ქალაქ სევეროდონეცკთან Reuters-ის ორი ჟურნალისტი დაშავდა, როდესაც მათ ცეცხლი გაუხსნეს

აღმოსავლეთ უკრაინაში, ქალაქ სევეროდონეცკთან Reuters-ის ორი ჟურნალისტი დაშავდა, როდესაც მათ ცეცხლი გაუხსნეს. ამის შესახებ ინფორმაცია Reuters-ის წარმომადგენელმა CNN-ს დაუდასტურა.
წარმომადგენლის თქმით, ავტომობილის მძღოლი, რომლითაც ჟურნალისტები გადაადგილდებოდნენ, დაიღუპა.
„გაშუქებისას, Reuters-ის ორმა ჟურნალისტმა მსუბუქი დაზიანებები მიიღო, როდესაც მათ სევეროდონეცკისკენ მიმავალ გზაზე ცეცხლი გაუხსნეს. ისინი მოძრაობდნენ რუსეთის მიერ მხარდაჭერილი სეპარატისტების მიერ მიწოდებული ავტომობილით, რომელსაც სეპარატისტების მიერ დანიშნული პირი მართავდა. ავტომობილის მძღოლი დაიღუპა. „როიტერსი” მძღოლის ოჯახს, მათი დანაკარგის გამო ღრმა მწუხარებას უცხადებს”, - განაცხადა “როიტერსის” სპიკერმა.
აღნიშნული შემთხვევის შესახებ სპიკერმა დამატებითი დეტალების შესახებ არ ისაუბრა.
შეგახსენებთ, ბოლო დღეების მანძილზე, უკრაინის აღმოსავლეთით მდებარე ქალაქი სევეროდონეცკი რუსული ძალების მხრიდან მძიმე დაბომბვების ქვეშ არის.

























