ვოლოდიმირ ზელენსკი ზაპოროჟიეს რეგიონში იმყოფებოდა

ვოლოდიმირ ზელენსკი ზაპოროჟიეს რეგიონში  იმყოფებოდა

უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მოადგილე კირილო ტიმოშენკოს ინფორმაციით, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ზაპოროჟიეს რეგიონში ფრონტის პოზიციებს ეწვია და ქალაქ მარიუპოლიდან ევაკუირებულებს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ზელენსკის თან ახლდნენ უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსი ანდრეი ერმაკი და ზაპოროჟიეს რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის უფროსი ალექსანდრე სტარუხი.

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ცნობით, ზელენსკი რეგიონში სანატორიუმს ეწვია და გაესაუბრა უკრაინელებს, რომლებიც რუსული შეიარაღებული აგრესიის გამო იძულებული გახდნენ სახლები დაეტოვებინათ და ახლა ზაპოროჟიეში იმყოფებიან.

"მესმის, რომ ყველას სურს სახლში დაბრუნება და ეს საცხოვრებელი, რაც არ უნდა კომფორტული იყოს, საკუთარ სახლს ვერ შეედრება. არ არსებობს სახლის მსგავსი ადგილი. ეჭვი არ გვეპარება, რომ ყველა დროებით ოკუპირებულ ქალაქს გავათავისუფლებთ. ეს აუცილებლად მოხდება", - განაცხადა ზელენსკიმ.

ლტოლვილებთან შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო მათ საცხოვრებლით უზრუნველყოფას. უკრაინის პრეზიდენტმა მარიუპოლის მცხოვრებლები დააწმუნა, რომ ყველა, ვინც ქალაქში სახლი დაკარგა, კომფორტული სახლები უნდა მიიღოს.

ამასთან, ზაპოროჟიეს რეგიონში ვიზიტის ფარგლებში, უკრაინის პრეზიდენტმა თავდაცვის ფრონტზე ოპერატიული მდგომარეობა დაათვალიერა.

ზელენსკი უკრაინელ სამხედროებს გაესაუბრა და მათ სახელმწიფო ჯილდოები და ძვირფასი საჩუქრები გადასცა.