ქართული პრესის მიმოხილვა 02.06.2022

რატომ ალაპარაკდნენ მოსკოვში სამშვიდობო შეთანხმებაზე - “რუსეთმა იცის, რომ დასავლური შეიარაღების მიღების შემდეგ უკრაინა კიდევ უფრო გაძლიერდება”

“საქართველო, მოლდოვა და უკრაინა ევროკავშირის გზასაყარზე - “კანდიდატის სტატუსი ნიშნავს, რომ ევროპული პერსპექტივა გახსნილია”

ყველას, ვისაც ონლაინ შეძენილი ნივთი არ მოეწონება, შეეძლება, 2 კვირის განმავლობაში უკან დააბრუნოს

* * *

რატომ ალაპარაკდნენ მოსკოვში სამშვიდობო შეთანხმებაზე - “რუსეთმა იცის, რომ დასავლური შეიარაღების მიღების შემდეგ უკრაინა კიდევ უფრო გაძლიერდება”

“რუსეთი მზადყოფნას გამოთქვამს იმაზე, რომ კიევთან სამშვიდობო შეთანხმებებს ხელი მოაწეროს, თუმცა უკრაინის ხელისუფლება და უკრაინელი ხალხი არცერთი გოჯი მიწის დათმობას და უკან დახევას არ აპირებს და აცხადებენ, რომ ყველა იმ ტერიტორიას დაბრუნებენ, რომელიც ისტორიულად ეკუთვნით. ანალიტიკოსთა შეფასებით, რუსეთი ახლა მშვიდობისმყოფელის მანტიის მორგებას ცდილობს, რადგან სანქციებისა და უკრაინისთვის თანამედროვე ტიპის დასავლური იარაღის მიწოდების ფონზე, ომში წარმატებას ვერ მიაღწევს და წინასწარ თავს იზღვევს. რუსეთის ფედერაციის საბჭოს სპიკერი ვალენტინა მატვიენკო აცხადებს, რომ აღნიშნული ხელშეკრულებისთვის რუსეთი მზადა, თუმცა, საჭიროა, მოლაპარაკებების სურვილი ორივე მხარეს ჰქონდეს”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით რატომ ალაპარაკდნენ მოსკოვში სამშვიდობო შეთანხმებაზე - “რუსეთმა იცის, რომ დასავლური შეიარაღების მიღების შემდეგ უკრაინა კიდევ უფრო გაძლიერდება”.

“რუსეთი ღიაა უკრაინასთან მოლაპარაკებებისა და მშვიდობის მომტანი ხელშეკრულებების ხელმოწერისთვის. ჩვენ ღია ვართ მოლაპარაკებებისთვის. საჭიროა დიპლომატიური, მშვიდობიანი გადაწყვეტილებები. მაგრამ ამას ორი ქვეყნის ნება სჭირდება. ვიმეორებთ, რომ მზად ვართ მოლაპარაკებებისთვის, შეთანხმებების ხელმოწერისთვის, რომელიც შეაჩერებს სამოქალაქო ომს უკრაინაში და მიგვიყვანს მშვიდობამდე, მაგრამ ვერ ვხედავთ კიევის მხრიდან მსგავს რეაქციას”, - აღნიშნა ვალენტინა მატვიენკომ. თუმცა, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ უკრაინას არ აინტერესებს რა გეგმები აქვს რუსეთის ფედერაციას, ის მოახდენს ყველა იმ ტერიტორიის დეოკუპაციას, რომელიც ისტორიულად ეკუთვნის. “ჩვენი გეგმები ნათელია - ჩვენ განვახორციელებთ მთელ ჩვენს ტერიტორიის დეოკუპაციას, რომელიც ისტორიულად გვეკუთვნის და ყველა საერთაშორისო კანონმდებლობის შესაბამისად. ეს არის ჩვენი გეგმა. ჩვენ არ გვაინტერესებს რა გეგმები აქვს რუსეთის ფედერაციას”, - განაცხადა ზელენსკიმ. როგორც “საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის” დირექტორი კორნელი კაკაჩია აცხადებს, რუსეთის განცხადებას, რომ სამშვიდობო შეთანხმებისთვის მზადაა, რამდენიმე მიზეზი აქვს. მათ შორის ის, რომ სანქციებისა და დასავლური შეიარაღების უკრაინისთვის გადაცემის ფონზე რუსეთს სხვა გზა აღარ რჩება”, - აღნიშნავს გამოცემა.

