ეროვნული ბანკის წლიური ანგარიშის თანახმად, 2021 წელს ინფლაცია საშუალოდ 9.6 პროცენტი იყო.
შესაბამისი მოხსენებით პარლამენტში, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის სხდომაზე ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი არჩილ მესტვირიშვილი გამოდის. ანგარიშის მიხედვითვე, გასულ წელს სურსათის ინფლაცია 3.1 პპ-ს, ხოლო საწვავის - 1.4 პპ-ს გაუტოლდა.
„2021 წელს საქართველოში ინფლაციას მზარდი ტენდენცია ჰქონდა. იანვარში კომუნალური გადასახადების სუბსიდირების გამო წლიური ინფლაცია შედარებით შემცირებული იყო და 2.8 პროცენტს შეადგენდა, თუმცა შემდეგ თვეებში თანდათან იზრდებოდა და უმაღლეს ნიშნულს, 13.9 პროცენტს, დეკემბერში მიაღწია. საბოლოოდ, 2021 წელს, ინფლაციამ საშუალოდ 9.6 პროცენტი შეადგინა. აქედან სურსათზე 3.1 პპ მოდიოდა, სადაც იმპორტირებული და იმპორტირებულ ნედლეულზე დამოკიდებული სურსათის ინფლაცია ჭარბობდა, ხოლო საწვავის ინფლაცია წლის განმავლობაში საშუალოდ 1.4 პპ-ს გაუტოლდა. ამის გარდა, ინფლაციის მაჩვენებელზე მნიშვნელოვან გავლენას კომუნალური გადასახადების ფასები ახდენდა, რომელიც როგორც კომუნალური გადასახადების გაძვირებას, ასევე სტატისტიკურ ეფექტს მოიცავდა“,- აღნიშნულია ანგარიშში.
ასევე, მოხსენების თანახმად, გასულ წელს მაღალი ინფლაციის მიზეზი COVID-19-ის გამო შექმნილი არაორდინარული ვითარება იყო.
„2021 წლის განმავლობაში საქართველოში, ისევე როგორც გლობალურად, ინფლაციური წნეხი გაძლიერდა. მაღალი ინფლაციის მიზეზი COVID-19-ის გამო შექმნილი არაორდინარული ვითარება იყო, რა დროსაც ერთბაშად რამდენიმე ფაქტორმა ინფლაციაზე ზრდის მიმართულებით იმოქმედა. საერთაშორისო სავალუტო ფონდის, მსოფლიო ბანკისა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების მიმოხილვებში გლობალური ინფლაცია ერთერთი მთავარი თემა იყო. მაღალი ინფლაციის მიზეზი მსოფლიოში ფართო მოხმარების პროდუქტებზე ფასების ზრდა იყო, რაშიც სურსათის გაძვირება გამოირჩეოდა. პანდემიასთან დაკავშირებული შეფერხებების, ცუდი მოსავლისა და გაზრდილი სატრანსპორტო ხარჯების გამო, მსოფლიოში 2021 წელს სურსათის საშუალო ფასები ბოლო ათი წლის მანძილზე უმაღლეს ნიშნულზე იყო. მობილობის აღდგენასთან ერთად, ნავთობზე მოთხოვნა და ფასები საერთაშორისო ბაზრებზე გაიზარდა. მსოფლიოში ნავთობის ფასები წლის განმავლობაში თანდათან მატულობდა, რაც ადგილობრივ ბაზარზე საწვავის ფასებზეც აისახებოდა“,- ნათქვამია მოხსენებაში.
გარდა ამისა, როგორც ანგარიშში წერია, 2021 წლის მეორე კვარტალში მთლიანი შიდა პროდუქტი წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით რეალურად 28.9 პროცენტით გაიზარდა.
„მაღალი ზრდის მთავარი მიზეზი საბაზო ეფექტი იყო, რადგან მკაცრი შეზღუდვები, თავდაპირველად, სწორედ 2020 წლის მეორე კვარტალში დაწესდა, რამაც ამ პერიოდში მნიშვნელოვანი ეკონომიკური ვარდნა გამოიწვია. თუმცა ზრდა შემდეგ პერიოდებშიც გაგრძელდა და, წინასწარი მონაცემებით, რეალური მშპ 2021 წელს 10.4 პროცენტით გაიზარდა. საბაზო ეფექტის გარდა, გასულ წელს მაღალ ზრდას შეზღუდვების გამო თვეების განმავლობაში დაგროვილი მოთხოვნის გააქტიურებამ, ფისკალურმა სტიმულმა და ეკონომიკის დაკრედიტებამ შეუწყო ხელი. აღსანიშნავია, რომ 2021 წლის მშპ-ს მოცულობამ 2019 წლის დონეს რეალურად 2.9 პროცენტით გადააჭარბა“,- აღნიშნულია ანგარიშში.
This is a modal window.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"