ლუგანსკის გუბერნატორი - არსებობს სევეროდონეცკის სწრაფი გათავისუფლების შანსი

ლუგანსკის გუბერნატორი - არსებობს სევეროდონეცკის სწრაფი გათავისუფლების შანსი

ჩვენი დამცველები ახერხებენ სევეროდონეცკში გარკვეული ლოკალური სამხედრო ოპერაციების განხორციელებას, ქალაქი შესაძლოა მალე განთავისუფლდეს, ამის შესახებ ლუგანსკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, სერჰი გაიდაი „ტელეგრამზე“ იუწყება.

"სევეროდონეცკი დგას და არის ყველა შანსი მისი სწრაფი განთავისუფლებისთვის. დამცველები წარმატებით ახორციელებენ ლოკალურ ოპერაციებს და აქვთ ყველაფერი, რაც სჭირდებათ ორკების რეგიონული ცენტრიდან გასადევნად", - აღნიშნა გაიდაიმ.

მისი თქმით, რუსები ქალაქის დიდ ნაწილს აკონტროლებენ, თუმცა უკრაინელი სამხედროები ახერხებენ მნიშვნელოვანი ოპერაციების განხორციელებას.

„ისინი აკონტროლებენ ქალაქის დიდ ნაწილს, 20 პროცენტი ნაცრისფერი ზონაა, როგორც ამას სამხედროები ეძახიან. მაგრამ ჩვენი დამცველები იკავებენ პოზიციებს ქალაქის ერთ ნაწილში. უფრო მეტიც, ისინი ახერხებენ გარკვეული ოპერაციების შესრულებას. ამიტომ, მინდა ვუთხრა ყველა სკეპტიკოსს - არ არის საჭირო სევეროდონეცკის ჩამოწერა. ჯერ ადრეა. ქალაქი დგას," - აღნიშნა გაიდაიმ.

მისი თქმით, ჩეჩნეთის ხელმძღვანელი, რამზან კადიროვი ავრცელებს ყალბ ინფორმაციას, რომ „კადიროვცები“ სევეროდონეცკს აკონტროლებენ.