“რუსეთშიც ესმით, რომ ეკონომიკური სანქციებისა და შექმნილი კრიზისის პირობებში ომი რაც უფრო გაიწელება, ამ ომიდან მათთვის ღირსეულად გამოსვლა მით უფრო რთული იქნება. მით უმეტეს, იმ პირობებში, რაც ახლა დონეცკსა და ლუგანსკში ხდება, შესაძლოა პუტინმა რუსულ საზოგადოებას გამოუცხადოს, რომ ომის მიზანი შესრულებულია. თავიდან კი გვახსოვს მიზანი მთელი უკრაინის დაპყრობა იყო, რომელიც არ გამოუვიდა. რუსეთმა იცის, რომ დასავლური შეარაღების მიღების შემდეგ უკრაინა კიდევ უფრო გაძლიერდება. ასევე, მათი მეორე მიზანი ისაა, რომ ცდილობს უკრაინას დიპლომატიურად მოუგოს, რომელიც ახლა მსხვერპლია და საერთაშორისო თანამეგობრობის დიდი სიმპატიით სარგებლობს. რუსეთი ახლა ცდილობს, რომ მშვიდობისმყოფელის მანტია მოირგოს, რომ თითქოს თვითონ მზად არიან, მაგრამ უკრაინელებს აღარ სურთ, რომ ომი შეჩერდეს. ამას მერე გაჰყიდიან, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე გარეთ”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას კორნელი კაკაჩია.

“კონფლიქტოლოგი და ყოფილი სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი კი “რეზონანსთან” აცხადებს, რომ ჩანს რუსეთს უკეთესის იმედი არ აქვს და ამიტომაც სამშვიდობო შეთანხმებაზე დაიწყო ლაპარაკი. “როგორც წესი მოლაპარაკებების მაგიდასთან სხდებიან მაშინ, როცა უკეთესის იმედი არ აქვთ და იმის შენარჩუნება მაინც უნდათ, რაც აქვთ, ალბათ ეს კონტექსტია. ფედერაციის საბჭო რამდენად სანდოა, ეს სხვა საკითხია, რადგან ამას ერთი ადამიანი წყვეტს და ეს პუტინისგან უნდა წამოვიდეს. ალბათ, ამ განცხადებით ამოწმებენ თუ ცივილიზებულ სამყაროს რეაგირება რამდენად ექნება. თუმცა, მგონია, რომ სიფრთხილეა საჭირო და ასეთ რაღაცეებს კრიტიკულად უნდა ვუყურებდეთ, რადგან რუსეთმა არაერთხელ თქვა ერთი და მეორე გააკეთა. ვფიქრობ, რომ ის გარკვეულ ბრძოლებს მაინც ჯერ კიდევ განაგრძობს”, - თვლის ზაქარეიშვილი, რომლის განმარტებით, “პუტინს ყოველთვის აქვს ხოლმე პროგრამა მინიმუმი, რომელიც არ იცვლება ხოლმე და პროგრამა მაქსიმუმი, რომელიც სულ იცვლება”, - დასძენს გამოცემა.

