სერგი კაპანაძის განცხადებით, ირაკლი კობახიძე „განტევების ვაცს“ ეძებს იმ შემთხვევაში, თუ კანდიდატის სტატუსს არ მივიღებთ

ორგანიზაცია "გრასის" დამფუძნებელი სერგი კაპანაძე მიიჩნევს, რომ „ქართული ოცნების“ გუნდის მიერ არჩეული კურსის მიუხედავად, საქართველომ კანდიდატის სტატუსი უნდა მიიღოს. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის მხრიდან ამ ეტაპზე „განტევების ვაცის“ ძიება, არასწორია.

„მგონია, რომ საქართველომ კანდიდატის სტატუსი უნდა მიიღოს, მიუხედავად იმ ცუდი ტრაექტორიის, რომელშიც დღეს საქართველო არის. მიმაჩნია, რომ ის პირობები, რომელსაც ევროკავშირი საქართველოს წაუყენებს, უკეთესად შეიძლება შესრულდეს კანდიდატის სტატუსის მიღების შემთხვევაში, ვიდრე მის გარეშე. საბოლოოდ, ქვეყნის შიგნით არსებულ პროევროპულ და დემოკრატიულ ძალებსაც სჭირდებათ კანდიდატის სტატუსი. ამიტომ, საუბარი იმაზე, რომ ევროკავშირმა კანდიდატის სტატუსი უნდა მოგვანიჭოს, სწორია. რაშიც ბატონ კობახიძეს არ ვეთანხმები, არის ის რიტორიკა, სადაც ის წინასწარ აბრალებს და „განტევების ვაცს“ ეძებს იმ შემთხვევაში, თუ კანდიდატის სტატუსს არ მივიღებთ. საბოლოოდ, თუ ეს ასე მოხდა და კანდიდატის სტატუსს არ მივიღეთ, რაც ძალიან ცუდი იქნება, ყველასთვის ნათელია ეს რატომაც მოხდება. იმ ნაბიჯების გამო, რომელიც ხელისუფლებამ გადადგა. ვგულისხმობ ნიკა გვარამიას დაკავებას და ზოგადად, ქვეყანაში არსებულ პრობლემებს დემოკრატიასთან დაკავშირებით, მაგრამ ახლა, ამ ეტაპზე „განტევების ვაცის“ ძიება მგონია, რომ არასწორი და ქვეყნის ინტერესებისთვის საწინააღმდეგოა. ძალიან სამწუხაროა, რომ მმართველი გუნდისგან ეს რიტორიკა უფრო სჭარბობს, ვიდრე იმის არგუმენტაცია, თუ რატომ უნდა მიიღოს საქართველომ კანდიდატის სტატუსი“,-განაცხადა კაპანაძემ.

ამასთან, მისი შეფასებით, ამ საკითხზე საქართველოში ევროკავშირის ელჩის კარლ ჰარცელის განცხადება, „დაგვეხმარეთ, რომ დაგეხმაროთ“, იმას გულისხმობს, რომ საქართველომ ევროპული ღირებულებების შესაბამისი ნაბიჯები გადადგას.

„ევროკავშირის ელჩიც და ჩვენი სხვა მეგობრებიც, სამწუხაროდ, ძალიან ხშირად დემონიზებული არიან მმართველი გუნდის მხრიდან, მათ ეძახიან „ოპოზიციის აგენტებს“ ან „ოპოზიციის გავლენის ქვეშ მყოფებს“, საბოლოოდ, ყველა ჩვენი მეგობარი საუბრობს იმაზე, რომ საქართველომ ისეთი ნაბიჯები უნდა გადადგას და გადაედგა აქამდე, რომელიც ევროკავშირის ლიდერებს დაარწმუნებდა, რომ ქვეყანა კანდიდატის სტატუსს ნამდვილად იმსახურებს “,-განაცხადა კაპანაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო