეკლე II თუ სოლომონ II, რომელიც ებრძოდა?!” - განაგრძობს რესპუბლიკური პარტიის ლიდერი.

“გეორგიევსკის ტრაქტატი ჩემი თაობისთვის კატასტროფული, ბნელი თარიღია, იმიტომ, რომ 1983 წელს მაშინ ცეკას მდივანმა ედუარდ შევარდნაძემ გეორგიევსკის ტრაქტატის გაფორმების ორასი წლის იუბილე აღნიშნა ანუ ჩვენი დაპყრობის, დამცირების... ჩემი უახლოესი ადამიანები, ჯგუფელები, მეტწილად გოგონები, ამას ეწინააღმდეგებოდნენ, შევარდნაძესაც შეხვდნენ. ჯონი ლაშქარაშვილი ამის გამო დააპატიმრეს და პოლიტპატიმარი იყო. მე მანამდე დამაკავეს, კა-გე-ბეში ვიყავი... რაც შეეხება ერეკლეს მოღალატედ გამოცხადებას, ამას არ ვემხრობი, უბრალოდ, ვამბობ, რომ მოუვიდა შეცდომა, რომელიც დანაშაულზე მეტია. თუმცა კატეგორიულად შევეწინააღმდეგები ერეკლეს ქებას და საამისოდ უამრავი არგუმენტი მაქვს, განსხვავებით კლავიატურის ლომებისგან, რომლებიც შეკვეთას ასრულებენ ან ანკესზე წამოგებული არიან. მაშინ არც ირანს და არც ოსმალეთს საქართველოსთვის არ ეცალათ. ირანში დიდი არეულობა იყო, 90-იანი წლების დასაწყისამდე ირანი აქეთ ვერ იყურებოდა. ოსმალეთს რუსეთთან ჰქონდა ომები, კახეთამდე კი არა, სოლომონსაც ვერ აკონტროლებდა. არავითარი მნიშვნელობა არა აქვს ამ დისკუსიას ერეკლეზე დღევანდელ პოლიტიკურ კონიუნქტურასთან”, - მიიჩნევს დავით ბერძენიშვილი.

ირაკლი კობახიძე ხომ ისეთებს ლაპარაკობს, ლევანს რომ რაღაც დააბრალო, რა გასაკვირია. აგერ ვიოლა ფონ კრამონზე, რომელიც წლებია დეპუტატია და იმ დროიდან საქართველოზეა გადაყოლილი, ასევე პოტიგაზე, კობახიძე გამოდის და ლაპარაკობს... რაც შეეხება საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსს, მაქვს ძალიან დიდი სურვილი, მოლოდინიც, თან ვფიქრობ, რომ გვაქვს მაღალი შანსი მიგვიღონ კანდიდატად პირობებით. ჩვენ და მოლდოვას ერთმანეთს, ალბათ, ძალიან არ დაგვაშორებენ. თუ ეს სურვილი და მოლოდინიც გაცუდდა, არ მიგვიღეს, ტექსტი გამზადებული აქვთ, იტყვიან, აგერ ლევანის, დათოს და “ნაცების” ბრალი ხომ არის და არისო. მოკლედ, თუ არ მოგვცეს კანდიდატობა, მე ვიქნები მათ შორის, ვინც თვითონაც გავა ქუჩაში და სხვებსაც მოვუწოდებ, პროტესტი დაიწყოს, ოღონდ პარლამენტიდან გამოდით ამ დეგენერატობის გარეშე-მეთქი. პარლამენტშიც უნდა შეუვარდეს ოპოზიცია. ნებისმიერ პოლიტიკური ტიპის დაპირისპირებაში არ უნდა დაიხიოს უკან. უნდა შევაზანზაროთ ეს ხელისუფლება. ამასობაში უკრაინელების გამარჯვება წამოგვეწევა, უკრაინაში დასავლეთის გამარჯვება კი ნიშნავს რუსეთის მინგრევას და პრაქტიკულად 99%-იანი ალბათობით ბიძინას მარცხსაც”, - დასძენს რესპონდენტი.

პაატა ცაგარეიშვილი - სომხეთის ტერიტორიაზე სატრანსპორტო დერეფნების დებლოკირებით მეზობელი ქვეყანა სატრანზიტო სტატუსს შეიძენს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.12.2025