“პუტინს მეტი უნდოდა და იმედი ჰქონდა, რომ უკრაინას დაღლიდა, ასევე, გაგონილი ჰქონდა, რომ დასავლეთი იარაღს მიაწვდიდა და ვიდრე ეს მოხდებოდა, მანამდე რაღაცის მოსწრება უნდოდა, ეს რაღაცა ვერ მოასწრო, ვერც 9 მაისისთვის და ვერ ახლა. უკრაინის მედგარი და პრინციპული წინააღმდეგობა რუსებმა ომის პირველ ნაწილში პირველად ვერ გათვალეს, რამაც რუსებს დათვური სამსახური გაუწია. მეორე ნაწილში კი, როცა მიხვდნენ, რომ უკრაინელები პრინციპულები არიან, რუსი ჯარისკაცები უკვე ძალაგამოცლილები, შეშინებულები იყვნენ ვეღარ უტევდნენ და პრაქტიკულად დონეცკისა და ლუგანსკის მიმართულებით ჩაეფლნენ. ახლა დაიწყება მესამე ნაწილი, როცა დასავლეთი უკრაინას ისეთ იარაღს მიაწვდის, როცა ამის გამკლავება გაუჭირდებათ. როცა მარიუპოლი აიღო, პუტინს იმედი გაუჩნდა, რომ იქნებ ახლა პროგრამა მინიმუმი მაინც შეასრულოს, ანუ ლუგანსკი და დონეცკი აიღოს. ათჯერ მაინც თქვეს, რომ ლუგანკის ოლქი აიღეს, თუმცა, აღმოჩნდება ხოლმე, რომ ჯერ კიდევ ბოლომდე ვერ ახერხებენ”, - მიიჩნევს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას პაატა ზაქარეიშვილი.

“რუსები კარგად თვლიან და ხედავენ, რომ რესურსები და ენერგია არ ეყოფათ, არაპოპულარულები ხდებიან, ამასობაში, როგორც უკრაინას იარაღი, ისე რუსეთს ეკონომიკური სანქციების სიმძაფრე წამოეწევა და მგონია, რომ რუსეთის პოლიტიკაში გონიერებამ ახლა მაინც უნდა გადაწონოს და მიხვდნენ, რომ სჯობია, ის მაინც “გადაარჩინონ”, რაც დაკავებული აქვთ, ვიდრე დაკავებულიც დაკარგონ. ამ შემთხვევაში ქართული ვარიანტი შემოდის. რუსეთს იმედი აქვს, რომ როგორც აქ აქვთ ტერიტორიები ოკუპირებული და აკონტროლებენ, ასე უკრაინაშიც ასე იქნება იმ ტერიტორიებზე, რაც დაიკავეს. იმედია, რომ უკრაინელები უფრო პრინციპულები იქნებიან არ შეარჩენენ, რაც დაკავებული აქვთ. უკრაინელები პარტიზანული ომით არიან დაკავებულები და რამდენადაც არ უნდა მოაწერონ ხელი შეთანხმებას, უკრაინელი ხალხი მაინც არ შეარჩენს... უკრაინელებმა თავიანთი გამარჯვების დაიჯერეს, ისინი მიხვდნენ, რომ თურმე რუსების დამარცხება შეიძლება. ეს ამ ომში ყველაზე დიდი წარმატებაა, ომი გაგრძლდება და უკრაინა მინიმუმ უკრაინის ტერიტორიებს გაათავისუფლებს. ყირიმი უფრო რთული იქნება, მაგრამ ღმერთმა ქნას, რომ ამასაც მიაღწიონ. არაა გამორიცხული, რომ ცეცხლის შეწყვეტასაც მოეწეროს ხელი, მაგრამ ტერიტორიების დაბრუნების პროცესები მაინც გაგრძელდება”, - დასძენს ზაქარეიშვილი.

