ალექსი არესტოვიჩის განცხადებით, რუსი ოკუპანტები უმიზნებენ უკრაინის რამდენიმე რეგიონსა და რაიონულ ცენტრს, ეს არის მოწინააღმდეგის სტრატეგიული ჩანაფიქრი

ალექსი არესტოვიჩის განცხადებით, რუსი ოკუპანტები უმიზნებენ უკრაინის რამდენიმე რეგიონსა და რაიონულ ცენტრს, ეს არის მოწინააღმდეგის სტრატეგიული ჩანაფიქრი

რუსი ოკუპანტები უმიზნებენ უკრაინის რამდენიმე რეგიონსა და რაიონულ ცენტრს. ამაში მდგომარეობს მოწინააღმდეგის სტრატეგიული ჩანაფიქრი, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა ალექსი არესტოვიჩმა „დოიჩე ველესთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, რუსი სამხედროების სტრატეგიული ჩანაფიქრია, რომ გავიდნენ დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების ადმინისტრაციულ საზღვარზე.

„მათი ჩანაფიქრია დაიპყრონ ხერსონისა და ნაწილობრივ ზაპოროჟიეს ოლქები, შევიდნენ ზაპოროჟიესა და მიკოლაევში, რაც შექმნის წინაპირობას დნეპრსა და ოდესაზე შემდგომი თავდასხმისთვის. რამდენი დრო და ძალისხმევა დასჭირდებათ მათ, რათა თავი მოუყარონ ჯარს ამ ამოცანის შესასრულებლად - უცნობია, მაგრამ გაჩერებას არ აპირებენ,“- განაცხადა არესტოვიჩმა.

მისი თქმით, უკრაინის შეიარაღებული ძალების უნარი თავი დაიცვას და ჩაშალოს მტრის ჩანაფიქრი, მთლიანად დამოკიდებულია დასავლელი მოკავშირეების სამხედრო დახმარებაზე.

არესტოვიჩმა ასევე კომენტარი გააკეთა უკრაინისთვის HIMARS და M270 MLRS სისტემების მიწოდების განზრახვაზე. მისი აზრით, შორი დისტანციის სარაკეტო არტილერიას შეუძლია რადიკალურად შეცვალოს სიტუაცია საბრძოლო მოქმედებების მიმართულებით, თუმცა მისი შეფასებით, ყველაფერი დამოკიდებული იქნება უკრაინისთვის მიწოდებული საბრძოლო მასალის რაოდენობაზე.

„თუ უკრაინას მიეწოდება ამ სისტემების ორი დივიზიონი მაინც - რუსული ჯარის უნარი, გაატაროს ოპერატიული დონის თავდასხმითი ოპერაცია დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება. თუ ამაზე ნაკლებს მოგვაწვდიან - თამაშის წესები ჩვენ სასარგებლოდ შეიცვლება, მაგრამ რუსეთს მაინც შეეძლება თავასხმა გააგრძელოს, თუმცა მას ამის გაკეთებისას გაცილებით მეტად ეტკინება, ექნება ძალიან დიდი დანაკარგი, რაც ასევე კარგია. მესამე ვარიანტია, რომ ჩვენ ამ სისტემებს ისეთი რაოდენობით მოგვაწვდიან, რომ არა მხოლოდ შევაკავებთ რუსებს, არამედ შევძლებთ კონტრშეტევების განხორცილებას ბევრი მიმართულებით“,- განაცხადა არესტოვიჩმა.