უკრაინაში, ლუგანსკში ფრანგი ჟურნალისტი დაიღუპა - ავტობუსს, რომელშიც ის იმყოფებოდა, რუსული ჭურვი მოხვდა

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა უკრაინაში ფრანგი ჟურნალისტის ფრედერიკ ლეკლერკის გარდაცვალების ფაქტი დაადასტურა. ამის შესახებ მან „ტვიტერში“ დაწერა.
„ჟურნალისტი უკრაინაში ჩავიდა, რათა ომის რეალობა ეჩვენებინა. ჰუმანიტარულ ავტობუსში სხვა სამოქალაქო პირებთან ერთად, რომლებიც იძულებულნი იყვნენ გაქცეულიყვნენ, რათა რუსეთის ბომბებს გადარჩენილიყვნენ, ის სასიკვდილოდ დაცხრილეს“, - წერს საფრანგეთის ლიდერი.
მანვე გარდაცვლილის ახლობლებს მიუსამძიმრა და მხარდაჭერა გამოუცხადა მათ, ვინც საზოგადოებას ომის პერიოდში ინფორმაციას აწვდის.
ამასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ, რომლის თანახმადაც საფრანგეთი მოითხოვს, რაც შეიძლება სწრაფად და გამჭვირვალედ მოხდეს ფრანგი ჟურნალისტის გარდაცვალების საქმის გამოძიება.
„შოკისმომგვრელია BFM -ის ჟურნალისტის ფრედერიკ ლეკლერკ-იმოფას გარდაცვალება, რომელიც დღეს სევეროდონეცკთან ევაკუაციის ოპერაციას აშუქებდა. ვგმობ და გამოვხატავ ჩვენ თანაგრძნობას მისი ოჯახისა და კოლეგებისადმი“, - განაცხადეს საგარეო საქმეთა სამინისტროში.
მედიაში გავრცელებულ ინფორმაციით, ფრანგი ჟურნალისტი აღმოსავლეთ უკრაინაში, ლუგანსკში, მაშინ დაიღუპა, როდესაც ავტობუსს, რომლითაც ის მგზავრობდა, რუსული ჭურვი მოხვდა.

