“საქართველო, მოლდოვა და უკრაინა ევროკავშირის გზასაყარზე - “კანდიდატის სტატუსი ნიშნავს, რომ ევროპული პერსპექტივა გახსნილია”

“საქართველო, უკრაინა და მოლდოვა ისტორიული გადაწყვეტილების მოლოდინშია. მიიღებს, თუ არა ეს სამი ქვეყანა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს რამდენიმე კვირაში ევროკავშირის სამიტზე გაირკვევა. რა პერსპექტივა აქვს საქართველოს სტატუსის მისანიჭებლად პოლიტიკურ ელიტაში უკვე მწვავე დაპირსიპირების თემა გახდა. ოპოზიციაში აცხადებენ, რომ “ქართულმა ოცნებამ” არაფერი გააკეთა იმისთვის, რომ შესაბამისი ფონი შეექმნა და ევროპას “კარი გაეღო”, ამიტომ პოლიტიკური პასუხისმგებლობა მმართველ გუნდს ეკისრება. მმართველ გუნდში კი აცხადებენ, რომ ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა, რათა წინსვლა ყოფილიყო კანდიდატის სტატუსიის მინიჭებასთან დაკავშირებით. საპარლამენტო დელეგაციები ევროკავშირის სხვადასხვა წევრი ქვეყნების დედაქალაქებს სტუმრობენ და იღებენ მათი მხრიდან მხარდაჭერას”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით “საქართველო, მოლდოვა და უკრაინა ევროკავშირის გზასაყარზე - “კანდიდატის სტატუსი ნიშნავს, რომ ევროპული პერსპექტივა გახსნილია”.

“საქართველოს უკვე შესრულებული აქვს ასოცირების შეთანხმებით გათავლისწინებული ვალდებულებების 45%-ზე მეტი, რაც უპრეცენდენტო შედეგია, ამ მონაცემებით კი საქართველო არა მხოლოდ უკრაინას და მოლდოვას, არამედ კანდიდატის სტატუსიის მქონე ზოგიერთ ქვეყანასაც კი უსწრებს. იმედი მაქვს, ისევე როგორც საქართველოს ეყო სიმამაცე, გამოეცხადებინა დამოუკიდებლობა, ევროპული პერსპექტივის სურვილი, ჩაგვეწერა ეს კონსტიტუციაში. ევროკავშირს ეყოფა სიმამაცე, რომ ერთი მხრივ, ქართველ, უკრაინელ და მოლდოველ ხალხს სოლიდარობის სიგნალი გაუგზავნოს - მეორე მხრივ, რუსეთის განწყობების პირისპირ თავისი გადამწყვეტი სიტყვა თქვას. ახლა ჯერი ევროკავშირის თამამ გადაწყვეტილებაზეა”, - აცხადებს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი. თუ ევროკავშირმა უკრაინას და მოლდოვას კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიანიჭა, ხოლო საქართველომ კი უარყოფითი პასუხი მიიღო, ექსპერტები არ გამორიცხავენ, რომ ოპოზიციამ ეს ხელისუფლების წინააღმდეგ გამოიყენოს”, - აღნიშნავს გამოცემა.

“ექსპერტი პეტრე მამრაძე მიიჩნევს, რომ გარკვეული პროტესტი საზოგადოების რაღაც ნაწილში იქნება, მაგრამ, არა იმ დოზით, რომ ამან ქვეყანაში სიტუაცია უმართავი გახადოს ან ხელისუფლების ცვლილება გამოიწვიოს. ახალგაზრდების გარკვეული ნაწილის გამოყვანა შეუძლიათ, მაგრამ ეს არ იქნება მასობრივი. ანალიტიკოსი კახა გოგოლაშვილი მიიჩნევს, რომ როგორიც არ უნდა იყოს შედეგი, ეს ქვეყანაში პროცესებს ვერ გაამწვავებს და პოლიტიკურ ძალებს შორის დაპირისპირებას ხელოვნურად შექმნილ აჟიოტაჟს უწოდებს”, - დასძენს გამოცემა.

“მასობრივი საპროტეტსო გამოსვლა იყო 2012 წელს, როდესაც 300 ათასი ადამიანი, ერთდრულად გამოვიდა ქუჩაში და ეს უცხოელების დათვლილი ციფრია. ოპოზიციას არ აქვს რესურსი ხალხში, 2020 წლის არჩევნების შემდეგ მასშტაბური აქციის გამართვას ვერ ახერხებს. ერთხელ მოახერხეს მხოლოდ, 5 ათას კაცამდე ჩამოიყვანეს, ისიც რეგიონებიდან. რეგიონებიდან ჩამოყვანა კი იცით, როგორც ხდება. მიდის მოლაპარკება ფასზე, ამიტომ, არა მგონია, რომ დიდი პროცესები მოჰყვეს. ეს არის დესტრუქციული ოპოზიციის მხრიდან დემაგოგია და სპეკულაციები. ნატოს ყველა ფორუმის წინაც აკეთებდნენ განცხადებებს, რომ თუ მაპს ვერ მივიღებთ, საქართველო დაიშლება როგორც სახელმწიფო, ქვეყანაში დაიწყება დაპირისპირება და მასობრივი დესტაბილიზაციაო. ოპოზიციას აქვს მხოლოდ პროვოკაციების მოწყობის რესურსი, თავისი ტელევიზიების მეშვეობით. ხელისუფლება შეცდომას თუ არ დაუშვებს და პროვოკაციას არ წამოეგება, სახიფათო არაფერი მოხდება”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას პეტრე მამრაძე.

“ხელოვნურად შექმნილი აჟიოტაჟია და ვფიქრობ, რომ ზედმეტია ასეთ მოლოდინებზე ჩამოკიდება. საქართველომ და მოლდოვამ უკრიანაში რომ ომი დაიწყო, მაშინ შეიტანეს განაცხადი. ჩვენ საერთოდაც ვაპირებდით, რომ განაცხადი შეგვეტანა 2024 წელს. რა პასუხს მივიღებდით, გარანტია არ გვქონდა, ამის გამო რევოლუცია ხომ არ უნდა დაიწყო. ამიტომ რატომღაც გაბერილი და პოლიტიკურად, ზედმეტად აწეული თამასაა. ოპოზიციას უნდა რომ სიტუაცია გამოიყენოს და დაძაბოს, ხელისუფლებას კი უნდა რომ ოპოზიციას გადაბრალოს. საბოლო ჯამში კარგი იქნება, რომ მოგვცენ კანდიდატის სტატუსი. გასაგები იქნება ისიც, თუ უკრაინას მისცემენ კანდიდატის სტატუსს იმიტომ, რომ ომშია და იბომბება ქვეყანა. ეს იქნება მორალური მხარდაჭერა. თუ მოლოდვას და საქართველოს მისცეს ევროპული პერსპექტივა, ესეც მიღწევა იქნება და სტიმული. ეს იმას ნიშნავს, რომ განაცხადი გაკეთებულია და ევროპული პერსპექტივა გახსნილი” - მიიჩნევს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას კახა გოგოლაშვილი.

ყველას, ვისაც ონლაინ შეძენილი ნივთი არ მოეწონება, შეეძლება, 2 კვირის განმავლობაში უკან დააბრუნოს

“მომხმარებელთა უფლებების დასაცავად, საქართველოს პარლამენტმა ახალი კანონი შეიმუშავა, რომლის თანახმადაც, ონლაინ ვაჭრობის შემთხვევაში, მაღაზია ვალდებული იქნება, გაყიდული პროდუქცია 14 დღის ვადაში უპირობოდ დაიბრუნოს. კანონი გუშინ ამოქმედდა და მომხმარებლების განაცხადების მიღება უკვე შესაძლებელია, თუმცა გაურკვევლობა ჩნდება აღსრულების მექანიზმთან დაკავშირებით, რადგან ინტერნეტ სივრცეში მოვაჭრე სუბიექტის პოვნა შესაძლოა, ვერც მოხერხდეს. საქართველოში მომხმარებელთა უფლებების დაცვა და ამ საკითხზე უფრო მეტი მუშაობა მნიშვნელოვანი და აუცილებელია, რადგან ქვეყანაში არ არსებობს კანონები, რომლებიც ადამიანთა უფლებებს დაიცავს, ამიტომაც მოქალაქეები იძულებულნი არიან, თავად დაიცვან თავი”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით ყველას, ვისაც ონლაინ შეძენილი ნივთი არ მოეწონება, შეეძლება, 2 კვირის განმავლობაში უკან დააბრუნოს / ანონი ამოქმედდა, მაგრამ როგორ მოხერხდება მისი აღსრულება, ამ ეტაპზე რთული წარმოსადგენია.

“სფეროს მოწესრიგებისა და მომხმარებლების უფლების დაცვის მიზნით, 1-ლი ივნისიდან ონლაინ ვაჭრობის შემთხვევაში მაღაზია ვალდებული იქნება, გაყიდული პროდუქცია 14 დღის ვადაში უპირობოდ დაიბრუნოს. ამას გულისხმობს “მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ” საქართველოს კანონი, რომელიც გუშინ ამოქმედდა. კანონის აღსრულებაზე პასუხისმგებელი უწყება კონკურენციის ეროვნული სააგენტოა, რომელიც განაცხადების განხილვას მიმდინარე წლის პირველი ნოემბრიდან დაიწყებს. როგორც კონკურენციის საბჭოში აცხადებენ, მომხმარებლები საკუთარ განაცხადს სააგენტოში შეიტანენ, ხოლო დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში მეწარმეებს ჯარიმის გადახდა მოუწევთ”, - აღნიშნავს გამოცემა.

“პირველი ივნისიდან დაიწყება შესაბამისი დეპარტამენტის ფორმირება, შემუშავდება კანონქვემდებარე აქტი - საქმის შესწავლის წესისა და პროცედურის თაობაზე. საერთაშორისო პრაქტიკის გაცნობის, დანერგვის მიზნით, დღის წესრიგშია თანამშრომელთა გადამზადების საკითხი. კანონით განსაზღვრული ძირითადი უფლებების, სხვადასხვა საოპერაციო საკითხის განხილვის მიზნით, სექტემბრიდან დაიწყება ბიზნესსექტორსა და მომხმარებელთან აქტიური შეხვედრები. დარღვევის ფაქტის დადგენის შემთხვევაში, სააგენტო მოვაჭრეს განუსაზღვრავს გონივრულ ვადას დარღვევის აღმოსაფხვრელად, ხოლო შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში, მოვაჭრეს დააკისრებს ჯარიმას, რომლის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს მოვაჭრის წინა ფინანსური წლის, წლიური ბრუნვის 2 პროცენტს. დაკისრებული ჯარიმა მოვაჭრეს სააგენტოს გადაწყვეტილების შესრულების ვალდებულებისგან არ გაათავისუფლებს”, - აცხადებენ კონკურენციის სააგენტოში”, - განაგრძობს გამოცემა.

“კანონმდებლობის შესაბამისად, მოვაჭრე ვალდებულია, მომხმარებელს მიაწოდოს სრული და უტყუარი ინფორმაცია პროდუქტის სახეობაზე, მახასიათებლებზე, ვარგისიანობასა და ა.შ. ასევე, უზრუნველყოს საქონელზე ან მომსახურებაზე გასაყიდი და ერთეული ფასის მკაფიო, გასაგები ფორმით მითითება. მომხმარებლის უფლებაა, საჭიროების შემთხვევაში, მოითხოვოს საქონლის შეკეთება ან შეცვლა, იმ შემთხვევაში, თუ ეს არათანაზომიერ ან შეუსაბამოდ დიდ ხარჯს არ მოითხოვს. თუ მომხმარებელმა ნაკლი საქონლის მფლობელობაში მიღებიდან 6 თვის განმავლობაში აღმოაჩინა, მტკიცების ტვირთი მოვაჭრეს ეკისრება, ხოლო 6 თვის შემდეგ ნაკლის აღმოჩენის შემთხვევაში მტკიცების ტვირთი მომხმარებელზე გადავა. ასევე, ონლაინ ვაჭრობის შემთხვევაში, შემოდის პროდუქციის უპირობო დაბრუნების 14-დღიანი ვადა. ქვეყანაში ახალი კანონის არსებობა ძალიან კარგია, თუმცა მნიშვნელოვანია ამის პრაქტიკაში გამოყენება და რეალურად განხორციელება. აშკარაა, რომ სფერო მიტოვებულია და ადამიანებს თავიანთი უფლებების დასაცავად პრაქტიკული მექანიზმები არ გააჩნიათ, ამიტომაც ახალმა კანონმა პრობლემის ცოტათი მოგვარება მაინც უნდა შეძლოს”, - დასძენს გამოცემა.

“როგორც ორგანიზაცია „ეტიკის“ ხელმძღვანელი ამირან შენგელია ამბობს, ინიციატივები მისასალმებელია. კანონი, რომელიც ძალაში უკვე შევიდა, კარგია, რადგან მეწარმეებს, რომლებიც წესებს არ დაიცევენ, პასუხისმგებლობა დაეკისრებათ, რამეთუ მეწარმეებს საერთოდ არ აინტერესებთ მომხმარებლების უფლებები, არ ზრუნავენ, რომ გაიოლდეს მათი ცხოვრება. ხოლო ტექნიკური უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი ლია კვარაცხელია მიიჩნევს, მომხმარებელთა უფლებების დაცვის მხრივ მართლაც ბევრი პრობლემაა და ამ კუთხით რაიმე დაცვის მექანიზმი თუ ამოქმედდება, წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება”, - წერს სტატიის ავტორი.

“14 დღის ვადაში ნივთის უკან დაბრუნება - ეს არის სტანდარტული სიტუაცია მსოფლიოს მასშტაბით. მსგავსი მდგომარეობა არ აწყობთ ვაჭრობის დარგში მომუშავე ფიზიკურ თუ იურიდიულ პირებს, რადგან არის კიდევ ბევრი სხვა პროცედურა. 14 დღე არის ოპტიმალური დრო იმისათვის, რომ მომხმარებელმა შეცდომა დროულად აღმოაჩინოს. ვფიქრობ, რომ კარგია, რაც მიიღეს, რადგან კანონი როცა იქნება, ამას მეწარმეები ვერ გაექცევიან და ეს თავისთავად მომხმარებელსაც დაიცავს“, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ამირან შენგელია.

“მომხმარებლების უფლების დაცვის მიმართულებით არის უზარმაზარი პრობლემები, რადგან ყველაფერი ჩამოყალიბებულია ისე, თითქოს იყოს დადგენილი მკაცრი რეჟიმი. კარგია, რომ მიიღეს ნორმატიული აქტი და შეუდგებიან უფლებების დაცვას, მაგრამ როგორ მოხდება აღსრულება, ეს არის საინტერესო. როგორ დაეხმარებიან მომხმარებელს, რომელიც მიიღებს ისეთ პროდუქტს, როგორიც არ უნდა მიეღო? როგორ მოიძიებენ ისეთ კომპანიებს, რომლებიც საქართველოში არ არიან რეგისტრირებულნი ანდა საერთოდ სხვა მისამართზე არიან ბაზირებულნი? ცხადია, ამ ყველაფრის დადგენა გართულდება. ონლაინ სივრცე აბსოლუტურად გაუკონტროლებელია და ხშირია მიმწოდებელსა და მიმღებს შორის პრობლემები. კანონის ამოქმედების შემდეგ სიტუაცია დარეგულირდება და მეწარმე პასუხისმგებლობას ვეღარ გაექცევა, მაგრამ აღსრულება შეიძლება, ძალიან გაჭირდეს”, - დაასკვნის ლია კვარაცხელია.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო